“ქართულმა პარტიამ" პირობა შეასრულა და მორიგი, მასობრივი საპროტესტო აქცია ბათუმში გამართა. ხალხმრავალ გამოსვლას ადგილობრივებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხის პროტესტანტებიც ესწრებოდნენ. ათასობით ადამიანმა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ღია უკმაყოფილება გამოხატა და რეჟიმის შეცვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ერას მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცავი ორგანოები პატრულირებდნენ. თუმცა, რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ადამიანები პროტესტს მშვიდობიან ფორმებში გამოხატავდნენ. სანამ დათქმული დროისთვის მოედანი ხალხით გაივსებოდა, აქცია ყველასთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი '”ფორტეს" წევრებმა გახსნეს. მისი ლიდერის ზურა მანჯავიძის განცხადებით, ისინი არცერთი პარტიის წევრები არ არიან, თუმცა ყოველთვის დგანან იქ, სადაც ნაღდი და მართალი ქართული საქმე კეთდება. '”ფორტეს" კომპოზიციებმა მოწონება და აპლოდისმენტები გამოიწვია. ამასობაში, პოლიტიკური განცხადებების დროც დადგა.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები მამა ლაზარემ, ჭიათურის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დალოცა: “დებო და ძმებო, ჩემო ქართველებო. დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე უჭირს. ქრისტეს მადლი გადმოსულიყოს თითოეულ თქვენთაგანზე, რომ ერთ მუშტად შევიკრათ და დავდგეთ იქ სადაც სიმართლეა, სადაც ერის სასიცოცხლო ინტერესებია”.
”ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლების პარპაში დასასრულს უახლოვდება და ხალხი უნდა მოემზადოს ამ გადამწყვეტი დღისთვის. მისი თქმით, უახლოს ხანში ყველაფერი პრეზიდენტის სასახლესთან გადაწყდება.
სოზარ სუბარი: ”საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა ორ ნაწილად გაყო. ერთი ნაწილი ჩვენ ვართ, მთელი საქართველო, რომელსაც ხელისუფლება ჩარეცხილებად მიიჩნევს. ეს ის ნაწილია, რომელზეც პრეზიდენტი მოუწოდებს - წადით და ტრაქტორებით გადაუარეთო. ლაპარაკი არ არის პირადად ჩემზე და ჩემი პარტიის წევრებზე. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც მიშა სააკაშვილმა მიწა, საარსებო საშუალება წაართვა. ხალხს ამ მიწის უკან დაბრუნების მოთხოვნის დაყენების უფლებაც კი არ აქვს. ამ ბოროტებას ვებრძვით და ამისთვის ვართ შეკრებილნი ბათუმის მოედანზე. აქ მთელი საქართველო და მისი სიმართლეა. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ყველანი უნდა შევიკრიბოთ იქ, სადაც დიქტატურის, ყველა ამ ბოროტების სათავე, სააკაშვილის რეზიდენციაა.
გვეუბნებიან ხოლმე, რატომ ვერ ხედავთ იმასაც, რაც ამ ქალაქში კეთდებაო. ერთ რამეს გირჩევთ, გადადით მეზობელ ქუჩებზე და ნახავთ, რომ დანგრეული გზები და მუხლამდე ტალახია. ეს გზები უკვე წლების მანძილზე არ კეთდება, სამაგიეროდ ოქროთი მოვარაყებულ ქანდაკებებს მოკლე დროში ამთავრებენ. ამისთვის არაფერი ენანებათ.
პრეზიდენტის სასახლე, რომელიც თბილისში ააშენეს, რვაჯერ დიდია მოცულობით ვაშინგტონის თეთრ სახლზე. 850 მილიონი დაჯდა ეს სასახლე. ეს საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ თბილისიდან ბათუმამდე ტრასა დასრულებულიყო. იმისთვის, რომ ქვეყნის შიდა რაიონებში კიდევ უამრავი გზა გაკეთბულიყო და უბრალო ადამიანებს ნორმალურად გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ. მაგრამ მას ზღაპრული სასახლე სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ისე, როგორც მოეპრიანება. გადაგვაყოლეს გზას, რომელიც ნატახტრამდე ისედაც იყო და ნატახტარიდან გორამდე 50 კილომეტრია და რომლის ერთი ნახევარი დღემდე ბოლომდე გაკეთებული არც არის. ამ გზას რვა წელიწადია აშენებს და ამას გადაგვაყოლა.
ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ხალხზე რეალურად იზრუნებს. რომელიც ხალხს მიწას და საარსებო გარემოს არ წაართმეს. გონიოში სამას ადამიანს სრულიად უკანონოდ მიწა ჩამოართვეს. ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ აღნიშნული მიწა ძვირი ღირდა. მიწა კი უნდა ჰქონდეს იმას, რომელსაც იგი მამაპაპადან ეკუთვნოდა. მერე ის გაყიდის, დაამუშავებს, სასტუმროს ააშენებს, თუ სიმინდს მოიყვანს, პირადად მისი გადასაწყვეტია. ეს არამარტო გონიოს, უკვე მთელი საქართველოს პრობლემებია.
ამიტომ ჩვენ ბათუმიდან ვეუბნებით ამ უკანონობის მქმნელ ხელისუფლებას, მათი პარპაშის დრო დამთავრებულია. ეს დრო ძალიან მალე დადგება. ქართული პარტია არანაირ დაბრკოლებას, მუქარას არ შეურიგდება, ერთად ვიყოთ და მართალ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან მალე დაგიძახებთ თბილისში, რათა დავმთავროთ ის ბოროტება, რომელიც ხალხს თავზე აზის. ყველან მოემზადეთ ამისთვის!”
“ქართული პარტიის" თანათავმჯდომარის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლების ხელში ასაღებად ემზადება. მისივე თქმით, საერთაშორისო რეალობები შეცვლილია და სააკაშვილის შესაძლო ბრძანება, ხალხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენების შსახებ, მის კაბინეტს ვერც კი გამოაღწევს.
ლევან გაჩეჩილაძე: “თქვენ ხართ ის პოლიტიკური ჯარი, რომელსაც მიზანმიმართულად ვაშენებთ. იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველანი ერთად ხელისუფლებაში მოვიდეთ. რათა ჩვენ ყველამ დავიბრუნოთ საქართველოს ისტორია და დღევანდელობა. გამოვიდა ეს საერთაშორისო კრიმინალი და თქვა, რომ ოთხი წელი მჭირდება, ქართველების მენტალიტეტი შევცვალოო. პირდაპირ გეტყვით ეს რას ნიშნავს - კიდევ 15-20 წელი ვიქნები, სანამ ბოლომდე არ გაგანადგურებთო.
არავის ლანძღვა აღარ მინდა. მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩვენ მოვდივართხელისუფლებაში. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი. ამისთვის ერთი ძალიან სერიოზული მცდელობა გვქონდა. მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ მაშინ ჩვენი მცდელობა უგულვებელყო. ეს კონკრეტულად ბუშის ადმინისტრაციას შეეხება. მაგრამ ჩვენი მცდელობის მერე საქართველოში და მთელ მსოფლიოში რეალობა შეიცვალა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ობამა გამოვიდა და თქვა - მხარს ვუჭერს ხალხს და არა მოქმედ რეჟიმებს. ამიტომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ოღონდ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქუდზე კაცი გამოვა იმ დღეს, რომელსაც რევოლუციის დღე დაერქმევა. რაც შეეხება სააკაშვილის ბრძანებას ხალხის წინააღმეგ იარაღის გამოყენების შესახებ, იგი სააკაშვილის კაბინეტიდან გარეთ არ გამოვა.
ბევრი ტყვია მოგვხდა. თავშიც და სხვაგანაც. ბევრი ვიჩხუბეთ და ვიბრძოლეთ.ბევრჯერ ვიყავით წაქცეულები. მაგრამ ავდექით. ამიტომ ვინც დღეს წაქცეულია, შეშინებულია, ყველა წამოაყენეთ, გაამხნევეთ. მარადიული მხოლოდ სამშობლოა, მეტი არაფერი, სიცოცხლე კი მოკლეა, ძლიან მოკლე”.
პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ხალხს პირობას აძლევს, რომ თუ გამოვლენ და ერთად დადგებიან, ყველანი სახლში გამარჯვებულნი დაბრუნდებიან.
ეროსი კიწმარიშვილი: “გაიხსენეთ, რა მოლოდინები გვქონდა 2003 წლის 23 ნოემბერს. ველოდით მხოლოდ კარგს, ცვლილებებს, კეთილდღეობას. მგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ძნელია თქვენს წინაშე დგომა და ლაპარაკი იმაზე, თუ რა მოხდა წარსულში. მაგრამ ერთი შეგვიძია ვთქვათ, რომ ამ ადამიანმა უზარმაზარი იმედგაცრუება მოგვიტანა. პირადაპირ გეუბნებით, დღეს ჩვენს პოლიტიკურ ძალას მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. ამ ძალას ქართული პარტია ჰქვია.
