“ქართულმა პარტიამ” საპროტესტო აქციები 9 მაისს კახეთის რეგიონიდან დაიწყო. მიტინგები გაიმართა გურჯაანში, თელავსა და ყვარელში. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, სულ მალე, არსებული რეჟიმის შეცვლის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება ხალხს რეგიონებიდან თბილისში მოუყრის თავს.
მანამდე კი, პირველი შეხვედრა გურჯაანში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მემორიალთან გაიმართა. ”ქართული პარტიის” ლიდერებმა გვირგვინით შეამკეს “ჯარისკაცის მამის” ძეგლი. იქვე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა.
ლევან გაჩეჩილაძე, “ქართული პარტიის” თანათავმჯდომარე: ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ მიტოვებულ ვეტერანებს გამარჯვების დღეს გილოცავთ. იმისთვის
შევიკრიბეთ, რომ ახალი სამზადისი დავიწყოთ ბოლო ნაბიჯის გადასადგმელად.
მიზანი ერთია, ნებისმიერმა თქვენთაგანმა მალე უკეთეს საქართველოში უნდა
იცხოვროს. სადაც მოხუცებულ ადამიანებს, ნაფრონტალ ხალხს სათანადოდ პატივს სცემენ, სადაც ყველაფერი ქართული, მოვლილი და დაფასებულია. მაგრად უნდა ვიყოთ, შიში გვერდზე გადავდოთ, ასევე კერძო, მერკანტილური ინტერესები. საქართველოს ყველა კუთხემ ერთიანი ძალით უნდა დავამარცხოთ ის, რასაც სააკაშვილის საშინელი, ჯალათური რეჟიმი ჰქვია. დავიწყოთ გაერთიანება გამთლიანება იმისთვის, რომ რეჟიმის დასრულებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღოთ.
სოზარ სუბარი, “ქართული პარტიის” თავმჯდომარე: პირველ რიგში ღვაწლმოსილ
ადამიანებს გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვინც თავი გასწირა, სისხლი დაღვარა იმისთვის, რომ საქართველო დღეს ისეთი მაინც ყოფილიყო, როგორიც არის. გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ადამიანებს პატივს არ სცემს და იმ ხსოვნის მემორიალებს აფეთქებს, რომლებზეც გმირების სახელები არის ამოტვიფრული. საქართველოდან 400 ათასი ადამიანი შეეწირა ამ ომს, თავისუფლებას, კაცობრიობის ხსნას ბოროტებისგან, რასაც ფაშიზმი ჰქვია. დღეს კი გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის ეს დღე არ არსებობს. ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, კვირეებში დავუძახებთ მთელ კახეთს, მთელ საქართველოს თბილისში, რომ დავამთავროთ ეს სისხლისმსმელი ხელისუფლება.
გმირთა მემორიალის ეზოში მეორე მსოფლიო ომის უკვე თითზე ჩმოსათვლელ ვეტერანებსაც გავესაუბრეთ და მათი გულისტკივილიც ჩავიწერეთ.
გიორგი მებაღიშვილი, გურჯაანელი ომის ვეტერანი, 88 წლის: ”რაიხსტაგის
აღების ოპერაციაში ვიღებდი მონაწილეობას. კარგია, რომ პარტიები გვერდში
გვიდგანან და გვამხნევებენ. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან სათანადო ყურადღებას ვერ ვგრძნობთ. ომის ვეტერანს პენსია 70 ლარი მაქვს. აბა ამ თანხაზე პენსიონერმა ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს? ქვეყანა გაჭირვებულია და ზედმეტი მე როგორ მოვითხოვო? მაგრამ ნაკვეთი ვერ მომიხნავს და მოსავალი ვერ მომიწევია. იქნებ გლეხს ამის საშუალება მაინც მისცენ, რომ შიმშილის საფრთხის წინაშე არ დადგეს. სამუშაო არ არის, დახმარება ძალიან მცირეა, მიწას ვერ ვამუშავებთ, აბა როგორ უნდა იცხოვრო ასეთ პირობებში?
სოფლის მეურნეობას დროზე უნდა მიხედონ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ სფეროში. ხელისუფლებაში აცხადებენ, კახეთის მიწები დამუშავებულიაო. მაგრამ მოდით, მე თქვენ განახებთ, სად არის დამუშავებული? ერთ-ორ ფერმერს ფული აქვს და ახერხებს, თორემ ვისაც ერთი ჰექტარი აქვს, ყველას ასე დაუმუშავებლად აქვთ მიწა მიტოვებული”.
ნათელა ირემაშვილი, ომის ვეტერანი: ”ძალიან მიჭირს შვილო. რომ მოხვიდეთ და
ჩემი სახლი ნახოთ, თვალებს არ დაუჯერებთ. იტყვით, ეს ქალი ამ დღეში რამ ჩააყენაო.
