ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ეს ქვეყნებია: ბერლინი, მიუნხენი, მილანი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა და სოფია. ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო. ქუთაისი-მიუნხენის რეისები ასევე 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება ფრენა, ორშაბათსა და პარასკევს; ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება. ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას ფასი - 39.99 ევრო.
რაც შეეხება ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო. ქუთაისი-ლარნაკას რეისები დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს განახორციელებს და მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო. რაც შეეხება ქუთაისი-სოფიას, ასევე 24 სექტემბერს დაიწყება ავიამიმოსვლა და ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს განხორციელდება, მინინალური ფასი იქნება 29.99 ევრო.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის შვიდ ქალაქში ფრენების განხორციელება ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის კარგია.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ყველა ეს მიმართულება იქნება დაბალბიუჯეტიანი, ვინაიდან „ვიზეიარი“ არის დაბალბიუჯეტიანი.
როგორც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, ეს შესაძლებობას მოგვცემს როგორც მოვიზიდოთ ტურისტები, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებობა, რომ საკმაოდ იაფად იმოგზაურონ ევროპაში.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ქუთაისის აეროპორტი ბევრად უფრო დიდი მასშტაბით უნდა მუშაობდეს.
„ცხადია, ახალი რამდენიმე მარშუტის გახსნა მისასალმებელია, მაგრამ მთავრობა და პირადად ივანიშვილი ამ პროექტის ლანძღვით რომ არ დაკავებულიყო და იგი გაეგრძელებინა, დღეს ქუთაისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი რეისი.
2013 წლის მაისიდან უნდა შემოსულიყო მსოფლიოს მგზავრთა რაოდენობით ყველაზე დიდი ავიაკომპანია „რაეინეარი“, ამ სიკეთით უნდა ესარგებლა ბევრად მეტ ადამიანს და საქართველოს ეკონომიკაში უნდა შემოსულიყო ასეულ მილიონობით დოლარი.
ვინ არის პასუხისმგებელი დაკარგულ წლებზე, შემოსავალზე და სამუშაო ადგილებზე? პასუხი ცხადია. დარწმუნებული ვარ, ახალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას წლევანდელი არჩევნების შემდეგ ჩაიბარებს, ქუთაისის აეროპორტსაც სრული მასშტაბით აამუშავებს და ქვეყნის წინაშე მდგარ ბევრ მნიშვნელოვან პრობლემასაც წარმატებით გადაჭრის“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, სანდრო თვალჭრელიძე ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულების დამატება, ქვეყანას დაეხმარება ბიზნესისა და სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებაში. გარდა ამისა, როგორც თვალჭრელიძე ამბობს, ეს შექმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს.
„ფასები ევროპაში 50 ევროზე ნაკლებია, მაგრამ მინდა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას მივაქციოთ ყურადღება, რეისების გააქტიურებისას, უკვე ძალაში იქნება უვიზო რეჟიმი ევროპასთან. ავიაციაში სამუშაო ადგილების გაზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელია იქაური კომპანიების ნაცვლად ჩვენი კომპანიებს განვითარება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძემ.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ გადაზიდვების გარდა მსგავსი ლოჯისტიკური გადაწყვეტილებები, ქუთაისისთვისაც სასარგებლოა და ბუნებრივია ტურისტების მოზიდვისთვის, ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის ძვირი ავიაბილეთი. ძვირი ავიაბილეთი კლავს ევროპულ ტურიზმს. თუ ევროპელებს იაფი ავიაბილეთის წყარო ექნებათ ეს რა თქმა უნდა წაადგება ტურიზმის განვითარებას საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძე.