ნავთობის ფასი ფსკერზე, რუსეთი - უფსკრულში

ნავთობის ფასი ფსკერზე, რუსეთი - უფსკრულში

ირანს ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები მოეხსნა და მსოფლიო სანავთობო ბაზარზეც დიდი პანიკაა. 1 ბარელის ფასი 26-29 დოლარის ფარგლებში მერყეობს და მალე 25 დოლარამდე ჩამოვა. მთელი 2016 წლის განმავლობაში შავი ოქრო არ გაძვირდება და ნავთობსი ექსპორტიორ ქვეყნებს სწორედ რომ შავი დღეები ელით.

ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ ბრძანებას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ უკვე მოაწერა. ირანისთვის სანქციების გაუქმების შესახებ საუბარია ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის ერთობლივ განცხადებაშიც.

თეირანისთვის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელშეკრულებას ირანმა და „ექვსეულმა“ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) ხელი 2015 წლის ზაფხულში მოაწერეს. ხელშეკრულების მიხედვით, ირანი 10 წლის განმავლობაში შეაჩერებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ასევე 15 წელი არ ექნება წვდომა ბირთვულ საწვავსა და აღჭურვილობაზე. ოფიციალური თეირანი პირობს დებს, რომ ურანს 15 წლის განმავლობაში 3,67%-ზე მეტად აღარ გაამდიდრებს და ურანის გასამდიდრებელ ქარხანა „ფორდოს“ ტექნოლოგიურ ცენტრად გადააქცევს.

სანაცვლოდ ირანმა მიიღო პირობა, რომ მას ეკონომიკურ სანქციებს მოუხსნიან და ქვეყანას კვლავ ექნება ფულადი გადარიცხვების საერთაშორისო სისტემასთან წვდომა. ასევე მას შეეძლება საკუთარი ნავთობი უკვე დასავლეთის ბაზრებსაც მიაწოდოს.

აშშ–ის იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ირანს მხოლოდ მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციები მოეხსნა, მანამდე ამოქმედებული შეზღუდვების დიდი ნაწილი კი ისევ ძალაში რჩება. მათ შორისაა ირანისთვის იარაღის მიყიდვა.

მოქმედ ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ირანის სამოქალაქო ავიაპარკი მნიშვნელოვნად დაზარალდა. ბევრი თვითმფრინავი სათადარიგო ნაწილების არარსებობის გამო არ დაფრინავდა. კომერციული ავიამიმოსვლის მოდერნიზაცია ირანის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მთლიანობაში ირანი გეგმავს 400–მდე ახალი თვითმფრინავის შეძენას უახლოეს 10 წელიწადში. კონტრაქტის თანახმად, „ერბასის“ პირველი თვითმფრინავები ირანში 20 მარტამდე უნდა ჩავიდეს.

სანქციების მოხსნის შედეგად, ირანი შეძლებს მიიღოს წვდომა მის დაყადაღებულ აქტივებზე, რომელთა მოცულობაც 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს, და გაზარდოს ნავთობის ექსპორტი. სანქციების მოხსნის შემდეგ თანდათანობით აღდგება ფინანსური ტრანზაქციები ირანულ ორგანიზაციებთან და ბანკებთან.

ირანის სანქციებისგან გათავისუფლებამ საერთაშორისო ბირჟების მორიგი ვარდნა გამოიწვია. 1 ბარელი ნავთობის ფასი უკვე ჩამოცდა 29 დოლარს და თანდათან 25 დოლარის ნიშნულისკენ მიიწევს. გამორიცხული არ არის, ზამთრის დასრულების შემდეგ შავი ოქრო ღირებულება 20 დოლარის ზღვარსაც ჩამოცდეს.

სხვათა შორის, ამერიკული, დაბალხარისხაინი, „ნორს დაკოტა სოურ“-ის მარკის ნავთობის ღირებულება ნულს მიუახლოვდა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, კომპანია „ფლინტ ჰილს პესოურსი“ მზადაა აღნიშნული მარკის ნავთობი შეიძინოს, თუკი 1 ბარელში მას 0,5 აშშ დოლარს გადაუხდიან. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში ამ მარკის ნავთობი 47,60 აშშ დოლარი ღირდა, 2015 წლის იანვრისთვის კი, მისი ფასი 1 ბარელზე 13,50 აშშ დოლარამდე იყო შემცირებული.

„ნორს დაკოტა სოურის“ ნავთობი ძალიან დაბალი ხარისხისაა, მასში მაღალია გოგირდის შემცველობა, ამიტომ მოპოვების მოცულობა 15 000 ბარელზე ნაკლებია დღე-ღამეში. შედარებისთვის, შტატ დაკოტას დასავლეთ ნაწილიში ფიქალიდან ყოველდღიურად 1,1 მლნ ბარელი ნავთობის მოპოვება ხდება, რომელშიც გოგირდის შემცველობა დაბალია.

ირანის შეჭრა სანავთობო ბაზარზე განსაკუთრებით დააზარალებს ნავთობპროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნებს. მათ სიაში კი პირველი რუსეთია. ამ ქვეყანას რომ წინ უზარმაზარი პრობლემები ელის, ამას კრემლშიც ადასტურებენ და გავლენიან საფინანსო წრეებშიც.

„სბერბანკის“ ხელმძღვანელმა გერმან გრეფი ამბობს, რომ რუსეთი აღმოჩნდა იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც მარცხდებიან.

„ქვის ხანა დასრულდა არა იმიტომ, რომ დასრულდა ქვები. ზუსტად ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დასრულდა ნავთობის ხანა. ჩვენ წავაგეთ კონკურენცია, ეს გულწრფელად უნდა ვთქვათ, და ესაა ტექნოლოგიური მონობა. რა უნდა მოვუხერხოთ ამას მომავალში? რა თქმა უნდა, უნდა შევცვალოთ ყველა სახელმწიფო სისტემა. რადგან თუ მომავალზე ვსაუბრობთ, ძირითად როლს ასრულებდა და ასრულებს და მომავალში კი კიდევ უფრო მთავარ როლს შეასრულებს სახელმწიფო. უნდა შევცვალოთ სახელმწიფოებრივი ინსტუტები. მიმაჩნია, რომ ჩვენ საზოგადოებრივ დონეზე უნდა გავაკეთოთ სერიოზული დასკვნები და დავდოთ სერიოზული პროგნოზები იმის შესახებ, თუ სად აღმოვჩნდებით არა ოდესღაც, არამედ 10 წლის შემდეგ. წყალბადების ერა დასრულდა, ფასი იქნება 30, 40, 50 თუ 60 - არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვიქნებით ძალიან სერიოზულად ჩამორჩენილები, თუ არ შევცვლით ჩვენი მიდგომის საზოგადოებრივ კონცეფციას იმასთან მიმართებაში, რაც მსოფლიოში ხდება“, - განაცხადა გერმან გრეფმა.