“უმორჩილესად გთხოვთ, დაიცვათ ჩემი მეუღლის კანონიერი უფლებები და დამეხმაროთ მსაჯვარდებულ ზვიად სტეფნაძის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში, რათა საშუალება მოგვეცეს, სასწრაფოდ გავუკეთოთ ღვიძლის ნაწილის გადანერგვის ოპერაცია და ვიხსნათ ორი შვილის მამის სიცოცხლე”, - ეს წერილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ოპოზიციონერი დიმიტრი ლორთქიფანიძის სახელზე რამდენიმე დღის წინ შევიდა. კიდევ რამდენიმე დღე და პატიმარს, რომელსაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის 14 წელი აქვს მისჯილი, ტექნიკურად რომ ვთქვათ, სასიცოცხლო ლიმიტი ამოეწურება. ვის ინტერესებში შედის ზვიად სტეფნაძის სიკვდილი, ღონისძიებათა რა სერიას გეგმავს და როგორ აპირებს “რვიანის”, ქართული პარტიისა და სახალხო კრების გაერთიანებას - ამ და სხვა საკითხებზე დიმიტრი ლორთქიფანიძე საუბრობს
- პატიმარ ზვიად სტეფნაძის საქმე ჩემს პრაქტიკაში უნიკალური შემთხვევაა. მსგავსი ფაქტის წინაშე, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ვარ, ჯერ არ დავმდგარვარ. ზვიად სტეფნაძეს ღვიძლის ციროზის სრული დეკომპენსირებული ფორმა აქვს, რაც, პრაქტიკულად, ღვიძლის დაშლას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ვლინდება ტვინის ენცეფალოპათიის საფრთხე. კანონი ასე მძიმედ დაავადებულ ადამიანს სასჯელის გადავადების მოთხოვნის უფლებას აძლევს. ჩვენც სწორედ სასჯელის გადავადებას ვითხოვთ და არა - პატიმრის გათავისუფლებას. ერთადერთი მოტივი გვაქვს - სტეფნაძეს გადაუდებელი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ამისთვის უკვე ყველა ზომა მიღებულია. პირდაპირ ვთქვათ - ზვიად სტეფნაძის სიცოცხლე, ამ ეტაპზე, ერთთვიანი მონაკვეთითაა ლიმიტირებული. საქართველოში ასეთ ოპერაციებს ვერ ატარებენ, ამიტომ ოჯახმა თურქეთის ქალაქ იზმირის აპრობირებულ კლინიკას მიმართა, ყველაფერი დეტალურად დაადგინა და ოპერაციისთვის მზადყოფნა ფინანსური თვალსაზრითაც გამოთქვა. არსებობს საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, პროფესორ გია თომაძის ცნობა. ასევე, მოწვევა-თანხმობა კენტის ჰოსპიტალიდან, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და რაც მთავარია, დონორი, რომელიც მზადაა პატიმარს საკუთარი ღვიძლის ნაწილი მისცეს. ეს მსჯავრდებულის 16 წლის ქალიშვილია.
ანუ, ერთადერთი, რაც არ არსებობს, ეს სამედიცინო კომისიის ნებაა, პატიმარი გადარჩეს? რა არის მათი არგუმენტი?
- დიახ, მუდმივმოქმედ სამედიცინო კომისიას არ აქვს კეთილი ნება, მიიღოს გადაწყვეტილება და სტეფნაძეს სასჯელი გამოჯანმრთელებამდე გადაავადოს. მით უმეტეს, ამის პერსპექტივა არის და მხოლოდ დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, დუმილი დანაშაულებრივი გულგრილობის ტოლფასია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით ბაქრაძესაც მოვუწოდე, სტეფნაძეების ოჯახს ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან უშუამდგომლოს, რათა მათ კანონით გათვალისწინებული ქმედებები აღასრულონ. ეს პირველი შეთხვევა არ არის. კომისია ან არ მუშაობს, ან მუშაობს მხოლოდ შერჩევით საქმეებზე.
მაშინ ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ ვიღაცას სტეფნაძის სიკვდილი “აწყობს”.
