საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პური მარგებელი კი არა, მავნებელი გახდა.
მეცნიერის აზრით, ინდუსტრიულ პურცხობაში მომჭირნეობა (რაც მეწარმეთა მხრიდან მეტი მოგების სურვილით აიხსნება), ვერ გაუტოლდება სხვადასხვა საშიშ დაავადებათა სამკურნალო ხარჯებს.
„ჩვენს ქვეყანაში ღვინისა და პურის, ამ საკრალური პროდუქტების გაუწმინდურება, ტრადიციული ტექნოლოგიების ხელყოფა მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე წარმოუდგენელი იყო. მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება ჯერ ღვინის, შემდეგ პურის ტოტალური ფალსიფიკაცია. არატრადიციული ტექნოლოგიების დანერგვამ საშიშროება შეუქმნა ქართველთა მოდგმის არსებობას. არადა, ყველა დაავადება გამოწვეულია საკვებით და, ზოგადად, კვებით. დასავლეთში რატომღაც ფიქრობენ, რაც მეტ დანამატებს შეიტანენ პურში, მით უფრო გააკეთილშობილებენ ამ პროდუქტს. სინამდვილეში, პური არ საჭიროებს ხელოვნურ გაკეთილშობილებას, იგი ბუნებრივი პროდუქტია. დღეს გამოყენებული ე.წ. სწრაფი საფუარი, ხელოვნური საფუარი, საფუარის სოკოები და აქტიური ფერმენტები განაპირობებენ ნივთიერებათა ცვლას, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლისგან. ასე რომ, ტრადიციული ქართული პურის წარმოება საფრთხეშია. ეს მაშინ, როცა ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ენეოლითის ხანაში იცნობდა ხორბალს და მოჰყავდა ხორბლის რამდენიმე სახეობა -„იფქლი“, „ასლი“, „დიკა“, „მახა“, „ზანდური“, „დოლი“, „ხულოგო“. ხორბლის ამგვარი დიფერენცირებული სახეობრივი სახელწოდება არც ერთი ქვეყნის ხალხს არ გააჩნია“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.
ამასთან, ჩვენს შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა პურს კარტოფილი, რადგან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში კარტოფილის მოჭარბებული მოხმარება შეინიშნება, აცხადებს, რომ დღესდღეობით პურის შემცვლელად მიღებულია კარტოფილი. საგანგაშოა ისიც, რომ ქართველი ახალგაზრდობა სწრაფი კვების ობიექტებში კარტოფილის არატრადიციულ ნაწარმს ეტანება. მართალია, პერუდან ევროპაში მეთექვსმეტე საუკუნეში იძულებით გავრცელებული ეს სურსათი „მეორე პურად“ მიიჩნევა, მაგრამ ძაღლყურძენისებრთა ოჯახის წარმომადგენლები მომწამლავი მცენარეებია. მათ მიეკუთვნება ლენცოფა, ბელადონა, ლემა, თამბაქო და კარტოფილი. კარტოფილის მიწისქვედა ნაწილში წარმოიქმნება ტუბერები, მცენარის სახეშეცვლილი ღერო, რასაც „პლანეტის ბნელი გონების ნაყოფსაც“ უწოდებენ. კარტოფილის ტუბერის მზით დასხივების შემთხვევაში, წარიმართება ალკალოიდის წარმოქმნის პროცესი, ამ დროს ტუბერი მწვანდება და მასში გროვდება მომწამვლელი ალკალოიდი სოლანინი, რაც ადამიანის სიცოცხლისათვს მეტად საშიშია. გარდა ამისა, კარტოფილის უმთავრესი ნახშირწყალი - სახამებელი ლოკალიზებულია ტუბერებში. ამ ნახშირწყლის გადახარშვა ისე ადვილად არ ხდება, როგორც ხორბლის შემთხვევაში. თუ ხორბლის პურის ჭამისას გადამუშავება ხდება კუჭსა და ნაწლავებში, კარტოფილის გადამუშავების პროცესის დასრულებაში მონაწილეობას იღებს თვით ტვინიც, განსაკუთრებით, დაკავებულია შუა ტვინი. ეს არანორმალური გარემოება უჩვეულოა ჩვენთვის.
ამდენად, პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ კარტოფილით ცალმხრივი კვების შედეგად ცხოვრებისეულად ნაკლებად მედეგი შთამომავლობა იბადება და, თუ ეს სასიცოცხლო ხარვეზი რამდენიმე თაობაში განმეორდება, დადგება დრო, როდესაც ადამიანი უძლური გახდება, ებრძოლოს მზარდ დეგენერაციას.
რამდენად არის დღევანდელი პური მავნებელი, ამის შესახებ შპს „ექსპერტიზა+“-ის პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენელი მზია ხარაძე For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამისთვის საჭიროა, კონკრეტული პურის ნაირსახეობის ლაბორატორიულად შემოწმება. თუ მავნებლობა დადასტურდება, მაშინ გამოიკვეთება კონკრეტული ფირმაც და ეს უკვე კრიმინალია. ზოგადად კი, მზია ხარაძე მიიჩნევს, რომ უხარისხო ფქვილი შემოაქვთ და ეს არის საფურაჟე ხორბალი.
„ვის და როგორ შემოაქვს, ვერ დაგიკონკრეტებთ. ჩვენი ხორბალი ბევრად უკეთესია, ამ დროს კი ჩვენი ხორბალი თურქეთში გააქვთ გასაყიდად და ჩვენთან შემოაქვთ საფურაჟე ხორბალი. მომიტანეთ პურის ნიმუში, ჩავატარებთ პურის ანალიზს და ამის შემდეგ გაგცემთ პასუხს“.
შპს „ექსპერტიზა+“-ის პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოს თანამშრომელი ჟუჟუნა ხომასურიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, საერთოდ, პური მავნებელი არ უნდა იყოს, რადგან ის პირველადი და ძირითადი მოხმარების საგანია. თუ პური მავნებელია და ამით იწამლება ხალხი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა რუხ პურს ღებავენ, უფრო სწორად, საღებავს უმატებენ, პურს ან სინესტე აქვს მეტი, ან- დროჟი. ამიტომ რუხი პური უფრო მეტი კითხვების შემცველია, რადგან თეთრ პურს არ ღებავენ. თუმცა დანამატებს, გამაფხვიერებლებს უმატებენ. დიდი რაოდენობით დროჟიც არ არის სასურველი, ძალზე მკაცრი დოზირებით უნდა იყოს დამატებული.
„ლაბორატორიული შემოწმების გარეშე ჩვენი მოსახლეობა ვერ გაიგებს, პური მავნებელია თუ არა. ეს შემოწმებითაც რთული დასადგენია. ჩვენთან იშვიათად მოაქვთ პური. თუმცა უნდა შემოწმდეს ეს პირველადი სასიცოცხლო პროდუქცია და ისე გააკეთონ დასკვნები“.