საქართველოს გზებსა და მაგისტრალებს ან სტიქია ანადგურებს, ან თავად ინგრევა და იშლება. მოჭარბებული ნალექიანობა და ათეული მილიონობი წყალში იყრება. ზარზეიმით გახსნილი მაგისტრალები უჩუმრად ნადგურდება.
თბილისი-გომბორი-თელავის რეაბილიტირებული გზის ნაწილი მეწყერმა მთლიანად წაიღო. მეწყერმა წყალმომარაგების მილებიც დააზიანა, რომლითაც თელავის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება. დაზიანებულია მაღალმთიან სოფლებში გამავალი ელექტროენერგიის გადამცემი ბოძებიც.
საფრთხე შეექმნა მდინარე მღვრიეზე არსებულ 50-მეტრიან ხიდსაც. თელავის გამგებლის განცხადებით, ზარალი საკმაოდ დიდია და იგი სერიოზული ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.
იმას, რასაც ხელისუფლების ერთი შტოს წარმომადგენელი პირდაპირ და დაუფარავად ამბობს, მეორე შტოს მოხელეები თავგამოდებით უარყოფს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას მეწყერის შედეგად თბილისი-გომბორი-თელავის რეაბილიტირებული გზის ნაწილის დაზიანების შესახებ.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე მღვრიეს მიდამოებში ჩამოწოლილ მეწყერს აღნიშნული გზის მონაკვეთი არ წაუღია და ამ გზაზე ავტოტრანსპორტიც ჩვეულ რეჟიმში მოძრაობს. ადგილზე მობილიზებულია საგზაო ტექნიკა, რომელიც გზებს პერიოდულად ჩამოწოლილი მეწყერისგან ასუფთავებს.
გამოდის, რომ რომელიმე ჩინოვნიკი სასტიკად იტყუება, ან ცდილობს თვალი აუხვიოს საზოგადოებას და არ მიაწოდოს რეალური ინფორმაცია. თუმცა, თვალთმაქცობა ქართული სინამდვილისათვის უცხო ნადვილად არ არის, მით უმეტეს, როცა საქმე გზებსა და მაგისტრალებს ეხება.
უკვე ყველა მიეჩვია, მაგრამ არავის სჯერა, რომ ეს ხელისუფლება გზებს სწრაფად და ხარისხიანად აშენებს. ბოლო ყველაზე ნათელი მაგალითი სააკაშვილის მიერ “ფორმულა-3-ის” მანქანით გახსნილი ვაკე-საბურთალოს ახლადგახსნილი მაგისტრალია. ნაუცბათევად და ფაციფუცით გახსნილი საგზაო მონაკვეთი, ასევე უცებ გადაიკეტა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მონაკვეთზე წვიმიან ამინდში ლოდები ცვივა.
მწვანეთა პარტიამ და ეკოლოგიური სამრთლის ცენტრმა ერთობლივ განცხადებაც გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული საქართველოს მწვანეთა პარტია და ეკოლოგიური სამართლის ცენტრი არაერთხელ მოუწოდებდა ქალაქ თბილისის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროს, არ მომხდარიყო ვაკე-საბურთალოს გზის მონაკვეთზე არსებული მთის ჩამოჭრა და მზიურზე გამავალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა.
“ჩვენი გაფრთხილების უყურადღებოდ დატოვება, მაგისტრალის გახსნიდან ერთ თვეში ძვირად უჯდება ქალაქის მესვეურთ. ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, იქ სადაც განხორციელდა კლდის ნაწილობრივი მოჭრა, ხშირია შემთხვევები როცა წვიმის დროს კლდიდან ქვის ლოდები ცვივა და ავტომობილებს აზიანებს, რასაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანებებიც თან სდევს.
ამჟამადაც გზის ეს მონაკვეთი დაკეტილი სწორედ ამ მიზეზის გამოა. ყოველი წვიმიანი ამინდის შემდეგ, დგება საშიშროება ავტომობილებს კლდიდან ქვები დაეცეს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გზის ამ მონაკვეთზე არ გაკეთებულა სანიაღვრე მოწყობილობები, რაც დამატებით პრობლემებს იწვევს”, - აცხადებენ განცხადების ავტორები.
ასე “შენდება” საქართველოში გზები, ასე იქმნება ილუზიები და ასე „ვითარდება“ ქვეყნის ეკონომიკა თუ ინფრასტრუქტურა. ეს არის სახელმწიფო, სადაც ხარისხი აბსოლუტურად ყველა სფეროში დავიწყებულია.