„ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა პრემიერად, ჯერ უზენაეს სასამართლოს ესტუმრა და მადლობა გადაუხადა, მერე წავიდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მადლობა გადაუხადა. შესაძლოა, ივანიშვილი არ არის ინფორმირებული, რეალურად რაც ხდება“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას მოითხოვს.
თქვენ მიიჩნევთ, რომ „ბუტაფორული საკონსტიტუციო სასამართლო“ უნდა გაუქმდეს და უზენაეს სასამართლოს მიუერთდეს, რაზეც ადრეც იყო საუბარი.
- საკონსტიტუციო სასამართლო ბევრი ხარვეზით შეიქმნა. იმ პერიოდში ჩვენ არ გვქონდა დამოუკიდებელი სასამართლო, 1991 წელს ფორმირებული მოსამართლეების კორპუსი გვყავდა და გვჭირდებოდა ორგანო, რომელიც ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციას დაიცავდა. ასე შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ საზოგადოება მოატყუეს. ათი წლით შექმნილი საკონსტიტუციო ორგანო პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის ვადას ემთხვეოდა (ხუთწლიანი ორი ვადა ჰქონდა შევარდნაძეს). ყველაფერში ამერიკას ვბაძავთ და ამერიკაში უზენაესი სასამართლო ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას, მოსამართლეები იქ ცხოვრების ბოლომდე არიან დანიშნულნი. იქ მოსამართლეზე ზეგავლენას ვერავინ ახდენს და ამერიკის პრეზიდენტი როცა მოდის და მიდის, უზენაესი სასამართლო მას ხვდება და ცხრაკაციანი უზენაესი სასამართლო ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას. ამერიკაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევა ადვოკატთა ასოციაციის დასკვნას ეფუძნება, საზოგადოება იცნობს იქაური მოსამართლის ბიოგრაფიას. მას რაიმე გადაცდომა არ უნდა ჰქონდეს, კრიმინალზე არ არის საუბარი, ნარკოტიკი არ უნდა ჰქონდეს მიღებული და ცოლს არ ღალატობდეს. ჩვენთან კი პრეზიდენტმა-შევარდნაძემ დანიშნა მოსამართლეები და არავის არაფერი ჰკითხა, ისინი პარლამენტმა „აირჩია“. ცხადია, პარლამენტში „მოქკავშირი“ იყო, ყველა მისი ხალხი იყო და უარს არავინ იტყოდა. უზენაესი სასამართლოც, ასევე, პრეზიდენტის მიერ იყო დაკომპლექტებული. ანუ, ფაქტობრივად, შევქმენით ორგანო, რომელიც პრეზიდენტის ნებას ატარებდა. ყველაზე ცუდი ის იყო, პრეზიდენტს ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც. ანუ, თუ პრეზიდენტი კანონსა და ადამიანის უფლებებს დაარღვევდა, საკონსტიტუციო სასამართლო ამ თვითნებობას ხელს აფარებდა.
მაგრამ ნაციონალებმა უარესი გააკეთეს, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის- გიორგი პაპუაშვილის თანამდებობაზე გამწესებისთვის კანონი შეცვალეს და 30 წლამდე დასწიეს.
- პაპუაშვილის გულისთვის კონსტიტუცია შეცვალეს, 32 წელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობისთვის. სააკაშვილმა ჩაანაცვლა ეს წევრები თავისი კადრებით. სამწუხარო რეალობაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები თავის თავსაც ვერ იცავენ. მოგეხსენებათ, მისი პირველი თავმჯდომარე- დემეტრაშვილი ათი წლით იყო დანიშნული, მაგრამ გადადგა, სხვას დაუთმო. ასევე მოიქცა ჯონი ხეცურიანიც. ასე რომ, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეები ვიღაცის დარეკვის შემდეგ ტოვებენ თანამდებობას. ამ დროს ნორმალურ ქვეყნებში საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ უმაღლეს ორგანოში მაშინ მიდიან, როცა კარიერა დამთავრებული აქვთ და სამართლის დარგის აღიარებულ, მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სპეციალისტებად ითვლებიან. ჩვენ კი ახალგაზრდებით დავაკომპლექტეთ ეს ორგანო. ზოგი ადეიშვილის კადრი იყო, ზოგი-სხვისა, მაგრამ, როცა სჭირდება „რუსთავი 2“-ს, საკონსტიტუციო სასამართლო ოპერატიულად იღებს „გადაწყვეტილებას“. სამაგიეროდ, როცა რიგით მოქალაქეს სჭირდება, საქმეს ორი წლით აჭიანურებს. სააკაშვილის ხუშტური იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაყვანა ბათუმში, ამიტომ რიგით მოქალაქეებს აღარც შეაქვთ სარჩელი, არამედ სარჩელი შეაქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების დროსაც ვერ იცავს სიმართლეს. 2008 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა გაყალბებული შემაჯამებელი ოქმის განხილვაზე. 2003 წელს კი საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაიცვა არჩევნები.