სახელმწიფო ცოტათი დამეხმარა, ტელევიზორი გამომიგზავნეს, კოსტუმი მომცეს,
მაგრამ ჩემი ანაბრის ფული დამიბრუნონ და მეტი არაფერი მინდა. აბა მარტო კოსტუმი
და ტელევიზორი მაცხოვრებს?”
ბიჭიკო მთივლიშვილი, 82 წლის ომის ვეტერანი: ”მიხარია, დღევანდელი დღე რომ
აღინიშნება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ხალხი მეცოდება. მშრომელი ადამიანები სახლში სხედან და პურის ლუკმა ენატრებათ. ხალხი დასაქმებული უნდა იყოს, ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. როცა დაასაქმებ, მერე ეს საქმე გიჩვენებს, თურმე ნამდვილი ცხოვრება სად ყოფილა. ჯერჯერობით, ქვეყანაში გამოკეთების გზას ვერ ვხედავ”.
ლამარა ზარდიაშვილი: ”აბა რა გითხრათ, ძალიან გაჭირვებული ვარ. გარეთ როგორც წვიმს, ასევეა ჩემს სახლშიც. საცხოვრებლად სრულიად უვარგისი ბინა მაქვს. ტელევიზია მოვიყვნე, გადაიღეს ყველაფერი, მაგრამ მეორე წელი დაიწყო და დახმარებას არ მაძლევენ. ისევ მაღალ ქულებს მაკუთვნებენ, სახლში ტელევიზორი და ძველი მაცივარი გაქვსო. მარტო ჯანმრთელობის პოლისი მაქვს, მეტი არაფერი. ავდექი და გავედი გარეთ, ეზოებს ვგვი, რომ სახლში ორი კაპიკი ფული შევიტანო. ავადმყოფ მეუღლეს ვუვლი. რაიონის გამგეობას მივმართე და ჩვენ ეს საკითხი არ გვეხებაო. სოციალურად დაუცველების სამსახურს მიმართეო. მივმართე, მაინც არაფერს მაძლევენ. ისევ 66 ქულა მომცეს. კიდევ უფრო აირ-დაირია ჩემი წუთისოფელი”.
შემდეგი ხალხმრავალი გაჩერება სატახტო თელავი, ერეკლეს მოედანია, სადაც “ქართულ პარტიის” წარმომადგენლებს ადგილობრივი აქტივი და მოსახლეობა შეხვდა. ლიდერებმა მორიგი ხმაურიანი განცხადებები გააკეთეს.
ეროსი კიწმარიშვილი, ”ქართული პარტიის” პოლიტიკური მდივანი: ”გურული
ვარ და გზაში ლევან გაჩეჩილაძემ მითხრა, ეს კახეთია და ცოტა დინჯად უნდა
ვიმოქმედოთო. ამიტომ, ცოტა არ იყოს, დინჯად მოვდივართ. დღევანდელი
აქციის მიზანი თქვენთან მოსვლაა, მაგრამ საბოლოო მიზანი ამ ჭირის მოშორებაა. აქედან მივდივართ ყვარელში. მხარე, სადაც ილია ჭავჭავაძე დაიბადა, ახლა ზურა ადეიშვილის სამშობლოა. ადამიანის, რომელიც მონსტრად გადაიქცა და მთელ კახეთს განაგებს. რომელიც სააკაშვილის და ამ რეჟიმის სახელით საშუალებას არ გაძლევთ, მოხვიდეთ და თქვენი აზრი გამოხატოთ. მოვედით იმიტომ, რომ მოვისმინოთ თქვენ გულისტკივილი, მერე ერთად ყვარელში ჩავიდეთ და ამ პატარა კაცს, სულით არსით პატარა ადამიანებს ვუთხრათ, რომ მათი პარპაში მალე დამთავრდება”.
ლევან გაჩეჩილაძე: ”აქ ძალიან ბევრი წლები მაქვს გატარებული. ალბათ 28 წლის ვიყავი, როდესაც კახეთში საქმე დავიწყე. ძალიან ბევრ თქვენთაგანს ახსოვს, რა ღირდა ჩემს დროს კილოგრამი ყურძენი. კარგი დრო იყო; კომპანია იქნებოდა, მევენახე თუ გლეხი, ყველა მდიდრებოდა. ჰქონდათ პროდუქციის გაყიდვის, გამდიდრების საშუალება. დღეს ყველა თქვენთაგანს ქვეყნის შავრაზმულმა, კრიმინალურმა ხელისუფლებამ ეს წყარო ბოლომდე გადაუკეტა. პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ ხალხს სამშობლო არ აქვს. ამიტომ ჩვენი, თითოეული თქვენთაგანის ვალია, რამდენიმე მთავარ საკითხზე, რომ ყურადღება გავამახვილოთ.
