აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველი ანგარიში გამოქვეყნა ადამიანის უფლებებზე, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. 2024 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანდო ცნობებით, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემებია, საუბარია ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, დაპატიმრებებზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, დაშინებაზე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებებზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე კრიტიკული ანგარიში ნიშნავს, რომ "მეგობარი აქტი" დაჩქარდება. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც "ოცნებამ" გადადგა, "გაცილებით უფრო რბილია".
"არანაირი კავშირი არანაირ ტიტუშკებთან სახელმწიფოს არ აქვს, ვერც ექნება და ყველა ნაბიჯი, რომელიც არის გადადგმული ზუსტად შესაბამისობაშია და გაცილებით უფრო რბილია იმასთან შედარებით, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ 2025 წლიდან განაცხადა. ასე რომ ამ მოხსენებას მე ვერ დავარქმევდი ობიექტურს.
"პოლიცია თავს იცავს, პოლიცია სახელმწიფოს იცავს და არანაირი მოქმედებები არასდროს პოლიციას არ ჩაუტარებია ისეთი, თუ ამის პროვოცირება არ იყო საკმაოდ აგრესიული გზით. საერთოდ აშშ არ უნდა აქვეყნებდეს ამ ანალოგიურ ანგარიშებს, საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვთ ყველა ქვეყნის მიმართ," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა.
"ნაცმოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე კი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში „ქართულ ოცნებაზე" უკიდურესად კრიტიკულია და „მეგობარი აქტის" მიღებას აჩქარებს.
„ჩვენ ვნახეთ სახდეპის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, სადაც უკიდურესად კრიტიკული გზავნილებია „ქართული ოცნების" მიმართ. საუბარია ძალადობაზე, მედიის მიმართ განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე, რაც, ჩემი აზრით, პირდაპირ აჩქარებს „მეგობარი აქტის" მიღების პროცესს.
"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას" დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არანაირი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შემოდგომის დასაწყისშივე მოხდება „მეგობარი აქტის" მიღება, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებას და ამავე დროს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს „ქართული ოცნების" რუსულ რეჟიმს", - განაცხადა სანიკიძემ.
რა მოჰყვება ანგარიშს
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რბილი შეფასებაა იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება, თუმცა მისი თქმით, მეგობარი აქტის მიღება უფრო რეალური ხდება ამის შემდეგ.
"აშშ-ს მხრიდან სხვაგვარი შეფასებები რომ ყოფილიყო, ის უფრო მოულოდნელი და გასაკვირი იქნებოდა. მე რომ მკითხოს კაცმა, საკმაოდ რბილი შეფასებაა იმასთან შეფარდებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. გასაგებია გასული წლის ანგარიშია, მაგრამ არ არის ისეთი შეფასება, უფრო მკვეთრს ველოდი, ვიდრე არის.
"თუმცაღა, თუ დასავლეთი ასეთ მკვეთრ შეფასებებს აკეთებს, მერე უკვე მოქმედებებზე გადადის, თუმცა, აქაც უკვე უნდა ველოდოთ, რომ შემოდგომით არა მარტო "მეგობარი აქტი" იქნება მიღებული, არამედ უფრო მკვეთრი განცხადებები გაკეთდება და უფრო მეტად მოვხვდებით იზოლაციაში, თუ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით და ზოგადად ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რაღაც ქმედითი გადამჭრელი ზომები და სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიიღო.
"ასეთი მოლოდინი მაქვს, თუმცა, ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებამდე არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს. ამის შემდეგ კი შეიძლება გარკვეული ლიბერალური მიდგომები გამოიჩინოს, თუნდაც იმ ახალგაზრდა პატიმრების მიმართ, რომლებიც აქციების გამო დღეს ციხეში არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება",- განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ დოკუმენტში ყველგან მინიშნებაა, რომ ანგარიშში წერია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისგან მოწოდებული ინფორმაცია.
"ვინც წაიკითხავს (და მე ეს დაკვირებით წავიკითხე) ნახავს, რომ ყველგან მინიშნებაა - როგორც სანდო არასამთავრობო ორგანიზაციები გვეუბნებიან, როგორც ოპოზიციისგან გავიგეთ. ანუ არსად არაა, რომ ამერიკელებმა და საელჩოს თანამშრომლებმა დაადგინეს ეს და ეს. ეს მთლიანად ემყარება საქართველოში არსებული ენჯეოების ინფორმაციას და კარგად ვიცით ისინი რას წარმოადგენენ და მათი პოლიტიკური ორიენტაცია როგორია.
