შინაგან საქმეთა სამინისტრო სავალალო სტატისტიკას აქვეყნებს. 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 602 ადამიანი დაიღუპა, 9187 კი - დაშავდა. მართალია ბოლო წლებში ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდებოდა, მაგრამ შარშან ერთბაშად მოიმატა და 4 წლის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ეს მაჩვენებელი 440-ით აღემატება 2014 წლის მონაცემებს. თუკი 2012 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 605 ადამიანი დაიღუპა, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 514-მდე შემცირდა, 2014 წელს - 511-მდე, მაგრამ 2015 წელს კი დაღუპულთა რაოდენობა ერთბაშად 91-ით გაიზარდა და 602 შეადგინა.
გაზრდილია დაშავებულების რაოდენობაც. 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 7734 ადამიანი დაშავდა, 2013 წელს - 8045, 2014 წელს - 8536, ხოლო 2015 წელს დაშავებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 651-ით გაიზარდა და 9187 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა შორის 28 ბავშვი იყო. 912-ს შეადგენს დაშავებული ბავშვების (0-16 წლამდე) რაოდენობა.
ამ სავალალო სტატისტიკის შემხედვარე ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები უნდა გამკაცრდეს:
„2012 წელს, არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ გაანახევრა ჯარიმები ისეთ დარღევებზე, როგორიც იყო სიჩქარის გადაჭარბება, უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, შუქნიშანზე წითელზე გავლა და ა.შ. ამ ჯარიმების განახევრება და ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდა ძალიან თანმიმდევრული იყო. ეს იყო მთავრობის მხრიდან ერთგვარი გზავნილი, რომ ამ დარღვევებს სერიოზულად არ უყურებენ“, - აცხადებს მესხიშვილი.
იგი ყურადღებას ამახვილებს სხვა პრობლემებზეც: ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები, ცუდი ინფრასტრუქტურა, მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი არანაკლები მიზეზია. იგივე ფიქრობს ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა. მისი აზრით, უსაფრთხოების კუთხით ვითარება რთულია:
„გამართული და უსაფრთხო ტრანსპორტის გარეშე შეუძლებელია იმავე ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარება. ეს უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ამ სფეროში იყოს კონკრეტული გეგმა და მის განვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღონ როგორც სახელმწიფომ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა“, - აცხადებს „რადიო თავისუფლებასთან“ კვაშილავა.
ავტოსაგზაო შემთხვევების ნახტომისებურად ზრდას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის გენერალური დირექტორი ლაშა ჟვანია.
„ეს არის სავალალო რეალობა, რომელსაც ჩვენ ვქმნით. ვერც ერთი სახელმწიფო და პატრული ვერ გაწვდება ამ მასიური ხოცვის აღკვეთის საქმეს, თუ საზოგადოებამ არ გავზარდეთ თვითშეგნება. ფრთხილი სიარულით ვიცავთ სხვის სიცოცხლეს. ყველა ტელეფონს აქვს ხმამაღალი სასაუბრო რეჟიმი, რომელიც მართვისას შეიძლება, გამოვიყენოთ. მანქანაში ტელეფონის სამაგრი 10-25 ლარის ფარგლებში ღირს. თუ ეს არ გვაქვს, ეგებ საუბარმა მოითმინოს რამდენიმე წუთით...
ჩემი ოფისი რუსთაველზეა და დღეში რამდენჯერ ისმის მუხრუჭების ხმა იმის გამო, რომ ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები მიწისქვეშა გადასასვლელის გამოყენების ნაცვლად, პროსპექტს უცერემონიოდ კვეთენ. ბევრი სხვა ფაქტორიცაა...
დავუკვირდეთ ფეხით მოსიარულეთა შეშინებულ სახეებს „ზებრაზე“ გადასვლისას და ვისიამოვნოთ მათი კმაყოფილი მიმიკებით, მაშინ, როდესაც გზას მოთმინებით, კანონის შესაბამისად ვუთმობთ“, - აღნიშნავს ლაშა ჟვანია.