ნინო ბურჯანაძე ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას კარგავს და წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ბანკროტი ხდება
10 თებერვალს, ოთხშაბათს, სააპელაციო სასამართლოში ქრისტიან-დემოკრატების საქმეზე ფინალური სხდომაა ჩანიშნული. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, ნინო ბურჯანაძე 2013-ში ,,მითვისებულ'' პარტიას გოჩა ჯოჯუას დაუბრუნებს და წინასაარჩევნოდ რესურსების გარეშე დარჩება თუ ჯოჯუა და შესაბამისად, მისი ოპოზიციონერი მეგობრები აღმოჩნდებიან უიმედო მდგომარეობაში. ჯოჯუამ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ნინო ბურჯანაძის ძალასთან შერწყმის გაუქმება ლამის ერთი წლის წინ, სასამართლოს ძალით მოითხოვა და პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო კიდეც. ჩვენი ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს განაჩენს არც სააპელაციო შეცვლის და ოპოზიციაში ახალი გადალაგებისა და გაერთიანების შანსი ჩნდება.
,,გაერთიანებული ოპოზიციის'' რეკორდი ძმები გაჩეჩილაძეების მოხსნილია, რომელთაც საარჩევნო ბლოკში 10 პარტია და რამდენიმე პოლიტიკოსი შეკრიბეს და რეალურ წარმატებას მიაღწიეს. ბიძინა ივანიშვილმაც შეკრიბა რამდენიმე ძალა, თუმცა ეს ტერმინი, ,,გაერთიანებული ოპოზიცია'' არ გამოუყენებია. სამაგიეროდ, ბრენდადქცეული სახელი ნინო ბურჯანაძემ გამოიყენა, თუმცა სრულიად არამართებულად. რეალურად, ბურჯანაძემ საკუთარ პარტიას ქრისტიან-დემოკრატების ნაწილი მიამატა, მას მხარი შალვა ნათელაშვილისგან წამოსულმა სოსო შატბერაშვილმა დაუჭირა, ამას დაარქვა გაერთიანებული ოპოზიცია და ასე წარდგა 2015 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. სამაგიეროდ, გამოიყენა უფასო საეთერო დრო, დაქირავებული, ხელფასიანი დამკვირვებლები ყველა უბანზე, ერთჯერადად, მიიღო ერთი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან, როგორც ბარიერგადალახულმა პარტიამ და გარანტირებული დაფინანსება ბიუჯეტიდან. თუკი ბურჯანაძე ყველა ამ რესურსს დაკარგავს, მასთან არც დარჩენა და არც გაერთიანება საინტერესო აღარ იქნება. სამაგიეროდ, საინტერესო ხდება მოლაპარაკება გოჩა ჯოჯუასთან, რომელიც დიდი ხანია, ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე ინტერპარტიული ჯგუფის შიგნითაც საუბრობს და საჯაროდაც. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი კულუარულ საუბარში ამტკიცებს, ლიდერების უმეტესობა სწორედ ჯოჯუას გულშემატკივრობს, რადგან მასთან საერთო ენის გამონახვა გაცილებით ადვილია, ვიდრე ამბიციურ ბურჯანაძესთან. ,,პარტიებს შორის გარკვეული მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. იმ შემთხვევაში, თუ ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც არ სურს რეალური ოპოზიციური ერთობა, ის რესურსები აღარ ექნება, რაც წინა არჩევნებზე ჰქონდა, მაშინ ჩნდება შანსი, შედგეს რამდენიმეპარტიული პოლიტიკური გაერთიანება, ფორმულით - არც ნაცი, არც ქოცი, არამედ რაღაც სხვა'', - აცხადებს ერთ-ერთი პარტიის ლიდერი და როგორც ჩანს, ოპოზიციაში ძალთა გადანაწილების შეცვლას მოუთმენლად ელიან. ეს კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოვლენების შემდგომ განვითარებაზეა დამოკიდებული. ჩვენი ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოც, საქალაქოს მსგავსად, ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდება. მან ერთი დავა ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ უკვე მოიგო, 10 თებერვალს კი, გამარჯვებამდე, განაჩენის გამოცხადებაღა აშორებს, უფრო სწორად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება. ამის შესახებ ბურჯანაძემ და მასთან შეერთებულმა ყოფილმა ქრისტიან-დემოკრატებმაც იციან, მოსამართლის აცილებასაც ითხოვდნენ და საქმე ლამის სასამართლო სხდომების ჩაშლამდე მიჰყავდათ. დროის გაყვანა თუ ვინმეს აწყობს, ისევ ბურჯანაძის მხარეა, რომელსაც ამის ბერკეტად განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება რჩება. თუმცა საკითხავია, მიიღებს თუ არა საქმეს განსახილველად უზენაესი სასამართლო, რადგან ამისთვის საქმეში ახალი გარემოებებია საჭირო, რაც, ამ ეტაპზე, არ ჩანს. ოპოზიციის დიდ ნაწილს სწორედ იმის იმედი აქვს, რომ პროცესი მესამე ინსტანციაში აღარ გაიწელება, თორემ სულ რომ მესამედ მოიგოს, ჯოჯუა წინასაარჩევნოდ ფორმაში მოსვლას ვერ მოასწრებს და დაბრუნებული პარტიის რესურსები და ოპოზიციის ბოლო იმედი ოხრად დარჩება. რაც ყველაზე საინტერესოა, ქდმ-ს ,,დავაზვრატების'' შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება მინიმუმ ერთ თემაზე მოხდება:
თუკი არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთ დიდ ბლოკად გაერთიანებას ვერ შეძლებს, საუბარია მემორანდუმის გაფორმებაზე პარტიებს შორის, რომლის მიხედვით, ერთი პარტიის მიერ ერთ რაიონში დაყენებულ მაჟორიტარს, ყველა დანარჩენმა მხარი უნდა დაუჭიროს და კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენოს. ასე ამოქმედდება ვარიანტი, ,,ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ'' და 50%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ჩნდება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ იდეის ინიციატორები ირმა ინაშვილისა და შალვა ნათელაშვილის პარტიები არიან. დაირქმევს თუ არა ოპოზიცია კვლავ ,,გაერთიანებულს'', ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ შევა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შემდეგ, ბლოკად გადაკეთებას მოისურვებს. დაბლოკების მსურველი დღეისთვის ცოტაა, სამაგიეროდ, ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატებით არჩევნებზე გასვლას მხარს ყველა უჭერს, მათ შორის, ირმა ინაშვილი, რომელიც წინაზე, ოპოზიციურ ბოიკოტს გაემიჯნა, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და მუდმივად მარტო მოთამაშე ნათელაშვილი. ოპოზიციის ამ საუბრებში მონაწილეობას არ იღებს ირაკლი ალასანია და შესაბამისად, პარტიები ახლა მასთან მოლაპარაკებას იმ თემაზე მაინც ეცდებიან, მაჟორიტარულ არჩევნებში ,,ელჩების პარტიამ'' ოპოზიციას ხმები არ გაუყოს. როგორც ოპოზიციის ლიდერები კულუარულ საუბრებში ირწმუნებიან, იმის აღარავის სჯერა, რომ მაჟორიტარული არჩევნები ამ წლის შემოდგომისთვის გაუქმდება, ამიტომ ახლა მათი გეგმა მაქსიმუმი ხელისუფლებიდან ,,ოცნების'' გაშვება კი არა, გაერთიანება და რამდენიმე რაიონში ,,გაერთიანებული ოპოზიციის'' სახელით მაჟორიტარების გაყვანაა.