„ირაკლი ღარიბაშვილი მეგობარივით არ მოიქცა!“
იასამნების რევოლუცია - ასეთ ბედს ,,ოცნებას'' პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი უწინასწარმეტყველებს, თუკი ხელისუფლება დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას გვერდს აუვლის და საარჩევნო გარემოს არ შეცვლის. გაერთიანებაზე საუბარი უკვე დაწყებულია, ინიციატორი კი ირმა ინაშვილია, რომელიც აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრი, პრაქტიკულად, შეთანხმებულია, უკეთესი არჩევნების ჩასატარებლად ერთობლივი ძალებით იბრძოლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არც ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაა, ოღონდ არა - საარჩევნო ბლოკში, არამედ ქუჩის პროცესებში. სახელისუფლო კოალიციასა და ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე ,,ვერსიას'' ირმა ინაშვილი ესაუბრება.
- არჩევნების მოახლოებამ კოალიციაში არსებული პრობლემები ზედაპირზე ამოიტანა. ირმა, არ ფიქრობთ, რომ სანდრო ბრეგაძის მიერ თანამდებობის დატოვება და მრეწველების ე.წ. რესპუბლიკური დემარში თქვენი კამპანიის ერთგვარი გაგრძელებაა? რა ხდება, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაზე ყველა დღეს რატომ ალაპარაკდა?
- როგორ არჩევნებს ჩაატარებს ,,ოცნება'' 2016 წლის შემოდგომაზე - აი, ამაზე წუხს დღეს ყველა, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მათ შორის, ყველა ევროპული ინსტიტუტის წარმომადგენელი. სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთი მთავარი სტანდარტია, რაც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს. ეს სტანდარტი კი ერთ-ერთმა პირველმა სწორედ თავდაცვის მინისტრმა დაივიწყა და საგარეჯოს არჩევნებში უხეში ფორმით ჩაერთო. არაფერს ვამბობ ბიულეტენების ბათილად ცნობასა და საცვალში აღმოჩენილ ბიულეტენებზე, არც იმაზე, რომ არჩევნების წინა ღამით გიგლა აგულაშვილმა სოფლები დაიარა და ხალხს, სახლში დარჩენის სანაცვლოდ, 200-200 ლარს ურიგებდა, არც იმაზე, რომ გახსნილი ლეპტოპით დადიოდა და აზერბაიჯანელებს კონტექსტიდან ამოგლეჯილ ჩემს ფრაზებს უჩვენებდა, თითქოს მეჩეთებს ვებრძვი. საუბარი მაქვს მუხროვანში მომხდარ გაყალბებაზე, სადაც ჯარისკაცების 100%-მა ხმა აფხაზეთის ომის ვეტერანს არ მისცა და მხოლოდ სახელისუფლო კანდიდატი შემოხაზა. არ ვიცი, ,,ოცნების'' შიგნით ხმა ამაზე ახლა რატომ ამოიღეს, მაგრამ ამას დღესაც ვაფასებ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს აქამდე რატომ არ მოხდა, მაინც კარგია, რომ ,,მრეწველთა'' ფრაქციის თავმჯდომარე გოგი თოფაძე გამოვიდა და ღიად ისაუბრა არჩევნების გაყალბებაზე. ამას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა. ვიცი, რომ თავდაცვის მინისტრი უმრავლესობის წარმომადგენლებს შოლტით დასდევდა, რათა ჩვენთან შიმშილობის აქციაზე არ მოსულიყვნენ და სოლიდარობა არ გამოეცხადებინათ. ისიც ვიცი, როცა ჩვენთან პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე მოვიდა, თვითმფრინავიდან გამოუგზავნეს საპროტესტო ნოტა, ეს რატომ გააკეთეო. ეს მარაზმი და ყოვლად წარმოუდგენელი თავხედობაა, რასაც მხოლოდ პრორუსობის ძახილითა და მიკერებული იარლიყებით ვერ გადაფარავენ.
- ისე, საქმე პრორუსობას გასცდა და ახლა საუბარი იმაზეა, რომ ეს კამპანია კონკრეტული მინისტრის კი არა, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგაა მიმართული.
