ხელფასები პრემიებისა და სახელფასო დანამატების დამატებად გადაიქცა

ხელფასები პრემიებისა და სახელფასო დანამატების დამატებად გადაიქცა

არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ სახელფასო დანამატებსა და პრემიებს მიუბრუნდნენ და მორიგი სავალალო ინფორმაციაც გამოაქვეყნეს. როგორც ცნობილია, დანამატების საკითხი 2017 წლამდე არ დარეგულირდება. ასე რომ, მსგავსი ინფორმაციები წელსაც არაერთგზის გავრცელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ თბილისის საკრებულოდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მონაცემები თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირების, აპარატის შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მომსახურე თანამშრომლების მიერ დეკემებერში პრემიისა და დანამატის სახით მიღებულ თანხებს მოიცავს.

„მედიატორის“ მონაცემებით, დეკემბერში საკრებულოს 26 დეპუტატის ანაზღაურებამ 63 800 ლარი შეადგინა, 24-მა დეპუტატმა (თანამდებობის პირები) დანამატის სახით 37 871 ლარი მიიღო.

აპარატის თანამშრომლების სარგომ 253 364 ლარი, პრემიამ - 366 963 ლარი, ხოლო დანამატმა - 113 564 ლარი შეადგინა. საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლებმა დეკემბრის თვეში სარგოს სახით - 310 173 ლარი, ხოლო პრემიის სახით - 48 827 ლარი მიიღეს. სულ გაცემული პრემიების თანხობრივმა მაჩვენებელმა 415 790 ლარი, დანამატების მაჩვენებელმა - 151 435 ლარი, ხოლო პრემია-დანამატების ჯამმა - 567 225 ლარი შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კი პრემიების საკითხების გარკვევას რეგიონებში შეეცადა. მათ მიზანში სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაცია ამოიღეს. უნდა ითქვას, რომ ეს სახელმწიფო სტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტურია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ეს სულაც არ უშლით მათ ხელს წლის განმავლობაში სოლიდური ანაზღაურებას გამოკრან ხელი.

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით შარშან 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის, პრემია - 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი კი - 680 111.19 ლარი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2012-14 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი.

„2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა. თანამდებობის პირთა მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციებმა მოგვაწოდეს. სხვა სამხარეო ადმინისტრაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კი, მხოლოდ წლის მანძილზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხის ჯამური ოდენობაა ასახული“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.

2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა; 2015 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში - 167 712.26 ლარის ოდენობით. კვლევის მიხედვით, შარშან გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის საერთო მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაა (204 769.76 ლარი).

არასამთავრობოთა მონაცემებით აშკარად ჩანს, რომ ჩინოვნიკები ვერაფრით გადაეჩვივნენ ბიუჯეტიდან დაუმსახურებელად გაზრდილი თანამდებობრივი სარგოს მიღებას. ეს კი, პირველ რიგში, ისევ ხელისფულების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ხალხი ძალიან ნეგატიურად რეაგირებს ასეთ ფაქტებზე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ადასტურებს, რომ ბოლო დროს პრემიები სახელფასო დანამატებმა ჩაანაცვლა, რაც სწორი პრაქტიკა არ არის.

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. გარკვეულწილად, მოსაწესრიგებელია პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის სისტემა. მთავრობამ ეს ერთხელ მოაწესრიგა და პრემიების გაცემის საკითხი მოაგვარა, თუმცა, როგორც ხედავთ, ის დღეს სახელფასო დანამატებით არის ჩანაცვლებული. ამ საკითხის ირგვლივ ყოველთვის იყო გარკვეული ტიპის სპეკულაციები. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს. როგორც ვიცი, ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და როგორც პრემიერი აცხადებს, 2017 წლისთვის უნდა მოგვარდეს“, - აცხადებს გვიდიანი.

ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო წელსაც უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატი სახელფასო დანამატების, წახალისების თუ პრემიების გამოწერით იქნება დაკავებული.