სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - რა პროცესთან გვაქვს საქმე და რა სცენარებია მოსალოდნელი

სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - რა პროცესთან გვაქვს საქმე და რა სცენარებია მოსალოდნელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ოპოზიცია და ენჯეოები პროცესს სრული მასშტაბის რეპრესიებად და პოლიტიკურ დევნად აფასებენ და აცხადებენ, რომ არგუმენტები "უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია".

აქვე უნდა ითქვას, რომ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ძალაშია 1-ელი ივნისიდან. პროკურატურამ განცხადება 27 აგვისტოს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას."

თბილისის საქალაქო სასამართლომ ()იპ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", ()იპ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ()იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ()იპ დემოკრატიის მცველების" , ()იპ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ()იპ საფარის" , ()იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშები დააყადაღა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობის მიზნით, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს.

რა პროცესთან გვაქვს საქმე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" ახლა უფრთხის და ელოდება, რომ ახლო პერიოდში რაღაც პროტესტი დაიწყება.

"მოსალოდნელი იყო, რომ "ქართული ოცნება" ამ გზით წავიდოდა გამომდინარე იქიდან, რომ თავიდანვე კურსი აქეთ იყო აღებული. მითუმეტეს ახლა "ოცნება" ძალიან უფრთხის იმას, რომ არჩევნებამდე, ან არჩევნების შემდეგ რაღაც პროტესტი დაიწყება და შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პროტესტანტებს გარკვეული დახმარება გაუწიონ. თუმცა, ამას მეორე მხარე აქვს - პროპაგანდა იწყება, რომ ეს ყველაფერი დასავლეთიდან ინსპირირებულია და რომ ქვეყანაში პროტესტი არ არსებობს და .. ამით პროტესტანტების მიმართ "ოცნება" ანტიპროპაგანდას ეწევა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა უფრო შორსაც წავლენ და არა მარტო 7 არასასამთავრობოს, არამედ "ოცნება" დანარჩენებსაც "მიხედავს". მან იქითკენ აიღო კურსი, რომ სივრცე მთლიანად ჩაკეტოს. ესაა არასამთავრობო, მედიაორგანიზაციები და პროტესტანტები. "ქართული ოცნება" ამ სამივე მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს და თუ მას გაუვა, იქნება ის, რომ ქვეყანაში ფაქტიურად ავტორიტარული რეჟიმი დამყარდება",- განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ანგარიშების დაყადაღება არის ხელისუფლებისგან პრევენციული ნაბიჯი, უმართავი პოლიტიკური პროცესების თავიდან არიდების მიზნით.

"მე, როგორც სამოქალაქო სექტორში მრავალი წლის მანძილზე ნამყოფი ადამიანი, შემიძლია გითხრათ, რომ ადრე ენჯეოები ნამდვილად არ მონაწილეობდნენ ისეთ აქციებში და ისეთ აქტივობებს არ აფინანსებდნენ, რისი დაფინანსებაც მათ გამოძიების შედეგად დაუდგინდათ. უბრალოდ მათი საერთაშორისო დონორები ამის საშუალებას არ მისცემდნენ, რომ მათგან მიღებული თანხები ასეთი ტიპის ამუნიციის შეძენაზე ეხარჯათ.

"აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში შეიცვალა, როგორც დონორების პოლიტიკა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულება და პოზიცია. როდესაც მომიტინგეები მშვიდობიანად იქცევიან, მათ პოლიცია საერთოდ არც ეკარება, აგერ რამდენი დღეა რუსთაველზე მიტინგი ტარდება და არავინ არ უშლის ხელს. მეტიც, თვალს ხუჭავენ კანონის დარღვევაზე და 50 კაცს ქუჩის გადაკეტვის საშუალებას აძლევენ.

"თუმცა, სწორედ ის, რომ აღნიშნული ორგანიზაციები თავიანთი დონორებისგან მიღებული ფულით (საკუთარი ჯიბიდან ეს თანხები არ ამოუღიათ) მოიერიშე ჯგუფებისთვის სპეციალურ აღჭურვილობას ყიდულობდნენ, რათა პოლიციასთან ძალადობრივ დაპირისპირებაში შესულიყვნენ, მიუთითებს, რომ ეს ჩაფიქრებული სცენარი იყო, რომ ეს ხალხი სწორედ ძალადობრივ დაპირისპირებაში შესულიყო. როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ იმედი, რომ ხელისუფლებას დაამხობდნენ და ეს ყველაფერი სწორედ ამისთვის შეიძინეს.

