ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან

ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან

რა შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, როგორ აფასებს ბურჭულაძე-ჩერნოვეცკის გამოჩენას პოლიტიკაში, რატომ ითხოვს პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და რას ურჩევს ,,ოცნებას'' მოსკოვში ვიზიტის შემთხვევაში

აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, საუბრობს რუსულ-ქართული დიალოგის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ცვლილებებზე, რასაც რეგიონსა და საქართველოში ირანისთვის სანქციების მოხსნა გამოიწვევს, აფასებს ქართული ოპოზიციის გაერთიანების მცდელობასა და ახლადგამოჩენილი მოთამაშეების შანსებს, აანონსებს ახალი პარტიის შექმნას და ითხოვს შეხვედრას ყოფილ და მოქმედ პრემიერებთან - პარტია ,,საქართველოს გზის'' საპატიო თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ირანის საკითხზე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ყოფილი კოორდინატორი, სალომე ზურაბიშვილი ,,ვერსიას'' ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს და ყველა აქტუალურ საშინაო თუ საგარეო საკითხზე ესაუბრება.
- ქალბატონო სალომე, საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადებით დავიწყოთ, პანკისში ,,ისლამური სახელმწიფოს'' მეომრების მომზადების შესახებ. შეიძლება თუ არა, ეს ფრაზა საერთაშორისო მოხმარების მესიჯი იყოს, საქართველოზე მორიგი თავდასხმის ასახსნელად? 
- ამის გამო პანიკაში არ უნდა ჩავცვივდეთ. ყველამ იცის, რომ პანკისიდან მეომრები მიდიან და სირიაში იწვრთნებიან, რაც ტრაგიკული, მაგრამ მსოფლიოში გავრცელებული მოვლენაა. ასე ხდება საფრანგეთში, ბელგიაში, ინგლისში, რადგან ფინანსური დაინტერესება ძალიან დიდია, ამიტომ ახალი და გასაკვირი სულაც არაა, რომ რუსეთი მსგავს საკითხებს დროდადრო გამოიყენებს და ამით კარგადაც დაგვაშინებს. რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე დაკვირვებისას, მაქვს განცდა, რომ ერთსა და იმავეს უსასრულოდ იმეორებენ და უნარი არ შესწევთ, რაიმე ახლით წარმოჩნდნენ მსოფლიო არეალზე. თუმცა ვფიქრობ, ეს საფრთხე ამაზე შორს ვერ წავა. ამიტომ ამ განცხადებისგან კატასტროფულ სურათს არ ვქმნი. 
- ანუ, ირანისთვის სანქციების მოხსნით გაღიზიანებული რუსეთისგან საფრთხეს არ უნდა ველოდეთ - რეალურად, ამით რა იცვლება ჩვენთვის? 
- ეს განცხადებები შეიძლება უკავშირდებოდეს ევროპასთან ჩვენს ასოცირებას, ასევე ვიზალიბერალიზაციასა და წინგადადგმულ სხვა ნაბიჯებს ან სურდეს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, დაგვაშინოს და ა.შ. დიახ, ირანისთვის სანქციების მოხსნა მისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორია. ოფიციალურად, ირანის მთავარ მოკავშირედ ითვლება, რეალურად კი, სანქციების პერიოდი რუსეთისთვის ძალიანაც ხელსაყრელი იყო, რადგან მის გარდა სხვა დიდი მოთამაშე არ არსებობდა. დღეს უკვე ირანი რეგიონში კვლავ იბრუნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, პარალელურად კი რუსეთს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს თურქეთთან. ზოგადად, ბოლო პერიოდში, მისი მდგომარეობა და როლი საკმაოდ შეიცვალა და ბუნებრივია, გაღიზიანებულია. ნავთობის ფასი ეცემა, რაც ალბათ, კვლავ გაგრძელდება, როცა ირანი რეალურად გააქტიურდება. ეს, პირველ რიგში, სწორედ რუსეთს დაარტყამს, თუმცა ამით გახარებას არ ვიჩქარებდი, რადგან არავინ იცის, რა რეაქცია ექნება კედელთან მიყენებულ რუსეთს. შეიძლება, ამ პრობლემებმა რუსეთის მმართველი რეჟიმი უფრო გაამკაცროს. როგორც კი პუტინი კარგავს მართვის ბერკეტებსა და პოპულარობას თავის მოსახლეობაში, მაშინვე ძალის დემონსტრირებაზე გადადის და ხალხს ძალისმიერ პოლიტიკას სთავაზობს, რასაც სხვათა შორის, რუსეთის მოსახლეობა დღემდე დადებითად აფასებს. ეს არის რუსეთის ხელისუფლების პასუხი მის პრობლემებზე, ამიტომ ამ ცვლილებებს ასე შევხედოთ - რუსეთმა ძალის გამოყენება რომ გადაწყვიტოს?! 
