ორმხრივი ფარმაცევტული ზარალი

ორმხრივი ფარმაცევტული ზარალი

სავალუტო კრიზისის გამო ცალკე ფარმაცევტები ზარალობენ და ცალკე მომხმარებლები. მედიკამენტების გაძვირება უკვე მასობრივი პრობლემაა და როგორც ჩანს, აქედან გამოსავალის მოძებნა წარმოუდგენლად ძნელია. თურმე ეს საკითხი მხოლოდ მომხმარებლების პრობლემა არ ყოფილა. სავალუტო და საფასო არასტაბილურობა ფარმაცევტულ კომპანიებსაც დიდ პრობლემას უქმნის და ზოგიერთი მათგანი უკვე ფინანსურ ჭაობში ჩაეფლო.

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, კომპანიების გაკოტრების საფრთხეებზე და რთული მდგომარეობიდან ოპტიმალურ გამოსავალზე, პარლამენტის წევრმა და „პსპ“-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა გააკეთა განცხადება.

ფინანსური საფრთხის წინაშე ამ დროისთვის „ჯპს“-ის შვილობილი „სითი ფარმაა“, რომლის დირექტორი და მთავარი აქციონერი დავით კილაძე აცხადებს, რომ ქსელი ტრანსფორმაციას განიცდის, თუმცა რა მიმართულებით წავა პროცესი, ეს ჯერ ცნობილი არ არის.

კახა ოქრიაშვილი კი, ბაზრის სხვა მოთამაშეების გაკოტრებასაც არ გამორიცხავს. მისი ინფორმაციით, „პსპ“-ში“ ამ დროისთვის კრიზისმენეჯმენტის გეგმა მუშავდება, მედიკამენტებზე არსებული ფასების შენარჩუნების მიზნით. ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმეს ევროს ნაკლებად მკვეთრი გაუფასურება შველის, რადგანაც ძირითადად მედიკამნტები ევროზონიდან შემოდის. მისივე ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს შედარებით ნაკლებად ცნობილი განვითარებადი კომპანიების 100-150 დასახელების მედიკამენტის შემოტანაზეც.

სანამ ფარმაცევტები საკუთარი ბიზნესის გადარჩენას ცდილობენ, მოსახლეობა მედიკამენტების მუდმივად მზარდი ფასების გამო ზარალდება. პერიოდში წამლები საგრძნობლად გაძვირდა, რაც მძიმე ტვირთია განსაკუთრებით სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის.

„კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას, რომ საჭიროებენ“ წარმომადგენელი თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ზოგადად, მონოპოლიური მდგომარეობაა.

„წლების განმავლობაში ტენდენცია შეინიშნება, რომ ფასები სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში კონკურენტულად კი არა, ანალოგიურად იცვლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჯანსაღ კონკურენციას ბაზარზე რაც შეიძლება მეტმა ახალმა მოთამაშის შემოსვლამ უნდა შეუწყოს ხელი. მაგალითად, თუ „ჰუმანითი ჯორჯია“ მართლაც სანდო და ხარისხიან ჯენერიკებს შემოიტანს შედარებით დაბალ ფასად, აღნიშნულ ფაქტს, ვფიქრობ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქე დადებითად შეაფასებს. ამ ფონზე კი, აუცილებელია ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება. ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ვიქნებით დაცული საეჭვო, უხარისხო და არასანდო პროდუქციისგან“, - განუცხადა „ჯიბისის“ თორნიკე რაზმაძემ.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, ნინო ჭყოიძე ჯანდაცვის სამინსიტროს ინციატივას მიესალმება და მიაჩნია, რომ ჯენერიკ მედიკამენტები ერთადერთი გამოსავალია, რომ პაციენტმა მკურნალობა ბოლომდე შეძლოს და შუა გზაში არ მიატოვოს.

„მოსახლეობის დიდ ნაწილს ფინანსური საშუალება არ აქვთ, რომ მკურნალობოს კურსი ბრენდული ძვირადღირებული პრეპარატით ჩაიტაროს. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა სოფლად მცოხვრები პაციენტებისთვის შვება იქნება“, - აღნიშნავს ექიმი, თუმცა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზეც მიანიშნებს, რომ პაციენტი უფრო მეტად იყოს დაცული, რაც ასევე საზოგადოებაში ჯენერიკების ნდობასაც გაზრდის.

მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე. მისი აზრით, მოქალაქეების ბიუჯეტი უხარისხო მედიკამენტზე ფუჭად აღარ დაიხარჯება, თუმცა კონტროლის გაძლიერება მედიკამენტებზე ფასების მატების მიზეზად არ უნდა იქცეს. ქვეყანაში ისედაც აშკარაა სამკურნალო საშუალებებზე ფასების ზრდის ტენდენცია.

„კონტროლის ამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს წამლების გაძვირება ან დამატებითი სირთულეების წარმოქმნა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რაკი კონტროლი დაწესდა და დამატებითი ხარჯი გვაქვს, წამალიც უნდა გაძვირდეს. ეს არ უნდა მოხდეს“, - აღნშინა სერგო ჩიხლაძემ.