- ნატო-მ ყველაზე მტკიცე უარი სწორედ ხიდაშელის მინისტრობისას გვტკიცა - ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთი ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველო ნატო-ში ვერ გაწევრიანდება. ამიტომ კითხვა დავსვათ: ვინ გააკეთა რუსული საქმე - მე თუ თავდაცვის მინისტრმა? ჩვენ არ ვართ ნატო-ს მოწინააღმდეგეები, უბრალოდ, ნატორეალისტები ვართ.
- რესპუბლიკელები ნატოოპტიმისტები არიან?
- არა, ისინი ნატოაფერისტები არიან! ნატო-სგან ვიღებთ აბსოლუტურად ნიჰილისტურ და პესიმისტურ განცხადებებს საქართველოს გაწევრიანებაზე. ასეთი რამ სააკაშვილის დროსაც კი არ მომხდარა და საინტერესოა, ხიდაშელის მინისტრობისას რატომ ხდება? ასე რომ, ,,პრორუსობისა'' და ,,რუსეთუმეობის'' იარლიყები საერთოდ აღარ იმუშავებს. ეს იარლიყები თუნდაც საგარეჯოში მეასეხარისხოვანი იყო, ხალხს ამაზე ეცინებოდა. კაგებე-ს აგენტები კი, პირველ რიგში, თავად რესპუბლიკელები არიან. უსუფაშვილისთვის ეს მე არ მითქვამს, სოზარ სუბარმა უთხრა პირდაპირ ეთერში, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ლავროვს ევაჭრებოდა და ფულს სთხოვდა. მე არ დამიბეზღებია ჩემი მეგობრები, საბჭოთა სუკ-ის აგენტი არ ვყოფილვარ. ძალიან დიდი ბოდიში და, ძმები ,,სტუკაჩოვების'', დავით უსუფაშვილის, რომელიც 9 აპრილის მერე გახდა კომპარტიის წევრი და სხვების შეფასებებს, უბრალოდ, არ მივიღებ. ხიდაშელის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია კი არ მიდის, ის სისხლის სამართლის დამნაშავეა და თუ ეს ხელისუფლება არაფერს მოიმოქმედებს, ხელისუფლებაში სხვა მოვა და ქალბატონ ხიდაშელს იქ მიაბრძანებს, სადაც დღეს მისი ძველი თანამებრძოლები სხედან!
- ,,ორკესტრირებულ კამპანიაზე'' გამახსენდა, ითქვა, რომ თოფაძე, სოსო ჯაჭვლიანი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი, ვისაც ,,ოცნებაში'' აღარ ,,დაედგომება'', თქვენთან აპირებს გაერთიანებას. ეს რეალურია?
- მსგავსი არაფერი ხდება და რომ ხდებოდეს, აუცილებლად ვიტყოდი, რადგან ღია და საჯარო პოლიტიკის მომხრე ვარ. არაფრის დამალვას ვაპირებ. თოფაძესთან, ჯაჭვლიანთან, ბურჯანაძესთან, ღარიბაშვილთან ან ალასანიასთან მოლაპარაკებას მართლა რომ ვაწარმოებდე, ეს, რა, დანაშაულია? არჩევნები ახლოვდება და ვთქვათ, რაღაც მოლაპარაკება გვაქვს, მერე რა?
- და გაქვთ?
- არა! არც ახლა ვსაუბრობ, არც მისაუბრია და არც ვაპირებ. საერთოდაც, ამ ეტაპზე, არჩევნებში დამოუკიდებლად ვგეგმავთ მონაწილეობას. ერთადერთი, რაზეც ოპოზიციასთან მოლაპარაკება ახლა მიდის, საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით ფართო ოპოზიციური გაერთიანების შექმნაა. თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს არ შეცვლის, ერთადერთი გზა რჩება - ყველა პარტიის გაერთიანება და საყოველთაო პროტესტი. დიახ, ამ მოლაპარაკებების ინიციატორი ნამდვილად პატრიოტთა ალიანსია და მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას აზრი საერთოდ არ აქვს. სასამართლოში მიხვალ და მურუსიძის სამართალი დაგხვდება, ცესკო-ში - მხოლოდ ხელისუფლების კადრები. ეს გზა უკვე გავიარე და ვნახე, რომ ყველა დონეზე, ყველა ინსტანციაში წაგვაგებინეს. ბოლო ინსტანცია სააპელაციო სასამართლოა, სადაც გაღიმებული მურუსიძე ზის. მისი სამართალი კი სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილისა და სხვების მაგალითზე ვნახეთ. ჩვენი გუნდი ინიციატორია, რომ ვაწარმოოთ მოლაპარაკება უკლებლივ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ნაციონალური მოძრაობის გარდა, რათა ერთობლივად ვიმოქმედოთ საარჩევნო გარემოს შეცვლის მიზნით. კარგი იქნება, თუ საერთო მოქმედების გეგმას შევიმუშავებთ.