- ამ ფონზე, გამართლებულად მიგაჩნიათ მოლაპარაკება გაზპრომთან, როგორც პუტინის რეჟიმის კიდევ ერთ მძლავრ იარაღთან... მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დღემდე გაუგებარია, რატომაა ასეთი ბუნდოვანება მოლაპარაკების დეტალებზე და რატომ არ არსებობს საქართველოსთვის რუსული გაზის ალტერნატივა? 
- საზოგადოებისთვის ეს საკითხი მუდმივად მტკივნეულია, რადგან 2006 წლის მოვლენები ყველას ახსოვს. ყველამ იცის, რომ გაზპრომი უბრალოდ გაზი არ არის და ეს რუსეთის პოლიტიკური იარაღია, ამიტომ საზოგადოების რეაქცია ბუნებრივია. ჩვენს ხელისუფლებას კი ხალხთან საუბარი დღემდე უჭირს. მართალია, რომ დღეს, ამ წუთას, სხვა ალტერნატივა მართლაც არ გვაქვს, რადგან აზერბაიჯანი ისედაც სრული მონოპოლისტია საქართველოში და თან, მასაც არ გააჩნია დამატებითი რესურსები, ამიტომ გაზს თავადაც რუსეთისგან ყიდულობს. გამოდის, ჩვენ აზერბაიჯანისგან რუსულ გაზს მივიღებთ და რატომ არ უნდა მივიღოთ პირდაპირ რუსეთისგან? სხვა ალტერნატივა მომავალში იქნება, თუნდაც თურქმენეთიდან, ირანიდან, დღეს კი რუსული გაზი უალტერნატივოა, რაც ხელისუფლებამ მოსახლეობას გასაგებ ენაზე უნდა აუხსნას. რაც შეეხება ,,გაზპრომთან'' მოლაპარაკებას, მისი რაღაც ნაწილი საიდუმლო რომაა, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა მოსახლეობამ უნდა იცოდეს შედეგი, მინუსები და პლუსები. ამ თემამ ნათლად გამოაჩინა, რომ ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს, რაც ჩემთვის აუხსნელია. 
- პარალელურად, ლავროვისგან ორი ქვეყნის საგარეო მინისტრებისა და მომავალში, პრეზიდენტების შეხვედრის წინადადებაც მივიღეთ. რას ნიშნავს ეს შეთავაზება და რა უნდა იყოს ქართული მხარის პასუხი, იმის ფონზე, რომ რუსეთთან მოლაპარაკე ძალა შესაძლოა, კვლავ მოღალატედ შეირაცხოს? 
- აქ ორი მომენტია: ერთია, ვიღაცები რუსეთში რომ ჩადიან და ეს ძალიან ცუდია, რადგან მათ არ გააჩნიათ მანდატი და ღმერთმა იცის, იქ რას ლაპარაკობენ. სხვათა შორის, ამას დღევანდელმა პრეზიდენტმა შეუწყო ხელი, რომელიც, როცა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩავიდა, მისი მრჩეველი იყო. რაც შეეხება ახლანდელ ვითარებას, ვფიქრობ, შეხვედრა შეხვედრისთვის გაუმართლებელია. ჯერ ერთი, იმის შესახებ, რაზე უნდა ისაუბრონ, არაფერი ვიცით. 