უკვე ოთხი წელია ვიბრძვით. ამ ხნის განმავლობაში არავის მოგვკლებია არც თავის გატეხვა, ჩხუბი, არც ტელევიზიით პირსისხლიან ხელისუფლებასთან ამა თუ იმ თემაზე კინკლაობა. ცილისწამებები და სიბინძურე მოდის იმათგან, ვისაც არც სამშობლო გააჩნია და არც რაიმე ფასეულობა. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენი ბრძოლა გავაჩეროთ. პირველ რიგში, ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ შიში. შიში თუ სამშობლო? რა თქმა უნდა, სამშობლო, მიპასუხეთ, ასე არ არის? დედას გეფიცებით, თუ არ ღირდეს ამ საქმისთვის თავის შეკვლა და ტყვიაზე წასვლა. რადგან, ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა, ხოლო ის ცხოვრება, სამშობლოსთვის ბრძოლა უკვდავია. მაგრად იყავით და ერთად ჩავუხტეთ... მუხრან ბატონს არ ვიტყვი, მაგრამ ჩათლახების ბატონს - ნამდვილად”.
სოზარ სუბარი: ”დღეს ისეთ ადგილებში გამოვიარეთ, სადაც ჩვენი სამშობლოსთვის,
დღევანდელობისთვის დაღუპული ადამიანები მარხიან. რომელთა ხსოვნის წაშლასაც ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება. ანგრევს მათ ძეგლებს. ამ არაკაცებს სამშობლო არ აქვთ. მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს ისტორია 2004 წელს დაიწყო და მანამდე არაფერი ყოფილა და მათ შემდეგაც არაფერი იქნება. პირიქით, ამათ ხსოვნას ეს ქვეყანა წაშლის და დაივიწყებს. საქართველო კი ყოვეთვის იქნება, ისევე როგორც ეს კოშკი, უძველესი ქალაქი თელავი, ერეკლე, დავით აღმაშენებელი და ჩვენ გმირი წინაპრები. ჩვენც ასევე უნდა დავუტოვოთ ქვეყანა შთამომავლობას. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.
ჩამოვედით და მოძრაობა სწორედ კახეთიდან დავიწყეთ. ეს პირველი დღეა, როცა ყველამ ქუხილი უნდა დავიწყოთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს პროცესი
ხელისუფლებას დაამთავრებს. ძალიან მალე დადგება დრო, როცა ჩვენ ყველას
მოგიწოდებთ, როგორც ჩვენ ჩამოვედით დღეს აქ, ისე თქვენ უნდა წამოხვიდეთ
თბილისში. მთელი საქართველო თბილისში ჩამოვა და დავამთავრებთ იმ არაკაცებს რომლებიც დღეს საქართველოს წურბელებივით მოაჯდნენ და სისხლს წოვენ თითოეულ ჩვენთგანს. ეს დრო ძალიან მალე დადგება და იყავით მხნედ. ნურაფრის შეგეშინდებათ. რახან თქვენ შიშს დაძლევთ, იმ წამს ეს ხელისუფლება დამთავრდება. მთავარია გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ და ეს ხელისუფლება ისე გაიქცევა, როგორც ერთხელ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი გაიქცა და ტალახში გორავდა”.
თელავიდან საპროტესტო მარში ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი ყვარლისკენ
გაემართა მორიგი მიტინგის ჩასატარებლად. ხოლო მეორე ჯგუფი ზურაბ ადეიშვილის
სოფელ მთისძირში ჩავიდა. იქ “სამოქალაქო ფრონტის” წევრებმა ადეიშვილის სახლის წინ აქცია ჩაატარეს და ხელისუფლების მაღალჩინოსნები გააფრთხილეს, რომ მათ
პასუხისგება მოუწევთ ჩადენილ გახმაურებულ მკვლელობებზე. აქციის მონაწილეებს
დაღუპული ბიჭების სურათები ეკავათ და გამაყრუებელი სტვენით და მეგაფონში
მოწოდებებით გამოხატავდნენ თავიანთ საპროტესტო განწყობას.
”ქართული პარტიის" პირველი რეგიონული გასვლა საღამოსთვის დასრულდა. ლიდერები პირველი გამოსვლით უკმაყოფილოები არ დარჩენილან და მორიგი საპროტესტო აქციისთვის აქტიურ მზადებას შეუდგნენ. როგორც წინასწარ აცხადებენ, შემდეგი საპროტესტო გაჩერება აჭარის რეგიონში იქნება.