- როგორ უნდა აიძულოთ ხელისუფლება, ცვლილებებზე წამოვიდეს და ისიც მითხარით, თუ ტრადიციულად, საარჩევნო გარემო არ შეიცვლება, მაშინ რა გეგმა გაქვთ?
- საუბარი იმაზეა, რომ ცესკო-ში იყოს პარიტეტი, არჩევნებში ჩარევა სისხლის სამართლის დანაშაულს გაუთანაბრდეს და ა.შ. თუკი პარტიებს შორის რეალური კონსოლიდაცია შედგა, ალტერნატიული გეგმაც ჩამოყალიბდება.
- არაერთი პოლიტოლოგისგან ისმის, რომ საჭიროა მესამე ცენტრი, რომლის სათავეშიც ერთი ძლიერი პარტია იქნება. ოპოზიციურ სპექტრში ასეთად თქვენც მოიაზრებით, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას მარტო აპირებთ. არ ფიქრობთ, რომ თუ საარჩევნო გაერთიანება ბლოკად გადაკეთდება, ასე მეტი შანსი გექნებათ?
- გაერთიანების ვარიანტსაც ვუშვებ და ჩაკეტვას სულაც არ ვაპირებ. უბრალოდ, ამ ეტაპზე, დამოუკიდებლად ვაპირებთ მონაწილეობას, მაგრამ თუ ფართო გაერთიანება წარმატებით შედგა, რაშიც მხოლოდ პოზიტივს ვხედავ, მაშინ სხვა ეტაპიც დადგება. იმის ინიციატორი და ორგანიზატორიც ვიქნები, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს.
- მოლაპარაკებებს ირაკლი ღარიბაშვილთან მართლა მართავთ?
- ნამდვილად არ მაქვს არავითარი მოლაპარაკება ღარიბაშვილთან. მგონია, რომ თუ კენჭისყრა მოუნდება, ამას ,,ოცნებიდანაც'' გააკეთებს, თუმცა არასდროს დამიმალავს, რომ ჩემი მეგობარი იყო. სამწუხაროდ, საგარეჯოს არჩევნების დროს მეგობარივით არ მოიქცა - ვერ დაიცვა ბალანსი. საერთოდ, როგორც ჩანს, ,,ოცნებასა'' და ნაციონალებს არენაზე ახალი პოლიტიკური ძალების შემოსვლა არ უნდათ: ჯერ პაატა ბურჭულაძეზე დაიწყო საუბარი, რა უნდაო, ახლა ლევან მამალაძე ქმნის პარტიას და უკვე ათასი ხმა დადის. ჩვენ კი მივესალმებით ყველა ახალ ძალას, არ ვართ ის ხალხი, ვინც ვინმეს ჩაწიხლავს, დაძირავს და იტყვის, შენ რა გინდა პოლიტიკაშიო.
- აბა, რესპუბლიკელებს რატომ წიხლავთ?
- რესპუბლიკელები ხელისუფლებაში საკუთარი რეიტინგით არ მოსულან - ჯერ ნაციონალებმა ჩაიბეს, მერე ბიძინა ივანიშვილმა... სხვათა შორის, მახსოვს, რა გახარებულები იყვნენ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა და ასეთი ფორმულა ,,შობეს'' - კარგი საქციელია, წარმატებული პრემიერი რომ გადადგებაო. ჰოდა, ხომაა ახლა დავით უსუფაშვილი წარმატების პიკში? ამიტომ მოვუწოდებ, გადადგეს და თან გაიყოლოს თავისი მეუღლე, ძმები ,,სტუკაჩოვები'', მინისტრი ზახარინი და დანარჩენები.
