აზარტული თამაშები საქართველოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. მხოლოდ ონლაინ-თამაშებში ყოველდღიურად საქართველოს 400 000 მოქალაქეა ჩართული. რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს სფერო სრულიად უკონტროლოა და თავის ნებაზეა მიშვებული.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ აზარტული თამაშების განვითარების კონცეფცია წარმოადგინა. მისი მიზანია აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და სისტემაში ფინანასური რესურსების გამჭვირვალობის ამაღლება.
„ინტერნეტკომუნიკაციების განვითარებასთან ერთად აზარტული თამაშები გადადის ონლაინსივრცეში და იზრდება ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ხდება მასობრივი. ონლაინკაზინოებში ფინანსური ნაკადების ბრუნვა არ არის გამჭვირვალე და არ არის იდენტიფიცირებული ფულის მოძრაობის არხები. რეალურ სათამაშო სახლებში არ მოქმედებს წაგების ლიმიტები, საჭიროა რეზიდენტ ფიზიკურ პირს ჰქონდეს მოთამაშის სტატუსი, ანუ ის უნდა იყოს რეგისტრირებული აზარტული თამაშების რეესტრში და უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი მოსაკრებელი“, - განმარტავს ორგანიზაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე.
აფბამ საკუთარ სარეკომენდაციო პაკეტში რიგი მიმართულებები განსაზღვრა და უახლოეს მომავალში მას საკანონმდებლო ინიციატივად დაარეგისტრირებს. აქ გამოსაყოფია რამდენიმე მიმართულება:
სპეციალური პროგრამის შექმნა – შემოსავლების სამსახურის ბაზაზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მოთამაშედ რეგისტრირებული პირების ტრანსაქციები. პროგრამა ადაპრირებული იქნება ყველა ლიცენზირებულ ვებ–გვერდთან, რომლებიც აზარტული თამაშების ორგანიზებას ახდენენ.
აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის შექმნა – საშემოსავლო სამსახურის ბაზაზე უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, სადაც ხდება მოთამაშედ რეგისტრაცია, რეალურ სივრცეში (შემოსავლები სამსახური, იუსტიციის სახლი). რეგისტრირების შემდეგ, მოთამაშე იღებს სპეციალურ კოდს, რომლითაც მონაწილეობას იღებს აზარტულ თამაშობებში.
მოთამაშის მოსაკრებლის დაწესება – მოთამაშედ რეგისტრაციის შემდეგ, პირი იხდის მოსაკრებელს 1200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
წაგების ლიმიტების დაწესება – მოთამაშედ რეგისტრირების პროცესში პირი ახდენს საკუთარი შემოსავლების დეკლარირებას, ამის შემდეგ მისთვის განისაზღვრება თვეში წასაგები თანხის ლიმიტი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს დეკლარირებული შემოსავლის მაქსიმუმ 30%–ით. დადასტურებული შემოსავლის არმქონე პირისთვის წესდება წაგების მაქსიმალური ლიმიტი 100 ლარის ოდენობით, თვეში.
კაზინოების და სხვა სათამაშო კლუბების ლოკაციის წესების გამკაცრება – უნდა შეიქმნას სათამაშო სახლების სპეციალური ლოკაციები, რაც გულისხმობს მათი მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადატანას. სახელმწიფო ასეთ დაწესებულებებს სთავაზობს სპეციალურ ზონებს, გარკვეული შეღავათებით. აღნიშნული ინიციატივა არ ეხება ისეთ სივრცეებს, სადაც კაზინოსექტორი უკვე სარგებლობს გარკვეული პრეფერენციებით.
თამაშის წესები რეალურ სათამაშო სახლებში – რეალურ სათამაშო სახლებში არ მოქმედებს წაგების ლიმიტები, საჭიროა რეზიდენტ ფიზიკური პირს ჰქონდეს მოთამაშის სტატუსი, ანუ ის უნდა იყოს რეგისტრირებული აზარტული თამაშების რეესტრში და უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი მოსაკრებელი.
უცხოური ონლაინ აზარტული თამაშების ვებ–გვერდები – ისეთი ვებ–გვერდები, რომლებსაც არ გააჩნით საქმიანობის საქართველოში გაცემული ლიცეზია და არ არის აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის ნაწილი, იბლოკება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ამ ეტპზე, აზარტული თამაშის სფერო სახელმწიფო რეგულაციის გარეშეა დარჩენილი.
„ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ჩავატარეთ გამოკითხვა და 2%-მა განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდთ. 6%-მა კი დაადასტურა, რომ ფულზე თამაშობს და ეს ონლაინ თამაშები არის მათი ძირითადი საქმიანობა. ამ კვლევების დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ერთ- ერთი იყო ონლაინ თამაშებთან არასრულწლოვანების შეუზღუდავი წვდომა. ამ მხრივ არანაირი კონტროლი არ ხორციელდება. ჩვენ გვაქვს რეალური ფაქტები, როდესაც სკოლებიდან დაახლოებით 50 -100 მეტრში არის სათამაშო დაწესებულებები და გვხვდება არამარტო ბანერები, არამედ გამოფენილია ის პრიზები, რომლებიც შეიძლება მოიგონ“, - აღნიშნა ნატროშვილმა.
ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ ხდომაზე განაცხადა, რომ ინტერნეტ-კაზინოების საკითხს საფუძვლიანად შეისწავლის და მიიღებს სახელმწფიო გადაწყვეტილებას მის რეგულირებაზე.
„საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული“, – განაცხადა პრემიერმა.
ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ონლაინ-თამაშები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამას დასტურებს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის ზრდის შესახებ ოფიციალური მონაცემები: 2011 წელი - 366 მილიონი ლარი, 2012 წელი - 996 მილიონი ლარი, 2013 წელი - 1.213 მილიარდი ლარი, 2014 წელი - 2.032 მილიარდი ლარი, 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით - 1.353 მილიარდი ლარი. მხოლოდ ონლაინ-თამაშებში ყოველდღიურად საქართველოს 400 000 მოქალაქეა ჩართული.