უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში შემოსვლას ერთმანეთს ასწრებენ

უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში შემოსვლას ერთმანეთს ასწრებენ

საქართველოს ავიასივრცეში დიდი სიმჭიდროვეა. თვიდან თვემდე ბევრი ახალი ავიაკომპანია გამოთქვამს ფრენის სურვილს, ხოლო უკვე დაფუძნებულები რეისების სიხშირეს ზრდიან.

საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანიის კომერციულ დირექტორთან, დეივიდ ობრაიანთან შეხვედრაც კი გამართა.

„რაინეარის“ სამუშაო ჯგუფი ეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერირების შესაძლებლობას. ობრაიანს ეიმედება, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკებები და კონსულტაციები დადებითად გადაწყდება.

„დღეს პრემიერ-მინისტრთან გვქონდა ნაყოფიერი და იმედის მომცემი შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ სულ მალე ევროპის ამ ერთ კუთხეს სხვა კუთხესთან დავაკავშირებთ“, - აღნიშნა ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა.

მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას.

„საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ აღნიშნულ კომპანიასთან და ისინი ახლა ჩამოსულნი არიან ტექნიკურ თანამშრომლებთან ერთად, რათა შეაფასონ ქუთაისის აეროპორტის მდგომარეობა. გარდა ამისა, შეაფასონ ახალი შესაძლებლობები და ახალი მიმართულებები, რომელიც საჭიროა საქართველოდან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაფართოებლად. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ დაარსდა 1984 წელს. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის საჰაერო ხომალდებით. შარშან ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ავიამიმოსვლას ახორციელებს 191 აეროპორტიდან.

ირლანდიელებს ტოლს არ უდებენ ირანელები. მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული სანქციები გაუქმდა, აზიელები ყველა მიმართულებით გააქტიურდნენ. ამჯერად საქართველოში ფრენა, შესაძლოა, ორმა ირანულმა კომპანიამ დაიწყოს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის გურამ ჯალაღონიას ინფორმაციით, დაზუსტებული დოკუმენტების წარდგენას კომპანია Mahan Air-ისა და Qeshm air-ისგან ელოდებიან.

კომპანიები განრიგს დასამტკიცებლად დღე-დღეზე შეიტანენ.

რაც შეეხება კომპანია Ata Airlines-ს, რომელმაც ფრენა თეირანი-თბილისის მიმართულებით შარშან დაიწყო და რამდენიმე თვეში გააუქმა, ამ ეტაპისთვის მათ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის არ მიუმართავთ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესულია ირანული ავიაკომპანიის განაცხადი, რომელიც განხილვის პროცესშია.

ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ როდესაც ირანული ავიაკომპანია თავიანთი საბუთების წარმოდგენას დაასრულებს, შესაძლებელი იქნება გაიცეს პირდაპირ ფრენებზე ნებართვა.

„ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმ ტურისტული ნაკადის შემოსვლას, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. არის დარჩენილი რამდენიმე საბუთი, რომელიც ავიაკომპანიას აქვს შემოსატანი და როგორც კი შემოიტანს, ვფიქრობთ, დაბრკოლება არ იქნება და ძალიან მალე გავცემთ ნებართვას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ფრენის განრიგი აეროპორტთან ახლა თანხმდება.

ირანული ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოში ფრენით დაინტერესება მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი უქმდება.

ამასობაში ქუთაისში უკრაინელები და რუსები აქტიურობენ. „კომერსანტის“ ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირე იზრდება. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ქუთაისი-კიევის მიმართულებით, 27 მაისიდან კვირაში მე-4 სიხშირეს დაამატებს, ხოლო 4 ივნისიდან ავიარეისები ყოველდღიურად შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ასევე „ურალის ავიახაზები“ ამატებს 24 თებერვლიდან მეორე, ხოლო პირველი აგვისტოდან მესამე სიხშირეს ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით. ავიარეისები 24 თებერვლიდან ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, ხოლო აგვისტოდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.