დიტო გელოვანი: თავი და ბოლო

დიტო გელოვანი: თავი და ბოლო

- მამაჩემს ხომ არ გამოუვლია აქეთ?

- როგორი შესახედაობის კაცია მამაშენი? - ხელად დაინტერესდა პეპი, - ცისფერი თვალები ხომ არ აქვს?

- ჰო, ცისფერი თვალები აქვს.

- საშუალო ტანისაა, არც მაღალია, არც - დაბალი, არა?

- ჰო, - დაუდასტურა გოგნამ.

- შავი ქუდი ახურავს და შავი ფეხსაცმელები აცვია, არა?!

- დიახ!

- ჰოო, ჩვენ ასეთი კაცი არ გვინახავს

გოგონა გაიბუსხა და უხმოდ გაეცალა ბავშვებს.

- ეი, შენ, მოიცადე! - დაუძახა პეპიმ, - მამაშენი მელოტია?

- არა!

- ძაან გადარჩენილა! - გადაიხარხარა პეპიმ და პირიდან წიპწა გადმოაგდო

(ასტრიდ ლინდგრენი, ”პეპი გრძელიწინდა”)

 

 

მოუწყობელი ქვეყანა, აწყობილი კორუფცია, გადაწყობილი კონსტიტუცია, მიწყობილი დამარცხებები, ჩაწყობილი თამაშები... გაურკვეველი წყობილება - განვითარებული მონათმფლობელობა, განუვითარებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი. დასაწყობებული საზოგადოება...

 

ამ 15 წლის წინ ფსონებს ლოგიკებზე ვდებდით, შემდეგ - ალოგიკებზე, შემდეგ - ლოგიკურ ალოგიკებზე, შემდეგ - ალოგიკურ ლოგიკებზე, შემდეგ - ალოგიკურ ალოგიკებზე. მერე იყო და, ბოლო, გადამწყვეტი თამაში, პირველადგილოსანმა ”ალკმაარმა” უიმედო ბოლოადგილოსან ”ექსელსიორთან” წააგო და სწორედ იმ წელს იყო, სნუპ დოგმა ”დორზის” სიმღერაზე რაღაც ნაბჟუტურები რომ დაადო, რაღაც კადრები რომ დაამონტაჟა, კლიპი რომ დაარქვა და რომ დააწერა - ”სნუპ დოგი და ”დორზი”.

 

ჯერ ”დორზი” მაინც დაგეწერა, შე... შეღშე ლა ფამ...

 

ლა ფამ მერე იყო, კალათბურთზე. მანამდე იყო ფეხბურთი. ყოველი აუტი 100 ლარად შეფასდა, ერთი ყვითელი ბარათი - 3000 ლარად. მერე იყო თემურ ქეცბაიას ”ეგრე არ არის, ძმაო”, რომელიც, პირადად მე შევაფასე, როგორც ”ეგრე არ არის, თქვე... ქვე შენი ჭირიმე”.

 

სულ მთლად გავბანძდით, ქვე შენი ჭირიმე. სულ მთლად!!! ახლა კი იძახიან, ისაო და ესაო, როგორ გვაცუცურაკებენო, მაგრამ ”ალკმაარმა” მთელი დედამიწა რომ გააცუცურაკა, ისიც გაიხსენონ და თუ შემადგენლობასაც ჩამოთვლიან, მთლად მადლობლები დავურჩებით. და თუ ნემსაძის არჩევნებსაც გავიხსენებთ და ახლა მაინც ვიტყვით ”ფუჰ”-ს, მივხვდებით, რომ ის ”ფუჰ” იყო თავი და თავი და იმას მოყვა ჩახვაძის ”ფუჰ” და ბურჭულაძის ”ფუჰ, ფუჰ”.

 

ერთი საკრებულოს წევრია, მეორე - პარლამენტის წევრი, მესამეს მწერალი ჰქვია და ახლა ისიც გამახსენდა, ვინმე მთავარი მებაჟე, მიშამ ”თფუ” რომ უთხრა, იმან ”უ” რომ უპასუხა და ყველამ ერთად ”ფუჰ” რომ ვთქვით.

 

დანიის სამეფოს რა უჭირდა - რაღაც გაიხრწნა. ჩვენ ვიკითხოთ - კოკა, გოკა, კოკო და აკო თავზე რომ გვიშვრებიან.

