ირანს 2005 წელს ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები მოეხსნა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი და ეს გადაწყვეტილება შტატებში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნის შედეგად მიიღეს.
ამასთან, ირანისთვის სანქციების მოხსნის შესახებ საუბარია ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის ერთობლივ განცხადებაშიც. როგორც ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი: „გამომდინარე იქიდან, რომ ირანმა შეასრულა ვალდებულებები, მოეხსნა მრავალმხრივი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდებოდა“.
ირანისთვის სანქციების მოხსნამ მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია და ნავთობის ღირებულება ბარელზე 28 დოლარს ჩამოსცდა.
თუმცა აშშ–ის იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ირანს მხოლოდ მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციები მოეხსნა, მანამდე ამოქმედებული შეზღუდვების დიდი ნაწილი კი ისევ ძალაში რჩება. უფრო მეტიც, მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, BBC-ის ცნობით, ამის მიზეზი თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გახდა. ახალი სანქციები იმ ირანულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს დაუწესდათ, რომლებსაც კავშირი აქვთ სარაკეტო პროგრამასთან.
რას ნიშნავს ირანისთვის 2005 წელს ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციების მოხსნა და ხომ არ არის თავის მოტყუება, რომ ირანი საფრთხის შემცველი აღარ იქნება მსოფლიოსთვის?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარისას აცხადებს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი დროში გაიჭიმა და გადაიდო, თორემ ბომბი აუცილებლად ექნება ირანს და დასავლელი ექსპერტები საამისო თარიღად 15 წელს ასახელებენ, უფრო კომპეტენტური - ისრაელის ექსპერტები კი 7-დან 10 წლამდე პერიოდში ელიან ირანის მიერ ბომბის შექმნას. უფრო მეტიც, იქამდე მიიყვანეს საქმე მსოფლიოში, რომ რიტორიკული კითხვა ისმის, რით არის ირანი ისრაელზე ან პაკისტანზე ნაკლები? ირანთან შედარებით, პაკისტანი ხომ არშემდგარი სახელმწიფოა? ამის მიუხედავად, თუკი პაკისტანს აქვს ბირთვული იარაღი და ეს მსოფლიოს თითქოს საფრთხეს არ უქმნის, მაშინ ირანმა რა დააშავა?
„საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ისრაელთან კონფლიქტი სულაც არ არის საიმისო არგუმენტი, რომ მხოლოდ ამიტომ აუკრძალონ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა. დღეს ისე შორს წავიდა ბირთვული იარაღის გავრცელება, რომ 10-15 წელიწადში, ალბათ, 20-25 ქვეყანას მაინც ექნება ბირთვული იარაღი. ყველაზე საშიში მაინც არაბული ბომბის პრობლემაა, ეს ჯერ კიდევ კადაფისა და სადამ ჰუსეინის დროს დაწყებული პრობლემაა. ზოგადად, ირანისთვის სანქციების მოხსნა ბრწყინვალე პერსპექტივას ქმნის და ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია ჩვენი ხელისუფლების სიჩქარე „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების თვალსაზრისით. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მეორე დღეს ამ ხელშეკრულებას ვეღარ გააუქმებ, გააჩნია, როგორი ხელშეკრულება იქნება. ნუთუ კალაძისთვის ან პრემიერისთვის არაფერს ნიშნავს პრეცედენტი, რომ მთელი ჩვენი ქალაქი ებრაული თაღლითური კომპანიის „სითი პარკის“ ტყვეობაშია?! ამის მიზეზი ისაა, რომ უკვე დაიდო ისეთი ხელშეკრულება, რომლის გაუქმებაც ძალზე რთულია. ძველი რომაელების არ იყოს, „ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს“. რაც შეეხება ირანისთვის სანქციების მოხსნას, ამას საქართველოსთვის ნული ფასი აქვს. ბენზინი, ნავთობი მსოფლიოში იაფდება, ჩვენთან კი ადეკვატურად რომ იაფდებოდეს, მაშინ ლიტრი ბენზინი, მაქსიმუმ, ერთი ლარი უნდა ღირდეს. მსოფლიო ბაზარზე ბენზინი 5 დოლარით იაფდება, აქ კი იაფდება მხოლოდ 5 თეთრით და გაზი კიდევ უფრო ძვირდება. კალაძის არგუმენტი ისაა, გაზი ბევრი უნდა იყოს საქართველოში, სხვადასხვა წყაროებიდან უნდა შემოვიდეს, რომ გაიაფდესო. ამ დროს კი პრემიერი თავის საახალწლო მიმართვაშიც არ ერიდება იმის პირდაპირ თქმას, რომ შეიძლება გარდუვალი გახდეს გაზის გაძვირება. პრემიერი ბანკირია და ბანკირები მთელ მსოფლიოში ყველაზე გულქვა ადამიანები არიან, მაგრამ გულახდილად გვითხრა ამ კაცმა, გაზი გაძვირდებაო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ამასთან, ირანული გაზის პერსპექტივას საქართველოსთვის მაინცდამაინც სასარგებლოდ არ განიხილავს, რადგან რეალურად სომხეთი იქცევა სატრანზიტო ქვეყნად და არა- საქართველო. ზოგადად, მთელი ეს პასეანსი- ირანის გააქტიურება, რუსეთისა და „გაზპრომის“ ქმედებები, სოსო ცინცაძის აზრით, რეალურ საფრთხეს ქმნის. კერძოდ, შევარდნაძე და სააკაშვილი, ასე თუ ისე, ახერხებდნენ რეგიონში ბალანსის შენარჩუნებას, თბილისი-ბაქო-ერევანის სამკუთხედიც არსებობდა, დღეს კი გაზის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შედეგად ბალანსი ირღვევა, საქართველო და სომხეთი, ნებით თუ უნებლიეთ, იკავებენ ანტიაზერბაიჯანულ პოზიციას. ამ დროს კი აზერბაიჯანის უკან დგას თურქეთი, თურქეთის უკან დგას ნატო და ისედაც არავინ გვეპატიჟებოდა ნატოში, ახლა კი მითად იქცევა ეს ყველაფერი. ამიტომ ირანს თავისი წვლილის შეტანა შეუძლია გეოგრაფიული ბალანსის თვალსაზრისით.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მართალია, შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები შეურბილა, მაგრამ ირანს კიდევ აქვს სერიოზული მოტივაცია ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
„როგორც ჩანს, შეერთებული შტატები ბოლომდე არ ენდობა ირანს, განსაკუთრებით, რაკეტმშენებლობის ნაწილში და ბოლომდე არ გაუთავისუფლებია ირანი სანქციებისგან. მას შემდეგ, რაც სანქციები დაუწესეს ირანს, ნავთობის ბაზარი საუდის არაბეთმა დაიკავა, ამიტომ დღეს საკმაოდ გამძაფრებულია სიტუაცია. საუდის არაბეთი ყველაფერს აკეთებს, რომ შეაფერხოს ირანული ბაზრის დაბრუნების პროცესი. ირანის მხრიდან ამ ყველაფერს აღდგენა სჭირდება, ტექნოლოგიებიც შესაცვლელია, მაგრამ ირანის დაბრუნება მსოფლიოს ბაზარზე უზარმაზარი გადატრიალების ტოლფასია. ბარელი ნავთობის ფასი უკვე 28 დოლარამდე ეცემა, ამ დროს კი რუსეთის ეკონომიკა და მისი ბიუჯეტი 50 დოლარ ბარელზე იყო გათვლილი. შედეგად, რუსეთს კატასტროფა ემუქრება, ხვალ კიდევ დაეცემა ნავთობის ფასი. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთისნაირ დამოკიდებულ ეკონომიკას ძალზე დიდი პრობლემა შეექმნება. მაგალითად, საუდის არაბეთის ეკონომიკის 90% დაკავშირებულია ნავთობთან, რუსეთის ეკონომიკის დამოკიდებულება ნავთობზე კი 70%-ია“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია და განმარტავს, რომ ირანი ერთ-ერთი დიდი, ამბიციური, აგრესიული ქვეყანაა, ამიტომ საქართველო ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ირანს არანაკლები ამბიციები აქვს, ვიდრე რუსეთსა და თურქეთს. ამიტომ მოზომილი, გათვლილი პოლიტიკა გვესაჭიროება.