მეორე მნიშვნელოვანი კითხვაა - როდის გაერთიანდებით, როდის გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ამდენი წელია არ გამოვიდა; ჩვენი ვამბობთ, რომ დაიწყო ბოლო დღეები იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი საბოლოოდ დავამთავროთ. დადექით იქ, სადაც ქართველი ხალხი უნდა იდგეს და გაძლევთ პირობას, რომ თითოეული თქვენთაგანი სახლში გამარჯვებული დაბრუნდება”.
კახა მიქაია, “ქართული პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრი, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: “ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო '”მენტალური რევოლუციის ლიდერის", სააკაშვილის მთავარი გზავნილით, როდესაც მან ასეთი რამ იკადრა: აჭარა დაკარგული იყო და მე დავიბრუნეო. თქვენის ნებართვით ვუპასუხებ ყველაზე დიდი აჭარელის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის, მემედ-ბეგ აბაშიძის სიტყვებით, როდესაც მან ტყვიასავით მიახალა თურქეთის ფაშას - აჭარა და ქალაქი ბათუმი ყოველთვის საქართველოს კუთვნილება იყო და მომავალშიც მისი განუყოფელი ნაწილი იქნება. ეს პასუხი ეკუთვნის ყველა იმ მომხდურს, უდღეურს, ვინც ერთი წამით მაინც გაიელვებს, რომ საქართველოს შეუძლია აჭარის გარეშე არსებობა. მალე თვითონ სააკაშვილი დაიკარგება, როგორც გაზაფხულის თოვლი და გაქრება, როგორც კოშმარული სიზმარი. ქართული პოლიტიკური ძალის მანევრირება გრძელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დღეს ქართული პარტია თბილისიდან დაიძრა და თავისი კარავი აჭარაში დასცა. ყველამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ - უკანდასახევი გზა არ გვაქვს. სამშობლოს დაკარგვას სიკვდილი გერჩივნოთ ქართველებო. მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის.”
პარტიის მთავარი კომიტეტის წევრის სოფო ხორგუანი ხელისუფლების სამსახურში მყოფ ე.წ. “გამორჩეულ ადამიანებს” მოუწოდებს გონს მოეგონ და ხალხის გვერდით დადგნენ. მისივე თქმით, ძლიან მალე ეს ღირსეული ნაბიჯი დაგვიანებული იქნება.
სოფო ხორგუანი: ”ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბათუმში ვიმყოფები. ბათუმი ზღვიანი ქალაქია, ხოლო ზღვას ცივილიზაცია და თავისუფლება მოჰყვება. აჭარლებმა ყველაზე კარგად იცით თავისუფლების ფასი. მერე რა რომ წავიქეცით, ავდგებით და მივალთ იქ, სადაც მისასვლელია. მოვიპოვებთ თავისუფლებას იმისთვის, რომ მივიღოთ თავისუფალი არჩევანი და ღირსეული ცხოვრება. აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონიდან წასულია, ისევე როგორც ეს ხდება მთელ საქართველოში. მეზობელ ქვეყანაში შავ მუშებად არიან. აჭარის მოსახლეობის ოცი პროცენტი კი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული ადამიანები არიან. ადგილობრივებისთვის სამსახურები არ არის. კეთიდღეობა კი ე.წ. გამორჩეული ადამიანებისთვის არსებობს. მაგრამ მათ თვითონ მიაჩნიათ, რომ “გამორჩეულები" არიან. რეალურად ისინი მშიშრები და საცოდავები არიან. მივმართავთ მათ, დროზე გონს მოეგეთ, თორემ მერე გვიანი იქნება. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ღირსეული ნაბიჯი გადადგით და დადექით თქვენს ხალხთან ერთად. რადგან რეჟიმები იცვლება და ეს რეჟიმიც მალე დამთავრდება”.
ჯაბა ჯიშკარიანი, '”სამოქალაქო ფრონტის" ხელმძღვანელი: “თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვაცნობიერებეთ იმას, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა საშიშროების წინაშე დგას საზოგადოება. რაზე უნდა წავიდეს რამდენიმე დღეში თითოეული ჩვენთაგანი. თან ეს შეგნებულად უნდა მოხდეს. ხელში პულტიანი ადამიანები კი კარგად უნდა დაფიქრდნენ.