"როცა "გამჭვირვალობის კანონზე" ლაპარაკობენ, ეს ხომ აბსურდამდე მიდის, როდესაც საქართველომ ბევრად უფრო რბილი კანონი მიიღო, ვიდრე აშშ-ში მოქმედებს? თუ იქ ეს კანონი კარგია და მისი წყალობით ამდენი რამე გავიგეთ - ის, რომ გიული ალასანია ლობისტებს მილიონ დოლარს უხდიდა სააკაშვილზე ტყუილების გასასაღებლად, რომ ვითომ შიმშილობდა და ვითომ კლავდნენ, ასევე ახლა რომ გავიგეთ, რომ ჯო უილსონს "ნაცმოძრაობა" ფულს უხდის, როგორც თავის ლობისტს და ეს დოკუმენტი ფარა-ს მეშვეობით გამოქვეყნდა. იქ ეს კანონი თუ კარგია, აქ როგორ გვსაყვედუობენ?
"თუ პრეზიდენტმა ტრამპმა ოჯახური ფასეულობების ერთგულება ამდენჯერ გამოაცხადა და ხმამაღლა თქვა, რომ ორი სქესი არსებობს, ამ კანონში რაღაა? თუკი ქვეყანას აბრალებ, რომ ადმინისტრაციულმა რესურსმა შეზღუდა ტელევიზიები და სხვა, რას ეყრდნობი? მხოლოდ იმათ, ვინც ცილისწამებით არსებობს? ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში იმ რგოლებში მაინც, რომლებიც საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებზე მუშაობენ, ვინც ერთი გუნდია ანტიეროვნულ ძალებთან ერთად.
"ამის შემდეგ დიდს არაფერს არ უნდა ველოდოთ. შესაძლოა, ჯო უილსონმა და ანტიეროვნული ძალების სხვა ლობისტებმა "მეგობარ აქტს", სინამდვილეში მტრულ აქტს ახალი ძალებით შეუტიონ და ის მიიღონ. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მიიღებენ, მაგრამ არ გამოვრიცხავ.
ეს არაფერს არ მოგვიტანს, რადგან აშშ სამხედრო ძალებით არ შემოგვიტევს, აგერ სააკაშვილის მოყვანილი რუსული ტანკები დგას. ჩვენი ვაჭრობა და ეკონომიკა აშშ-ზე სრულიად არაა დამოკიდებული",- განაცხადა პეტრე მამრაძემ.
რა წერია სახდეპის ანგარიშში საქართველოზე
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის" წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების და 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების გაშუქებისას, რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პოლიცია თავს დაესხა, შეავიწროვა, „წიწაკის სპრეი" გამოიყენა, ან აღჭურვილობა დაუზიანა.
„7 დეკემბერს, 30-ზე მეტი „ტიტუშკა" (უცნობი თავდამსხმელები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანად შავებში იყვნენ გამოწყობილები და სახეები დაფარული ჰქონდათ) ფიზიკურად გაუსწორდნენ მომიტინგეებს, შემდეგ კი თავს დაესხნენ „ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ ვიდეოებს იღებდნენ.
ჩიხლაძისა და შეწირულის ცემის შემდეგ, მათ შეწირულის ყველა ნივთი წაართვეს. ჩიხლაძისა და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგომმა საპატრულო პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არ ჩაერია თავდასხმის შესაჩერებლად.
"ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მიიღეს შევიწროების და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები და იყო ვანდალიზმის შემთხვევები მათი სახლებისა და ოფისების მიმართ, მათ შორის შეურაცხმყოფელი პლაკატების გამოფენისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევები. მთავრობამ გამოიძია ამ მოვლენებთან დაკავშირებული მოქალაქეების ტელეფონის ნომრებზე არაავტორიზებული წვდომა.
"მედია ომბუდსმენმა გამოავლინა უფლებების დარღვევისა და შეზღუდვების 15 შემთხვევა 15 ჟურნალისტთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებდნენ პარლამენტის წინ და მის გარშემო მიმდინარე საპროტესტო აქციებს. რამდენიმე საერთაშორისო მედიამონიტორმა, მედია ომბუდსმენთან და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმასთან ერთად, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მედიის თავისუფლების მინიმუმ 30 დარღვევის შესახებ განაცხადა, მათ შორის აღჭურვილობის დაზიანება, სიტყვიერი ან ფიზიკური თავდასხმები და დაშინება. მთავრობას წლის ბოლოსთვის ეს ცნობები არ გამოუძიებია", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, „ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.
თავდასხმები მოიცავდა ცემას და „წიწაკის სპრეის", ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა."
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის ოფიციალურ პირებს ძალადობასა და შევიწროებაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.
„მედია ორგანიზაციები კვლავ გამოხატავდნენ შეშფოთებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც შეუმსუბუქა სასჯელი 2021 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც 16 ნოემბერს ამნისტია შეეხოთ მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონპროექტის საფუძველზე. ამ თავდასხმების არცერთი ორგანიზატორისთვის ბრალი არ წაუყენებიათ", - აღნიშნულია დოკუმენტში.