ფლობს თუ არა წილს „ავერსში“ ვანო მერაბიშვილის სკანდალური მოადგილე ამირან მესხელი და არის თუ არა „ავერსი“ PSP-ს კონკურენტი?!

ფლობს თუ არა წილს „ავერსში“ ვანო მერაბიშვილის სკანდალური მოადგილე ამირან მესხელი და არის თუ არა „ავერსი“ PSP-ს კონკურენტი?!

პოლიტიკური მიზეზი, რის გამოც საქართველოში წამლები ძვირია!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხელისუფლება ფარმაცევტული ბაზრის ლობირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საპარტნიორო ფონდმა 30 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი გამოუყო ახლად დაარსებულ კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯიას'', რომელმაც ქართულ ბაზარზე იაფი მედიკამენტები უნდა შემოიტანოს. ჭიაბერაშვილმა მხარი აუბა ახლა უკვე დამოუკიდებელ დეპუტატ კახა ოქრიაშვილს (არც ისე შორეულ წარსულში, პარლამენტში დმანისის მაჟორიტარ დეპუტატად სწორედ ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა), რომელმაც ერთი კვირის წინ ივარაუდა, რომ წამლის დაბალი ფასი ,,მისი დაბალი ხარისხით იქნება განპირობებული''. საინტერესოა, რატომ აღშფოთდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი ჭიაბერაშვილი და წარსულში ამ პარტიასთან დაახლოებული მილიონერი დეპუტატი? ,,ჰუმანითი ჯორჯიას'' კეთილშობილურ მიზნებში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ,,ვერსია'' ამ კომპანიის საქმიანობითაც დაინტერესდება, მანამდე კი გთავაზობთ ჟურნალისტური მოკვლევის პირველ ნაწილს, რომელიც პაატა კურტანიძის ,,ავერსსა'' და ნაწილობრივ კახა ოქრიაშვილის PSP- მონოპოლიურ მდგომარეობას ეხება ფარმაცევტულ ბაზარზე. ამ სტატიით შეიტყობთ რეალურ მიზეზს, რის გამოც საქართველოში მედიკამენტები ძვირია. ჭიაბერაშვილსა და ოქრიაშვილს ,,ჰუმანითი ჯორჯიას'' მედიკამენტების დაბალი ფასები იმიტომ კი არ ადარდებთ, რომ უხარისხოა (ამას წამლის რეგულირების სააგენტო გააკონტროლებს), სკანდალს ტეხენ, რადგან ფარმაცევტულ ბაზარზე პოლიტიკურ გავლენას კარგავენ!
,,ავერსი'' და PSP - ბაზრის მონოპოლისტები 
საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე ათეული კომპანია ოპერირებს, თუმცა ბაზრის მსხვილ მოთამაშეებად ისევ ,,ავერსი'', ,,პსპ'', ,,ჯი პი სი'' და ,,მედინფარმი'' რჩებიან. ამჯერად ,,ავერსსა'' და ნაწილობრივ PSP-ზე შევჩერდებით, რადგან ეს ორი უმსხვილესი კომპანიაა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, სააფთიაქო ქსელს, კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიასაც ფლობენ. საქართველოს მასშტაბით, ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით, 24%-ს - შპს ,,ავერსი'', ხოლო 23%-ს - შპს PSP ფლობს. ,,ავერსის'' საკუთრებაში 240-მდე, ხოლო PSP-ს საკუთრებაში - 170 აფთიაქია. წელიწადნახევრის წინ, ,,ვერსიაში'' ვწერდით, რომ მართალია, ,,ავერსი'' და PSP ბაზარზე კონკურენტი კომპანიები არიან, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციით, ორივე კომპანია პარტნიორებადაც გვევლინებიან. 
შპს ,,მედკაპიტალის'' 50%-იან წილს ,,ავერსი ფარმა'', ხოლო მეორე 50%-იან წილს - ,,PSP ფარმა'' ფლობს. ,,PSP ფარმას'' დამფუძნებელია პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, ,,ავერსი ფარმა'' კი ძმების - პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეების საკუთრებაა. ფარმაცევტულ ბაზარზე შპს ,,მედკაპიტალის'' არსებობა, ორი კონკურენტი კომპანიის კარტელური შეთანხმების კლასიკური ვარიანტია, რაც ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის'' კანონის აშკარა დარღვევაა. 
