„პოლიტიკური განცხადებები არც დამთრგუნავს და არც შემაჩერებს!“

„პოლიტიკური განცხადებები არც დამთრგუნავს და არც შემაჩერებს!“

რას პასუხობს ნინო გვენეტაძე თეა წულუკიანს, მამუკა ახვლედიანს და რეალურად რა ხდება სასამართლოში

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა ტესტების წინასწარ გამჟღავნებისა და ტესტების შედეგების გაყალბებაზე საუბრობს, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ახალი მოსამართლეების გამწესების კრიტერიუმებია გაუგებარი, პრეზიდენტი ქართულ სასამართლო სისტემას სასწრაფო რეფორმებს სთავაზობს, რის გამოც მის წინააღმდეგ 217 მოსამართლე ირაზმება, ოპოზიცია სკანდალის შესწავლას პირდაპირ პროკურატურისგან ითხოვს, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძეს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა, მამუკა ახვლედიანი კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს - ეს ქართულ სასამართლოში დღეს არსებული მდგომარეობაა, რომლის პარალელურადაც სასამართლო სისტემის რეფორმირების .. მესამე ტალღა იწყება და პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილების განხილვას სწორედ საგაზაფხულო სესიაზე აპირებს. რა გზას გადის ქართული სასამართლო ნდობის აღდგენიდან ,,კოლექტიურ მურუსიძეობამდე'', რა ხდება რეალურად უზენაეს სასამართლოში და რას პასუხობს მის მიმართ დაგროვილ ეჭვებსა და ბრალდებებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ,,ვერსია'' ნინო გვენეტაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ნინო, ამ დრომდე, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს წევრები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ და ეჭვობენ, რომ 100 ქულის მიმღებ კონკურსანტს, რომლის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელიც იყავით, ტესტის შედეგები წინასწარ ჰქონდა. რა მოხდა სინამდვილეში და .. შიდაკვლევა რა ეტაპზეა? 
- ცუდია, რომ დაუზუსტებელი ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შიდაწრეებიდან გამოვიდა. აღნიშნული შიდამოკვლევის თემაა და გაუგებარია ამ საკითხის საჯაროდ განხილვა და კონკურსანტების უფლებების რისკის ქვეშ დაყენება. ამ ქალბატონს, პროფესორ ირინა ხერხეულიძეს, რომელსაც ახლა სამეცნიერო დიპლომებზე, სერტიფიკატებსა და საზღვარგარეთ მიწვევებზე უწევს საუბარი, 100-ქულიანი შეფასების საღიარებლად საზოგადოების თვალში, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები უკვე გამოცხადებული აქვს. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცედურები გაწერილია და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული დაუზუსტებელი ინფორმაცია საფრთხეს უქმნის როგორც საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. მრავალგზის განვაცხადე, რომ მოკლე ხანში შიდამოკვლევის შესახებ დასკვნა დაიდება და მერე, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს, პროკურატურასაც გადაეგზავნება მასალები. 
- იუსტიციის საბჭოდან ის ინფორმაციაც გამოვიდა, რომ ეჭვი გაქვთ, შესაძლოა, სერვერებია გატეხილი და ტესტების პასუხებმა სწორედ ამ გზით გაჟონა. ამ ვერსიას ადასტურებთ? 
- ვნახოთ, ვიდრე დეტალებში გავერკვევით, მრავალი ვერსიაა გადასამოწმებელი და შესასწავლი, მათ შორის, ესეც. 
- ამ საკითხზე თავად იუსტიციის საბჭოს წევრებიც ეჭვებს გამოთქვამენ და ერთ პოზიციაზე არ ხართ? 
- შეფასებებს ვერ გავიზიარებ დასკვნის დადებამდე. არც ვინმეს მიერ 100 ქულის მიღებაა ჩემთვის პანაცეა და არც - რაიმე გადაცდომის ალბათობა. ამიტომ წინმსწრები და ნაჩქარევი განცხადებები სწორი არავისგანაა. 
- ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით, სასამართლოში ეს არეულობა სასამართლოში ვის აძლევს ხელს, ვინ გამოვა მოგებული? 
- ალბათ, ის ძალები, ვინც ზოგადად, ქვეყანასა და სასამართლოში დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებულნი. ეს შეგნებულად აგორებული სკანდალია და სასამართლოს დისკრედიტაციას ემსახურება. საბოლოოდ, არ მგონია, ვინმე მოგებული დარჩეს. ახლა სასამართლო რეფორმირებაზე, სამართალწარმოების გაუმჯობესებასა და მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებაზე უნდა ვფიქრობდეთ და არა მავანთათვის მომგებიან პოლიტიკურ საკითხებზე. მოსამართლეს კრიტიკასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ეთიკური სტანდარტი და მეტი წინდახედულება განცხადებების გაკეთებისას სასამართლოს წარმომადგენლისათვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ. 
- საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, უხეშად რომ ვთქვათ, სხვა პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელია? 
- ეს ჩემი შეფასების საგანი არ არის. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს თავად უნდა ჰკითხოთ. 
- მაინტერესებს, მსგავსი სკანდალები - საბჭოდან ინფორმაციის გატანა და .. დისციპლინური დევნის დაწყებას ექვემდებარება? 
- ზოგადად, ის თემები, რომლებიც კონფიდენციალურია და დახურულ სხდომაზე იხილება არ ნიშნავს იმას, რომ განხილვის შედეგები და ინფორმაცია არ იქნება ცნობილი საზოგადოებისათვის კანონით დადგენილი წესით. დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები კი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას უკავშირდება. 
- 100-ქულიანი კონკურსანტის გარდა, ერთ-ერთ პრობლემად მოსამართლედ გამწესების წესი დასახელდა. მამუკა ახვლედიანის თქმით, ვინც გასაუბრებაზე მოხვდა, სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული არ ჰქონდა და ხალხს, თურმე, პირდაპირ ქუჩიდან იყვანენ; შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორსაც. სინამდვილეში, როგორია მოსამართლედ გამწესების პროცედურები და ამ კუთხით ცვლილებები იგეგმება? 
- საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. 
ამ ეტაპების გავლის გარეშე მოსამართლედ გამწესება გამორიცხულია. 
მ. ახვლედიანმა, გამოსვლაში არასწორად მიანიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების დაუსწრებელ ფორმასა და სხვა შეღავათებზეა საუბარი, რაც სრული აბსურდია. ეტყობა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს თავისი მიზნები ჰქონდა, როცა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდა. არავითარი დაუსწრებელი სწავლება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში არ არსებობს. სხვა ეტაპია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რომლის შემდეგაც, კანდიდატმა უნდა გაიაროს იუსტიციის სკოლის სრული სასწავლო კურსი (გამონაკლისების გარდა). ამის შემდეგ კი ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსს იუსტიციის საბჭო ატარებს. ეს პროცედურა სამეტაპიანია - კონკურსანტზე მონაცემებისა და ინფორმაციის მოძიება, დოკუმენტების შეგროვება, გასაუბრება საბჭოს წევრებთან და ბოლოს საბჭოში ფარული კენჭისყრა. ამ პროცედურებსა და კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმებთან ხშირად არასამთავრობო სექტორს პრეტენზიები აქვს, კერძოდ, პროცესის გამჭვირვალობასა და კონკურსანტისთვის უარის თქმის შემთხვევაში, გასაჩივრების უფლების არარსებობაზე. 
- მერე ეს ცუდია? 
- ამ საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და მორიგი რეფორმაა ჩასატარებელი, თუმცა, მოსამართლედ გამწესების შანსი ,,ქუჩიდან მოსულ ადამიანს'' არც დღეს მოქმედი კანონმდებლობით აქვს გარანტირებული. 
