- ბატონო იმედა, კმაყოფილი ხართ თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 თებერვლის გადაწყვეტილებით და რაში მდომარეობს დავის არსი?
მართალია სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე კომპანიების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ მთავარი და პრინციპული საკითხი მოცემულ შემთხვევაში ისაა, რომ სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის უკანონო ქმედება და ამის შედეგად მოსარჩელე კომპანიებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი სრულად დაადასტურა. სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე მხარე თუნდაც ნაწილობრივ გამართლდა. საქმე ისაა, რომ სასამართლომ მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელის დაკისრებასაც ვითხოვდით მოპასუხეებისგან, ნაცვლად 70 მილიონი ლარისა, დაახლოებით 49 მილიონი ლარით განსაზღვრა.
საქმის არსი კი შემდეგია - 2010 წელს, წინა ხელისუფლების მიერ დევნილი ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა საიჯარო ხელშეკრულებები უკანონოდ, გამოგონილი მიზეზით შეუწყვიტა. ამის არანაირი სახელშეკრულებო წანამძღვრები არ არსებობდა და იმ დროისთვის ასე დამახასიათებელი ძალადობის ტიპური გამოვლინება გახლდათ. ხელშეკრულებების შესაწყვეტად გამოგონილი მიზეზი კი ის იყო, რომ თითქოს ნავსადგურში არსებული ამწეების ტექნიკური მდგომარეობა მათი შემდგომი ექსპლოატაციის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ხოლო მოიჯარე ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად სარემონტო სამუშაოებს არ ახორციელებდა. აღნიშნული მიზეზის გასამყარებლად დაინტერესებულმა მხარეებმა ყალბი საექსპერტო დასკვნაც კი შექმნეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის ზიანის მიყენების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებული გამოძიებით დადგინდა, რომ საექსპერტო დასკვნა ყალბი იყო. აღმოჩნდა, რომ დაქირავებული უკრაინული საექსპერტო კომპანიების ექსპერტებს არ გადმოულახავთ საქართველოს საზღვარი, ექსპერტიზა რეალურად არ განუხორციელებიათ, ხოლო შესაბამის დასკვნას მათ ხელი მხოლოდ ფორმალურად მოაწერეს. ყალბი დოკუმენტი პორტში არსებული ამწეების გაუმართავობის თაობაზე გამოგონილი მიზეზის გასამყარებლად, მოიჯარე კომპანიების პორტიდან უკანონოდ გასაძევებლად და საიჯარო უფლებების მაშინდელი ხელისუფლებისთვის მისაღები სუბიექტის - სოსო დოლიძის კომპანიისთვის გადასაცემად შეიქმნა. ზემოთთქმული მიზეზი რომ გამოგონილი იყო, იმითაც დადასტურდა, რომ იგივე ამწეების ექსპლოატაცია ახალმა მოიჯარემ - სოსო დოლიძის კომპანია „ტრანსფორდმა“ უპრობლემოდ განაგრძო.
ასეთი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, გვქონდა მტკიცე რწმენა, რომ სასამართლო ობიექტურად შეაფასებდა მათ, სხვა არაერთ საქმესთან დაკავშირებულ უდავო გარემოებას და ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანდა გადაწყვეტილებას. ასეც მოხდა.
- ჩემთვის და საზოგადოებისათვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა ერთი საკითხი: თქვენ ედავებოდით კომპანია „ტრანსფორდს“, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურება არ დაეკისრა. ამასთან, ის მაინც აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. როგორ ახსნით ამ გარემოებებს?
სოსო დოლიძის კომპანია „ტრანსფორდი“ ერთ-ერთი მოპასუხეა ამ დავაში. ნავმისადგომებზე იჯარის უფლების უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეწყვეტის გამო, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება სასამართლომ ამ კომპანიას არ დააკისრა. ჩემთვის ახლა რთულია სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების შეფასება. შემიძლია მხოლოდ გარკვეული ვარაუდები გამოვთქვა, თუმცა სჯობს დაველოდოთ სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც ეს საკითხი ნათელი გახდება და ჩვენი პოზიცია ამ კუთხით უფრო ზუსტად ჩამოყალიბდება. ფაქტი ისაა, რომ 2010 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა სწორედ სოსო დოლიძის კომპანია „ტრანსფორდისთვის“ საიჯარო უფლებების გადაცემის მიზნით, გამოგონილი მიზეზით, შეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულებები ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებთან.