- მწვავე პოლიტიკური განცხადებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ შესაძლოა, საქმეში პროკურატურის, ან სხვა ძალოვანი სტრუქტურის ინტერესები მართლაც გამოიკვეთოს. როცა კაცი მზადაა, გამოჯანმრთელებისთანავე ციხეში დაბრუნდეს, მის მკურნალობას ხელი არავინ უნდა შეუშალოს და თუ ვინმე შეუშლის, გამოდის, ეს მისი პირადი ინტერესია. თუკი უახლოეს დღეებში ეს საკითხი კომისიის მიერ არ გადაწყდება, გამოდის, სტეფნაძეს პირადი მტერი ჰყავს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება ძალუძს, ამიტომ ყველა უწყებას, ვისაც ეს ხელეწიფება და, პირველ რიგში, უშუალოდ დავით ბაქრაძეს მუხლმოდრეკით ვთხოვ, შევინარჩუნოთ ადამიანის სიცოცხლე! სტეფნაძემ კი სასჯელი გამოჯანმრთელების შემდეგ მოიხადოს.
სტეფნაძის საქმე სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა? მოსამზადებელ პროცესებს თვალს პარლამენტსშიგნიდან ადევნებთ და მმართველი გუნდის წინასწარი განწყობაც გეცოდინებათ.
- ოჯახს 2010 წელს ომბუდსმენისთვის არ მიუმართავს. მოქმედება პირველად 2011 წლის თებერვალში დაიწყეს, როცა განცხადება მუდმივმოქმედ სამედიცინო კომისიაში შევიდა. ამ ყველაფერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის, ჰამერბერგის ვიზიტიც დაერთო. ამან ხელისუფლება გარდაუვალი ვალდებულების წინაშე დააყენა, ამ შეფასებების ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს.
და ანგარიშის განხილვის გადავადება გადააწყვეტინა, არა?
- განხილვის თარიღად 10 მაისი უკვე ჩანიშნულია, ამიტომ გამოვდივარ ინიციატივით - მომავალი დადგენილების პროექტი საკომიტეტო მოსმენის შემდგომ გაკეთდეს, რათა ჩვენც მომზადებულნი შევხვდეთ პლენარულ სხდომაზე ომბუდსმენის მოხსენებას. ვფიქრობ, პროცესმა დებატების სახე უნდა მიიღოს. მას ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრებიც უნდა დაესწრონ და განხილვა ჯანსაღ დისკუსიად უნდა იქცეს.
ეს თქვენი სურვილია, თუმცა იმის ალბათობაც დიდია, ანგარიში მხოლოდ შიდასაკომიტეტო განხილვად დარჩეს ან სხდომაზე მედიისთვის დაიხუროს. მით უმეტეს, წინ მომავალი აქციების არაერთი დეკლარირებული თარიღია, ანუ ზოგადი ფონი განხილვის გადაფარვის საშუალებას იძლევა.
- თუ ეს განხილვა მედიისთვის ღია არ იქნება, პროტესტის ნიშნად, სხდომას დავტოვებ. პირობას ვდებ, ღონისძიებათა ისეთ სერიას მოვიმოქმედებ, რაზეც აქამდე არც კი მიფიქრია. სხვათა შორის, თადარიგი უკვე დავიჭირე: ერთ-ერთ აქციაზე განვაცხადე და ახლა თქვენი გაზეთის საშუალებით ფართო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და ადამიანის უფლებადამცველებს მოვუწოდებ, ომბუდსმენის ანგარიშის განხილვის დროს თავი ყველამ პარლამენტის წინ მოვიყაროთ!
მომიტევეთ, მაგრამ საკრებულოს სხდომების დროს შენობასთან დავითაშვილი და სხვა ოპოზიციონერები აქციებს რომ აწყობდნენ, ამით რა შეიცვალა?
- ამ ანგარიშს აუცილებლად უნდა მოჰყვეს დადგენილება კონკრეტულ პირთა პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისა და პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ვერ წარმომიდგენია, რა თემით უნდა მოხდეს ადამიანთა მკვლელობების გადაფარვა-მიფუჩეჩება. თუ ხალხი, ვინც პენიტენციალურ სისტემაში ათობით ადამიანის სიცოცხლე ხელყო, დაუსჯელი დავტოვეთ, მომიტევეთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ყველაფრის ღირსი ყოფილა.
