ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, უპირველესი საკითხი საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობის დადგენაა. განიხილება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობაც.
ბოლო რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის შემოტანის თაობაზე. ირანული გაზი საქართველოსთვის იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ მას არსებულ მოთამაშეებთან შედარებით (ძირითადად „სოკარი“, ნაწილობრივ „გაზპრომი“) კონკურენტული ფასი ექნება. ამასთან, დასამუშავებელია მარშრუტიც თუ როგორ მოხვდება ირანული აირი საქართველოში.
ამისათვის 2 გზა არსებობს: შესაძლებელია სომხეთის მარშრუტის და ასევე აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურის გამოყენება, თუმცა ორივე შემთხვევაში სამმხრივი ურთიერთობის ფორმატია საჭირო.
ირანის ელჩმა საქართველოში აბას თალებ ფარიმ უცხოურ მედიასთან საუბრისას არც სვოპის პრინციპი გამორიცხა. ამ შემთხვევაში უნდა იყოს თანამშრომლობა ირანს, საქართველოს, რუსულ „გაზპრომს“ და სომხეთს შორის. არ არის გამორიცხული ბარტერის თემაც. კერძოდ, ირანი საქართველოსგან წყლის რესურსს მიიღებს, ხოლო უკან გაზს ან ელექტროენერგიას დააბრუნებს.
ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია რეგიონში და მის ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირში, განახლებული დინამიზმის შემოტანა.
„ეს შესაძლოა, ძალიან საინტერესო იყოს ევროპული ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ქვეყანა აკავშირებს აზიასა და ევროპას. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები, ორი დღის წინ პრეზიდენტ რუჰანისთან ჩემი სატელეფონო საუბრის ჩათვლით, რომლის დროსაც განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები.
ირანთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიცია, პირველ რიგში, კულტურული ურთიერთობები და ტურიზმი, რომლებიც დასაწყისისთვის შეიძლება გახდეს თანამშრომლობის შესანიშნავი მიმართულება. ამისთვის ჩვენ განვაახლებთ უვიზო რეჟიმს ირანთან. შედეგად, გაიზრდება ირანელი სტუმრების რიცხვი, ბიზნესმენების ჩათვლით, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ ბიზნესშესაძლებლობების მოსასინჯად. ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე კი მას აძლევს შესაძლებლობას, შესთავაზოს ირანსა და ევროპას თანამშრომლობის პერსპექტივა“, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
უშუალოდ საქართველოსთვის ამ ეტაპზე საყურადღებოა 2 მიმართულება, ეს არის ბუნებრივი აირის იმპორტი და ტვირთების ტრანსპორტირება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გაზის მიღება ირანიდან თეორიულად, მომავალში შესაძლებელია, მაგრამ ახლო პერსპექტივაში არა.
ენერგეტიკის ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ - სამხრეთის დამაკავშირებელი მილსადენის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს გავლით დიდი რაოდენობით გაზის გატარება იქნებოდა შესაძლებელი, რაც მომგებიანია.
„თეორიულად მილსადენის აშენებაც შესაძლებელია, ინვესტიციების და დაფინანსების შემთხვევაში, თუმცა ეს მოკლევადიანი პერსპექტივა არ არის“, - აცხადებს ჯერვალიძე.
მისი თქმით, ნავთობის და გაზის პროექტები ზოგადად არის 5-10 წლიანი, ამიტომ შედეგი მინიმუმ 5-7 წლის შემდეგ იქნება ხელშესახები, თუმცა ამ მიმართულებით დღესვე მოძრაობის დაწყება სრულიად გამართლებულია.
„დღეს თუ არ ვიმოძრავეთ და არ გავიგეთ რას ფიქრობენ ჩვენი მეზობლები და სავარაუდო პარტნიორები, ორივე მხარეს არ გვეცოდინება ერთმანეთის პოზიცია, პროექტები ვერ განხორციელდება. უნდა გაირკვეს გვაქვს თუ არა პოტენციალი, რომ ირანული გაზის ტრანზიტის მხარე გავხდეთ“, - აღნიშნავს ექსპერტი „ჯიბისისთან“ საუბრისას.
კიდევ ერთი თემა რაც ამ ფონზე საინტერესოა ირანული გაზის ფასია, რაზეც დღეს აქტიურად არ საუბრობენ. ირანული გაზი მაღალკალორიულია, საქართველოში კი ბუნებრივი გაზის ფასი არა კალორიულობის, არამედ კუბური მეტრის მიხედვით ითვლება, ამიტომ ირანულ გაზზე ფასის დადგენა არ იქნება მარტივი.
„უნდა შეიცვალოს თვითონ რეგიონში ფასის სტრუქტურა. ამასთან, ირანული გაზი რომელიც მაღალკალორიულია, მოწოდებული უნდა იყოს ცალკე მილით, რომელიც არ შეერევა უფრო დაბალკალორიულ აზერბაიჯანულ, თურქმენულ ან რუსულ გაზს. აქედან გამომდინარე, ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ბევრ სხვა ფაქტორსაც მოიცავს“, - ამბობს ექსპერტი.
ჯარველიძე ასევე აღნიშნავს, რომ ირანთან ურთიერთობა მხოლოდ გაზით არ შემოიფარგლება, რადგანაც სპარსეთის ყურის მთავარ სახელმწიფოს ბევრი სხვა საექსპორტო პროდუქცია გააჩნია, მათ შორის, ნავთობი და ბიტუმი.
„გაზს მე პირველ პრიორიტეტად ვერ ვხედავ. მოკლევადიან პერიოდში, უფრო სხვა პროდუქციას ვხედავ პერსპექტიულად, რომელიც შეიძლება ქართული პორტების მეშვეობით ევროპაში გადაიტვირთოს“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.
იმ ტვირთებს, რისი მოზიდვაც შეგვიძლია ირანიდან, შეუძლია გაცილებით მეტი ეკონომიკური სარგებელის მოტანა საქართველოსთვის, ვიდრე გაზის სექტორში ნებისმიერ დიდ პროექტს.