მოწინააღმდეგე მხარის საჯარო განცხადებით ისინი აპირებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მათი შეფასებით უკანონო განჩინების გასაჩივრებას. მათი შუამდგომლობა კი ის გახლდათ, რომ საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოს განეხილა, რასაც არანაირი საპროცესო საფუძველი, თუ სხვაგვარი დასაბუთება არ გააჩნია. მთელი დავის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარეები დაჟინებით ცდილობდნენ სასასამართლო საქმის წარმოების ფოთის საქალაქო სასამართლოში გადატანას. ანუ იმ სასამართლოში, რომელმაც 2010 წელს გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ გამოიტანა. იმ სასამართლოში, როცა ყალბი მტკიცებულების აღმოჩენის მიუხედავად საქმის წარმოება არ განაახლა. იმ სასამართლოში, რომელშიც წინა ხელისუფლების დროსაც და მერეც საეჭვოდ კეთილგანწყობილი იყო სოსო დოლიძისადმი და მისი კომპანიისადმი. იმ სასამართლოს, სადაც წინა ხელისუფლების დროს გამწესებული მოსამართლეები აღასრულებენ მართლმსაჯულებას. ეს უჩვეულო ახირება ჩვენც გონივრულ ეჭვებს გვიჩენს. თუმცა, მათგან განსხვავებით, ამ ეტაპზე არ გვსურს ვინმეს ბრალდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღიძრა სრულიად სხვა საფუძვლით, სხვა მხარეების მონაწილეობით და ამ სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილვა, სრულიად კანონიერი და სწორი გახლდათ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მართალია სასამართლომ კონკრეტულად კომპანია „ტრანსფორდს“ ზიანის ანაზღაურება არ დააკისრა, მაგრამ ისინი მაინც სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული ამ დავის საბოლოო შედეგით, რადგან ნავსადგურმა ან ძველმა ოპერატორმა დაკისრებული და გადახდილი თანხა შეიძლება ამ კომპანიას მოსთხოვოს, რადგან საიჯარო უფლების უკანონოდ წართმევით სწორედ სოსო დოლიძის „ტრანსფორდმა“ იხეირა
- თქვენს გუშინდელ განცხადებაში საუბარი იყო რეპუტაციის შელახვისა და დისკრედიტაციის კამპანიაზე. აკრძალული ხომ არ არის ამ თემის გარშემო წერა?
აკრძალული ცხადია არ არის, მაგრამ ყველაფერს გააჩნია რაღაც საზღვარი. ამასთან საჭიროა ბრალდებების დასაბუთება, კორექტულობის შენარჩუნება. მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული არაეთიკური და უზნეო განცხადებები, რომლითაც ხდება მოსამართლის ბრალდება, იმგვარი შინაარსისაა და იმგვარი „ეპითეტებითაა“ გაჯერებული, რომ სცდება მიზანშეწონილი კრიტიკის ყოველგვარ ზღვარს და მოსამართლის დაშანტაჟების და შეურაცხყოფის გზით სასურველი გადაწყვეტილების მიღების აშკარა მცდელობას წარმოადგენს. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა უკანონო ზეწოლა მოსამართლეზე.
დარწმუნებული ვარ, ასეთ ქმედებებს ისინი მომავალშიც, ზემდგომ ინსტანციებში დავის განხილვისასაც გააგრძელებენ, რადგან უწინდებურად, ნაცადი ხერხებით ძალმომრეობა მათ დღეს აღარ შეუძლიათ. ისიც იციან, რომ ხელისუფლების დახმარების ლოდინიც დაუსრულებლად მოუწევთ. არგუმენტები, მტკიცებულებები და თავის დაცვის საშუალებები თავისი ქმედებებით თავადვე მოისპეს. ასეთ ვითარებაში ცილისწამებისა და დისკრედიტაციის გარდა სხვა გზას უბრალოდ ვეღარ ხედავენ. სასამართლოში ჯანსაღი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, თანასწორი უფლებების მქონე მხარის როლში ყოფნა კი მათთვის უცხოა. მაგრამ ჩვენ ასეთ გამოხდომებს რეაგირების გარეშე აღარ დავტოვებთ.
