ირანული გაზი საქართველოს ნელ-ნელა უახლოვდება

ირანული გაზი საქართველოს ნელ-ნელა უახლოვდება

თეირანი და თბილისი საქართველოსთვის 200 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებენ. პარალელურად მიმდინარეობს საუბარი ელექტროენერგიის და წყლის ბარტერულ გაცვლაზე. უკვე გადაწყდა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის საკითხი. ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბუნებრივი აირის იმპორტის თემაზე კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორი, ალირეზა ქამელის თქმით, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორი დაინტერესეულია ირანული აირის შეძენით. „მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რის შემდეგაც საქართველოში გაზის ექსპორტი განხორციელდება“, - განუცხადა ქამელიმ ჟურნალისტებს ირანის ნავთობის მინისტრ ბიან ზანგენესა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ.

მისი ინფორმაციით, პირველი კონტრაქტი შვიდი თვეზე გაფორმდება და მომავალი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

„თუმცა, საქართველომ სომხეთიდან მისი ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე ლიცენზია უნდა მიიღოს. თუ შეთანხმება ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული იქნება, მომავალში საქართველოში გაზის მიწოდების საშუალო და გრძელვადიან კონტრაქტებსაც გავაფორმებთ“, - დასძინა ქამელიმ.

არსებობს ირანული გაზის საქართველოსთვის მიწოდების ორი გზა – აზერბაიჯანის და სომხეთის გავლით. ორივე ეს მარშრუტი ტექნიკურად დასამუშავებელია. ირანის ელჩის აბას თალები-ფარის განცხადებით, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ყველაზე რეალური ამ თანამშრომლობაში „გაზპრომის“ ჩართვის ვარიანტია.

„შეიძლება გამოვიყენოთ იგივე სომხეთის მარშრუტი, შეგვიძლია გამოვიყენოთ აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურა. სომხეთი იქნება თუ აზერბაიჯანი, ამ შემთხვევაში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი იქნება. არსებობს მესამე შესაძლებლობაც, სვოპის პრინციპით და ამ შემთხვევაში თანამშრომლობა უნდა მოხდეს ირანს, საქართველოს, რუსეთის „გაზპრომს“ და სომხეთს შორის“, - აღნიშნა აბას თალები-ფარიმ. დიპლომატის მოსაზრებით ყველაზე რეალური სწორედ ეს უკანასკნელი ვარიანტია.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ირანიდან გაზის მიღება ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს, რადგან ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირე გაზის მოწოდების თვალსაზრისით, აზერბაიჯანია. თანაც ირანული ბუნებრივი აირი უფრო ძვირია, ვიდრე რუსული ან აზერბაიჯანული.

„თუ ფასისა და მოცულობების დაკმაყოფილების თვალსაზრისით ვერ მოხდება აზერბაიჯანული რესურსის ათვისება სრულად, ბუნებრივია, ირანი დამატებით შესაძლებლობად განიხილება. ირანული გაზი დღევანდელი შემოთავაზებით არის უფრო ძვირი, ვიდრე აზერბაიჯანული და რუსული, თუმცა ბუნებრივი აირის ფასების დინამიკა იცვლება. მისი ფასი დიდწილად დამოკიდებულია ნავთობის ღირებულებაზე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მას შემდეგ, რაც ირანული ბუნებრივი აირი საერთაშორისო პროდუქტი გახდება, კომერციული დეტალების განხილვა უფრო რაციონალური იქნება“, - აღნიშნა მარიამ ვალიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ირანი 2018 წლისთვის ბუნებრივი აირის დღეღამური მოპოვების 1,1 მილიარდ კბ/მ-მდე გაზრდას გეგმავს.

როგორც ირანის ელჩი აბას თალები-ფარი აცხადებს, შესაძლებელია, რომ საქართველოსა და ირანს შორის ბარტერი განხორციელდეს. ირანმა საქართველოდან წყლის რესურსი მიიღოს, სანაცვლოდ კი გაზი ან ელექტროენერგია მიიღოს.

კერძოდ, საქართველომ, შესაძლოა, ირანს მიაწოდოს ჭარბი ელექტროენერგია გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში სომხეთის გავლით და ის მიიღოს ზამთარში, როდესაც ქვეყანაში ენერგომოხმარება იზრდება.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე ირანს ოფიციალური ვიზიტით 15 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნების წარმომადგენლებმა ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა განიხილეს.