მომხრე არ ვარ, ვიდრე ოკუპაცია გაგრძელდება, ხმა არ გავცეთ და საერთოდ არ დაველაპარაკოთ, მაგრამ ერთი-ერთზე რუსეთს მაინც არ შევხვდებოდი. ხელისუფლებას რუსეთთან შეხვედრას არც ჟენევის ფორმატში ვურჩევ, რადგან ეს მაინც ერთი-ერთზე შეხვედრის ტოლფასია. არსებობს სხვა ფორმატები, თუნდაც, ევროკავშირთან არსებული საბჭოების სახით, ან ბოლო ბოლო, რაღაც ახლის მოფიქრებაც შეიძლება, თუმცა უპირველესი არის ის, რომ არც პრეზიდენტი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეხვედრაზე მოუმზადებელი არ უნდა წავიდეს - ჩვენ წინასწარ უნდა მოვამზადოთ სასაუბრო თემები და ვიცოდეთ, სავარაუდო შედეგები. რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული რჩება - თუ შევხვდებით, გამოდის, ბარიერი მოხსნილია. ის მხოლოდ შეხვედრითაც მოგებული იქნება, ჩვენ კი წაგებული, თუ შეხვედრიდან კონკრეტული შედეგით არ გამოვედით. 
თუმცა სხვა თემაა, რა გვინდა და რისი მიღწევა შეგვიძლია რეალურად - თუ მხოლოდ ოკუპაციის შეწყვეტაზე ვისაუბრეთ, ცხადია, ამით შედეგს ვერ მივიღებთ. 
- აბა, რა შეიძლება იყოს სასაუბრო თემა, ოკუპაციის გარდა, რაც ისედაც ჩვენი ურთიერთობის ლაიტმოტივია? 
- ჯერ ერთი, არც ამის საჯაროდ გამოცხადება ვარგა, რადგან ყველა კარტი წინასწარ არ უნდა გაიხსნას. ამიტომ ვამბობ, ჯერ ჩვენ უნდა გავერკვეთ და მერე ვუპასუხოთ და გადავდგათ ასეთი ნაბიჯები. მსგავსი თემები უშიშროების, კრიზისების მართვის საბჭოში უნდა მომზადდეს, თუმცა ამ ორს ჯერ ერთმანეთში ურთიერთობა და საკუთარი კომპეტენციები ვერ გაურკვევია. კიდევ ერთი, რაც აბსოლუტურად არ მესმის, ეს ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაა. 
- იქნებ, ეს თემა წინასაარჩევნოდ გააქტიურდეს - უცხო ქვეყნის მოქალაქეობამიღებული ქართველებისთვის ქართული პასპორტის დაბრუნება ხომ სწორედ ხელისუფლებას ჩაუწერს ქულას? 
- კონსტიტუციაში წერია, რომ აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, თორემ ავტომატურად დაკარგავ ქართულ პასპორტს. ეს თემა სააკაშვილმა დაძრა, როცა მინისტრად ჩემი დანიშვნა სურდა, მაგრამ კონსტიტუციური ჩანაწერი არ შეუცვლია. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების წესი კი პრეზიდენტის ხელში პრივილეგიად დარჩა. სხვათა შორის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისთანავე ქართული პასპორტის ჩამორთმევის პროცესი აქამდე გააქტიურებული არ იყო. ბოლო დროს გააქტიურდა, რაც შესაძლოა ასოცირების ხელშეკრულებასთან იყოს დაკავშირებული. 
რაც კონსტიტუციაში წერია, ახლა რეალობაშიც ხდება - როგორც კი ქვეყანაში უცხოური პასპორტის მქონე ადამიანი ჩამოდის, მაშინვე იღებს წერილს, რომ მას მოქალაქეობას ართმევენ. ამის გამო ბევრი ადამიანი კარგავს ქართულ პასპორტს, მისი დაბრუნება კი გრძელი და რთული ბიუროკრატიული პროცესია. ეს დიდ დროსთან, თანხებთან, პოლიტიკურ ხედვებთანაც კი შეიძლება იყოს დაკავშირებული - ვიღაც ფიქრობს, რომ თუ ამა თუ იმ პარტიას ემხრობა, შესაძლოა, პასპორტი არ მისცენ და უარს ამბობს ამ პროცედურების გავლაზე. 
არ მესმის, რა საჭიროა ამდენი ამბავი, როცა მარტივად შეიძლება, საერთოდ არ ჩამოვართვათ ამ ადამიანებს პასპორტი, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული?! 