,,PSP ფარმას'' 100%-იანი წილის მფლობელია კახა ოქრიაშვილი, ხოლო ,,ავერსი ფარმას'' 67%- პაატა კურტანიძე, 33%- - ნიკოლოზ კურტანიძე ფლობენ. ,,ვერსიაში'' ვწერდით, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე შპს ,,მედკაპიტალის'' არსებობა, ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ერთდროულად, რამდენიმე პუნქტით არღვევს: ,,კარტელური შეთანხმების გარდა, შპს ,,მედკაპიტალი'' ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციაა. ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ'' კანონის მიხედვით, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაცია ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. ამავე კანონში პირდაპირ განსაზღვრულია, რომ ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციად ითვლება ერთი და იმავე პირის მონაწილეობა სხვადასხვა ეკონომიკურ სუბიექტში, ანუ ფიზიკური პირი ორი სხვადასხვა კომპანიის მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს! ,,ავერსი'' და PSP, ისედაც ბაზრის მსხვილ სეგმენტს ფლობენ, მსხვილი იმპორტიორები არიან, დისტრიბუციასაც თვითონვე ახორციელებენ, ფლობენ სადაზღვევო კომპანიებს, საავადმყოფოებსა და ფარმაცევტულ ქარხნებს, რაც კანონის მიხედვით, ვერტიკალურ მონოპოლიას წარმოადგენს. იმის გამო, რომ ორმა კონკურენტმა კომპანიამ ერთობლივი შპს დააფუძნა, ეს უკვე ჰორიზონტალური მონოპოლიაა, რაც ნიშნავს, რომ ვერტიკალური იქნება თუ ჰორიზონტალური, ორივე შემთხვევაში, კანონი ირღვევა. კანონში განსაზღვრულია, რომ კომპანია ბაზრის 40%-ზე მეტს არ უნდა ფლობდეს, არადა, ,,მედკაპიტალის'' საშუალებით, PSP და ,,ავერსი'', ჯამში, ბაზრის 47%- აკონტროლებენ და ესეც კანონის დარღვევაა''. 
,,ავერსი'' და PSP არა მარტო მონოპოლიურად მაღალ ფასს აწესებენ მედიკამენტებზე, ფასებით თამაშობენ კიდეც. მაგალითად, სხვა კომპანიის გაკოტრების მიზნით, წამლების ფასს დასწევენ, მაგრამ გარკვეული დასახელების მედიკამენტებზე ეს ორი კომპანია ექსკლუზივებსაც კი ფლობს. ცალკეული ექსპერტების შეფასებით, ,,ავერსსა'' და PSP-ს შორის, ჯენტლმენური შეთანხმებაც კი არსებობს, რომლითაც კონკრეტული დასახელების მედიკამენტი მხოლოდ ,,ავერსს'' ან PSP-ს შემოაქვს. გარდა ამისა, ეს კომპანიები ბაზარს ადგილობრივი პროდუქციითაც ავსებენ, სადაც დაახლოებით, 70-მდე მწარმოებელია და ამ შევსების დროს, მსხვილი მოთამაშეები დემპინგურ ფასებსაც აწესებენ. 
ოფიციალური ინფორმაციით, PSP-ს მფლობელ კახა ოქრიაშვილს, შპს ,,ალფაში'' 100%-იანი წილიც გააჩნია, რომელიც ,,ავერსის'' სადაზღვევო კომპანია იყო. წინა ხელისუფლების პირობებში, ჯერ კიდევ ,,ავერსის'' საკუთრებაში არსებული ,,ალფა'', დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სადაზღვევო ბაზარზე საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა. მართალია, წარმატებულმა სადაზღვევო კომპანიამ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიდი დაფინანსება მიიღო, მაგრამ ვალდებულება თითქმის არ შეუსრულებია და საბოლოოდ, გაკოტრების პირამდე მივიდა. ზუსტად წელიწადნახევრის წინ გაირკვა, რომ გაკოტრებული ,,ალფა'', მისმა კონკურენტმა, ანუ PSP-ს მფლობელმა შეიძინა.
