ჩერნოვეცკისთან დაძმაკაცებულ მურმან დუმბაძეს ივანიშვილისთვის სული ისევ არ ენანება, ,,ოცნებას'' კი წყევლის

ჩერნოვეცკისთან დაძმაკაცებულ მურმან დუმბაძეს ივანიშვილისთვის სული ისევ არ ენანება, ,,ოცნებას'' კი წყევლის

თებერვლის ბოლოს უკრაინელი მილიარდერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიის ,,ბედნიერი საქართველო'' დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. ამის შესახებ ,,ვერსიას'' ყოფილმა რესპუბლიკელმა და ,,ოცნებელმა'', ბათუმის მაჟორიტარმა მურმან დუმბაძემ განუცხადა, რომელიც ჩერნოვეცკის ახალი პოლიტიკური ძალის გვერდით ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა. იმ გეგმების გარდა, თუ როგორ უნდა გააბედნიეროს საქართველო უკრაინელმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძე ,,ვერსიისთვის'' კოალიციაში მიმდინარე მოვლენებს, ჩერნოვეცკის ცნობილი კონკურსის იდეას, ასევე წინასაარჩევნო ვითარებას აფასებს და ირწმუნება, რომ ,,ოცნება'' მისი ახალი პარტიის საარჩევნო პროგრამას იპარავს და 2016 წელს, ,,ხუთიანის მომხაზველთა ხელების გახმობის'' მისეული ფორმულის ახალ ვარიანტს გვპირდება. მურმან დუმბაძემ ,,ვერსიასთან'' საუბარი ყოფილი გუნდის პრობლემებით დაიწყო.
- დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ, ამიტომ ნაკლებად ვინტერესდები, რა ხდება კოალიციასა და პარტია ,,ოცნებაში'', რადგან ვიცი, რას ფიქრობს მასზე თავად ამომრჩეველი. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მას ხმას არ მისცემს, თუმცა უდიდესმა ნაწილმა ჯერ არ იცის, მხარს ვის დაუჭერს. ფაქტია: კოალიციის წევრ პარტიებს ერთმანეთი სძულთ. ,,მრეწველს'' ,,ოცნება'' ეზიზღება, ,,ოცნებას'' - რესპუბლიკელი, რესპუბლიკელს - კონსერვატორი და ა.შ. ამის მიზეზი ისაა, რომ ყველას ივანიშვილის ქოლგის ქვეშ იმაზე მეტის მიღება სურს, ვიდრე იმსახურებს. ამიტომ არავის ახსოვს სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილები და დაპირება, რომ საარჩევნო კოდექსი შეიცვლებოდა. ახლა, ამ საკითხების ნაცვლად, პარლამენტში სულ სხვა იწილო-ბიწილო მიდის: ვინ იქნება სიაში, ვინ უფრო კარგად მიესალმება ბიძინა ივანიშვილს, ვინ უკეთ ჩაუქინდრავს თავს, უკეთ იმლიქვნელებს და იპარაზიტებს. აი, ამ პროპორციებით აპირებენ განაწილებას ,,ოცნების'' სიაში. 
- ბატონო მურმან, ამას წინათ, განაცხადეთ, ივანიშვილი გააქტიურდა, ,,ოცნების'' პოლიტსაბჭოს სხდომებზე სიარული დაიწყო და რაკი ასპარეზზე ჩერნოვეცკი გამოჩნდა, გადაწყვიტა, სიის ფორმირებაშიც მონაწილეობა აქტიურად მიიღოსო. ეს რამ გაფიქრებინათ? 
- სიმართლეს ნუ დავმალავთ და ვთქვათ, რომ არჩევნებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ფაქტორია. ივანიშვილს, ამ თვალსაზრისით, პრობლემა მოხსნილი ჰქონდა, ლეონიდ ჩერნოვეცკის გამოჩენის კვირაში კი აშკარად გააქტიურდა. როგორც კი დაანონსდა, რომ ის პარტიას ქმნის, მეორე დღესვე ,,ოცნების'' პოლიტსაბჭომ თქვა, ივანიშვილი სხდომას დაესწრება და საარჩევნო სიასაც დაწერსო. დიახ, ივანიშვილმა, ფინანსური თვალსაზრისით, სერიოზული კონკურენცია იგრძნო და გააქტიურდა. 
- ჩერნოვეცკი რომ არ გამოჩენილიყო, ივანიშვილი, თქვენი აზრით, ყველაფერ ამას არ გააკეთებდა? 
- ჩერნოვეცკი რომ არა, ყველაფერი დალაგებული იყო: არასაპარლამენტო პარტიები თითო პროცენტს მიიღებდნენ, ნაციონალები, უცვლელი ელექტორატის წყალობით, ზუსტად იგივე შედეგს, რაც 2013 და 2014 წლის საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე აჩვენეს. ახლა კი ბევრი რამ შეიცვალა და დარწმუნებული ვარ, ჩერნოვეცკის გამოჩენის გამო ბიძინა ივანიშვილი გაავებულია და ,,ოცნების'' პოლიტსაბჭომაც ივანიშვილის გააქტიურების შესახებ საუბარი სწორედ მისი დავალებით დაიწყო. 
- ანუ, ჩერნოვეცკი ივანიშვილის ალტერნატივად მიგაჩნიათ? 
- ფული არჩევნებში ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორია. გამარჯვებისთვის საჭიროა კარგი გუნდი, პროგრამა, პარტიული სტრუქტურები, ადამიანები, კარგი მაჟორიტარები და პარტიული სია. ფინანსური თვალსაზრისით, ივანიშვილს სერიოზული კონკურენტი უკვე ჰყავს. დანარჩენი კი გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია მმართველი გუნდია და მასში წამყვანი ძალაც პარტია ,,ქართული ოცნებაა'', იცოდეთ, რომ ის, როგორც ორგანიზაციული სტრუქტურა, არ არსებობს და მხოლოდ ქაღალდზეა გაფორმებული. მაგალითად, ბათუმში, რომელიც მგრძნობიარე პოლიტიკური ქალაქია და ხელწამოსაკრავი არ გახლავთ, რადგან ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით მესამეა, ,,ოცნებას'' ოფისიც კი არ აქვს. გადაამოწმეთ, ჰკითხეთ პარტიის გენდმივან კახა კალაძეს, მხოლოდ ,,გაზპრომსა'' და პუტინთან ძრომიალზე რომ ფიქრობს, ან იმ ბიჭს, რომლის გვარი პარტიულ საქმიანობაში არასოდეს გამიგია, ირაკლი კობახიძეს, სად არის ბათუმში ოფისში?! ამათ რანაირად უნდა ააწყონ პარტია? მიმითითეთ მისამართი, სადაა ,,ოცნების'' ოფისი და გვაჩვენონ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული თუნდაც ერთი სხდომის ოქმი?! კალაძითა და კობახიძით პარტია არ აეწყობა, არ დაგავიწყდეთ, ეს ის კალაძეა, რომელმაც 2005 წლის არჩევნები სააკაშვილს მომღიმარი სახით ,,გაუპრავა''. იგივეს ვერ ვიტყვი სხვა პარტიებზე, თუნდაც რესპუბლიკელებზე, რომელსაც ნამდვილად აქვს ოფისები და სტრუქტურა, მაგრამ კოალიციაში წამყვანი ძალა ,,ოცნებაა''... ამიტომ ვფიქრობ, 2016 წელს კოალიცია, გაყალბების გარეშე, მინიმალურ შედეგს აჩვენებს. რაკი მმართველი გუნდი საარჩევნო ცვლილებებზე არ მოდის, ეჭვი მიჩნდება, არჩევნების გაყალბებაზე წავა. ,,ოცნებას'' ვაფრთხილებ, მისი ჩამოგდება ნაციონალების გაშვებაზე გაცილებით ადვილი იქნება. თუ არჩევნებს გააყალბებს, ხალხი გარეთ გამოვა და პანღურს ამოკრავს! 
- თუ ფულს არ ჩავთვლით, ჩერნოვეცკის სხვა რა ღირსება აქვს? 