ბათუმის პროკურატურასთან აქცია გვქონდა დევიზით - არ შეგრჩებათ. ეს არის 2008 წელს ქალაქ ბათუმში გატაცებული და შემდეგ ტყეში დახვრეტილი ადამიანი როინ შავაძე. სამხედრო მზვერავი. რომელიც გმირულად იბრძოდა, ძალიან ბევრი რამ იცოდა და სწორედ ამიტომ მოიშორეს თავიდან. რატომ არ არის ამაზე პროტესტი თავად ბათუმში? რატომ ხდება ეს მარტო თბილისში? ეს არის უბუდურება და ამაზე თითოეული ჩვენთგანი უნდა დაფიქრდეს. ტყვიაზეც კი წავალთ და სააკაშვილს ამ გმირ ბიჭებს არ შევარჩენთ. რამდენიმე დღეში თბილისში ფართომასშტაბიანი გამოსვლები იგეგმება. მოემზადეთ და ისე მოდით. თუ საჭირო გახდება, მოლოტოვის კოქტეილსაც ავიღებთ ხელში. ეს ხელისუფლება არის უზურპატორი და ამით ყველაფერი ნათქვამია. ყველა სამართალდამცველს ვაფრთხილებ, რომ არ გაბედოთ და ხალხზე ხელი არ წაგიცდეთ. ტყვიაზე წამოვალთ თუ გვესვრით, რადგან ჩვენ გვაქვს ამის უფლება”.
თეო ტლაშაძე, '”ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი: “დღვანდელი განწყობა დახალხის რაოდენობა იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანები მხარში გვიდგანან და ბოლომდე გამოყოლას აპირებენ. ამერიკულ მხარესაც უნდა გავაგებინოთ იმ გულისტკივილის შესახებ, რაც ქართველ ხალხს გააჩნია. გასოცარია ის ისტერიკა, რაც ამ ინიციატივას აშშ-ს საელჩოსთან აქციის ჩატარებაზე, სხვადასხვა მედიასაშუალებიდან მოჰყვა. თავად ამერიკის ელჩს ამაზე ლოგიკური კომენტარი ჰქონდა. რადგან თვითონ თეთრი სახლის წინ არაერთი აქცია იმართება. ფაქტია, ჩვენ მერამდენად ვხდებით უსამართლობის მსხვერპლნი ხელისუფების მხრიდან, რომელიც დიდწილად აშშ-დან ფინანსდება. ჩვენ გვინდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება დიქტატორ სააკაშვილის დაფინანსება, რადგან ის მთელ ძალას მხოლოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართავს”.
ალეკო ჩიტიშვილი, ”ქართული პარტიის” წევრი აჭარის რეგიონიდან: “აჭარის შვილები მზად არიან ბრძოლის წინა ხაზზე დასადგომად, საქართველოს ღირსეული მომავლისთვის. ჩვენ თვალწინ გაიყიდა ძველი ბათუმი, იჩეხება და იყიდება ბათუმის ბულვარი, გამალებით იყიდება ზღვისპირა ზოლი, ქართული მიწა. ხელისუფლებამ თავისი უნიათო პოლიტიკით დაკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ახლა კი უბრძოლველად ვკარგავთ აჭარას. ამას ქართველი ხალხი და ქართული პარტია არ დაუშვებს. ამ უბედურების სთავე ერთი ადამიანია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია”.
საპროტესტო აქცია ბათუმში საღამოს დასრულდა. დელეგაცია თბილისისკენგამოემართა. თუმცა უკანა გზაზე წამოსვლა “სიურპრიზებით აღსავსე გამოდგა. პატრულმა იმერეთის ზონაში, სოფელ დაფნართან ავტობუსი გააჩერა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საბაბით 50-ზე მეტი ადამიანის დასახლებისგან შორს, ქუჩაში დატოვებას აპირებდა. ავტობუსი მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც შემთხვევის ადგილზე “ქართული პარტიის” ლიდერები სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი მივიდნენ. თუმცა, ცოტა ხნით ტრასის გადაკეტვაც საჭირო გახდა, რომ სამართალდამცველები “გონს მოსულიყვნენ”. სოზარ სუბარმა ხელისუფლების ეს აქცია, “ქართული პარტიის” მომხრეებზე ზეწოლის და დაშინების ღია მცდელობად შეაფასა. გახშირებული პროვოკაციების მიუხედავად, პარტია უკანდახევას არ აპირებს და შემდეგი რეგიონული საპროტესტო მარში, 18 მაისს ზუგდიდში გაიმართება.