389-ე მუხლი, ანუ თქვენ და ბანკი

389-ე მუხლი, ანუ თქვენ და ბანკი

სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი გამოიწვია ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტის, დავით ზარდიაშვილის განმარტებამ იმის თაობაზე, რომ სამართალი უხეშად ირღვევა, როცა ბანკებს დოლარში ან სხვა უცხოურ ვალუტაში ვალი მიაქვთ არა იმ კურსით, რითაც გაასესხეს, არამედ ვალის გადახდის დროს გაზრდილი კურსით.

„რატომ არ ვიღებთ ხმას? როდემდე უნდა გვატყავონ ბანკებმა? მნიშვნელობა არ აქვს, რა წერია სასესხო ხელშეკრულებაში, რადგან ყველა გარიგება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ბათილია. მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ ბანკების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის წინააღმდეგ. მოვითხოვოთ ლარის კურსის დაცემის გამო ბანკების მიერ მოვალეებისგან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება. სამართალი და კანონი ჩვენს მხარეზეა. ბანკები, რომლებიც დოლარზე მუშაობენ, ძირს უთხრიან ეროვნულ ვალუტას და განუხრელად აგდებენ მის კურსს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლს იშველიებს.

კერძოდ, 389-ე მუხლი (ანუ „ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას“) განმარტავს, რომ, „თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია, გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის“.

აქედან გამომდინარე, ბანკი, რომელიც უცხოურ ვალუტას გაასესხებს, თავად იღებს პასუხისმგებლობას კურსის ცვლილების გამო გამოწვეულ ყველა რისკზე, ხოლო მოვალე დარჩენილ ვალს იხდის იმ კურსით, რაც გასესხების დროს არსებობდა.

ამდენად, ბანკების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დოლარის გასესხების შემთხვევაში ვალი ისევ დოლარით უნდა დაბრუნდეს, მხედველობაში არ მიიღება, რადგან „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი.

ამის გათვალისწინებით, დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ლარი მაქვს ნასესხები თუ დოლარი, რადგან ვალი ლარით უნდა გადავიხადო. ესეც რომ არა, 389-ე მუხლის თანახმად, დოლარიც რომ მქონდეს დასაბრუნებელი, ბანკი ვალდებულია, დოლარზე ლარის კონვერტაცია იმ კურსით აწარმოოს, რაც დოლარის გასესხების დროს არსებობდა.

389-ე მუხლთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია ქართველ ექპერტებში. ერთნი თვლიან, რომ ამ მუხლის ამოქმედება შესაძლებელია, თუკი მსესხებელი სასამართლოს მიმართავს და ბანკისთვის ზედმეტად გახდახდილ თანხებს დაიბრუნებს, მეორენი კი თვლიან, რომ 389-ე მუხლი არასწორადაა გაგებული და ეს მუხლი მსესხებელის სასარგებლო სულაც არ არის.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავად, როგორც ბანკირი, კარგად იცნობს 389-ე მუხლს, სადაც არსად არ არის ნათქვამი, დოლარი არ დააბრუნოთო. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ კურსის ცვალებადობისგან ბანკები მდიდრდებიან, ემზარ ჯგერენაია ამას არასწორად მიიჩნევს, რადგან ბანკმა მოვალეს რომ მისცა სესხი დოლარში, მას მოზიდული აქვს ეს სესხი დოლარში.

