რამ „გააცოფა“ გოგი თოფაძე

რამ „გააცოფა“ გოგი თოფაძე

რესპუბლიკელებთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი ანუ რა დროს ბრაზდება მილიონერი დეპუტატი

უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ჩეხური ლუდის სახარშისა და ქარხნის მშენებლობა გადაწყდა. აშკარაა, რომ პარლამენტარ გოგი თოფაძის ბოლოდროინდელი სკანდალური და არაკორექტული განცხადებები სწორედ ჩეხური ლუდსახარშის მშენებლობას უკავშირდება. თავად განსაჯეთ, ჯერ ჰოლანდიური ,,ჰეინეკენის'' საქართველოს ბაზარზე შემოსვლა არ ჰქონდა მონელებული, რომ ახლა ამას ჩეხური ლუდის ქარხნის მშენებლობაც დაემატა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ თოფაძემ ჯერ ნატო- ევრაზიული კავშირი ამჯობინა, მერე ქართველი ჩინოვნიკების კაბინეტებში სტალინის სურათის ჩამოკიდება ინატრა, ამას არ დასჯერდა და პრეზიდენტ მარგველაშვილს წაკბინა არაკორექტულად, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო, ბოლოს კი რესპუბლიკელებსაც გადასწვდა...
სიბრძნე თოფაძისა, ანუ სკანდალური განცხადებები 
,,და ჰრქუა რუქამან (სედრაქმან) არაკი'' კი არადა, გოგი თოფაძის პირველი, სკანდალური ,,სიბრძნე'' საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლას უკავშირდება. ისღა დამრჩენია, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ,,დავგუგლო'' და მისი ,,უკვდავი'' ჰანგების ფონზე განვაგრძო სტატიის წერა. თქვენც იგივეს გირჩევთ, რადგან მილიონერმა დეპუტატმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ევრაზიული კავშირი ამჯობინა და ამის შესახებ ,,ვერსიის'' ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც შარშან დაიბეჭდა, განაცხადა: ,,ნატო არის აგრესიული სამხედრო ბლოკი. არ მინდა, ჩემი ქვეყანა რომელიმე სამხედრო ბლოკში იყოს, რადგან მესამე ბირთვული ომის კონტურები უკვე ცხადდება. ევროკავშირი არ არის სამხედრო ბლოკი, არც ევრაზიული კავშირი. ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც უფრო კარგად ვიქნებით''. 
საბჭოთა კავშირის ჰიმნი, რომელიც ახალი, ადაპტირებული ტექსტით ამჟამად რუსეთის ფედერაციის ჰიმნია, არ გათიშოთ. მისი ჰანგები ჯერ ისევ ,,დაგვატკბობს'', რადგან გოგი თოფაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ყველა ჩინოვნიკის კაბინეტში სტალინის სურათს დაკიდებენ. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა: ის იყო გენიალური პიროვნება და მეოცე საუკუნეში აღიარებულია. მალე ყველა მიხვდება, რომ მან დიდი სიკეთე გააკეთა, რადგან მთელი მსოფლიო სტალინს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პიროვნებად თვლის. რატომ დგას იტალიაში მუსოლინის ძეგლი? შესაძლოა, ძალიან დიდმა ნაწილმა ჩემი აზრი გაიზიაროს, რომ სტალინი საქართველოს სიმბოლო იყო. ის საქართველოსთვის საამაყო კაცია, მე ვამბობ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების აზრს. სამწუხაროდ, კაბინეტში სტალინის სურათი არ მაქვს, მაგრამ მისი სურათები და ასევე ბევრი წიგნი სახლში მაქვს''. 
წესითა და რიგით, ახლა ის განცხადება უნდა შეგახსენოთ, რომელიც მელუდე დეპუტატმა პრეზიდენტ მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მაგრამ ამას შეგნებულად გამოვტოვებ... თოფაძის განცხადებამ დამზაფრა და შემაძრწუნა, რადგან ეს იყო ყოვლად უსუსური და არაკორექტული ფრაზა! გარდა ამისა, არ მინდა ამ ბავშვებისა თუ მოზარდების, ასევე მათი მშობლებისა და ახლობლების კიდევ ერთხელ გაღიზიანება იმიტომ, რომ მე ქრომოსომებს არ ვითვლი! 