- მახსოვს, ამ საკითხზე საუბარი წინა პრემიერთანაც გქონდათ. მისი პასუხი რა იყო ან რას ფიქრობს პრეზიდენტი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ექსკლუზიური უფლება აქვს? 
- არც ყოფილ პრემიერს და არც ვინმე სხვას არც ერთი საწინააღმდეგო არგუმენტი არ მოუყვანია. ძალიან უცნაურია პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ორჯერ უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე იმ მოტივით, რომ ეს თემა მის კომპეტენციაში არ შედის. თუკი რამე რჩება მის კომპეტენციაში, სწორედ საკუთარი მოქალაქეების უფლებათა დაცვაა, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისაც. არ მესმის, რატომ არ შეგვიძლია, ამოვიღოთ ეს აკრძალვა კონსტიტუციიდან?
- ამ ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ხომ სჭირდება? 
- მერე, რა პრობლემაა, გგონიათ, ნაციონალები უარს იტყვიან?! ერთი, გაბედონ და მერე ნახავენ შედეგს არჩევნებზე! ,,ოცნება'' ყველა შემთხვევაში მოგებული რჩება, რადგან, თუ კანონს შეცვლის, ემიგრანტების თვალში დიდ პლუსს დაიწერს. თუ ინიციატივას მხარს ნაციონალები არ დაუჭერენ, სწორედ მათ წინააღმდეგ წამოვა უკმაყოფილების დიდი ტალღა ემიგრანტების ოჯახებისგან. 
ახლაც ვითხოვ შეხვედრას პრემიერ კვირიკაშვილთან და მინდა, შევხვდე ბიძინა ივანიშვილსაც, რათა მისი მოსაზრება გავიგო. შესაძლოა, მის მიერ ამ თემაზე გამოთქმულმა დადებითმა აზრმა მთავრობას ეს პროცესი დააძვრევინოს. ბოლოს და ბოლოს, არის კიდევ ერთი უზარმაზარი მოტივი, რის გამოც კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. საუბარია კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ იმ ადამიანებზე, ვისაც ქართული პასპორტები არ აქვთ. ჩვენ თუ არაფერი გავაკეთეთ, ამით ხელს ვლადიმერ პუტინს შევუწყობთ რუსული პასპორტიზაციის პოლიტიკაში. 
იქ ხალხს რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ, მოსახლეობა კი ვერ ეწინააღმდეგება და ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. არადა, დღეს ბევრი ისეთი ფაქტორი ჩნდება, რის გამოც, დიდი ალბათობით, მათ, ვისაც რუსული პასპორტი უკვე აღებული აქვს, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება მოუნდებათ - ეს შეიძლება ვიზალიბერალიზაციის თემა, ჩ ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის სურვილით იყოს გამოწვეული. 
- ალბათ, დღეს ხელისუფლება ამ საკითხზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობს, რადგან მისი ყველაზე დიდი პრობლემა არჩევნებია, მით უფრო, ოპოზიციური გაერთიანების ფონზე, რომელიც კოდექსის შეცვლას ითხოვს. როგორ აფასებთ წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ რეალობას? 
- სიმართლე გითხრათ, კოდექსის ცვლილება არაფრად მიმაჩნია. არ მესმის, რატომ ჰგონიათ, რომ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება კარგია. აქ ცუდი კანონი და მაჟორიტარების არჩევის წესი კი არაა, თავად მაჟორიტარები არიან ცუდები. ისინი იმდენად მიბმულნი არიან პარტიაზე, რომ მაჟორიტარის ფუნქცია აქვთ დაკარგული. ბევრად უკეთეს პარლამენტს მივიღებთ, თუკი მაჟორიტარული სისტემა ნაკლებად იქნება დამოკიდებული პოლიტიკური პარტიების თამაშებზე, თორემ თავად ამ სისტემაში ცუდი არაფერია. 
