შეცდომები, პრობლემები თუ საბოტაჟი – ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება ლარის კურსის ვარდნაში?

შეცდომები, პრობლემები თუ საბოტაჟი – ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება ლარის კურსის ვარდნაში?

რა შეცდომა დაუშვა ირაკლი ღარიბაშვილმა, სად გამოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის კომპეტენციის პრობლემა და რა აუცილებელი ნაბიჯებია საჭირო იგივე ლარის კურსის დევალვაციის შესაჩერებლად? - ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს ყოფილ დეპუტატთან, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ სოლომონ პავლიაშვილთან.

ბატონო სულიკო, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში საგანგაშო ნიშნულზეა. პრემიერ-მინისტმა კვირიკაშვილმა ლარის დევალვაციასთან მიმართებაში აღნიშნა, რომ პროცესს აკვირდება და საგანგაში ვითარება ნამდვილად არ არის. თქვენ რა შეფასებას გააკეთებდით?

ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები უნდა გააკეთოს, ხალხი დაამშვიდოს. მაგრამ ამ განცხადების უკან უნდა იდგეს იმ ღონისძიებათა ნუსხა, რის გაკეთებასაც აპირებს, რათა დევალვაციის პროცესი უფრო შორს არ წავიდეს, ლარი მეტად არ გაუფასურდეს და ეს პროცესი ინფლაციის მაღალ ტემპებში არ გადაიზარდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დევალვაცია გრძელვადიან პერიოდში, თავის შინაგანი ბუნებით ინფლაციას იწვევს. სწორედ გარკვეული ინფლაცია, რაც არის 4,9% 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ეს არის დევალვაციის ბრალი იმიტომ, რომ დევალვირებული ლარით უწევთ იმპორტიორებს პროდუქციის შემოტანა ანუ უფრო მეტი ლარის გადახდა უწევთ, ვიდრე წინა პერიოდში იხდიდნენ. გინდა თუ არა, ეს სამომხმარებლო ფასების ინდექსზეც ახდენს გავლენას. ამიტომ, ეს განცხადება თავისთავად კარგია, მაგრამ მის უკან უნდა იყოს მყარი პროგრამა. არა მარტო, ვთქვათ, საზოგადოებამ, იგივე მეწარმემაც უნდა იცოდეს, რა ბედი ელის ლარს, რომ არ გაჩნდეს დევალვაციის, ინფლაციის მოლოდინი, რაც ყველაზე რთულია. რაც მთავარია, ლარისადმი ნდობა უნდა გაიზარდოს. დღეს როგორც კი ხალხს ლარი გაუჩდება, გარბის და დოლარს ყიდულობს. ამით გარკვეულწილად დოლარის დეფიციტი იქმნება. ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს, ხელისუფლება რას აკეთებს. ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში ვამბობდი, როცა ლარი იყო 2,5 დოლართან მიმართებაში, თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, გარე ფაქტორები გავლენას უდაოდ მოახდენს და შესაძლოა ლარის დევალვაცია უფრო წავიდეს ზევით. შედეგიც სახეზე იყო. ერთი მესმის: უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხრიდან გადმორიცხული თანხები ანუ ტრანსფერები შემცირებულია, მაგალითად, 46 ,ნნ დოლარიდან ჩამოვიდა 20 მლნ-ზე რუსეთიდან გადმორიცხული ტრანსფერები - რუსეთში დასაქმებულებიდან. ამას დაემატა საბერძნეთში, ევროპაშიც ყველგან მეტ-ნაკლებად მიდის ეს პროცესი. გარდა მაგისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დიდი ობიექტის პრივატიზება ვერ მოხდა. მაშინვე გავაჟღერე ხელისუფლების გასაგონად რეკომენდაციის სახით - აუცილებელი იყო ქვეყანაში დიდი ობიექტის პრივატიზება, თუნდაც ეს რკინიგზა ყოფილიყო, რათა ერთიანი შემოსული თანხებით მომხდარიყო ლარის გამყარება. ამას ისიც ემატება, რომ ექსპორტი 23%-ით არის შემცირებული, რაც ფაქტობრივად, არის ის ფაქტორები, რომელიც ლარს ამყარებს. მაშინ როცა იმპორტი შემცირებულია 10%-ით. მოგეხსენებათ, საექსპორტო პროდუქციის გარკვეული ნაწილი, ნახევარფაბრიკატები იგივე იმპორტირებულია. ამიტომ გვინდა თუ არა, დოლარის შესყიდვა გვჭირდება, რომ იმპორტირებული პროდუქცია შემოვიტანოთ“.

