საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვის აკრძალვამ ფერმერებთან ერთად, ქართველი დიდმოხელეებიც შეაშფოთა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აზერბაიჯანული მხარის პოზიციას არაკოლეგიალურად აფასებს.
რამდენი დღის წინ აზერბაიჯანის შესაბამისმა სამსახურებმა აკრძალვის მიზეზად საქართველოში მსხვილ და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსი - ცხვრის კატარალური ცხელება დაასახელეს. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ვირუსის არსებობა არ დაადასტურა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენ ხანს დარჩება ძალაში საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა. როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, თუ დადასტურდა, რომ ეს დაავადება ნამდვილად საქართველოდანაა შესული, ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ბაზარი ქართული პირუტყვისთვის, შესაძლოა, 12 თვის განმავლობაში დაიკეტოს. თუ არ დადასტურდა, ორივე სახელმწიფო მოილაპარაკებს, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ამბობს, რომ აზერბაიჯანმა „მოვლენებს დაასწრო“.
„აზერბაიჯანის მხრიდან ეს იყო პრევენციული ზომა, სადაც დაიბადა ეჭვი, რომ შესაძლოა, ყოფილიყო დაავადება „ლურჯი ენა“ ცხვარში ან წვრილფეხა პირუტყვში, თუმცა ეს არ დადასტურდა. ჩვენ დიდი ბრიტანეთის რეფერალურ ლაბორატორიაში გავაგზავნეთ შესაბამისი ნიმუშები და მივიღეთ უარყოფითი პასუხი.
როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა უბრალოდ მოვლენებს დაასწრო და შესაბამისი ღონისძიება გაატარა, თუმცა ეს კომუნიკაცია, როგორც წესი, კოლეგიურად ასე არ ხდება-ხოლმე. არის ორმხრივი ურთიერთობა, ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ითვალისწინებს ვაქცინაციას. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც არ არიან გარანტირებული, რომ ანალოგიური შემთხვევა არ ექნებათ, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც დაასწრეს მოვლენებს, გააკეთეს ხმამაღალი განცხადებები, რაც ასეთ შემთხვევებში არ არის ხოლმე გათვალისწინებული“, - განაცხადა მინისტრმა.
ის ასევე გამოეხმაურა ქართველი ექსპერტების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და მათ ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა.
„მინდა შევეხო ქართველი ექსპერტების მიერ გაკეთებულ კომენტარებს და ყველას მოვუწოდო, რომ იმედია, ეს არ ემსახურებოდა კეკლუცობას, რადგან ეს შეიძლება იყოს ქვეყნის იმიჯისთვის საზიანო. ამიტომ ყველას ვთხოვ, ყოველთვის შეათანხმონ ხოლმე კომუნიკაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, მოიძიონ ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ გააკეთონ განცხადებები“, - აღნიშნა დანელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია უკვე შედგა და მინისტრი დარწმუნებულია, რომ გარკვეული პროცედურების შემდეგ ექსპორტი ჩვეულებრივ განახლდება.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს სახორცე საქონლის ექსპორტმა საქართველოდან აზერბაიჯანში 30 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს შესაბამისი მაჩვენებელი 47 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2012 წელს - 39 მლნ აშშ დოლარი. 2014 წლის მაჩვენებელზე ნაკლები ექსპორტი მხოლოდ 2011 წელს იყო - 18,2 მილიონი აშშ დოლარი. 2015 წლის მაჩვენებლები ექსპორტის კიდევ 30 პროცენტით შემცირებას ადასტურებს.
ამის ერთ-ერთ მიზეზად საწყის ეტაპზე აზერბაიჯანისთვის ხორცის მიმწოდებლების შეცვლა სახელდებოდა. კერძოდ, გასული წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანის ბაზარს ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით უკრაინა, ყაზახეთი და რუსეთი ამარაგებდა.