მაქვს კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა: სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობისა და მედიაკავშირ “ობიექტივის” ორგანიზებით, 11-12 მაისს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება შეხვედრა პატიმრების ახლობლებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი აინტერესებს. ეს იქნება არა სახასიათო პოლიტიკური აქცია, არამედ ინფორმირებისა და სამოქალაქო სოლიდარობის აქტი. პირადად ჩემი მოთხოვნით, დეპუტატებს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ამ ე.წ. ფორუმზე დასასწრებად მოსაწვევებიც დაეგზავნებათ.
გასაგებია, მაგრამ ამ 11-12 მაისს რამე ლოგიკური შედეგი ან მასშტაბური პროტესტი თუ არ მოყვა, მარტო ინფორმირება ვითარებას როგორ შეცვლის?
- პირველ რიგში, მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ევროკავშირის სტრუქტურებთან. ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისში გადაგზავნილია სისხლის სამართლის 5 საქმე, რაც ქართულ მართლმსაჯულებაზე საბოლოო სურათს ჩამოაყალიბებს. ძალიან აქტიურდება ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეკომიტეტი, რომელსაც ჰაიდე ჰაუტალა, მსოფლიო მასშტაბების უფლებადამცველი ხელმძღვანელობს. მხარს გვიჭერს ქეთრინ ეშტონის ოფისიც. ვვარაუდობ, რომ ღონისძიებაში ვიდეოჩართვით მონაწილეობას გაერო-სა და ნატო-ს წარმომადგენლობაც მიიღებს. ვალდებული ვარ, პრობლემიდან გამოსვლის ძიებაში თანამონაწილეობა ხელისუფლებასაც შევთავაზო.
მართლა გჯერათ, რომ შეთავაზებას მიიღებენ და ამაში ჩაერთვებიან?
- ჯერ ვნახოთ, რა მოხდება ამ ფორუმზე. თუ მოწვევას არ მიიღებენ, დაიგეგმება ფართომასშტაბიანი აქციები. მანამდე კი, პლენარულ სხდომაზე საანგარიშო მოხსენებას დაველოდებით.
რომელზეც უკვე ითქვა, რომ შესაძლოა, საერთოდ არ ჩატარდეს. თქვენი მოქმედების გეგმა ესაა?
- ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მაისის ბოლოს ანგარიშის განხილვა მაინც იგეგმება. ამის შემდეგ სრული სურათი გვექნება, რამდენად ადეკვატურად პასუხობს მთავრობა არა მარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზე მიღებულ დასკვნებს. ამის მერე, პირადად მე, საკუთარ თავს ყველანაირ მორალურ უფლებას ვაძლევ, ყველაზე მწვავე პოლიტიკური აქციების ავანგარდში ვიყო.
ამ დროს მოვლენები ქუჩაში ისედაც გამწვავებული იქნება და სხვადასხვა მოთხოვნით პარალელურ რეჟიმში გამართული სხვადასხვა აქცია, როგორ წარმოგიდგენიათ?
- ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს - ადამიანის უფლებების დაცვის გარშემო ყველანი ერთად უნდა დავდგეთ.
მერე ეს რამდენად რეალურია?
- არ მესმის, ეს არარეალური რატომაა. მოხარული ვიქნები, თუ ქართული პარტია, “რვიანი” და სახალხო კრება ამ კონკრეტული პრობლემის გარშემო გაერთიანდება. ახლა, ინტერვიუს მიმდინარეობისას, შესაძლოა, ციხეში პატიმარი სიკვდილის პირას იყოს, ამიტომ არცერთი დასაკარგი დღე აღარ გვაქვს. არც იმას ვამბობ, რომ საზოგადოება რევოლუციისგან დაზღვეულია. სწორედ ხალხია უფლებამოსილი, რევოლუციაზე წავიდეს და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა. თუკი ეს თითოეული მოქალაქის თავში მომწიფდება, მაშინ, რა თქმა უნდა, რევოლუცია გარდაუვალი იქნება.