 

თხუნელაო... ვინ უქნა თხუნელასო? მელაკუდამო? არაო. დათუჩამო? არაო. ბაჭიამო? ორი ყური აწია - არაო. მაშ ვინაო? თხუნელა იქით იყოს, აქეთ ჩვენ ვართ. ვინ გვიშვრება თავზე? კოკა, გოკა, კოკო და აკო. სხვებიც, მაგრამ კოკა ზედ გოკათი იქით იყოს. რა შუაშია გოკა? როგორ უნდა გიქნას გოკამ თავზე, როცა თავი უკანალში გაქვს შეყოფილი? ვაღიაროთ - რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითა და ყველა შენი ტ... ტელეფონი რეკავს. ერთი წუთით...

 

... ასე რომ, გოკას შევეშვათ და სპორტს დავუბრუნდეთ, ამჯერად - კალათბურთს. კალათბურთელმა ცემა კალათბურთის მსაჯი, ქალი. ცემა და, ალბათ, დიდი კუშიც ამოაგდო. იმაზე დიდი, ვიდრე ”ალკმაარმა” ”ექსელსიორთან”. კალათბურთელმა თქვა, მომავალი თაობისთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნებაო, როგორ არ უნდა მოიქცნენო. გაკვეთილს სწავლა უნდა, მასწავლებელს - მოსმენა. თუ არ მოისმინე - ვერ გაიგებ და რა არის მთავარი? მთავარი გაგებაა.

 

შსს ეთამაშებოდა ”სოხუმს” და სიმბოლურია, რომ აღნიშნული ინციდენტი სწორედ ამ თამაშზე მოხდა. ასევე, სიმბოლური იქნება, შსს-ს კალათბურთელები ”სოხუმის” კალათბურთელებს თუ ფოცხო-ეწერში გადაასახლებენ. მერე, ფოცხო-ეწერში სათამაშოდ ჩავა ”არმიის” ოსტატ კალათბურთელთა გუნდი და იცით რა მოხდება? თამაში რამდენიმე წუთის დაწყებული იქნება, როდესაც ”არმიის” მწვრთნელი, ადმინისტრატორი, ექიმი და, პირველ რიგში, კლუბის პრეზიდენტი უკან მოუხედავად გამოიქცევიან თბილისში. სპორტის სასახლესთან მოეწყობა მიტინგი და კლუბის პრეზიდენტი იტყვის, რომ ეს არის ქართული კალათბურთის დიადი გამარჯვება.

 

ეს ყველაფერი შემდეგ იქნება, გაურკვეველ მომავალში. რაც შეეხება გარკვეულ წარსულს, იმ თამაშს რომ ვუყურე - შსს-”სოხუმი”, თავში ერთი აზრი დამებადა. უცხოეთში ყველა კლუბს მოფერებითი მეტსახელი აქვს. ”კიოლნი” – თხები, ”ტოტენჰემი” - მამლები, ”ვალენსია” - ღამურები, ”ვულვზი” - მგლები და ა.შ. ჰოდა, წინადადება შემომაქვს, რომ შსს-ს ოსტატ კალათბურთელთა გუნდს მოფერებით და თავზე ხელის გადასმით ”ძაღლები” დავუძახოთ, სოხუმს - ”დევნილები” და ა.შ.

 

გასულ კვირაში მდედრობითი სქესის მართლმსაჯულება ”ძაღლებმა” წიხლქვეშ გაიგდეს. ერთი ”ძაღლი” დაისჯება. ალბათ, დაისჯება მართლმსაჯულებაც.

 

საოცარია, მაგრამ კალათბურთზე ერთი ამბავი გამახსენდა - ”როგორც ”პანარმენიან.ნეტ”-ის კორესპონდენტისთვის გახდა ცნობილი, ჯავახელი სომხები მაჰმადიანი მესხების ჯავახეთში ჩასახლებას გააპროტესტებენ”.

 

ვაჰ! გადამრევს ეს ხალხი! ავლაბარში ერთი ვიღაც (გვარს არ დავასახელებ) რომ ჩაუსახლდათ, ის რატომ არ გააპროტესტეს? არა, მაინც, რატომ არ გააპროტესტეს? ეს კითხვა მაწვალებს. კიდევ, მაწვალებს ორი კითხვა - რატომ დავუკავშირე კალათბურთს ეს ამბავი და რატომ არ თამაშობენ სომხები კალათბურთს?

 

ამ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ვითხოვ. კონკრეტული თარიღების დასახელება ”სახალხო კრებისთვის” მიმინდია.