- აქვს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება: ოთხჯერ იყო პარლამენტის წევრი, 2-ჯერ კიევის პირდაპირი წესით არჩეული მერი, კიევს კი იმაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე მთელ საქართველოს. როცა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაზე ველაპარაკებოდი, პოლიტიკურ ლაბირინთებში კარგად ვერ ერკვეოდა. ახლა ნელ-ნელა ისწავლა, ხოლო როცა ჩერნოვეცკის ველაპარაკები, მასთან ურთიერთობა მიადვილდება, რადგან პოლიტიკას დღეს არ იწყებს, გამოცდილი კაცია და იცის საგარეო ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ა.შ. ჩემთვის მისი წარსულიც მიმზიდველია: 2008 წელს, ქართველ ჟურნალისტ ღონღაძეს ძეგლი გაუხსნა, კიევში ასევე გახსნა შოთა რუსთაველის ძეგლი. საქართველოს საელჩოს კი კიევში განთავსებულ მშვენიერ შენობაში თეთრი არ გადაუხდია - ხარჯები პირადად ჩერნოვეცკიმ გაიღო. ყველაფერი ეს წლების წინ, ისე გააკეთა, წარმოდგენა არ ჰქონდა, 2016 წელს საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ამით ის ბიძინა ივანიშვილს არ ჰგავს. მან საქართველოში გადმოიტანა თავისი საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოციალური პარტნიორობა'' და უამრავ ბავშვს ეხმარება. ამიტომ, როცა პარტიის შექმნა დააანონსა და მეორე-მესამე დღეს დამირეკა, ბევრი არ მიფიქრია, მასთან ურთიერთობა ისე დავიწყე. დამიჯერეთ, მანამდე პირადად არც ვიცნობდი. 
- რაკი საქმე მის პოლიტიკურ წარსულზე მიდგა, ისიც ვთქვათ, რომ უკრაინაში 70 მილიარდის მოპარვას აბრალებენ, მის მეუღლეს ბავშვის გატანას, იარაღით ვაჭრობასა და მის წინააღმდეგ არსებული საქმის დახურვას. ოპონენტები ამ თემებს წინასაარჩევნოდ არ ამოქექავენ? 
- ბუნებრივია, რაკი კითხვები არსებობს, პასუხიც სჭირდება, რომელიც თავად ჩერნოვეცკის აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს არის კითხვები პოლიტიკოსის და არა ქველმოქმედის მიმართ. ასე ვარ მეც - ნახეთ, მურმან დუმბაძეზე რა აღარ იწერება, სისხლის სამართლის საქმე კი არასოდეს ყოფილა აღძრული, თორემ ასე, ივანიშვილზეც ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ საქმე იყო და დაიხურა. მაჩვენეთ დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ჩერნოვეცკიზე სისხლის სამართლის საქმე არსებობდა! მან უკრაინაში ყველა კითხვას უპასუხა და პასუხები ჩვენი მოქალაქეებისთვისაც მზად აქვს. ხალხს ივანიშვილმა და კოალიციამ უნდა უპასუხოს, რატომ ჩამოცდა ეროვნული ვალუტის კურსი ისტორიულ მინიმუმს, რა ხდება ქვეყანაში, სად არის სოფლის მეურნეობაში ვითომ ჩადებული 3 მილიარდი?! ვინმემ იცის, რომ ,,ოცნების'' მოსვლიდან პირველი 10 თვის განმავლობაში, აჭარაში 1 800 000 დოლარის საინვესტიციო წინადადება შემოვიდა და მეშვიდეკლასელი ბავშვის გონების მქონე კაცმა, აჭარის მთავრობის მეთაურმა, არჩილ ხაბაძემ ერთი საინვესტიციო წინადადებაც არ განიხილა?! ამაზე ექსპრემიერ ღარიბაშვილსაც და ივანიშვილსაც ვესაუბრე და მითხრეს, შენ ვინ გეკითხებაო. სამაგიეროდ, ივანიშვილს ის აინტერესებს, ციხისძირში 150-წლოვანი ხეები მოგლიჯოს და ურეკში კერძო სახლში წაიღოს. რაც უნდა, ის მოთხაროს თავისი ჭორვილიდან და თავის მეორე სახლში გადაიტანოს, ჩვენი რეგიონიდან ამ ხეების წაღების უფლება კი არ აქვს! ივანიშვილის ამოცანა აჭარაში უფროსად სწორედ ხაბაძისნაირი მლიქვნელი და პარაზიტი კაცის ყოლა იყო, რომ ნებისმიერ დოკუმენტზე ხელი მოეწერა. ზუსტად ახლა ვიყავი ციხისძირში, სადაც 20 ერთეული ტექნიკაა მიყვანილი და დაახლოებით, 300 ტონა მიწა უნდა ამოითხაროს ამ ხეების გადასატანად. ეს რა უბედურებაა? იქ მცხოვრებ 20-25 ოჯახს ხეებს ართმევს, რის გამოც წყაროები დაშრება და ამას რა ჰქვია?! 
