ჭიათურაში დიდი ვნებათაღლვაა. რამდენიმე დღეა მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ, რომელიც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. ისინი აპროტესტებენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვების დროებით შეჩერებას, რის შედეგადაც დასაქმებულთა 90 პროცენტს ხელფასი 40 პროცენტით შეუმცირდა.
300-მდე მაღაროელთან ერთად აქციას სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ რუსთავის აზოტის, ქსნის მინის ტარის ქარხნის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ტყიბულის შახტების თანამშრომლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები: თბილისის სოლიდარობის ქსელი, სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი, ჭიათურელთა კავშირი და ა. შ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობისგან დასაქმების მყარ გარანტიებს, ხელფასის დაკარგული 40%-ის სამთავრობო რეზერვიდან კომპენსირებას და საწარმოს 4-თვიანი იძულებითი მოცდენის პერიოდში შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსასწორებლად გეგმის შემუშავებას მოითხოვენ.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში მადნის მოპოვება 20 იანვარს ოთხი თვით შეწყდა. შედეგად, 20 მაისამდე 3700 დასაქმებულიდან 3200 სამუშაოს გარეშე დარჩა. ისინი ამ დროის განმავლობაში ხელფასის 60 პროცენტს მიიღებენ და დაზღვევა შეუნარჩუნდებათ. კომპანიამ გააფორმა ასევე მუშებთან შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამ დროის განმავლობაში ის ეცდება, დასაქმებულებს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს საბანკო კრედიტის დაფარვაში, თუ ისინი ამ თხოვნით მიმართავენ.
„დასაქმებულებს ამ ხელშეკრულებებზე სწრაფად მოაწერინეს ხელი, ისე, რომ მათ დოკუმენტის გაცნობის საშუალება არ ჰქონიათ. ჩვენ მთავრობისგან ვითხოვთ მყარ გარანტიებს, რომ 20 მაისს მუშაობა აღდგება, ყველა დასაქმებული სამუშაოს დაუბრუნდება და ეს სამუშაო ადგილები იქნება მყარი“, - აცხადებს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარე თემურ გვენეტაძე.
საკმაოდ მწვავე პროტესტის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციას შორის პროფკავშირების გაერთიანების ოფისში შედგა შეხვედრა, რომელზეც თანამშრომელთათვის დამატებითი ბენეფიტების გაცემაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს:
1. არაუგვიანეს 2016 წლის 20 მაისისა „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი“ განაახლებს მუშაობას 2016 წლის 20 იანვრამდე არსებული რეჟიმით, მოქმედი თანამშრომლებისათვის სამუშაო ადგილების სრულად შენარჩუნებით.
2. კომპანიის თანამშრომლებს შვებულების უფლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული პირობებით, საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სპეციალური მუშაობის რეჟიმის დასრულებისთანავე.
3. საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ სპეციალურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში, საწარმო განახორციელებს შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების ღონისძიებებს ამ სფეროში საწარმოში არსებული პრობლემების მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად.
4. საწარმოს ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლებისთვის შემოსავლების კლების შესამსუბუქებლად, საწარმო უზრუნველყოფს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დადგენილი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმის - 272,5 ლარის ანაზღაურებას იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა ხელფასის 60%-ი (ხელზე ასაღები) ნაკლებია აღნიშნულ მაჩვენებელზე. შესაბამისად, საწარმო განახორციელებს აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლების ხელფასის 60%-სა (ხელზე ასაღები) და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს შორის (272,5 ლარი) სხვაობის კომპენსირებას.
5. ამ შეთანხმების პირობები ვრცელდება „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის“ ყველა თანამშრომელზე.