რაც ეხება ცრუ, უზნეო ბრალდებებს, რომლებსაც მოწინააღმდეგე მხარეები ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებენ. მოსამართლის, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციასთან ერთად, ეს დამატებითი ინსტრუმენია მათთვის, ხოლო მიზანი კვლავაც იგივეა - როგორმე სასურველი გადაწყვეტილების მიღება.
იქნებ აგვიხსნან მოწინააღმდეგე მხარეებმა რატომ არ საუბრობენ სასამართლოში მიმდინარე დავის კონკრეტულ გარემოებებზე და რას იტყვიან მათ სასარგებლოდ გაყალბებულ საექსპერტო დასკვნაზე? ამ კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხი. სწორედ ამიტომ, წაგების ფაქტის მისაჩქმალად, სრულიად მავნებლურად „გააცოცხლეს“ ე.წ. ანაბრის მკვდარი თემა. არანაკლებ აცდენილია რეალობას მეორე „არგუმენტიც“, რომ ჩხარტიშვილს ლონდონის სასამართლომ ეს კომპანიები ჩამოართვა და დავის უფლება არ აქვსო. არადა, ლონდონში ჯერ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლო გაიმართა, ეს დავა ზემდგომ ინსტანციაში უსათუოდ გაგრძელდება და დიდი ალბათობით ამას წლები დასჭირდება. მე მინდა მათ ვკითხო - რა კავშირშია მათ მიერ მოხმობილი ზღაპრები ან სხვა იურისდიქციაში, სხვა სუბიექტების მონაწილეობით მიმდინარე, ჯერაც დაუსრულებელი დავა ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და „ტრასფორდთან“ დავასთან?
მინდა ვუთხრა ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს - გამოგონილი ბრალდებებით და სრულიად დაუსაბუთებელი, მოცემულ სასამართლო დავისგან შორს მყოფი თემებით უმწეო მანიპულირება სრულიად უპერსპექტივოა. მათ მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად, პასუხგაუცემელი არ დარჩება. საქართველოში მართლაც არაფერი იმალება და არც ბატონი სოსო დოლიძის ნამოღვაწარის შეტყობა-გამომზეურება იქნება შეუძლებელი.
როგორია თქვენი გეგმები?
მოწინააღმდეგე მხარეების მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებულ, დაუსაბუთებელ, მოსამართლის შეურაცხმყოფელ განცხადებებს, შესაბამისი რეაგირების მიზნით აუცილებლად გადავუგზავნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ჩვენი სახელმწიფო როგორც იქნა გამოვიდა იმ მდგომარეობიდან, როცა დავები კრიმინალური გარჩევების გზით წყდებოდა ან სახელმწიფო, საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტდა, ვისთვის რა უნდა ებოძებინა და ვისთვის რა წაერთმია. დღეს, თუ სასამართლო სისტემის და მოსამართლეთა დისკრედიტაცია ვერ ავირიდეთ და ასეთი „თამაშის წესები“ საფუძვლიანად დამკვიდრდა, ფაქტობრივად აზრს დაკარგავს დარღვეული უფლების აღსადგენად მხარემ გამოიყენოს ერთადერთი კანონიერი საშუალება - მხარეთა შორის სადავო საკითხი გადასაწყვეტად სასამართლოს მიანდოს.
ამასთან, ვფიქრობ, რომ განვახორციელებთ შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს ფოთის საქალაქო სასამართლოს კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რადგან მათი ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საფუძვლიან ეჭვებს წარმოშობს.
აქვე მინდა გამოვთქვა მტკიცე რწმენა, რომ ჩვენს მიერ წარმართული სასამართლო დავები საბოლოოდაც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება, რაც სხვა მრავალი უფლებაწართმეული ბიზნესმენისა თუ მოქალაქისთვის უსათუოდ იქცევა სამართლიანობის აღდგენის ერთგვარ საგზაო რუკად.