ოპოზიციას რაც შეეხება, არ ვიცნობ ქვეყნის შიგნით არც ერთ რეალურ პარტიას. არ ვიცი არც ერთი მათგანის ხედვა ძირითად საკითხებზე. პრინციპში, მათ შორის, არც ,,ოცნების''. კოალიციაში შემავალი პარტიებიც აღარ არსებობენ. ეს არის რაღაც გაურკვეველი ფორმირება, სადაც არიან პარტიებიც, ცალკეული პირებიც და დღევანდელი მოცემულობით, ძალიან ჰგავს ,,მოქალაქეთა კავშირს''. ერთ მხარეს ეს ფორმირებაა, მეორე მხარეს ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც თავის დღევანდელ ძალას სწორედ ,,ოცნების'' ხელშეწყობით მიაღწია. ალბათ, ,,ოცნება'' უკვე დარწმუნდა, რომ ახლანდელი რეიტინგით სრული უმრავლესობის მოპოვება ძნელი იქნება, ამიტომ ახლა იმის შანსი არსებობს, რეალურ კოალიციურ მმართველობით სისტემაზე გადავიდეთ. 
- სხვათა შორის, პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის გამოჩენის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ის ივანიშვილს უმრავლესობის შესავსებად სჭირდება პარლამენტში. რეალობა ისაა, რომ ამომრჩევლის 60% ასათვისებელია. როგორ გგონიათ, ბურჭულაძესა და უკრაინელ მილიარდერ ჩერნოვეცკის აქვთ არჩევნებში სოლიდური შედეგების დადების შანსი? 
- ჯერ ერთი, პოსტსაბჭოთა მანკიერი გამოცდილებიდან უნდა გამოვიდეთ - ადამიანების მოზიდვა მხოლოდ ფულით არაა შესაძლებელი. ძალიან კარგია, როცა არჩევნების შემდეგ ერთ პარტიას არ აქვს სრული უმრავლესობა და იძულებულია, პარტნიორები პარლამენტში მონახოს. თუმცა თუ საუბარი იმაზეა, რომ უმრავლესობის შიგნით ,,ოცნებას'' ,,სატელიტები'' ეყოლება, ეს ქართულ პოლიტიკაში არც ახალია და არც საინტერესო. 
არ ვიცი, ბურჭულაძე რა თამაშს თამაშობს რეალურად და არც იმას გამოვრიცხავ, უმრავლესობის შემავსებელი მაინცდამაინც ,,ოცნებისთვის'' იყოს და არა მეორე მხარისთვის. ნაციონალებსაც აწყობთ პარლამენტში ,,სატელისტების'' ყოლა და შედეგად, იგივე რეალობას მივიღებთ - კვლავ ორი პოლუსი იქნება, რომელსაც თავისი ,,სატელიტები'' ეყოლება, ეს კი საერთო სურათს არ გვიცვლის. ამ ვითარებას იმიტომ ვაკვირდები, რომ თავად გადავწყვიტო, მიღირს თუ არა ამ ბრძოლაში ჩაბმა. მინდა, შევქმნა ის ძალა, რომელიც საქართველოს სჭირდება და ჩემი გუნდი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებით დავაკომპლექტო. თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა სურათი გამოიკვეთება და რეალურად, ვინ როგორ დაჯგუფდება. 
- ანუ, ჯერ ზუსტად არ იცით, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში? 
- უკვე ვაწარმოებ შეხვედრებს პროფესიონალებთან, ვინც დღეს თავ-თავიანთ საქმეში არიან ჩართულნი და შესაბამის დარგებში საკუთარი ხედვებიც გააჩნიათ, თუმცა დღეს პოლიტიკისგან შორს არიან. პირველ რიგში, ამ გუნდის შესაძლებლობებში უნდა დავრწმუნდე და მეორე - უნდა გამოჩნდეს, რა პოლიტიკური სპექტრი მონაწილეობს არჩევნებში, ვინ ვისთან ერთიანდება და ვინ ვისი ,,სატელიტია'' არის თუ არა რეალური შანსი, რომ არჩევნებში ჩართვა ღირდეს და ა.შ. 
- თქვენ ახლა ახალი პარტიის შექმნაზე საუბრობთ თუ ,,საქართველოს გზის'' გაძლიერებაზე? 
- ის პარტია დამთავრდა, ყველაფერს თავის დრო აქვს. თუ რამეს გავაკეთებ, ეს სრულიად ახალი ძალა იქნება, რომელიც საინტერესო იდეებით პარლამენტში შესაბამის ადგილს დაიკავებს.