სკანდალური ფაქტები ,,ავერსის'' მფლობელებზე 
1999 წლის 14 მაისს, სამეწარმეო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა შპს ,,ავერს-ფარმი''. კომპანია ძმებმა - პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეებმა 2 000-ლარიანი საწესდებო კაპიტალით დააფუძნეს. ,,ავერს-ფარმის'' 67%-იან წილს თავიდანვე პაატა კურტანიძე, ხოლო 33%-იან წილს - ნიკოლოზ კურტანიძე ფლობდნენ. კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და გენერალური დირექტორი თავიდანვე პაატა კურტანიძე იყო. 2001 წელს, კომპანიამ სახელწოდება და იურიდიული მისამართი შეიცვალა. შპს ,,ავერს-ფარმი'' უკვე შპს ,,ავერსი ფარმად'' გადაკეთდა, ხოლო ბუდაპეშტის ქუჩის ნაცვლად, კომპანიამ ბინა აღმაშენებლის #148-ში დაიდო. 
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ 2001 წელს განხორციელებულ ცვლილებებში, კომპანიის დამფუძნებლების ვინაობა და მათი წილობრივი მონაწილეობა არ შეცვლილა. მეტიც, გენერალურ დირექტორად, სამეწარმეო რეესტრში ისევ პაატა კურტანიძეა მითითებული. უკვე ,,ავერსი ფარმას'' 67%-იან წილს ისევ პაატა კურტანიძე, ხოლო 33%-იანს კი მისი ძმა - ნიკოლოზ კურტანიძე ფლობდა. გენერალური დირექტორი ამ შემთხვევაშიც პაატა კურტანიძე იყო. 2012 წლიდან, შპს ,,ავერსი ფარმაში'' მხოლოდ გენერალური დირექტორი შეიცვალა, ანუ ძმები - პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეები, იგივე წილობრივი მონაწილეობით ისევ კომპანიის მფლობელებად დარჩნენ, ხოლო შპს-ს დირექტორად, რეესტრის ჩანაწერებში ირაკლი ფურცელაძე გამოჩნდა. 
ერთი შეხედვით, საჯარო რეესტრის ამ ჩვეულებრივი, ბიუროკრატიული ჩანაწერებიდან ბევრი არაფერი ირკვევა და არც არაფერია სკანდალური. თუმცა ის, რაც ,,ვერსიას'' კარგად ინფორმირებულმა წყარომ უამბო, ცხადია, სამეწარმეო რეესტრის ოფიციალურ ნაწილში ვერ მოხვდებოდა. ჯანდაცვის კულუარებში, პირად საუბრებში დაგვიდასტურეს კიდეც... 
კონფიდენციალური ინფორმაციით, როგორც კულუარებში ამბობენ, 1999-2003 წლებში, შპს ,,ავერს-ფარმის'' 33%-იანი წილის მფლობელი, საქართველოს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ავთო ჯორბენაძე იყო, თუმცა, როგორც შევარდნაძისდროინდელ ყველა ბიზნესში, აქაც ჩინოვნიკი არსად ფიქსირდებოდა. კონფიდენციალური წყარო გვიამბობს, რომ სწორედ ამიტომ ჯორბენაძის კუთვნილი წილი პაატა კურტანიძემ მისი ძმის, ნიკოლოზ კურტანიძის სახელზე გააფორმა, რომელიც პროფესიით ინჟინერია. სულ მალე, ,,ავერსი'' ძალიან წარმატებულ კომპანიად და ფარმაცევტული ბაზრის ლიდერად იქცა. პაატა კურტანიძის მენეჯერულ თვისებებსა და ბიზნესხედვებში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ დიდი ლოგიკა არ სჭირდება მიხვედრას, რომ კომპანიის წარმატებაში, წვლილი სწორედ ჯანდაცვის მაშინდელ მინისტრს მიუძღოდა. როგორც ამბობენ, 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ,,ვარდების რევოლუციიდან'' რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც დარწმუნდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებას წინ აღარაფერი დაუდგებოდა, პაატა კურტანიძე ავთო ჯორბენაძეს კაბინეტში შეეჭრა და პირდაპირ განუცხადა, რომ ,,ავერსი ფარმაში'' წილს აღარ ფლობდა. წყაროსვე ინფორმაციით, ჯანდაცვის ექსმინისტრი, ვანო მერაბიშვილთან დაახლოებულმა პირმა და მაღალჩინოსანმა, ამირან მესხელმა ჩაანაცვლა. სქემა დაახლოებით იგივეა, რაც ,,ჯეოსელში'' ჰქონდა მოქალაქეთა კავშირს, როცა ეს კომპანია ფრიდონ ინჯიასა და კომპანიას ხმაურით ,,შეაწერა'' და შემდეგ ახალ პატრონებს, თუ არ ვცდებით, 10% ჟვანია-სააკაშვილის პარტიაში ოფიციალურად მიჰქონდათ. სწორედ ეს 10% გახდა ოქრუაშვილი-ქიტოშვილის საქმეში მთავარი ბრალდება! 