 

გასულ კვირაში ”სახალხო კრებამ” გააკეთა განცხადება, რომ 21 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით, ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო-სახალხო გამოსვლებს იწყებს. ქართულ პარტიაში ხელები გაასავსავეს - მაგათი კონკრეტული გეგმა ჩვენთვის გაუგებარიაო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პარტიის მესვეურები არ უარყოფენ, რომ მთავარი გაგებაა. ”სახალხო კრების” მიერ 21 მაისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არც "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” აპირებს, რადგან არ სცალიათ. ედეპე რაღაც ხმამაღალი განცხადების გასაკეთებლად ემზადება, ხოლო მანანა მანჯგალაძე უკვე ამზადებს ხმამაღალ პასუხს. ჯერ იქნება განცხადება, შემდეგ პასუხი და ბოლოს სამარისებური დუმილი დაისადგურებს.

 

”რესპუბლიკური პარტია” მადლობელია ”სახალხო კრების”, რადგან აქციების დაწყების დღე "რესპუბლიკური პარტიის" დაბადების დღეს დაამთხვია” - ხალისობდა ლევან ბერძენიშვილი, უხალისო დავით ბერძენიშვილის უფროსი ძმა.

 

ბოდიში მოიხადეთ, სერ!!! 21 მაისი სერ არტურ კონან დოილის დაბადების დღეა და ყველას ვთხოვ, ამ დღეს ნურავინ მოუსმენს სერ ელტონ ჯონის დიდებულ (ვაღიარებ) სიმღერებს.

 

”ამერიკელი ხალხი ბარაკ ობამას განადგურებას ზეიმობს” - გვაცნობა ”იმედის” ჟურნალისტმა, რის შემდეგაც ეთერში სიჩუმე ჩამოვარდა... დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ ”იმედის” ხელმძღვანელობამ გაარკვია, რომ ამერიკელი ხალხი ბინ ლადენის განადგურებას ზეიმობდა. ”ვის არ შეშლია? ცხოვრება გრძელდება” - გაიფიქრეს ”იმედის” საეთეროში და განაგრძეს: ”პირველი სკანდალი სამეფო ოჯახში - ქეით მიდლტონის ძმა გეი აღმოჩნდა...”

 

ზემოთ რომ ვახსენე, იმათი არ იყოს, ესენიც გადამრევენ. სკანდალი ის იქნებოდა, თავად ქეით მიდლტონი რომ აღმოჩენილიყო გეი, თორემ პროდასავლური ორიენტაციის ნაციონალური გაგებით არატრადიციული ორიენტაცია არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს ისეთივე მარტივია, როგორც ნებისმიერი ტაბულა, მაგალითად - გამრავლების ტაბულა.

 

თურმე ბრიტანულ სპეცსამსახურებს სპეციალური გეგმაც კი ჰქონიათ შემუშავებული იმ შემთხვევისთვის, თუ ქეით მიდლტონი ქორწილიდან გაიქცეოდა. დარწმუნებული ვარ, ერთ უუუმშვენიერეს დღეს, თუ მიშა საკაშვილი საქართველოდან გაიქცევა, ეს ჩვენი სებ-ი (საქართველოს ეროვნული ბანკი) და მთელი ოპოზიცია ბრინჯივით დაიბნევა. დაიბნევა მთელი ოპოზიცია, არ დაიბნევა მხოლოდ ოთხი შტატივისა და ერთი ჩითის კაბის ქარიზმატული დაჯგუფება. თუმცა, მე მაგას ოპოზიციად არ ვთვლი.

 

”ქრისტიან-დემოკრატებს” ტელეკომპანია ”იმედთან” დაკავშირებით 2007 წელს ბარბაროსული ფაქტის გამოძიების იმედი არ გვაქვს” - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.


გინდა გითხრათ, რისი იმედი არ მაქვს პირადად მე? იმედი არ მაქვს, რომ შტატივები გოკა გაბაშვილს უჩივლებენ. არადა, წესით, აქამდეც უნდა ეჩივლათ. აი, გოკამ რომ უთხრა, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებდითო - ამაზე უნდა ეჩივლათ. ”დაამტკიცებ, ძმაო?” - უნდა ეკითხათ შტატივებს, მაგრამ არ კითხეს და მხოლოდ უთხრეს: ”ძმაო...”

 

მაგათ - შტატივებს და ნაციონალებს - თუ ერთ დღეს ფეხებზე ექვს-ექვსი თითი და კისრებზე ერთნაირი წითელი ხალები არ აღმოაჩნდებათ, რაც გინდათ ის მითხარით.