"აქ გამოძიებაც კი არაა საჭირო, იმდენად ჩანს ლოგიკური კავშირი შეძენილი პროდუქციის სახეობასთან - ნიღბები, სათვალეები და სხვადასხვა ამუნიცია, რასაც რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები იყენებდნენ, ეს ყველაფერი მასობრივად იქნა შეძენილი სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ფულიდან.

"ფონდების დაყადაღებას სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეს? თუკი მათ თანხები ერთხელ გაიღეს ასეთი ტიპის ამუნიციის შესაძენად, დიდი ალბათობით, თუკი საჭიროდ ჩათვლიან, ამას მეორეჯერაც და მესამეჯერაც გააკეთებენ.

ამას ახლა ისინი ამართლებენ იმით, რომ თითქოს ევროინტეგრაციას უჭერდნენ მხარს და .. გამოძიების განცხადებაში ცალსახადაა აღნიშნული და ყველამ დაინახა, რომ გარკვეულ მომენტში მიტინგები კანონიერების ჩარჩოს გასცდა. ანგარიშების დაყადაღებას ერთგვარი პრევენციული ხასიათი ჰქონდა, რომ შემდგომში ამ ანგარიშში აკუმულირებული თანხები მსგავსი სახის ქმედებებისთვის არ გამოიყენონ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ არასამთავრობოები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ენჯეოები ამას გააპროტესტებენ, თუმცა მიზნით მისაღწევად, ძლიერი წინააღმდეგობაა საჭირო, "ოცნება" კი ოპოზიციის სისუსტეს იყენებს.

"ამაზე საწინააღმდეგო პროტესტი რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ "ოცნება" ოპოზიციის სისუსტეს ძალიან კარგად იყენებს, სისუსტე ისაა, რომ ოპოზიცია ფაქტიურად ორად გაიყო, "ოცნებისთვის" ძალიან მომგებიანია, როდესაც გარკვეული ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ამით ლეგიტიმური პროტესტის გამოხატვის საშუალებას ისპობს თავადაც და ქვეყანასაც.

"რეალობა ასეთია და ამიტომ სამწუხაროდ, როდესაც პროტესტს ლეგიტიმური საფუძველი არ ექნება, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ისე აქტიური ვერ იქნებიან და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები, ესაა ჩემი აზრით უმთავრესი პრობლემა. ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტზე ლაპარაკობს, ფატქიურად უარი თქვა ლეგიტიმურ პროცესსა და ბრძოლაზე ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ ჩასანაცვლებლად. რისი იმედი აქვთ და ამან რა შეიძლება მოუტანოს ოპოზიციასაც და ქვეყანასაც, ალბათ ძალიან მალე ვნახავთ",- განაცხადა ძაბირაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ენჯეოების მხრიდან მოსალოდნელია როგორც პროტესტი, ისე სამართლებრივი ბრძოლა.

"ენჯეოების მხრიდან საპროტესტო აქციაა მოსალოდნელი და არ გამოვრიცხავ, როგორც ონლაინმედიის დასაცავად მოეწყო, რაღაც მსგავსი აქცია აუცილებლად მოეწყობა ალბათ პარლამენტის წინ, ან სადმე. შეიტანენ სარჩელს სასამართლოში, როგორც ახლა რამდენიმე ენჯეომ შეიტანა სარჩელი ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ.

"ასეთი სამართლებრივი პროცესი წავა, თუ აქ სამივე ინსტანცია წააგეს, საქმე სტრასბურგში წავა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, მაგრამ კი ბატონო, ეს ცივოლიზებული ბრძოლის გზაა. სასამართლოში რამდენიც უნდათ იმდენი იდაონ, ძალიან კარგი, რომ თავიანთ უფლებებს და ინტერესებს იცავენ, მთავარია ძალადობრივ მოქმედებებში არ ჩაერთონ",- განაცხადა ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

არასამთავრობოების პოზიცია

"საფარის" განცხადებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საფარის" ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად, სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. ორგანიზაცია მოუწოდებს ქართულ ოცნებას", ანგარიშებს დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ".

"მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას" დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოეხმაუროს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებულ უპრეცედენტო თავდასხმას საქართველოში.

"მივმართავთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს, დაგვიკავშირდით, თუ ჩვენი დახმარება გჭირდებათ თქვენი უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ მოხალისეობრივად გავაგრძელებთ თქვენ დახმარებას მანამ, სანამ შევძლებთ, რადგან საფარი არის თანასწორობის იდეისთვის და ადამიანების ღირსების დასაცავად შეკრებილი გუნდი, რომელიც შედგება თავისუფლების მოყვარე პატრიოტი მოქალაქეებისაგან", - აღნიშნულია საფარის" განცხადებაში.