ლარის მიმართ ნდობა დღეს დაკარგული აქვთ არა მარტო ქართველ ბიზნესმენებს, არამედ ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორს, რომელიც აპირებს ან აპირებდა საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას. ისინი უკვე ეჭვის თვალით უყურებენ ქვეყანაში არსებულ ფინანსურ კრიზისს. გაუფასურების ახალი ტალღა, რომელიც სადღესასწაულო დღეების შემდეგ დაიწყო, უკვე ინვესტორებსაც კი უჩენს არასტაბილურობის განცდას.
ეკონომისტ გია ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში რომ დოვლათი შეიქმნას და ბიზნესმა წარმატებით იმუშაოს, ქვეყანას სჭირდება სტაბილური ლარი. ეს კი ამ ეტაპზე მიუღწეველია.
„ქვეყანას სჭირდება ისეთი ეროვნული ვალუტა, რომლის მიმართაც იარსებებს ნდობა. დღეს ლარის მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ, არა მარტო ქართველ ბიზნესმენებს და არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ნებისმიერ იმ პოტენციურ ინვესტორს, რომელიც აპირებს ან აპირებდა საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას. შოტლანდიელი ან ისლანდიელი მეწარმე რომ იყოთ, ამ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს ქართული ეროვნული ვალუტა იმყოფება, საქართველოში ინვესტიციას განახორციელებდით? - რასაკვირველია, არა და უფრო უსაფრთხო გარემოს მოძებნიდით“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ლარის არასტაბილურობიდან გამომდინარე როგორ ეკონომისტები, ასევე პოლიტიკოსები სხვადასხვა რეცეპტების შექმნით არაინ დაკავებულნი. მაგალითად, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ქვეყანაში თავისუფალი სავალუტო რეჟიმის არსებობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ რადიოეთერით ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახლა ლარს არავინ ენდობა, ქვეყანას კი სანდო ფული სჭირდება.
„ინვესტორი რომ ჩამოდის და სურს ოპერაციის დოლარში კეთება, ის ამაში არ უნდა შევზღუდოთ. ჯერ ერთი, ტრანზაქციებში ფულს კარგავს და მეორე, შეიძლება ლარში ოპერაციები განახორციელო, თუმცა არ იცი, ეს ლარი გარკვეული პერიოდის შემდეგ რა მდგომარეობაში დაგვხვდება და უცებ აღმოაჩინო, რომ შეიძლება უცებ წაგებაში წახვედი“, - აცხადებს ჯაფარიძე.
ინიციატივას პოპულისტურს უწოდებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“, სადაც ამბობენ, რომ წლების წინ კახა ბენდუქიძესაც ჰქონდა მსგავსი იდეა, რომ ქვეყანაში შეექმნა თავისუფალი სავალუტო სივრცე. როგორც აფბა-ში აცხადებენ, ამ ადამიანებს ან კარგად არ ესმით რა არის ეროვნული ვალუტა, ან ესმით და პოპულისტურ და ცინიკურ განცხადებებს აკეთებენ.
„ეროვნული ვალუტა არ არის ემოციური მომენტი. ეს არის ეკონომიკის ბერკეტი, რომლითაც სახელმწიფო მართავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას. სახელმწიფოს აქვს ეკონომიკის განვითარების რამდენიმე ბერკეტი - ეს არის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. თუ ჩვენ ლარზე, როგორც მთავარ საგადამხდელო ვალუტაზე ქვეყანაში უარს ვიტყვით, ამით გამოვა ის, რომ ჩვენ ეკონომიკის მართვის ბერკეტებზე თავიდან ბოლომდე უარს ვამბობთ...
ევროპაში გვინდა შესვლა, ისინი ამას ეთანხმებიან და ჯაფარიძემ არ იცის, რომ ევროკავშირში შესვლა გულისხმობს ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას? ეს გამორიცხულია. უბრალოდ პოპულისტები არიან. რადგან ლარს პრობლემები აქვს, ფიქრობენ, რომ ამით ძალიან გაუთვითცნობიერებელი ელექტორატის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერას მოიპოვებენ“, - აცხადებენ აფბა-ში.