„ბანკმა ისესხა ერთი მილიონი დოლარი, მოიტანა დეპოზიტში ევროპის რომელიმე ბანკიდან, ვთქვათ, „იბიარდიდან“ და გასცა ერთი მილიონის კრედიტი. ამ შემთხვევაში, მისი ვალდებულებები დოლარშია, მისი აქტივები დოლარში ერთმანეთის ტოლია. წარმოიდგინეთ, ბანკის რისკმენეჯმენტმა ასეთი რამ გააკეთოს, რომ დღგ-ს გარეშე მიიღოს ერთი მილიონი დეპოზიტი დოლარში და გასცეს ლარში, ორ წუთში გაკოტრდებოდა, მას დაუცველი პოზიცია ექნებოდა. ეს ხომ ბანკის ფული არ არის? ბანკი შუამავალია. დეპოზიტი კი ეკუთვნის ვიღაცას და წარმოიდგინეთ, იმას უთხრას, მე შენ არ დაგიბრუნებ ერთ მილიონ დოლარს, არამედ დაგიბრუნებ უფრო ნაკლებსო“, -ამდენად, ემზარ ჯგერენაიას აზრით, 389-ე მუხლი არასწორადაა გაგებული.

მეტიც, მისი თქმით, კანონში ბევრი არაკონკრეტული ჩანაწერია, მაგრამ ყველაფერს კანონში ვერ ჩაწერს ადამიანი, ყველაფერს ვერ გაითვალისწინებს. თუმცა „მე თუ მოგეცით ვაშლი, უნდა დამიბრუნოთ ვაშლი, თუ არადა, კურსი მე არ მაინტერესებს. მაშინ ბანკი გეტყვით, რომ რეფინანსირების პროცენტზე ხართ მიბმული და 8%-იან რეფინანსირებას დაემატება 10%-იც. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი 18%-მდე ავიდოდა“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე, ემზარ ჯგერენაიას მსგავსად, მიიჩნევს, რომ, როცა ბანკისგან ვალდებულებას იღებ, ამ ვალდებულებას შესრულება სჭირდება. ამდენად, 389-ე მუხლის მოშველიება არასწორია.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლია ელიავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ თქვენ აღებული გაქვთ სესხი უცხოურ ვალუტაში და უნდა დააბრუნოთ სესხი ლარში და, თუ ხელშეკრულებით არ არის სხვა რამ გაწერილი (რომ უნდა დააბრუნოთ იმავე კურსით, რა კურსიც იქნება დაბრუნების დღეს), მაშინ მოქმედებს 389-ე მუხლი და ამ მუხლში ყველაფერი ცხადად არის ნათქვამი. კერძოდ, თქვენ უფლება გაქვთ, დააბრუნოთ ლარი იმ კურსით, რა კურსითაც დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება.

„389-ე მუხლთან დაკავშირებით იურისტებმა კამათი გააჩაღეს და მათი ძირითადი არგუმენტი იყო უზენაესი სასამართლოს 2000 წლის გადაწყვეტილება, რომ თურმე „ეს მუხლი ეხება ფულის გამოცვლის დროს წარმოქმნილ ვალდებულებებს“. როდესაც ჩავეძიე ამ საკითხს, ისეთი უცნაური გადაწყვეტილება აქვს უზენაესს მიღებული, რომ უწერიათ, „ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, ფულის ერთეულის გაზრდა ან შემცირება თავისთავად გულისხმობს ფულის რეფორმას“, ანუ იმის მაგივრად, რომ უზენაესმა თქვას, ეს კურსის ცვლილებააო, უზენაესის მოსამართლე წერს, თითქოს ეს არის ფულის რეფორმა. ანუ უზენაესის 2000 წლის გადაწყვეტილება არასწორი, მიკერძოებული და ეკონომიკის უცოდინრობის შედეგია. ამიტომ ამით აპელირება და მისი მოყვანა რკინის არგუმენტად, საეჭვოა. შესაბამისად, თუ მსესხებელი მიაკითხავს სასამართლოს და მოიშველებს კვალიფიციური იურისტის დახმარებას, რომელიც ცოტა მაინც ერკვევა ეკონომიკაში, ის აუცილებლად მოიგებს და ბანკისგან დაიბრუნებს ზედმეტად გადახდილ თანხებს. მით უფრო, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ხელშეკრულება, რომელიც ერთ მხარეს ძალიან ამდიდრებს, ხოლო მეორე მხარეს მნიშვნელოვნად აზარალებს, ბათილია. ასე რომ, ეს სავსებით შესაძლებელია და სასურველია, რომ საამისო რამდენიმე პრეცედენტი მაინც შეიქმნას. ეს იქნება ფინანსური მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს ლია ელიავა.