- იმ საკითხების უმეტესობაზე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, განსხვავებულ შეფასებებს ვისმენთ იუსტიციის საბჭოს წევრებისგან; მეტიც, იუსიტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საბჭოს მართვის სადავე გაგექცათ... 
- სასამართლო ხელისუფლება, სხვა ორი შტოსგან განსხვავებით, პოლიტიკისგან შორსაა. ჩემი სასამართლო ხელისუფლებაში დაბრუნება ამჟამად ხელმძღვანელ პოზიციაზე იმ მოცემულობაში, როცა ეს მოხდა, შესაძლოა, სასამართლო კორპუსის დიდი ნაწილისთვის არასასურველი იყო. ამდენად, ყველა სარეფორმო მიმართულებასა და პრობლემურ საკითხთა გადაწყვეტისას აზრთა სრული თანხვედრა ნამდვილად არ გვქონია, მაგრამ ვფიქრობ, ეს პოლიტიკურად შესაფასებელი ნამდვილად არ არის. ჩვენი შიდაპრობლემების გადაწყვეტა მოქმედი კანონმდებლობით და ეთიკის სტანდარტებითაა შესაძლებელი. პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ამ მიმართებით თავიანთი აზრი ძალიან ფრთხილად უნდა გამოთქვან, რათა სასამართლოს ავტორიტეტი არ დაზიანდეს. რეფორმების ე.წ. პირველი და მეორე ტალღა დაძაბულ და კონფრონტაციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ამიტომ სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის განხორციელებას სჭირდება თანამშრომლობა სახელისუფლებო შტოებთან, რაც არ გამორიცხავს რიგ საკითხებზე, ჩემი და ქალბატონი თეას, ასევე მისი და მოსამართლეების შეხვედრასაც, რაც მოხდა კიდეც. მოსაზრების გაზიარება და გაცვლა სასარგებლო და შედეგის მომტანია. რეფორმის ფორმატში საუბარი, სწორედ დისციპლინური სამართალწარმოების გასაუმჯობესებლად, დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ასამოქმედებლად და საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დასამკვიდრებლად მიმდინარეობს. სასამართლოში შემოსულ საქმეთა ელექტრონული წესით განაწილებაზე მხარდაჭერა, პრაქტიკულად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამოხატა და როგორც ცნობილია, საგაზაფხულო სესიაზე ამ საკითხს პარლამენტი განიხილავს. ესაა ის ეფექტური ნაბიჯები, რაზეც აქცენტი უნდა გავაკეთოთ. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა, დაკომპლექტებულია მოსამართლე და არამოსამართლე 14 წევრისგან და მართვის სირთულეები ბუნებრივად არსებობს. მთავარია, სასამართლო კორპუსი ეთანხმება, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილება მისაღები და საჭირო რეფორმაა. ამ დასკვნამდე ცხარე კამათითა და აზრთა სხვადასხვაობით მივედით, თუმცა ამ პროცესზე მთავარი ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ. დაძაბულობა, ბუნებრივია, იყო და ამას არც უარვყოფ, მაგრამ რა საჭიროა ამ თემებზე მუდმივი მინიშნების გაკეთება?! 