- რა ვიცი, 2012 წელს სული არ გენანებოდათ ივანიშვილისთვის და ახლა ხეები გენანებათ? 
- ბიძინა ივანიშვილისთვის სული არც ახლა მენანება. მაშინ რეჟიმი იყო შესაცვლელი და ჩვენ რომ მისთვის მხარი არ დაგვეჭირა, არაფერი გამოვიდოდა. ახლა სხვა სურათია, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. 
- უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა ჩერნოვეცკის მიერ გამოცხადებული ,,10 000-ლარიანი პროგრამის'' კონკურსია, რომლის მიხედვითაც, ხალხმა საარჩევნო პროგრამის საკუთარი ვარიანტი უნდა გამოგიგზავნოთ? 
- ეს ძალიან მაგარი ინოვაციაა და როცა ამის შესახებ მითხრა, იდეა ძალიან მომეწონა. საუბარი იმაზე კი არაა, რომ ადამიანებმა 500-გვერდიანი დოკუმენტები დაწერონ, არამედ ძირითადი მესიჯები. ხალხი დაწერს საკუთარი უბნის, სოფლის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის პრობლემასა და მისი გადაწყვეტის გზას, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი პროგრამული მესიჯიც აღმოჩნდეს. ისე, ჩერნოვეცკის პარტიის პროგრამის ნაწილი, უფრო სწორად, მიმოხილვითი პროგრამა უკვე გამოქვეყნდა. 
- და თუ არ ვცდები, უკვე ეჭვობთ, რომ ,,ოცნება'' პროგრამას გპარავთ. შეგიძლიათ, დამისახელოთ, ,,ოცნებამ'' კონკრეტულად რა მოგპარათ? 
- დიახ, პრემიერი კვირიკაშვილი უკვე იმ ტექსტებით საუბრობს, რაც ამ პროგრამაშია. სად წერია ,,ოცნების'' პროგრამაში, რომ ონლაინკაზინოები უნდა აიკრძალოს? ახლა კვირიკაშვილი ამას ამბობს. 
- ან კვირიკაშვილი სად იყო, ან ჩერნოვეცკი, როცა 3 წლის წინ, ჯერ კიდევ ,,ოცნებაში'' ყოფნისას, ამ თემაზე საუბარი კობა დავითაშვილმა დაიწყო... 
- დიახ, დაიწყო და მის ინიციატივას ხმა მივეცი, ,,ქართულმა ოცნებამ'' კი არა. რატომ?! სად უწერია ,,ოცნებას'', რომ ბავშვებისთვის, ვინც ქუჩაში მათხოვრობს, სახლებს ააშენებენ? ჩერნოვეცკიმ ეს დაწერა და კვირიკაშვილმა მაშინვე თქვა, მათხოვარ ბავშვებს სახლები უნდა ავუშენოთო. ასევე მოხდა გადასახადების თანმიმდევრულად შემცირების საკითხზეც. ეს იმას ნიშნავს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ'' უკვე დაიწყო ამ პროგრამის შესწავლა. დიახ, კვირიკაშვილი ლეონიდ ჩერნოვეცკის პროგრამას პირდაპირ ,,აკოპირებს''. 
- ბატონო მურმან, ყველას ახსოვს თქვენი ცნობილი წყევლა, ვინც მხარს სააკაშვილ-ნაციონალებს დაუჭერს, ხელი გაუხმებაო. იმ ხალხისთვის, ვინც 2016-ში ივანიშვილ-,,ოცნებას'' შემოხაზავს, ახალი წყევლა ხომ არ მოგიფიქრებიათ? 
- ამ წუთას არა, მაგრამ გარწმუნებთ, აუცილებლად მოვიგონებ. არც ის ფორმულა ყოფილა წინასწარმოფიქრებული და ამომრჩეველთან უშუალო ურთიერთობისას, ექსპრომტად დაიბადა.