რა განსხვავებაა ქართულ არაცივილიზებულ და უცხოურ ცივილიზებულ საბანკო სისტემას შორის? პასუხი მარტივია:
2009 წლის 7 მაისი - თვითმკვლელობა კახეთში: წნორში მცხოვრებმა 40 წლის რობერტ ხოხონიშვილმა ტყეში ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. ახლობლების განცხადებით, ხოხონიშვილს ბანკის კრედიტი - 3 ათასი ლარი ჰქონდა დასაფარი.
2011 წლის 31 მარტი - ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში 23 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფით თავი მოიკლა. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს ბანკის ვალი ჰქონდა, რომელსაც ვერ იხდიდა.
2012 წლის 20 ივნისი - „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის წინ მოქალაქე გია ხამაშურიძემ თვითმკვლელობის მიზნით ვენების გადაჭრა სცადა, მიზეზად აქაც საბანკო კრედიტი სახელდება.
2012 წლის 23 ივლისი - 50 წლის მამაკაცმა სამგორის მეტროსადგურში თავი მოიკლა. ფრიდონ ჯანჯღავა დაძრულ მატარებელს შეუვარდა. ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი იპოთეკური სესხი იყო.
ქართული ტრაგიკული ფაქტების არასრული ჩამონათვალის ფონზე საინტერესოა ესპანური ბანკების პრეცედენტი. 2012 წელს ესპანური ბანკების ასოციაციის გადაწყვეტილებითა და ყველა კომერციული ბანკის თანხმობით, ორწლიანი პერიოდით შეაჩერეს მოსახლეობის ბინებიდან გამოსახლება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქალბატონის თვითმკვლელობა გახდა, რომელსაც ბანკის კრედიტის გამო ასახლებდნენ და ამ ფაქტმა მთელი ესპანეთი შეძრა.
For.ge-სთან საუბარში აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ეს ჩვენი ბანკების მიზეზით ჩადენილი ტრაგედიის არასრული ჩამონათვალია. სხვა ქვეყნების ბანკები და ბანკირები კი კრიზისულ მდგომარეობაში სხვანაირ მიდგომას ამჟღავნებენ. მაგალითად, კრიზისის დროს გამოსახლებები შეწყვიტეს თუნდაც აზერბაიჯანში, როცა მანათის გაუფასურების გამო ვალების რესტრუქტურიზაცია მოახდინეს და მოსახლეობას პროცენტები დაუწიეს.
ჩვენს ქვეყანაში ფულის შიმშილია და ამით ხელს ითბობენ მცირე ჯგუფები. არსად ჩანს სოციალური პასუხისმგებლობა, როცა ბანკმა რეალურად უნდა შეისწავლოს კლიენტის შესაძლებლობა და ისე გასცეს სესხი.
- სოციალური პასუხისხმგებლობა პირადად ქართველი ბანკირების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული. მათ ვერ დავავალებთ, დაეხმარონ მოსახლეობას და მათი ინტერესი გაითვალისწინონ. სამწუხაროდ, ქართველი ბანკირები არანაირ კრიზისულ მდგომარეობას არ ითვალისწინებენ. მეორე საკითხია, თუ როგორ ხდება ამ სფეროს რეგულირება. წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ამ სფეროს ხელშეწყობა, რათა საბანკო სფერო განვითარებულიყო. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს წარმატებული საბანკო სფერო, მაგრამ მოგვიანებით, ეს ხელშეწყობა უკვე ლობირებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო თუ სახელისუფლო დონეზე, ასევე, ეროვნული ბანკის დონეზე დღემდე ხდება ბანკების ლობირება.