თქვენ კი მსხვილი ობიექტის პრივატიზების აუცილებლობა დაინახეთ ლარის კურსის გადასარჩენად, მაგრამ იმ პერიოდში ხელისუფლება აცხადებდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან საბოტაჟს აქვს ადგილი და ამირტომ ეცემა ლარის კურსიო.…საბოლოოდ რა გამოიკვეთა, მთავრობა ამ პრობლემას არასწორად მიუდგა?

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ვერ მოხდა ამ ორი ინსტიტუტის გაერთიანება: ეს არის ფულად საკრედიტო პოლიტიკა - ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა. პოლიტიკური დივიდენდების დაწერის პროცესში წავიდა ლარის დევალვაცია. უნდა მომხდარიყო ლარის დაჭერა. ამის ბერკეტები ჰქონდა საქართველოს პარლამენტს. თავისუფლად შეეძლო მონიტორინგი განეხორციელებინა ეროვნულ ბანკზე, ვგულისხმობ შესაბამის კომიტეტს, თუ მთავრობას უჭირდა, მიხმარებოდა, კოორდინაცია მომხდარიყო. გადაბრალების რეჟიმში არ უნდა ყოფილიყვნენ. ქადაგიძეს უდავოდ აქვს წვლილი შეტანილი ლარის გაუფასურებაში“.

ანუ საპარლამენტო უმრავლესობის შეცდომაც არის ლარის კურსის საგანგაშოდ ვარდნა?

„რა თქმა უნდა, ხელისუფლების შეცდომაცაა. ეროვნული ბანკიც ხელისუფლების შტოა და მთავრობაც. ერთი პასუხს აგებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, რომლის ძირითად მიმართულებეს წარადგენს ეროვნული ბანკი და უმტკცებს პარლამენტი. პარლამენტს თავისუფლად შეეძლო, ასე ვთქვათ, მოექაჩა ეროვნული ბანკი. ყოველ შემთხვევაში გარკვეული სახით ყოველდღიურ მუშაობაში არა, მაგრამ გარკვეული სტრატეგია განესაზღვრა, როგორ უნდა ემოქმედა ამ დროს ეროვნულ ბანკს; მეორეს მხრივ, ის ფისკალური პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ახორციელებდა. ლარის კურსის დევალვაციაში ეროვნულ ბანკს წვლილი უდაოდ მიუძღვის. ეროვნული ბანკის ქმედებები ხშირ შემთხვევაში იყო არათანმიმდევრული, სპონტანური და წინააღმდეგობრივი. ვგულისხმობ იმას, რომ ერთის მხრივ, თუ ახდენდა დოლარის ინტერვენციას და ლარის ბრუნვიდან ამოღებას, ეორეს მხრივ, აქ აკეთებდა რეფინანსირებას უფრო მაღალი დონით და ისევ აბრუნდებდა ლარს ბრუნვაში. ამით თავისივე ნაბიჯების საწინააღდეგოდ მოქმედებდა. ეს იყო არათანმიმდევრული ქმედება. ამას ისეთ დროს აკეთებდა, რომ დევალვაციის პროცესი წასულიყო. ანუ თვითონ ამ კინკლაობამ ერთმანეთს შორის გამოიწვია უფრო მეტი უნდობლობა ლარის მიმართ ანუ მოსახლეობას, მთავარი ის კი აღარ იყო პოზიცია მოსახლეობისთვის, ვინ არის დამნაშავე და ვინ ვის გადააბრალეს, არამედ ის, რომ ერთმენეთში ვერ თანხმდებოდნენ. ამანაც გარკვეულად შექმნა ლარის მიმართ უნდობლობის სინდრომი. ამიტომაც არის, რომ ლარის გაჩერება არავის უნდოდა“.

დღეს უკვე ჭირს ლარის კურსის დაჭერა?

„ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, მით უმეტეს, ინვესტიციები შემცირებულია. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – გარე ფაქტორი. ამას შეიძლება თურქეთის ფაქტორიც დაემატოს. მოგეხსენებათ, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა დაახლებით 27%-ია როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი. თუ გრძელვადიან პერიოდში თურქეთში დაიძაბა სიტუაციები, შესაძლებელია პროდუქცია გაძვირდეს. ამას გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა იმოქმედოს ლარის კურსზეც. გარდა მაგისა, 41 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა თურქეთმა საქართველოში. ესეც დიდი მოცულობაა. შესაძლებელია წელს მაგისთვის თურქეთს არ ეცალოს. ამიტომ ეს ფაქტორებიც გარკვეულ გავლენას იქონიებს. მაშინვე ვამბობდი, რუსეთში მიმდინარე მოვლენები აუცილებლად ასახვას ჰპოვებს საქართველოს ეკონომოკაზე. ასეც მოხდა. 2014 წლს 175 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განვახორციელეთ, ახლა ეს მაჩვენებელი 2-ჯერ არის შემცირებული, ასევე შემცირებულია ჩვენი მოქალაქეების ტრანსფერები რუსეთიდან 46 მლნ დოლარიდან 20 მლნ დოლარამდე“.