თქვენ ისევ საბჭოთა ჰიმნს უსმენთ? თუ უკვე დასრულდა, თავიდან გადაახვიეთ, რადგან რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია ,,იმედის'' ეთერში, გადაცემა ,,პოლიტიკაში'', გოგი თოფაძემ აღნიშნა, რომ სტალინის გინება არც ერთ ქართველ პატრიოტ კაცს არ ეკადრება: ,,მას ჰქონდა ურთულესი ამოცანა, რომელიც ლამაზად შეასრულა. როცა ეგეთი პიროვნება გყავს და იცი, რომ მან საოცრება გააკეთადღეს რომ იბრალებს ჩერჩილი და ამერიკის პრეზიდენტი (რუზველტი იყო მაშინ ამერიკის პრეზიდენტი, ბატონო გოგი), ომი ჩვენ მოვიგეთო, მაგაში არ დავეთანხმები! სტალინმა ხომ მოიგო ომი? მთელი ევროპა გაათავისუფლა ფაშიზმისგან. ამხელა ბუმბერაზ ქართველ კაცში ვეძებთ, რა დააშავა. კი, ურთულესი პირობა იყო, რაღაც რეპრესიებში რომ არ მიეღო მონაწილეობა, იმ ქვეყანას ფეხზე ვერ დააყენებდა''. 
სიტყვები არ მყოფნის, ,,რაღაც რეპრესიები'' იყო ათეულობით მილიონი ადამიანის ციმბირში გადასახლება, ოჯახების ნგრევა და არაადამიანური წამება, ბატონო გოგი? მამაჩემის მამაც გადაასახლეს, ბებიაჩემი მამაჩემზე იყო ფეხმძიმედ, პაპაჩემმა გადასახლებაში გაიგო, რომ მეოთხე ბიჭი შეეძინა. ახალგაზრდა ქალი კი ოთხი მცირეწლოვანი შვილით სულ მარტო მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ პაპაჩემმა დმანისის რაიონის სოფლებში, საძოვრების გაყიდვა გააპროტესტა! დიახ, მიწების გაყიდვა კახა ბენდუქიძის იდეა-ფიქსი არ ყოფილა, 30-იან წლებში, ქვემო ქართლშიც ყიდდნენ საძოვრებს გერმანელებზე. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ მაშინ, ბოლნისის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებული გერმანელები ცხოვრობდნენ, მეტიც, ის ოქროს საბადოც მათი ,,აღმოჩენილია'' და საერთოდ, კაზრეთი გერმანელებმა ააშენეს, რომელსაც ,,ლაიფციგს'' უწოდებდნენ... აი, ამ გერმანელებზე ყიდდნენ მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის საძოვრებს და ეს ვერ აიტანა პაპაჩემმა. გადაასახლეს, მერე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მაგრამ არ დაბრუნებულა და მამაჩემი უმამოდ გაიზარდა... 