 

ძმობას ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი პატარა წითელი ხალი, მთლად კისერზე არა - ყელზე, ირაკლი ბათიაშვილსაც ექნება. შოთა მალაშხიამ და ნუგზარ წიკლაურმა რომ იციან ხოლმე თქმა, რუსეთმა კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბიო და აკაკი-აკო მინაშვილი ბანს რომ მისცემს ხოლმე, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ კიდევ ერთხელ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაო... გასულ კვირაში ირაკლი ბათიაშვილმა თქვა: ”დღევანდელი აქციის დარბევამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეჟიმი აგონიაში, ისტერიკაშია”.

 

ისტერიკაშია, მა სად ტრ... ტრანსილვანიაშია?! შენ ის თქვი, ეგ ისტერიკა როდემდე გაგრძელდება.

 

”სასამართლომ ლევან ჩიტაძეს 30 დღით, გია ნოზაძეს 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, ნიკა სამხარაძეს და მირიან ჯანიაშვილს კი 400-400 ლარიანი ჯარიმის გადახდა შეუფარდა” - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნოზაძემ, ჩიტაძემ, სამხარაძემ და ჯანიაშვილმა ხელისუფლებას ურჩიეს, ისტერიკაში ყოფნას ემიგრაციაში ყოფნა გერჩიოთო.

 

კი, ეგრე სჯობს, მაგრამ სანამ ისტერიკიდან ემიგრაციაში აღმოჩნდებიან, ურიგო არ იქნება, თუ რამდენიმე წლის განმავლობაში, თავისივე აშენებულ ციხეებში, სამ თვეში ერთხელ, თავისივე გამოგონილი გრძელვადიანი პაემნებით დატკბებიან.

 

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა თელავში, მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა. კახეთში ჰიბრიდული სიმინდი 13 ათას ჰექტარზე დაითესება. 13 ჰექტარზე მოყვანილი სიმინდისგან გამომცხვარი მჭადი ციხეში მარტო მიშას არ ეყოფა და დანარჩენებმა რა ქნან?.. მე ვიცი, რაც უნდა ქნან - ყაბაყი ჭამონ და ჯონჯოლი მოიყვანონ.

 

გასვლითი სხდომა... რას არ მოიფიქრებენ ხოლმე... თან - ყვარლის ტბაზე. და, რამე რო იყოს, შესვლითი სხდომა არ უნდათ? შესვლითი სხდომა გამოსვლის გარეშე სადმე ქსანში, ან რუსთავში, გეგუთში...

 

მაგრამ, ჯერ ბათუმია. მიშამ იაპონიიდან დელფინები ჩამოაყვანინა და ბათუმში გაუშვა. ასლანას თხებზე აბოდებდა, მიშას დელფინებზე აბოდებს. ძაღლები ორივეს უყვარს. 6 მაისი არც ერთისთვის არ არის გიორგობა. ასლანასთვის წასვლის დღეა, მიშასთვის - პოლიციის დღე. ამ დღეს ასლანა მიშას აგინებს, მიშა - მილიციას, მილიცია - მიშას. და წრე იკვრება.


წრეში ვართ, ბურთი წრეში. წითელი ბარათები, ყვითელი ბარათები, ღია ბარათები დახურული ინფორმაციებით. მეტი აუტი, ნაკლები კუთხური და ჯარიმების მკაცრად განსაზღვრული უსაზღვრო რაოდენობა.

 

აი, ვინც ეგ წრე შემოხაზა მე იმის...

 

ვაჰ, ისე გამომივიდა უაზრო ჯეელები საკუთარ კარგებს და კეთილებს რომ აგინებენ ხოლმე.

 

ისე გამომივიდა, რადგან თავი არის უკანალში და წკეპლა მოღერებულია. თავს ვუფრთხილდებით?.. თავი არ არის მთავარი, მთავარი გაგებაა. ყურები კი, თავზეა და არა უკანალზე.

 

პ.მ.ნ. (პირველი, მაინც, ნინოა) - მობრძანდით სუფრასთან, - მიუბრუნდა სტუმრებს ფრუ სეტერგრენი.

- პირველი ვარ! - დაიყვირა პეპიმ და სანამ დარბაისელი მანდილოსნები სავარძლებიდან წამოდგებოდნენ, უკვე მაგიდასთან იჯდა.

(ასტრიდ ლინდგრენი, ”პეპი გრძელიწინდა”)