ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის თაობაზე ისევ სქელი ბურუსია

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის თაობაზე ისევ სქელი ბურუსია

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი, მაგრამ ყველასთვის ბურუსით მოცულია როგორც შესარჩევი კრიტერიუმები, ისე სავარაუდო კანდიდატები. არადა, თებერვლის მოახლოებასთან ერთად ამ საკითხის ირგვლივ დუღილის ტემპერატურა მატულობს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა და პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დაახლოებით იანვრის ბოლოს გამოიკვეთება. თებერვლის დასაწყისში კი იგი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

„ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარეობს უაღესად ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელშიც უკვე ტრადიციულად აქტიურად არის ჩაბმული როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები და ასევე, ეს პროცესი ფართოდ შუქდება მედიის მიერ. დაახლოებით, სავარაუდოდ, ერთი თვის ფარგლებში მოხდება ახალი კანდიდატურის გამოკვეთა და მისი პარლამენტისთვის წარდგენა“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

დამოუკიდებელი ექსპრეტები ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა პოლიტიკურია. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია, სებ-ის პირველი პირის დასანიშნად საჭირო პროცედურების განმარტებაზე საუბრობს.

„ორგანული კანონის მიხედვით 7 წლით ინიშნება ეროვნული ბანკის საბჭოს 7 წევრი და ამ 7 წევრიდან ირჩევა შემდგომ პრეზიდენტი. ახლა ვადა გასდის მხოლოდ პრეზიდენტს და მის ნაცვლად ახალი პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული. პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტი წარადგენს საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტში, პარლამენტი დაამტკიცებს და შემდეგ ეს 7-კაციანი საბჭო კანდიდატს პრეზიდენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.

კანონმდებლობის მიხედვით, საბჭოს ახალი წევრი 2 თვის ვადაში უნდა აირჩეს. გამორიცხული არ არის, პრეზიდენტი მოქმედი საბჭოს წევრებიდან იყოს არჩეული. საბჭოს შეუძლია არსებული წევრებიდან რომელიმეს კანდიდატურა შესთავაზოს პრეზიდენტს“, - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, კანდიდატის წარდგენამდე, აღმასრულებელ და საკანონამდებლო მთავრობასთან კონსულტაციები უნდა გაიაროს.

„პრეზიდედენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა და ამ საკითხზე თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ პოზიციებზე დგანან, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის, რა კრიტერიუმებია წინ წამოსაწევი, რომელიც უნდა იყოს განმსაზრვრელი მისი არჩევისას.

რამდენიმე კვირა დარჩა, თუმცა ყველასთვის ბურუსით მოცულია როგორც კრიტერიუმები, ისე სავარაუდო კანდიდატები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება არჩეული.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურაა. აუცილებელია, პრეზიდენტმა კანდიდატის წარდგენამდე კონსულტაციები გაიაროს როგორც აღმასრულებელ მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. არ იქნება სწორი და კორექტული, მთავრობა პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენოს პრეზიდენტმა“, - აღნიშნა ჯგერენაიამ.

არსებობს მოსაზრება, რომ 2016 წლის ბოლომდე პრეზიდენტის გარეშე დარჩეს ეროვნული ბანკი და მისი მოვალეობა ამჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა შეასრულოს. საქმე ისაა, რომ წლის ბოლოს ვადა გასდის ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ სამ წევრს, შესაბამისად, ხელისუფლებას საშუალება მიეცემა ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტოს სებ-ის საბჭოში ხმათა უმრავლესობის საკითხი და ამის შემდეგ გაიყვანოს საკუთარი კანდიდატურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამ საფუძვლიან მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ექსპრეტი ალექსანდრე თვალჭრელიძე.

„არა მგონია, ასე მოხდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და თვის ბოლომდე პრეზიდენტი აუცილებლად წარადგენს კანდიდატურას. ქვეყნის პრეზიდენტის პრეროგატივაა, დანიშნოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ახლა მგონი, ბოლო გაფართხალებაა ეროვნული ბანკის წინა ადმინისტრაციისა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ლარის კურსის გამყარებაც კი ნამდვილად შესაძლებელია მცირე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების გზით“, - აცხადებს თვალჭრელიძე.