სამაგიეროდ, ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს გენოფონდისთვის ისეთ მძიმე საკითხს, როგორიცაა ის, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანებს აღარ დასჯიან, აღარაფერს ვამბობთ ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის გაიოლებაზე. საკონსტიტუციო იხილავს, უნდა გაიწვიონ თუ არა ქართველი ქალები ჯარში, რადგან თურმე ეს არის სქესთა შორის დისკრიმინაცია და მარტო მამაკაცებს არ უნდა იწვევდნენ ჯარში.
- ამას ემატება ე.წ. სექსუალური უმცირესობის საქმეებიც, რასაც უფრო სწრაფად იხილავენ, ვიდრე-ჩვეულებრივი მოქალაქეებისას. ამიტომ საკონსტიტუციო რომ გაუქმდეს, ჩვენც დავისვენებთ და მოსამართლეებიც. აქეთ გადმოვიყვანოთ ისინი და პალატის სახით შევუერთოთ უზენაეს სასამართლოს. ივანიშვილი რომ მოვიდა პრემიერად, ჯერ უზენაეს სასამართლოს ესტუმრა და მადლობა გადაუხადა, მერე წავიდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მადლობა გადაუხადა. შეიძლება, არ არის ინფორმირებული, რაც ხდება. მე გარკვეული პრაქტიკა მაქვს სასამართლოში და ვამბობ, რომ ჩვენ ევროსტანდარტის მქონე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო არ გვაქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს სახით პოლიტიკური ორგანო შეიქმნა და დაპირისპირება აშკარაა. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში თსუ-ის სამი პროფესორი გვყავს. როგორ უნდა გაართვან თავი პროფესორობასაც და საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობასაც?! გარბიან აქეთ-იქით, აჭიანურებენ საქმეებს.
საქმეების სიმრავლის მოტივით საერთო სასამართლობის მოსამართლეებიც წლობით აჭიანურებენ სარჩელების განხილვას. ისინი იშველიებენ, რომ უამრავი საქმე აწერია ერთ მოსამართლეს. თუკი უზენაეს სასამართლოს მიუერთდება საკონსტიტუციო სასამართლო, მაშინ უზენაესი სასამართლოს საქმეებიც ხომ გადაიტვირთება?
- ამ გადატვირთულობაზეც მოგახსენებთ. ჯერ ერთი, რითია გადატვირთული საქმეები? - რადგან სხვა უწყებები აღარ იხილავენ საქმეებს. კერძოდ, იუსტიციის სახლი აღარ იხილავს დავებს, სასამართლოში აგზავნის აშკარად გაყალბებულ დოკუმენტებს. აღარ იხილავენ საქმეებს ადმინისტრაციული, საგადასახადო, თვითმმართველობის ორგანოებიც, ბაჟს არ იხდიან და ასე გაივსო ამ საქმეებით სასამართლო. თვითონ საჯარო რეესტრში ხდება უამრავი დოკუმენტის გაყალბება. ეს საქმეებიც სასამართლოში მიდის. ამას ემატება სისხლის სამართალწარმოებაც. მთავარი პრობლემაა, რომ ახლა უზენაესი სასამართლო საქმეების ნაწილს აღარ იხილავს, ადრე კი ყველა საქმე უნდა განეხილა. ახლა დასაშვებობის კრიტერიუმი შემოიღეს, ანუ სარჩელი მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის განვითარებისთვის.
იუსტიციის მინისტრსაც მივაწოდე წინადადება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, რომ მათ ტყუილად ვუხდით ხელფასებს. მით უმეტეს, პაპუაშვილს რეპუტაცია ისე აქვს შელახული, ასევე - სხვა მოსამართლეებსაც. გაიხსენეთ, რაც მოხდა მერაბ ტურავასთან დაკავშირებით, როცა პოზიცია მკაფიოდ ვერ გამოთქვა. წარმოიდგინეთ, მოსამართლე, რომელიც ვერ გამოთქვამს თავის აზრს ღიად და საჯაროდ, მერე მიდის, საავადმყოფოში წვება, ეს ცალკე მსჯელობის თემაა.
მთავარს ვიტყვი, უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმი. არ შეიძლება, დანიშნონ ან აირჩიონ მოსამართლე, რომლის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. არც ერთი მოსამართლე არ ინიშნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც არ აქვს ადვოკატთა ასოციაციის დასკვნა.