- მედია ყურადღებას იმიტომ ამახვილებს, რომ ეს დავა შიგნიდან გამოდის. სწორედ რეფორმებზე, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების გადახედვაზე საუბრობდა პრეზიდენტიც, რის გამოც 200-ზე მეტი მოსამართლე აუმხედრდა. როცა ადამიანები სასამართლოს ,,კოლექტიური მურუსიძეების'' სისტემას უწოდებენ, პრეზიდენტის იდეა სასამართლოში ასეთ დაპირისპირებას რატომ იწვევს? - სასამართლოსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება არ არსებობს; არც მედიას ვსაყვედურობთ. ყველა ის წინადადება, რომელიც პრეზიდენტმა დააყენა, განხილვის საგანია. საბჭოს რიგი გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის შექმნაზე საუბარი ნამდვილად მიმდინარეობს. ამ პროცესის განვითარებას გონივრული დრო, მხარდაჭერა, სამუშაო ჯგუფი და საბოლოოდ, საკანონმდებლო წინადადებების სახით ჩამოყალიბება სჭირდება. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს წინადადებები საბჭოშიც იხილება, თუმცა, ვერც ერთ გვარსა და კონკრეტულ შეფასებას ვერ გამოვამზეურებ, რადგან არ მინდა, სასამართლოდან მხოლოდ პრობლემები გადიოდეს და არა - წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია. ამდენად, ვითარების გამოსწორების გზა ნათელია - სასამართლო რეფორმები უფრო ინტენსიური უნდა გახდეს და გაგრძელდეს. საბჭოს წევრებსა და მოსამართლეებს შორის კამათი, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება. სასურველია, ეს დავა ეთიკის ჩარჩოებს არასოდეს გასცდეს. შეგნებულად, შეუგნებლად თუ წინდაუხედავად სასამართლოზე ზეგავლენის სურვილი, მცდელობა და შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. აღნიშნულის განხორციელება კი არა მხოლოდ სასამართლოს ავტორიტეტსა და მის დამოუკიდებლობას, არამედ ქვეყანას დააზარალებს. 
- გრძნობთ თუ არა ზეწოლას პოლიტიკური წრეების, ხელისუფლების შტოებისგან, ზოგიერთი განცხადება და ლიდერი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კადრსმიღმა სხვა ტონით საუბრობენ უზენაეს სასამართლოსთან? ასეთი ეჭვი პრეზიდენტის მიმართაც გამოითქვა, ცოტა ხნის წინ კი ყველა იმას გაძახებდათ, პრეზიდენტის კადრიაო. 
- ვწუხვარ, რომ გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობის მიუხედავად, კრიტიკა ჩემი მიმართულებით ხშირია. თუმცა, რიგ შემთხვევაში საჭიროც. პოლიტიკური შეფასებების გაკეთება არც ჩემი ფუნქციაა და არც - მიზანი. რეალობაა, რომ სასამართლო ყოველთვის ზეწოლის ქვეშაა ნებისმიერი დავის გადაწყვეტის დროს. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა და ამაზე არც უნდა ვიწუწუნოთ, არც საჯაროდ ვისაუბროთ. თუმცა, ერთს გეტყვით - პოლიტიკური განცხადებები არც დამთრგუნავს, არც შემაჩერებს! 
- ისე, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ პოსტიდან თქვენი წასვლა და იუსტიციის საბჭოს დაშლა მოითხოვა. ასეთი კატაკლიზმური შედეგი, ქალბატონო ნინო, რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს? 
- დღეს სასამართლო სისტემაში კატაკლიზმების წინაპირობას ვერ ვხედავ. თუ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით რაიმეს მიღწევა სურს, ეს მისი არჩევანია. 
- ამ დავების მიღმა დღეს სასამართლოს, რეალურად, რა პრობლემები აქვს? 
- ჩვენს წინაშე საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობის პრობლემა დგას, რამდენადაც ბოლო წლებში სახეზეა განსახილველ საქმეთა გაორმაგებული რაოდენობა. მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლებისთვის მუდმივი გადამზადებისა და მომზადებისთვის მეტი რესურსი და ფინანსური შესაძლებლობები გვჭირდება. უამრავ საკანონმდებლო ცვლილებას, მათ შორის სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას, სასამართლო აპარატის თანამშრომელთა რესურსის გაზრდა და ტექნიკურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა ესაჭიროება. 
ჩვენი მიზანია, საზოგადოებას სასამართლოსადმი ნდობა გაუღვივოთ და ამ გზაზე ნებისმიერი დაბრკოლებების გადასალახად მზად უნდა ვიყოთ.