- წეღან მამალაძე ახსენეთ და, ამბობენ, რომ ის და თოფაძე თქვენი დამფინანსებლები იქნებიან. ამ ჭორს ხელს თქვენი თანაპარტიელის, ემზარ კვიციანის მამალაძე-მოლაშვილთან გამოჩენაც უწყობს. მამალაძის ახალ პარტიასთან რა გაკავშირებთ?
- ჯერ ერთი, როცა მამალაძე იმაზე საუბრობდა, რომ თინა ხიდაშელმა ის პოლიტდევნილთა სიიდან ამოიღო, მაშინ საგარეჯოს არჩევნები საერთოდ არ იყო ჩატარებული. ასე რომ, ეს ერთი კონტექსტი ვერ იქნება. მოლაშვილიცა და მამალაძეც აბსოლუტურად დამოუკიდებელი პიროვნებები არიან და მათთან პატრიოტთა ალიანსს კავშირი არ აქვს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სულხან მოლაშვილთან ვმეგობრობ და მის განვლილ ცხოვრებას ვაფასებ, თუმცა პოლიტიკურ პარტნიორობაზე საუბარი ნამდვილად არაა. რაც შეეხება მამალაძის იმიჯს, შავი პიარი, სხვათა შორის, ზურაბ ჟვანიამ აუგორა და დიდი ზიანიც მიაყენა, რადგან ბევრს ეგონა, რომ მამალაძემ მართლა ოქროს ზოდები გაიტანა საქართველოდან. ამ დროს, ის არც მილიონერია, არც ოქროს ზოდები აქვს და იტანჯება, ამ 12 წლის განმავლობაში, როგორც მოლაშვილი, მამუკა ნიკოლაიშვილი და თემურ ბასილია. აქედან ერთსაც არ ეღირსა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ასე რომ, მამალაძეს თავისი პრეტენზიები აქვს ხიდაშელთან, მე ჩემი. საინტერესოა, რომ ყველა ახალ ძალასა თუ გააქტიურებულ სახეს ჩვენთან აკავშირებენ. ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გამაერთიანებლის ფუნქცია ბუნებრივად გვეკისრება. ჩვენ გავხდით ბუნებრივი ლიდერები და ეს ძალიან მახარებს. ვფიქრობ, საგარეჯოს არჩევნებმა ჩვენი რეიტინგი უფრო ასწია და ისიც აჩვენა, რეალურად, ვინაა ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა. ამაზე მთელი სპექტრი შეთანხმებულია, ყველამ იცის, რომ დღეს პატრიოტთა ალიანსი ლიდერია, თუმცა გულწრფელად ვამბობ, ერთადერთი თუ არა, გამარჯვების ერთ-ერთი სწორი გზა მაინც დიდი ოპოზიციური გაერთიანება და პარლამენტში ერთად შესვლაა. ასეთი გაერთიანება ,,ოცნების'' დამარცხებასაც შეძლებს და ნაციონალებისაც, თუმცა, თუ გარემო არ შეიცვალა, მაშინ სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია - ოპოზიციური გაერთიანება გარეთ გავა და დიდი პროცესები დაიძვრება... ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს - მართლა ნატო და დასავლეთი უნდა თუ ჩრდილოკორეა.
- ე.ი. პოსტსაარჩევნო ,,ბუნტისთვის'' და უკვე დაანონსებული ცხელი 2017 წლისთვისაც ემზადებით?
- თუ ხელისუფლებამ არაფერი შეცვალა და არჩევნები საგარეჯოს მსგავსად ჩაატარა, მოვლენები 2017 წელს კი არა, არჩევნების მეორე დღესვე დაიწყება! არც იმას გამოვრიცხავ, არჩევნები მაშინვე შეწყდეს და ცალ კარში დარჩეს ,,ქართული ოცნება''. არჩევანი აქაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს - არ ვიცი, ,,ვარდების რევოლუცია'' იქნება თუ იასამნების, მაგრამ დიდ პროტესტს რომ მიიღებენ, ეს ნამდვილად ვიცი.