ხელისუფლების საჩუქარი უმსხვილეს კომპანიებს

ხელისუფლების საჩუქარი უმსხვილეს კომპანიებს

პარლამენტმა უმსხვილეს ფინანსურ ორგანიზაციებს საგადასახადო შეღავათები დაუწესა. ისინი ბიუჯეტში მილიონობით ლარს აღარ გადაიხდიან. მაშინ, როდესაც წვრილი და საშუალო ბიზნესი ქვეყანაში სულს ღაფავს და დღემუდამ შველას ითხოვს, ხელისუფლება გიგანტი კომპანიების დახმარებით არის დაკავებული.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიუჯეტში თანხების შეტანისგან თავისუფლდებიან კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე არიან გასული. ამჟამად ასეთი სულ სამი კომაპნიაა – „საქართველოს ბანკი“, მისივე დაფუძნებული სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ და „თიბისი ბანკი“.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 24 დეკემბრის №4720- რს კანონის თანახმად, ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ 105-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/ და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები. ამ ცვლილების მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის წევრი თემურ მაისურაძე ამბობს, რომ მართალია, აღნიშნული შეღავათით ამ ეტაპზე მხოლოდ სამი კომპანია ისარგებლებს, თუმცა სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს კონკურენციას. მიზანი კი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ჩაბრუნდეს ბიზნესში და მოხდეს ფასიანი ქაღალდების სისტემის განვითარება. ამ ხელშეწყობით ისარგებლებს ყველა, ვისაც ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო ბირჟაზე ექნება განთავსებული. ეს ცვლილება უფრო მომგებიანს გახდის ინვესტორებისთვის საქართველოში შემოსვლას და რეალური კონკურენცია შეიქმნება.

„ეს არ გახლავთ რომელიმე კომპანიის ლობირების შედეგი. იმედი მაქვს, რომ ამ მოთამაშეების რაოდენობა გაიზრდება და თან რაც შეიძლება, სწრაფად. თუ დღეს სამი კომპანიაა, ეს შეღავათი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მომავალში იყოს 5-7 და უფრო მეტიც“, - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ზურაბ მელიქიშვილი „ბიპიენთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ცვლილება გულისხმობს, მოგების გადასახადის გაანგარიშებისას ერთობლივი შემოსავლიდან ბირჟაზე გაწეული დანახარჯების გამოქვითვას. ეს ცვლილება კი მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის არ უნდა ხდებოდეს.

„ძალიან კარგი იქნება, რომ საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობადაც მოვისმინოთ სერიოზული ინიციატივები. ბუნებრივია, იყო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციები და საკითხის დაყენება“, - აღნიშნავს მელიქიშვილი.

ეკონომისტები ხელისფლების ახალ გადაწყვეტილებას ძალიან უარყოფითად უყურებენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის თქმით, სამწუხაროა, როცა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს თავიანთი იდეების ლობირება და შემდეგ პარლამენტში საკანონმდებლო დონეზე მიღება სხვაზე ადვილად შეუძლიათ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები კი ხანდახან წლების განმავლობაში ითხოვენ გადასახადების განაკვეთის შემცირებას.

პარლამენტში ქართული საბანკო სექტორის ძლიერ ლობზე საუბრობს ეკონომისტი თემურ ბასილიაც.

„როცა საუბარია უცხოურ მფლობელებზე, ამ შემთხვევაში მათი ლობისტური მდგომარეობა გაცილებით ძლიერია. ამ ბანკების დამფუძნებელ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს შეუძლიათ პირდაპირ მთავრობასთან აწარმოონ მოლაპარაკებები, მათ შორის, თავიანთ კომერციულ ინტერესებზე. მთავრობა კი იძულებულია და ვალდებულიცაა, გაითვალისწინოს მათი ინტერესები, ანუ შეუნარჩუნოს მათ ის მონოპოლიური და სასათბურე მდგომარეობა, რომელიც შეუქმნეს რამდენიმე წლის წინ“, – აცხადებს თემურ ბასილია.