დაზარალდება თუ არა ამით კომერციული ბანკი?! ამის შესახებ ექსპერტი აცხადებს, რომ ეს არის ბანკის რისკი და მსესხებელი არ არის ამ რისკზე პასუხისმგებელი. ამის საწინააღმდეგოდ კი, რატომღაც კრედიტორს თავისი რისკები გადააქვს მსესხებელზე, ანუ იმიტომ, რომ მან მცირედით არ იზარალოს, თავისი ზარალი გადააქვს მსესხებელზე და მას აიძულებს, დაუფაროს თავისი ზარალი. არადა, ბუღალტრული წესებით, ზარალი თუ მოუვა ბანკს, ეს გამოიქვითება საგადასახადო დაბეგვრის ბაზისაგან. ამიტომ ეს პროცედურა არ არის სამართლიანი. ამდენად, 389-ე მუხლი გამოყენებადია კლიენტის სასარგებლოდ, თუკი კლიენტი სასამართლოს მიმართავს.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დავით ზარდიაშვილის მოსაზრება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, დევალვაციამდე არსებული სიტუაციის მიხედვით გადაიხადონ პროცენტები და ძირი თანხა, ბევრ პირობითობას შეიცავს. კერძოდ, საიდან განვსაზღვროთ გაუფასურების მომენტი? როგორი შეფარდებიდან ლარსა და დოლარს შორის? გარდა ამისა, გასათვალისწინებელია არა მარტო მოსახლეობის შეჭირვებული მდგომარეობა, არამედ ბანკების, ბიზნესსტრუქტურების ინტერესებიც. არის კიდევ ერთი რთული მომენტი, ფაქტობრივად, ჩვენი ბანკების საკონტროლო პაკეტს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ან უცხოეთსა და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები აკონტროლებენ. ბანკების შეზღუდვა კი ჩვენი ქვეყნისადმი ცუდ რეზონანსს გამოიწვევს.

„თუმცა სპეციფიკური სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა განიხილონ, როგორ მოხდეს ბანკის წინაშე ვალდებულებების დაფარვა, ისე, რომ მოსახლეობაც არ დაზარალდეს და გადახდისუუნარო არ გახდეს, რაც საბოლოოდ ეკონომიკასაც დააზარალებს, სოციალურ ფონსაც და თვით ბანკებსაც. კომპეტენტურმა ფინანსისტებმა ამაზე პოლიტიკოსებთან ერთად უნდა იმსჯელონ და თუნდაც ეს 389-ე მუხლი მოიშველიონ. კარგია, რომ ასეთი მუხლი არსებობს და ამ მუხლის ინტერპრეტირება შეიძლება, მაგრამ რეალურად ამ პუნქტზე მეტი უნდა გაითვალისწინონ. ეს არის ჩვენი საბანკო სისტემის მდგრადობა და ჩვენი სახელმწიფოსა და ეკონომიკის ინტერესები. ბანკი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ის მოგებაზეა ორიენტირებული და ბანკები ეკონომიკის სისხლძარღვებია. თუმცა სხვა საქმეა დღევანდელი ქართული საბანკო სისტემის ფუნქციონირება, მისი ორიენტირებულობა ზემაღალ მოგებაზე და აქ საინტერესოა, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ ბანკები თავიანთ მისიას და თუ ითვალისწინებენ მძიმე სოციალურ ფონს. ამ მხრივ ჩვენთან ყველაფერი წესრიგში არ არის, მოსახლეობის უძრავი ქონების დიდი ნაწილი დაიპოთეკებულია ბანკებში, ხოლო ბანკები ხელს არ უნდა უწყობდნენ მოსახლეობის პერმანენტულ გაღატაკებას“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.