მოკლედ, რამდენად სარწმუნოა, ეს ინფორმაცია თავად განსაჯეთ, პაატა კურტანიძესა და მის კომპანიას რომ ნაციონალები საკუთარი ბიზნესივით ,,პატრონობდნენ'' და ყველა სიკეთე ,,ავერსთან'' მიდიოდა, ფაქტია! სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ,,ავერსის'' ახალი, გაცილებით მასშტაბური ეტაპი. სააფთიაქო ქსელის გაფართოების პარალელურად, პაატა კურტანიძემ პირველი ქართული ფარმაცევტული ქარხანა გახსნა, რასაც ჯერ ,,ავერსის'' კლინიკისა და, მოგვიანებით, სადაზღვევო კომპანია ,,ალფას'' დაარსებაც მოჰყვა. პაატა კურტანიძე ბაზრის აბსოლუტური ლიდერი და 100%-იანი მონოპოლისტი გახდა, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით! შესაბამისად, კომპანიის შემოსავალიც გაიზარდა და ამირან მესხელისაც, ოღონდ მთავარი ის არის, რომ ამ ხნის მანძილზე, მედიკამენტებიც საგრძნობლად გაძვირდა. არ არის გამორიცხული, ამირან მესხელს, რომელიც ამჟამად, როგორც ამბობენ, ესპანეთში, დევნილობაში იმყოფება, ,,ავერსში'' წილი ისევ ჰქონდეს. წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, მესხელს ისევ კურტანიძე ინახავს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ცხადია, ეს ყველაფერი მედიკამენტების ფასზეც აისახება. 
ამირან მესხელი, როგორც ნაცმოძრაობის ნდობით აღჭურვილი პირი, კომპანიასაც ლობირებდა და, ბუნებრივია, ,,ავერსი'' ყველა არჩევნებზე (და არა მხოლოდ) ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ, მსხვილ შემომწირველადაც ითვლებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც პაატა კურტანიძის ,,ავერსი'' სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერში იმარჯვებდა. ,,ვერსიაში'' დეტალურად ვწერდით, რომ წლების განმავლობაში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს ტენდერში ,,ავერსი'' მონაწილეობდა, შესაბამისად, ციხეში მხოლოდ ,,ავერსის'' აფთიაქი ფუნქციონირებდა, სადაც მედიკამენტები სამჯერ ძვირი ღირდა, ვიდრე ჩვეულებრივ აფთიაქებში. ეს ნიშნავს, რომ პაატა კურტანიძე პატიმრების ხარჯზე უფრო მდიდრდებოდა. ციხეებში ,,ავერსის'' მონოპოლისტობა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასრულდა, რადგან, ,,ვერსიის'' გადამოწმებული ინფორმაციით, 2013 წლიდან, ,,ავერსის'' გარდა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ტენდერებში სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც იმარჯვებენ. 
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში, ჯერ კიდევ ,,ავერსის'' საკუთრებაში არსებული ,,ალფა'' დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სადაზღვევო ბაზარზე სწორედ ამ კომპანიამ საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა. სხვადასხვა ექსპერტების შეფასებით, ,,ალფამ'' სახელმწიფო ვალდებულება შეგნებულად არ შეასრულა, რათა სადაზღვევო ბაზრისთვისაც მიეყენებინა ზიანი, კონკურენტი კომპანიებისთვისაც, თვითონაც გაკოტრებულიყო და ბოლოს, გაკოტრებული კომპანია კონკურენტ PSP-ს შეეძინა. 
პერიოდულად, სხვადასხვა საიტზე ქართველ მილიონერთა სია ჩნდება ხოლმე და მასში პაატა კურტანიძეს საკუთარი, საპატიო ადგილი უჭირავს. ამ სიის მიხედვით, ანუ არაოფიციალურად, ,,ავერსის'' დამფუძნებელი 100 000 000 აშშ დოლარის მფლობელია.