ის, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა არასწორად მიუდგა ეროვნული ვალუტის პრობლემას, როგორც აღნიშნეთ, ეს მნიშვნელოვანწილად პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის კომპეტენციის პრობლემის შედეგია? ამას ხომ მმართველი გუნდის იმიჯის ნგრევა მოჰყვა. ამის გათვლა ძნელი იყო?

„ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის დამოკიდებულება გადაიზარდა უმრავლესობასა და პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ბრძოლაში, რაც ცუდია. რა თქმა უნდა, იყო კომპეტენციის პრობლემაც. პარლამენტმა თავის ფუნქციები ან არ გამოიყენა, ან დროულად ვერ გამოიყენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში არ უნდა ყოფილიყო, არამედ მაქსიმალური კოორდინაციის რეჟიმში უნდა ჩამდგარიყვნენ და პულსზე ხელი დაეჭირათ. თუმცა, იგივე პროცესები მიდის ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. ნახეთ, რა ხდება აზერბაიჯანში მანათთან დაკავშირებით;. ასევე სომეხეშთი. მაგრამ, ჩვენ ჩვენი მკვდარი გვყავს სატირალი. ობიექტური მიზეზები, რა თქმა უნდა, იყო და უკვე ჩამოვთვალე, მაგრამ ამას ემატება ის სუბიექტური მიზეზებიც, რაც ყველამ ვნახეთ – კინკლაობა, და ე. წ. პოლიტიკური დივიდენდების დაწერა. ასეთი რამ არ მომხდარა არცერთ დროს, როდესაც ფაქტობრივად ორ ინსტიტუციას შორის დაპირისპირება გადაიზარდა პოლიტიკურ ბრძოლაში. ერთი - ოპოზიცია იყო ეროვნული ბანკის მომხრე, პოლიტიკური უმრავლესობა კი - საქართველოს მთავრობის მხარეს. არადა, ორივე ეს ინსტიტუტი არის სახელისუფლო. საქმეც ესაა. ხელისუფლებამ ვერ გაითავისა, რომ ეროვნული ბანკიც თავისია. პასუხისმგებლობა ამაშია და არა ის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძე კარგად არ მუშაობს. გასაგებია, რომ ქადაგიძეEკარგად არ მუშაობს. საბოტაჟი თვითმმართვბელობების დონეზეც ხდებოდა, როცა ნაციონალებით იყო თვითმმართველობები დაკომპლექტებული: კარგი გაკეთებული საქმე ადგილამდე არ მიდიოდა. ეგ ვისი ბრალი იყო? ცენტრალური ხელისუფლების. სამინისტროებმა, დეპარტამენტებმა ხშირ შემთხვევაში ვერ შეძლეს გაკეთებული კარგი საქმის საზოგადოებამდე მიტანა“.

ზემოთ აზერბაიჯანი ახსენეთ. ალევის ხელისუფლებამ გვახსოვს ფულზე ვაჭრობა აკრძალა. ჩვენთან ამის გაკეთება შეუძლებელია ლარის გაუფასურების შესაჩერებლად?

„კი, აკრძალა ე.წ. ჯიხურები და ყველაფერი ლეგალურ ჩარჩოებში მოაქცია. ეს პირველად რუსეთმა გააკეთა და ამაზე არავინ საუბრობს. კერძოდ, აიკრძალა არალეგალურად ფულის შემოტანა ქვეყანაში და კონვერტაცია. რუსეთში დღეს რუბლის გარდა ჯიხურში სხვა ფულს ვერ მიიღებ. 200 დოლარზე მეტს ჯიხურებში ვერ გადაახურდავებ. შეიძლება სამსახურებრივი ცნობაც კი დაგჭირდეს. საქართველოში ასეთ შეზღუდვებს უნდა მოვედრიდოთ. ზედმეტ რეგულაციებს თავი დავანებოთ. ყოველი შეზღუდვა, რომელიც ხელს უშლის და ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის, ამას კიდევ აქვს მეორე ეფექტები. საერთოდ, გრძელვადიან სიტუაციაში ეს არის პრობლემის მომტანი. ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო“.

