საქართველოში ბევრგან ნახავდით ფირნიშს კატეგორიულ ტონში: „გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება!!!“ ასეთ კაბალურ პირობებს არაერთი მყიდველი აპროტესტებდა და იმართებოდა წინასწარვე წაგებული ომი გამყიდველებსა და მყიდველებს შორის.
თუმცა 2013 წელს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა, რომლითაც მყიდველს შეძენილი პროდუქციის 14 დღის განმავლობაში დაბრუნებისა და გადახდილი თანხის უკან მიღების უფლება ეძლეოდა. ამ კანონპროექტმა განსაკუთრებით გაახარა ის მომხმარებლები, რომლებიც ინტერნეტით იძენდნენ პროდუქციას. მართალია, ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი ინტერნეტის სურათზე მაცდუნებლად გამოიყურებოდა, მაგრამ რეალურად, ზოგჯერ, ჩინური დაბალხარისხიანი საქონელი შეგრჩებოდათ ხელში და მათი დაბრუნება შეუძლებელი იყო.
მომხმარებელთა უფლებების დაცვას ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებაც ითვალისწინებდა, თუმცა ამ კანონპროექტის განხილვა ჩვენმა პარლამენტარებმა გააჭიანურეს და საგაზაფხულო სესიისთვის გადაიტანეს.
არასამთავრობო სექტორი ამაში დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტს ადანაშაულებს. თუმცა კანონპროექტის არსებულ ვარიანტს არც ბიზნესასოციაციაში წყალობენ. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კანონი ბევრი კომპანიის გაკოტრებას და დახურვას გამოიწვევს, ვინაიდან მისი ერთ-ერთი პუნქტი ავალდებულებს ორგანიზაციას, ორი კვირის განმავლობაში იმავე ფასად დაიბრუნოს საქონელი, რა ფასადაც მომხმარებელს მიჰყიდა.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი 14 დღის ვადაში ვარგისი პროდუქციის დაბრუნებას მართლაც ითვალისწინებს. მაგალითად, მომხმარებელს ზომა არ მოუვიდა ან ფერის გამოცვლა მოუნდა, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, 14 დღის განმავლობაში მივიდეს მაღაზიაში და შეძენილი საქონელი გამოცვალოს.
ლია თოდუას თქმით, ეს 14 დღე ევროკავშირის ნორმაა, სადაც შეგიძლიათ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარი თქვათ შეძენილ პროდუქციაზე. მაგალითად, შესაძლოა, საქონელი ცუდი არ იყოს, მაგრამ თქვენ არ იცოდით, რას ყიდულობდით ინტერნეტში, მარტო სურათს ხედავდით, მერე უკვე როცა ნახეთ, არ მოგეწონათ, მორჩა და გათავდა, განმარტებების გარეშე შეგიძლიათ დააბრუნოთ.
„სხვათა შორის, 2012 წლამდე, ანუ ძველი კანონით, ქართველ მომხმარებელს უფლება ჰქონდა, დაებრუნებინა ჩვეულებრივ მაღაზიაში შეძენილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, თუკი ის სახლში მიტანისას არ გამოდგებოდა შესაფერისი, ან არ მოერგებოდა მის შვილს. ეს არ იყო ნაკლიანი საქონელი, პირიქით, კარგი პროდუქტი იყო, ოღონდ უხმარი სახით უნდა დაებრუნებინათ. მსგავსი კანონი ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას აქვს. რაც შეეხება ნაკლიან პროდუქციას, ასეთი პროდუქცია გამყიდველმა, მაღაზიამ ან უნდა შეაკეთოს, ან გამოცვალოს, ან დაიბრუნოს. ეს ნორმა დღესაც არის ქართულ კანონმდებლობაში, მაგრამ იქ წერია, თუ „სხვა რამეზე არ შეთანხმდებითო“. ანუ ჩვენ რომ ვყიდულობთ ელექტროსაქონელს, როგორც წესი, მას თან ატანენ საგარანტიო ფურცელს, რომელზეც მომხმარებელს ხელს აწერინებენ და იქ წერია, თუ აღმოჩნდა ნაკლი, სამი დღის შემდეგ ელექტროსაქონელს უკვე ვეღარ გამოცვლითო. რატომღაც ამ ხელშეკრულებას უპირატესი ძალა აქვს, ვიდრე ძველ კანონს. არადა, მომხმარებელთა დაცვის ევროპული ნორმა ისეთია, რომ რაზეც არ უნდა მოგაწერინონ ხელი და რა ხელშეკრულებაც არ უნდა დაგიდონ, კანონისმიერი გარანტიაა, რომ ორი წლის განმავლობაში უნდა გამოგიცვალონ ან შეგიკეთონ ნივთი. გარანტიის ეს უფლება ძალაში რჩება და ამ უფლებას ვერ დაკარგავთ. ხოლო დამატებითი გარანტია, რასაც გამოგატანენ, დამატებითი გარანტიაა და მეტი არაფერი. ანუ უცხოეთში ცალ-ცალკეა კანონისმიერი გარანტია და მეწარმის მიერ შემოთავაზებული დამატებითი გარანტია“, - აცხადებს ლია თოდუა.
თუ რატომ დაიბლოკა „მომხმარებელთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, ლია თოდუა განმარტავს, რომ ზურაბ ტყემალაძისთვის მიუღებელია მომხმარებლის დაცვა, რასაც არ აღიარებს და მიზეზებს ეძებს, რათა მაქსიმალურად დროში გაწელოს და არ მიიღოს ეს კანონი.
რაც შეეხება თავად ზურაბ ტყემალაძის არგუმენტს, ის განმარტავს, რომ კანონპროექტი სრულყოფას საჭიროებს, რადგან მომხმარებელს შეუძლია, უნაკლო საქონლის შემთხვევაშიც თქვას, „ეს ნივთი აღარ მინდა“ და უცერემონიოდ დააბრუნოს. ამიტომ ზურაბ ტყემალაძეს აინტერესებს, რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ და ვინ უნდა დაიცვას გამყიდველის უფლება?
ამის საპასუხოდ, ლია თოდუა აცხადებს, რომ ეს უკვე პარლამენტში მეორე მოსმენის საკითხია, თუმცა ბატონი ტყემალაძე პირველ მოსმენამდეც, პრინციპების დონეზე არ უშვებს საკითხს.
„კი ბატონო, ეს ორი კვირა (14 დღე) მარტო ინტერნეტ
ში ნაყიდი პროდუქტებისთვის დავტოვოთ, ან მარტო ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის შეძენის დროს დარჩეს ძალაში, ან შევამციროთ სამ დღემდე. იმედი გვაქვს, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტი მაინც განიხილავს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტს. თავის დროზე ამ კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი შეგვპირდა, აღნიშნულ კანონს გავიტანო, მაგრამ ახლა ევროინტეგრაციის კომიტეტი ზრდილობიანად უცდის ტყემალაძეს. როდემდე გაგრძელდება ასე? ჩვენ უკვე დავუკავშირდით ევროინტეგრაციის კომიტეტს და ვუთხარით, იქნებ, ლოდინი საკმარისია?! ნუთუ არ არის გასაგები, რომ ზურაბ ტყემალაძეს სურს, ეს კანონპროექტი დაბლოკოს, მას ხომ აბსოლუტურად ირაციონალური მოთხოვნები აქვს“.