პროტესტის ახალი ტალღა მრეწველობაში

პროტესტის ახალი ტალღა მრეწველობაში

თებერვლიდან საქართველოს სამრეწველო სექტორში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა. რამდენიმე დღეში ერთმანეთის მიყოლებით გაიფიცნენ ქსნის მინის ტარის, „რუსთავის ფოლადის“ და ზესტაფონის ფეროს თანამშრომლები.

მძიმე მრეწველობის სექტორში არსებული გლობალური კრიზისი საქართველოში მოქმედ კომპანიებზე მტკივნეულად აისახა. საერთაშორისო ბირჟებზე სხვადასხვა სახის ლითონზე ფასი, მოთხოვნის ვარდნასთან ერთად, მკვეთრად შემცირდა. ექსპერტები უახლოეს 2 წელიწადში მეტალურგიულ ბაზარზე ვითარების რადიკალურ ცვლილებას არ ელიან.

ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის შემდეგ, მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის „რუსთავის ფოლადიც“. მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების ნაწილი 1 თვით უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა.

რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, ადმინისტრაცია თანამშრომლებს საკრედიტო ვალდებულებების გადავადებაში დახმარებას და 10 მარტიდან სამსახურში აღდგენას დაპირდა.

„რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“ გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ მელიქაძის განცხადებით, თანამშრომლები საწარმოში მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად დაბრუნდებიან.

„თუ მოთხოვნა არ გაიზარდა, სხვა ზომებს მივიღებთ, თუმცა მათი უმრავლესობა მუშაობას გააგრძელებს“, - აცხადებს მელიქაძე „ჯიბისისთან“ საუბრისას.

გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს ტრანსპორტის და მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებმა. ისინი კომპანიის გადაწყვეტილებას კანონდარღვევად აფასებენ. მათი თქმით, კომპანია პერიოდულად ატარებს რეორგანიზაციებს და 2015 წელს, 2 ეტაპად, დაუსაბუთებლად 710-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.

რუსთავის ანალოგიური ვითარებაა ზესტაფონშიც, სადაც ფეროშენადნობი ქარხნის ასამდე თანამშრომელმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

როგორც ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, საწარმოს ქართველი ხელმძღვანელები მათ მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ და საერთოდ კონტაქტზეც არ გამოდიან. ადმინისტრაცია მათ განაკვეთური სამუშაოებისთვის ხელფასს არ აძლევს, ამიტომ მძიმე პირობებში არიან.

აქციის მონაწილეები მსგავს გამაფრთხილებელ აქციებს პერმანენტულად ჩაატარებენ და იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, მუშაობას შეწყვეტენ.

5 თებერვალიდან მოყოლებული კი ქსნის მინის ტარის ქარხნის თანამშრომლები არიან გაფიცულნი. ისინი ხელფასის 30%-იანი მატებას, კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებას და პროფკავშირისთვის საოფისე ფართის მოწყობას ითხოვენ.

მინის საწარმოს ენერგეტიკის განყოფილების თანამშრომელი თემურ სურაელაშვილის თქმით, საწარმო ამჟამად შეჩერებულია და თუ ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ გაფიცვა პერმანენტულად გაგრძელდება. მინის წარმოება არის სპეციფიკური, საწარმოს მუშებს მაღალი ტემპერატურის პირობებში უწევთ მუშაობა. ღუმელებთან 1400 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა.

„იმ პირობებში, რა პირობებშიც ხალხი მუშაობს და რა სამუშაოსაც ასრულებენ, ვითხოვთ, რომ ხელფასები გაიზარდოს 30%-ით“, - განაცხადა სურამელაშვილმა.

ქსნის მინის ქარხნის მენეჯერი მარიამ ზუბაშვილი ამბობს, რომ ისინი დიალოგისთვის მზად არიან სამივე საკითხთან დაკავშირებით და დასაქმებულებს ხელფასების ზრდის გონივრული სქემა შესთავაზეს.

„რატომღაც სურვილი არ აქვს იმ ჯგუფს, რომელიც გარეთ არის. შევთავაზეთ გონივრული სქემა ხელფასების ზრდის. ფაქტობრივად ყველანაირად მზად ვართ, რომ ვესაუბროთ მათ“, - ამბობს ზუბაშვილი.

ჯერჯერობით ქსანშიც, რუსთავშიც და ზესტაფონშიც საპროტესტო მუხტი მაღალი რჩება.