თქვენი აზრით, წარმატებული იყო პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი? ფაქტია, მისი ერთ-ერთი პრობლემა ინვესტიციების ნაკლებობა იყო…

„ვერ ვიტყვი, რომ ღარიბაშვილი წარუმატებელი იყო. ზემოთ პრობლემებზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ლარს, ღარიბაშვილი ცდილობდა, მაგრამ ეროვნული ბანკი სხვა კატეგორიაა, სხვა ინსტიტუციაა და ვერ მოთოკა. პარლამენტის დახმარების გარეშე, ეროვნული ბანკის მოთოკვა მთავრობას გაუჭირდებოდა. მეორეს მხრივ, წარმატებული გაუშვეს თუ წარუმატებელი, ეს უფრო პოლიტიკური თემაა, ვიდრე გაშვება ეკონომიკური მოტივაციის გამო. რაც შეეხება გუნდთან მუშაობას, აქ უარესს გეტყვი: ამ გუნდში მინისტრების მოადგილეების დონეზე მუშაობენ ნაციონალების კადრები. მე წინააღმდეგი არ ვარ მათი მუშაობის, მაგრამ მოადგილეების დონეზე?!. მაგალითად შეიძლება იგივე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ნაციონალი მუშაობდეს? ახლა ხომ სულ სხვა ეკონომიკური პოლიტიკაა? უამრავი პროფესიონალია გამოუყენებელი. ეს ადამიანები კი შეიძლება სხვა პოზიციებზე გადაიყვანო“.

იგივე ამ მიზეზის გამოც არ უნდა უკვირდეს საპარლამენტო უმრავლესობას ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა?

„რა თქმა უნდა. შეიძლება პირობითად რომ ვთქვათ, ვერა ქობალიას მოადგილე დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდეს? ეკონომიკური პოლიტიკა ძირეულად შეიცვალა. ის ხალხი, ვინც მაშინ მუშაობდა, პირდაპირ თუ ირიბად ჩართული იყვნენ იმ პროცესში, რასაც ქონების ჩამორთმევა ჰქვია. გასაგებია, რომ პროფესიონალების პრობლემა აქვთ. ეს პროფესიონალები სხვა დონეზე დაასაქმონ. სამთავრობო სტრუქტურებშიც, იგივე ბიზნესშიც მოხდა სინქრონიზაცია და ეს ამის დასტურია. ერთმანეთთან სიტუაციები კარგად დაალაგეს“.

ბიზნეს-წილების გადანაწილებაზე, ანუ ამ სფეროში მორიგებაზე საუბრობთ?

„რა თქმა უნდა, ამაზეა საუბარი. რაღაც გარკვეული სინქრონიზაცია მოხდა. თანამდებობების დათმობა, ბიზნეს-გადანაწილება თუ ახალი სტრუქტურების შექმნა. მე დაჭერების მომხრე არ ვარ. თუმცა ეს ხელისუფლებაც ამას აგრძელებს. ის ხელისუფლება აპირებდა, ამნისტიას ეკონომიკურ დანაშაულობებზე, კანონიც მიიღეს 2005 წელს, მაგრამ შიგნით იმდენი „ლაზეიკა“ დატოვეს, მის მიღებას აზრი აღარ ჰქონდა. ისევ შეეძლოთ ნებისმიერის დაჭერა სხვადასხვა მოტივაციით. დაჭერების თემა უნდა დამთავრდეს. პირველი ორი წლის განმავლობაში უნდა დაეჭერათ, ვინც დასაჭერი იყო და ამნისტია გამოეცხადებინათ. ეს არის ურთულესი პროცესი. ამის გარეშე საზოგადოება, ეკონომიკა ვერ სუნთქავს. ქვეყნის გარეთაც, როცა უცხოელები უყურებენ, რომ დაჭერების რეჟიმი გრძელდება, ამიტომაც არის ქვეყნის მიმართ ასეთი ცუდი შეფასებები. ქონების დაბრუნების პროცესიც გვიან დაიწყო. თუ ქონება სახელმწიფოს ხელში არაა, ძნელია მისი დაბრუნება, მით უმეტეს თუ გადაყიდულია“.

ზალკანიანის დაბრუნება საგარეო საქმეთა მინისტრიეს მოადგილედ, იმის დასტურია, რომ ნაციონალებს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აქვთ და დასავლეთიდან მხარდაჭერილები იქნებიან?

„ნაციონალებს ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შანსი არ აქვთ. ამ ხელისუფლებას შეცდომები აქვს. იგივე, ნაციონალები შემოაგდებენ რაღაც თემას და ესენი წამგებიან, თავის მართლების რეჟიმში არიან. მაგრამ, რა, ნაციონალებს არ ჰქონდათ შეცდომები?! დღეს მათ პოლიტიკური პრეტენზიებიც გაუჩნდათ. ვფიქრობ, ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური სისუსტის ბრალი. მიშას დროს ვინ გაბედავდა: ოპოზიცია თავისთვის ლაპარაკობდა, სააკაშვილი კი თავის საქმეს აკეთებდა“.