ეროვნული ბანკის ფუნქციაა საბანკო მომხმარებლების უფლებების დაცვა, მაგრამ ის არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით. ერთადერთი გამონაკლისია, რომ რაღაც კვლევა ჩაატარეს იმის თაობაზე, რამდენად არიან მომხმარებლები უკმაყოფილონი ბანკების საქმიანობით, ან თუ ექმნებათ პრობლემები. ამ კვლევამაც აჩვენა, რომ ჩვენს მოსახლეობაში დიდი პრობლემაა ბანკებთან მიმართებით, მაგრამ ნაბიჯი არ გადადგმულა, არც სადამსჯელო ღონისძიება გატარებულა ბანკის დასასჯელად. წარმოიდგინეთ, მარეგულირებელმა ორგანომ ჩაატარა კვლევა, აღმოჩნდა, რომ ამ სფეროში სერიოზული პრობლემებია და მაინც არაფერი გააკეთეს. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია ამ სფეროს საკანონმდებლო რეგულირება გარკვეულ კანონებში ცვლილების შეტანით, თუმცა მეორეა, რომ მისმა რეგულატორმა-ეროვნულმა ბანკმა თავად უნდა მოახდინოს ამ სფეროს მკაცრი რეგულირება, რადგან გვაქვს მწარე რეალობა- ეკონომიკა არ იზრდება, ან იზრდება ძალიან მცირე პროცენტით, ამ დროს კი საბანკო სექტორი ძალზე სწრაფად იზრდება.
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს საბანკო სექტორმა 850 მილიონი დოლარი მიიღო. ეს მაშინ, როცა საბანკო სექტორში პრობლემები არა ომმა, არამედ არასწორმა პოლიტიკამ განაპირობა. რამდენად სწორი იყო მათთვის 850 მილიონი დოლარის გაცემა?
- 2008 წელს, სანამ ომი მოხდებოდა, წლის დასაწყისშივე უკვე ჩანდა სერიოზული პრობლემები საბანკო სექტორში. ფაქტობრივად, მოსალოდნელი იყო საბანკო სექტორის კრიზისი, რომელიც სამშენებლო სფეროშიც გამოიწვევდა კრიზისს. ეს პროგნოზირებადი იყო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომმა საბანკო სექტორი გადაარჩინა, რადგან სერიოზული ფინანსური დახმარება მოუტანა საბანკო სფეროს. ომის შემდეგ 850-მილიონი იაფფასიანი კრედიტებისა და გარანტიების სახით მათკენ მიიმართა. ომის გარეშე მათ მოუწევდათ, საკუთარ პრობლემებს თვითონვე გამკლავებოდნენ. ეს დახმარება იყო, რადგან იმ 4 ნახევარი მილიარდიდან, რაც ჩვენ გამოგვეყო დონორთა კონფერენციაზე, 850-მილიონი მათ დასახმარებლად მიმართა სახელმწიფომ, დაეხმარა საბანკო სფეროს, დაეძლიათ კრიზისი. საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად მსხვილი დახმარებისა, ბანკები მოსახლეობას მაინც სთხოვდნენ, კრედიტები ვადაზე ადრე დაებრუნებინათ. მიზეზად ფორსმაჟორს ასახელებდნენ. გეგონებათ, ფორსმაჟორი მარტო ბანკებისთვის იყო და არა -მოსახლეობისთვის.
ჩვენი ბანკირები არასდროს გამოთქვამენ კრიტიკულ აზრს, განსხვავებით, რუსი ბანკირებისგან. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ბანკირები სასათბურე პირობების გამო ხელისუფლების მადლიერნი არიან? მართალია ის ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი ბანკი ნაციონალების მომხრე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებასაც ახერხებს?
- არ მაქვს ინფორმაცია, აფინანსებს თუ არა რომელიმე ბანკი რომელიმე ორგანიზაციას, მაგრამ ის, რომ ჩვენი ბანკირები ჩუმად არიან, ამის ნათელი მაგალითია 2012 წელს კანონში შესული ცვლილებაც. კერძოდ, თუ რომელიმე კომპანიას რაიმე დავალიანება ჰქონდა სახელმწიფოსა და ბანკის მიმართ, პირველი, სახელმწიფო ფარავდა და მისგან იკმაყოფილებდა ამ დავალიანებას და შემდეგ უკვე-ბანკი. ეს ცვლილება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს მოხდა მთელი საბანკო სექტორისთვის, მაგრამ ეს საკანონმდებლო ცვლილება გამოყენებულ იქნა მხოლოდ „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ და აბსოლუტურად ყველამ იცოდა, რომ ეს იყო კატასტროფა საბანკო სექტორისთვის. თუმცა ხმა არავის ამოუღია.
საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა რაიმეს შეცვლის და ბანკების გამო ხალხს ბინებიდან აღარ გამოყრიან?
- დიდს არაფერს შეცვლის, უბრალოდ, ცოტა გაწელავს პროცესს. თუ მოქალაქე დაკარგავს ბანკში ჩადებულ ბინას, მისი გამოსახლება გახანგრძლივდება. ეს უფრო მიმართულია კერძო მევახშეების წინააღმდეგ.
2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, ბანკების ბალანსზე 155 მილიონი ლარის ჩამორთმეული ქონება იყო. ეს ციფრი რამდენად მაღალია?
- არ იფიქროთ, რომ ბანკებს მხოლოდ ეს 155 მილიონის ქონება აქვთ ჩამორთმეული. ბანკები ბალანსზე ასახავენ მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც აქვთ, ანუ შეიძლება ბანკმა ვინმეს ჩამოართვას ქონება და გაყიდოს და ეს ბალანსზე არ აისახება.155 მილიონი ლარის ჩამორთმეული ქონება კი არის მხოლოდ ის ქონება, რაც დღესდღეობით ბანკებს კიდევ აქვს ბალანსზე დატოვებული. რეალურად, ეს ციფრი გაცილებით მაღალია. რაც შეეხება ქონებისა და ბიზნესების ჩამორთმევას, სამწუხაროდ, საბანკო სფერო დღეს იმ მიმართულებით ვითარდება, რომ მათთვის უფრო მომგებიანია, ბიზნესმენმა ვერ გადაუხადოს და შემდეგ ეს ბიზნესი მთლიანად წაართვან, ვიდრე ბიზნესმა გადაუხადოს სესხი თავის ვადაში. ამის უამრავი მაგალითია, როცა ხშირად ერთ დღესაც არ პატიობდნენ ბიზნესმენებს, გადამხდელებს და ბანკი მაქსიმალურად ორიენტირებული იყო რთული პირობების შექმნაზე, რათა მათ სესხი ვერ დაეფარათ. ადამიანი როცა დებს იპოთეკაში ბინას, ბანკი მას აძლევს მხოლოდ ამ ბინის ღირებულების ერთ მესამედს სესხად. შესაბამისად, ბანკირისთვის მომგებიანია, ამ ადამიანმა სესხი ვერ გადაიხადოს, შემდეგ გაუყიდოს ბინა აუქციონზე და მიიღოს ბევრად მეტი შემოსავალი.
გამოდის, ქართული საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაციას ხელს უშლის?
- აბსოლუტურად გეთანხმებით, ასეთი საბანკო სექტორი ეკონომიკის მოდერნიზაციასაც და განვითარებასაც ხელს უშლის.
გამოდის, თავის ტოტსაც ჭრის სამომავლოდ?
- ცხადია, საბანკო სფერომ თავისი მომხმარებელი არ უნდა გატეხოს და გააკოტროს საბოლოოდ. მათ ურჩევნიათ, იმუშაონ ნაკლებ მომხმარებელთან და მეტი მოგება მიიღონ, ვიდრე იმუშაონ მასობრივად უფრო მეტ მომხმარებელთან, ნაკლები მოგებით. მომხმარებელთა ის რაოდენობა, რაც მათ დღეს ჰყავთ, ყოველთვის ეყოლებათ საქართველოში, რადგან საქართველოში ფულზე მაღალი მოთხოვნაა, აქ არ არსებობს ფინანსების მიღების სხვა საშუალება, გარდა ბანკისა. თუ ავიღებთ იმავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მევახშეებს, იქ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა. შესაბამისად, ბანკები ამას დიდად არ დარდობენ. მათ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვის ეყოლებათ. ამიტომაც არავინ ფიქრობს მომავალ განვითარებაზე.