აფხაზეთი ჩაბნელების პირასაა. ენგურჰესის დენი მათ მხოლოდ თებერვლის ბოლომდე ეყოფათ, მერე ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები ავტომატურად გაითიშება. სეპარატისტები ზამთრის თვეებში ენგურჰესისა და ვარნილჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას მთლიანად იტაცებენ და ახლა უკვე ესეც აღარ ყოფნით. ლამისაა მათ დენის საქართველოს ელექტროსისტემიდან მიითვისონ.
„დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც აფხაზეთს მიეწოდება და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის დენის მიწოდება ვერ შევძლოთ“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პარალელურად „ჩერნომენერგოს“ წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ენგურის წყალსაცავში წყლის დონე თითქმის ფსკერზეა და რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგება საფრთხის წინაშეა.
კახა კალაძე ადასტურებს, რომ წყალსაცავში წელს წყლის ნაკლებობა იყო და არ არის ისეთი შემოდინება, როგორიც წლების განმავლობაში.
„შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ერთობლივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა რამე გზით იქნას მოგვარებული და, რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩნენ“, - განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ადასტურებს, რომ წყალსაცავში წყლის დონე უკვე 440 მეტრის ნიშნულზეა ჩამოსული. ენგურჰესს 2004 წლამდე საპროექტო ინსტიტუტისგან აღებული ჰქონდა ნებართვა, რომ გამოემუშავებინა ელექტროენერგია წყლის დონის 420 მეტრის ნიშნულამდე. მას შემდეგ ნებართვა არ განახლებულა. შესაბამისად, წყალსაცავის უფრო დაბალ დონემდე დასამუშავებლად ნებართვა რომელიმე საპროექტო ინსტიტუტმა უნდა გასცეს. ასეთი რამ კი ნაკლებად სავარაუდოა. არველაძე ამბობს, რომ ელექტროსადგურის მუშაობა 410 მეტრის ნიშნულზეც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში კაშხლის საიმედოობა სახიფათო ხდება.
„გრაფიკის შემოღება და მოხმარების შეზღუდვა აფხაზურ მხარეს უფრო ადრე უნდა დაეწყო. მოგეხსენებათ, აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებს 220 კვ-იანი ხაზი ბზიფიდან ადლერის ქვესადგურამდე, ასევე კიდევ ერთი 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი. აქედან გამომდინარე, თუ ძალიან გაჭირდება, აფხაზეთმა ელექტროენერგია რუსეთიდან უნდა მიიღოს. იმის ნაცვლად, რომ ენერგოსისტემა განავითარონ და აღადგინონ (მაგალითად, ჰესი ტყვარჩელში), ააშენონ სხვა ელექტროსადგურები, აფხაზები მარტო ენგურჰესზე არიან ჩამოკიდებული“, - განაცხადა არველაძემ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ქართული მხარე არ აპირებს გადახედოს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდების საკითხს. მისი თქმით, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების არსებული სქემა ქართული მხარის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არ არის დაგეგმილი მისი შეცვლა.
ზამთრის სეზონში ენგურჰესისა და ვარდნილჰესის კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს მიაქვს. ენგურჰესის მიერ „ბიზნესპრესსნიუსისთვის“ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2015 წელს ჯამში ვარდნილჰესის კასკადის მიერ სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის დაახლოებით 51%, ხოლო ენგურჰესიდან სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის თითქმის 47% მოიხმარა. ამ მონაცემების თანახმად, დარღვეულია აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის 1997 წლის სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 60% ქართულ მხარეს, 40% კი აფხაზურს უნდა მიეღო.
ზამთრის სეზონში აფხაზეთის მოხმარება რამდენიმე ათეული პროცენტით იზრდება, კერძოდ, 2015 წელს ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, ენგურჰესის მიერ სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის ჯამურმა მოცულობამ 523 მლნ კვტ საათი შეადგინა, აქედან ოკუპირებულმა აფხაზეთმა უფასოდ 449 მლნ კვტსაათი ელექტროენერგია მიიღო, რაც ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის 86%-მდეა. ვარდნილჰესის კასკადმა კი, რომელიც გალის რაიონში, სოფელ საბერიოში მდებარეობს, 2015 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, სულ 100 მლნ კვტ/სთ სალტზე გაშვებული ელექტროენერგია გამოიმუშავა, საიდანაც ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული იქნა 87 მლნ კვტ/სთ, კასკადის მიერ გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 86%. საქართველომ 2015 წლის თებერვალში 1 895 ათასი კვტ საათის დამატებითი ელექტროენერგია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთს, რადგან ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ აფხაზეთის მოხმარება ვერ დააკმაყოფილა.
ენგურჰესიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონია აცხადებს, რომ აფხაზეთი უფასოდ იღებს ელექტროენერგიას. 2016 წლის იანვარში კი, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 97-98% აფხაზეთმა მოიხმარა.
„ჩვენ ვაზუსტებთ, იანვარში ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემებს, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ აფხაზური მხარის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 97-98%-ია. ზამთარში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება“, - განაცხადა მებონიამ.
აფხაზეთში არ არის გაზი და ხალხი მთლიანად ელექტროენერგიაზე „შემჯდარი“. ისინი შეშის გამოყენების აუცილებლობასაც კი ვერ ხედავენ. დაძველებული და მოუწესრიგებელი ქსელის გამოისობით, დენის დანაკარგი 50%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, ენგურჰესი ნოემბერი-მარტის პერიოდში საქართველოსთვის თითქმის გამოუყენებელია.