თქვენ რომ სტალინს მისტირით, მე და ჩემნაირებსაც გვკითხეთ, გვინდა თუ არა მისი ძეგლი ან სურათი. და საერთოდაც, კიდევ კარგი, რომ სტალინის ეპოქაში არ მოღვაწეობდით, თორემ პირველ რიგში, თქვენ ვერ ასცდებოდით ციმბირს იქით გადასახლებას! კი არაფერს გერჩით, უბრალოდ, გიხსნით, რომ თქვენს საყვარელ სტალინს მეწარმეები გულზე დიდად არ ეხატებოდა. ომი მოიგო? დროებით დავივიწყო, რომ ეკონომიკის ჟურნალისტი ვარ და გინდათ, ამ თემაზე გეკამათოთ? საკმაოდ ძლიერი არგუმენტები მაქვს და ვფიქრობ, ვერ გამიძლებთ. მერედა, რატომ ჩაერთო საბჭოთა კავშირი ამ ომში, გახსოვთ თუ შეგახსენოთ? ქერჩის ტრაგედიის შესახებ გსმენიათ რამე? ვისი შეცდომა იყო უამრავი ქართველი მეომრის ამოჟუჟვა? და ამხელა ტრაგედიის შემდეგ ომის მოგებასაც ,,გვამადლით''? სხვათა შორის, დედაჩემის მამა იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და სავარაუდოდ, ისიც ,,ზა სტალინა'', ,,ზა როდინუ''-ს გაჰყვიროდა! ისე არ გამიგოთ, რომ ომის ვეტერანებს პატივს არ ვცემ ან მეორე მსოფლიო ომის მოგების მნიშვნელობას ვაკნინებ, მაგრამ ყველაფერი, რასაც ამ თემაზე ბრძანებთ, დემაგოგიაა, ბატონო გოგი, მეტი არაფერი. ბოლოს მაინც ,,გავბრაზდი''. არადა, აშკარად უწყინარი იუმორით დავიწყე ეს ქვეთავი და ასეც ვაპირებდი გაგრძელებას, მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ, ამას ახლავე გამოვასწორებ. საფუძველიც მაქვს და სერიოზული მიზეზიც, რადგან არც მეტი, არც ნაკლები, უმრავლესობის დეპუტატი ბოლოს საკუთარ თანაგუნდელებსაც დაერია. თავდაცვის მინისტრის, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის გაკრიტიკება არ იკმარა და გოგი თოფაძემ ტელეკომპანია ,,იბერიის'' პირდაპირ ეთერში, ძმებ ბერძენიშვილებზე განაცხადა: „ხალხს მურმან ყრუ არ სძულდა ისე, როგორც ძმები ბერძენიშვილები სძულს!“. აშკარად მურვან ყრუს გულისხმობდით, მაგრამ მურმანი წამოგცდათ. თუმცა როგორც თქვენმა მეგობარმა, პრემიერყოფილმა ბიძინა ივანიშვილმა ადრე განაცხადა, ,,გოგი ასაკშია და ეპატიება''. რა მოხდა, თუ მურვანი მურმანში აურიეთ, ასაკში ხართ და საზოგადოებაც გაპატიებთ, ოღონდ ბევრის აზრით, პირობა ასეთი იქნება - დანაპირები უნდა შეასრულოთ და პარლამენტი დატოვოთ. 
მილიონერი დეპუტატის ქონება 
გაინტერესებთ, როდის, რატომ და რა მიზეზით ბრაზდებოდა ან ბრაზდება გოგი თოფაძე? თუმცა ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, ჯერ მილიონერი დეპუტატის ქონებასა და ბიზნესწილებს გადავავლოთ თვალი. არაოფიციალურად, სხვადასხვა ეკონომიკური კვლევის შედეგად, გოგი თოფაძე 600 მილიონი აშშ დოლარის ქონებას ფლობს, თუმცა ოფიციალურად, დეპუტატი აცხადებს, რომ მისი ქონება 600 მილიონ დოლარზე ბევრად ნაკლებია. მაგალითად, ,,ფორბსის'' მილიონერთა სიაში გოგი თოფაძის ქონება მხოლოდ 60 მილიონი აშშ დოლარითაა შეფასებული. 
წლების განმავლობაში, გოგი თოფაძე სამეწარმეო საქმიანობით იყო დაკავებული და არაერთ კომპანიას ფლობდა. ოფიციალურად, ქონებრივი დეკლარაციისა და სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, თოფაძის საკუთრებაშია 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი თბილისში - ჭავჭავაძის გამზირზე, ბინა ვაკეში - მცხეთის ქუჩაზე. მისი მეუღლის, მარინა თოფაძის სახელზეა გაფორმებული მიწის ნაკვეთები წყნეთში. თოფაძეების ოჯახს ეკუთვნის ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილოები. გოგი თოფაძის სახელს უკავშირდება და დეპუტატობის დროსაც კი, 2013 წლის მონაცემებით, წილებს ფლობდა შემდეგ კომპანიებში: ,,ქართუ უნივერსალი'', შპს ,,იორის ჭალები'', შპს ,,კალვე'', შპს ,,ცხრაწყარო 2007'', შპს ,,სამგორი'', შპს ,,კურორტი ბაკურიანი'', შპს ,,ყაზბეგი ფშავლელი'', შპს ,,წარაფი 98'', შპს ,,თრუსო'', შპს ,,თერჯოლა 2007'', შპს ,,ბარი ყაზბეგი-ლომთაგორა'', შპს ,,ყაზბეგი 2005'', შპს ,,ვეტპრეპარატი'', შპს ,,ყაზბეგი ბაკურიანი'', შპს ,,თრიალეთი'', შპს ,,ყაზბეგი 1881''-სა და შპს ,,ყაზბეგი ნაყინი''. 
ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როდესაც ,,მრეწველი'' გოგი თოფაძე პარლამენტში მოხვდა, მისი ინიციატივით, კანონში ცვლილება შევიდა. ამ ცვლილებით, საქართველოში იმპორტირებული ლუდი მაღალი საპროცენტო განაკვეთით დაბეგრეს და ეროვნული პროდუქციის წარმოებას ხელი შეუწყვეს. მოკლედ, იმ პერიოდში, ,,ჰაინეკენი'', ბავარიული თუ ჩეხური ლუდი საგრძნობლად გაძვირდა და მის შემოტანას აზრი აღარ ჰქონდა.
სამაგიეროდ, ,,ყაზბეგი'' და ,,ლომისი'' გაიაფდა და მოსახლეობაც ქართულ ლუდს მძიმედ, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვია. სხვათა შორის, თოფაძის ამ ინიციატივას ხელი მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ შეუწყო, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ თოფაძე და შევარდნაძე მეგობრობდნენ. ამის გამო, შევარდნაძემ თოფაძეს ხათრი არ გაუტეხა და იმპორტირებულ ლუდზე საბაჟო ტარიფი გაზარდა. 
მოგვიანებით, შევარდნაძესა და თოფაძეს შორის ,,შავმა კატამ'' გაირბინა. ეს ის პერიოდია, როდესაც თოფაძის პარტია ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს'', პრეზიდენტის ,,მოქალაქეთა კავშირს'' სერიოზულად დაპირისპირდა და ლუდის მწარმოებელმა დეპუტატმა, თანამოაზრეებთან ერთად, ოპოზიციაში გადაინაცვლა. სწორედ ამ პერიოდში, „ყაზბეგის“ დამფუძნებელ გოგი თოფაძეს, ყოფილ პარტნიორებთან - ფრანგულ „კასტელი-ჯგუფთან“ პრობლემები შეექმნა. ,,კასტელი ჯგუფი'' საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებდა „ყაზბეგში“, მაგრამ ეს დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ ,,კასტელი'' დამოუკიდებელ სუბიექტად ჩამოყალიბდა და ბაზარზე ოპერირება ,,კასტელი საქართველოს'' სახელით დაიწყო. მართალია, ,,კასტელთან'' დავაში, თოფაძემ ნაწილობრივ შეძლო საკუთარი პოზიციების დაცვა, მაგრამ თუ იმ პერიოდის პრესას გადავხედავთ, თოფაძის ინფორმაციით, ფრანგულ კომპანიას პირადად პრეზიდენტი შევარდნაძე და მისი შვილი გადაეფარნენ. შევარდნაძეები რომ არა, „კასტელთან“ დაპირისპირებაში, თოფაძე ბოლომდე დაამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს და გაიმარჯვებდა კიდეც. 
როდის და რატომ ბრაზდება გოგი თოფაძე 
შევარდნაძეს იმიტომ დაუპირისპირდა, რომ ,,კასტელთან'' კონფლიქტში მხარი არ დაუჭირა. აყვირდა და საკუთარი პარტიით - ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს'', ოპოზიციაში გადაინაცვლა. საკმაოდ კარგი სარეკლამო გათვლა იყო პარტიის სახელიცა და ზოგადად, ეს ლოზუნგიც, მაგრამ ლოგიკური კითხვა მიჩნდება: რომელი ან ვისი მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს? იქნებ, საკუთარი და მისივე თანამოაზრეების ბიზნესის დაცვა-გადარჩენას გულისხმობდა ამ ლოზუნგით? ჩასაფრებული არ ვარ, მაგრამ თოფაძის გადარჩენილი ბიზნესი არ მახსენდება. შეიძლება ვცდები, მაგრამ ანტიდემპინგური კანონიც კი, რომლის მიღებასაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს, ვფიქრობ, თოფაძეს საკუთარი ბიზნესის დასაცავად სურს. 
შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოფაძე მსოფლიოში ცნობილი ლუდისმწარმოებელი კომპანიის საქართველოში შემოსვლას არ ეთანხმებოდა. სააგენტოების ცნობით, თოფაძე შიშობდა, რომ ჰოლანდიური ,,ჰეინეკენი'' ქართულ ბაზარზე დემპინგური (საქონლის გაყიდვა უცხო ქვეყნის ბაზარზე ადგილობრივ ფასებთან შედარებით ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც კი, - ავტ.) ფასებით დაიწყებდა მუშაობას, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს დააზარალებდა. სწორედ თოფაძის ინიციატივით, პარლამენტმა ანტიდემპინგურ კანონზე მუშაობა უკვე დაიწყო, რომელიც იმპორტიორს ადგილობრივი ბაზრის ფასებთან შედარებით დაბალი ფასის დაწესებას უკრძალავს. 
,,ჰეინეკენთან'' დაკავშირებით, ,,ვერსია'' გოგი თოფაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ ინტერვიუდან: 
- ბატონო გოგი, რატომ დაუპირისპირდით ,,ჰეინეკენს''? 
- ორ საკითხს გავუსვამ ხაზს, ჯერ ერთი, ამჟამად საქართველოში, ლუდის მწარმოებელი 4 ძირითადი ოპერატორია - ,,ნატახტარი'', ,,ზედაზენი'', ,,კასტელი'' და ,,ყაზბეგი''. ნებისმიერი ორი რომ დააჯგუფოთ, საქართველოს მოთხოვნას მთლიანად ფარავს. ამიტომ ადრე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ,,ჰეინეკენი'', რომელიც უდიდესი კომპანიაა, საქართველოს ბაზარი მას ნაკლებად აინტერესებს. ამ კომპანიას მსოფლიოს დაახლოებით, 50 ქვეყანაში აქვს წარმოება და პარტნიორებიც ჰყავს. საქართველოს ლუდის ბაზარზე, რომელიც დაბალი მსყიდველობით გამოირჩევა, მეხუთე ოპერატორი შემოდის და ბუნებრივია, ამ ბაზრის გარკვეულ სეგმენტს აითვისებს, რის გამოც, ლუდის ბაზარზე მოქმედ უკვე 4 ოპერატორს შეავიწროვებს. რაც შეეხება მეორე საკითხს, მართალია, საქართველოში ,,ჰეინეკენის'' შემოსვლით, სამუშაო ადგილები შეიქმნება, მაგრამ ტრადიციებით, ჩვენ უფრო ღვინის ქვეყანა ვართ. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში, ერთ სულ მოსახლეზე 120 ლიტრი ლუდი მოდის, საქართველოში კი 25 ლიტრზეც ვერ ავედით. როგორც გითხარით, საქართველო ღვინის ქვეყანაა, ოქტომბრიდან, როდესაც ყურძენი დაიწურება, ჩვენს ქვეყანაში ლუდის რეალიზაცია კლებულობს და შესაძლოა, ამ მხრივ, პრობლემები შეიქმნას. ჭყონია რომ აცხადებს, ,,ჰეინეკენს'' ,,დავახრჩობო'', მთლად ასე ადვილადაც არ არის საქმე. ნამდვილად ვერ ,,დაახრჩობს'', რადგან ესაა უდიდესი პოტენციალის მქონე კომპანია. სხვათა შორის, ოთხივე ჩვენი ქართული კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხი ევროსტანდარტს შეესაბამება და ჩვენი ლუდი არცერთ ქვეყანას არ ჩამოუვარდება, ამიტომ შესაძლოა, ,,ჰეინეკენს'' სწორედ ხარისხით შევებრძოლოთ, მაგრამ საქართველოს პატარა ბაზარზე ან ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ,,ჰეინეკენს'' რა ინტერესი უნდა ჰქონდეს? ცხადია, ქართველი პარტნიორებიც ეყოლება და შესაძლოა, აქ ლუდის ქარხანაც კი ააშენოს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ლუდის წარმოების გარდა, ,,ჰეინეკენმა'' საქართველოში სხვა ბინზესიც წამოიწყოს. მერე დამაბრალებთ, საკუთარ ინტერესებს იცავს და ბიზნესს ლობირებსო, მაგრამ ასე არ არის... 
სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, გოგი თოფაძეს 17 საწარმო დაუყადაღეს, როგორც დაზარალებულ ბიზნესმენს, ,,ვერსიამ'' მხარი დაუჭირა და ამ თემაზე არაერთი ინტერვიუ ჩაწერა. თუმცა არ მახსენდება, რომ გოგი თოფაძეს იმ პერიოდში დაზარალებული, სხვა ბიზნესმენებიც ისეთივე თავგამოდებით დაეცვა, როგორც საკუთარ თავს იცავდა. კარგად მახსოვს, ვკითხე კიდეც, პოლიტიკაში არ დაბრუნდებით-თქო? არაო, მითხრა, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ ორბიტაზე მისი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, დაბრუნდა. მეტიც, სერიოზული მისიაც კი იტვირთა, ბიძინა ივანიშვილი და ნინო ბურჯანაძეც უნდა შეერიგებინა, მაგრამ ამაოდ... მოკლედ, გოგი თოფაძე მაშინ ბრაზდება, როდესაც საფრთხე მის ბიზნესს ემუქრება. ახლაც ამავე მიზეზით გაცხარდა და ,,რესპუბლიკელებსაც'' იმიტომ დაერია, რომ ჰოლანდიურ ,,ჰეინეკენს'' უკვე ჩეხური ლუდიც დაემატა. ამის შემდეგ, ვის გაახსენდება თოფაძის ,,ყაზბეგი'', ან თუნდაც რომელიმე ქართული ლუდი? არ გედავებით, მიიღეთ ანტიდემპინგური კანონი, ოღონდ ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. დიახ, ეს კანონი ადგილობრივი ბაზრის დასაცავად გვჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმპორტი ხელოვნურად შეზღუდოთ. თავისუფალი ბაზარი და სავაჭრო სივრცე იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე, მით უმეტეს მსოფლიოში ცნობილი ბრენდი აკრძალოთ. თავისუფალი ბაზარი მომხმარებლის ინტერესებზეა გათვლილი, მომხმარებლების უფლებებსაც იცავს უხარისხო პროდუქციისგან, მაგრამ ამავდროულად, თავისუფალ არჩევანს უტოვებს - თვითონ გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, ძვირადღირებული ბრენდი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქცია, თუ თუნდაც იაფფასიანი, ნაკლებადხარისხიანი პროდუქტი! 
გოგი თოფაძის გარდა, პარლამენტში 17-მდე ბიზნესმენია და ,,ვერსიაში'' ამაზეც არაერთხელ ვწერდით. წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია, ამიტომ მათ, ვისაც მომავალში, საპარლამენტო სიის შედგენა ევალება, ვურჩევთ, კარგად დაფიქრდნენ, გვჭირდება თუ არა პარლამენტში ბიზნესმენები, რომლებსაც დეპუტატებად იმიტომ ვირჩევთ, რომ მერე მხოლოდ საკუთარი ბიზნესი დაიცვან. იქნებ, უმჯობესია, სიაში ბიზნესმენების ნაცვლად, გაცილებით მეტი პროფესიონალი ეკონომისტი შეიყვანოთ. ვფიქრობ, დროა, ბიზნესი პარლამენტმა დაიცვას, უკეთესი ბიზნეს-გარემოს შექმნაზეც პროფესიონალმა იურისტ-ეკონომისტებმა იზრუნონ და არა მილიონერმა დეპუტატებმა, რომელთა მთავარი ფუნქცია დედაპარტიის სალაროს შევსება და საკუთარი, ვიწრო ბიზნესინტერესების ლობირებაა.