2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცხრა თვე რჩება, პოლიტიკურ პარტიებს კი, არათუ, საარჩევნო პროგრამა არ აქვთ მომზადებული, არამედ ისინი ახალი სახეებისა და ლიდერების შერჩევის პრობლემის წინაშეც დგანან.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიის წარდგენა მოსთხოვა, პარტიები კი, კანდიდატების შერჩევის პროცესში არიან.
წყაროს ცნობით, პარტიების წარმომადგენლები მათთან დაახლოებულ პირებს ისეთი კანდიდატურების შეთავაზებას სთხოვენ, რომლებსაც ერთი მხრივ, შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება ექნებათ, მეორე მხრივ კი, ისინი ყოფილ პრემიერსაც უნდა მოეწონოს.
როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, კომიტეტის თავმჯდომარეებს საკუთარი CV-ებით ინდივიდვალურად ის ადამიანებიც მიმართავენ, რომლებსაც პარლამენტის წევრობა და ამ მიზნით, რეკომენდაციის გაწევა ბიძინა ივანიშვილთან სურთ. თავის მხრივ, ასეთ პირებს დეპუტატები ბიოგრაფიული მონაცემების წარდგენას პარტია „ქართულ ოცნებაში“ ურჩევენ და თან რეკომენდაციის გაწევასაც ჰპირდებიან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვინ მოხვდება და რომელ პარტიას რამდენი მანდატი ერგება, ამის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას უმრავლესობაში თითქმის, არავინ არ ფლობს და ყველა პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას ელოდება, რომელიც ჭიანურდება.
კანონმდებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ კოალიციის შემადგენლობაში „მრეწველებისა“ და „კონსერვატორების“ რიგებიდან შესაძლოა, რამდენიმე პირი მოხვდეს და არა სრულიად პარტიები, მეორე ნაწილი კი, „რესპუბლიკური პარტიის“ როლის შესუსტების სურვილზე მიანიშნებს და ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა პარტია „ქართული ოცნების“ შემდეგ, ყველაზე მეტი მანდატი არ უნდა მიიღონ.
მერვე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვინ მოხვდება, ამის თაობაზე მხოლოდ ვარაუდები ისმის და ყველა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია, რადგან უმრავლესობის წევრები for.ge-სთან კულუარულ საუბარში არ მალავენ, რომ საარჩევნო სიას ყოფილი პრემიერი პირადად კურირებს.
ვარაუდია, რომ „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარ დეპუტატებად და სიაში მოხვდებიან - დიმიტრი ხუნდაძე, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გია ვოლსკი, ირაკლი სესიაშვილი, ლერი ხაბელოვი, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, თემურ ჭკუასელი, ხოლო დანარჩენი პირები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან ბიძინა ივანიშვილის საკუთარ ბიზნესში დასაქმდებიან.
ვინ სად და როგორ დასაქმდება, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბებას ვარაუდობს და ამბობს, რომ მისი პარტიის „სოციალ-დემოკრატების“ სურვილია, ამ ბლოკში გაერთიანდნენ.
for.ge-სთან საუბარში ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა იყოს ის „თუ რა გვინდა“ და არა ის, ვის რამდენი მანდატი ექნება.
დეპუტატის თქმით, საარჩევნო ბლოკის შემადგენლობა როგორი იქნება, ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
ჟორჟოლიანს არ ჰგონია, რომ კოალიციაში რაიმე დრამატული ცვლილებები მოხდება, მაგრამ მისი თქმით, არის წინადადებები, რომლებიც განხილვას უნდა დაექვემდებაროს.
„მათ შორისაა ის, რომ „სოციალ-დემოკრატები“ ამ ბლოკში გაერთიანდნენ. ტერმინები ზუსტად უნდა გამოვიყენოთ. არჩევნებში კოალიცია არ მონაწილეობს, რადგან კოალიცია არის პარლამენტის მიერ შედგენილი მთავრობა ან უმრავლესობა. შეიძლება საარჩევნო ბლოკზე ვისაუბროთ, თუ როგორი იქნება ის?! ეს ტერმინი უფრო ადეკვატურად ასახავს იმ რეალობას, რასთანაც ჩვენ საქმე გვაქვს. ჩვენც გვაქვს განწყობა, რომ ამ საარჩევნო ბლოკში გავერთიანდეთ და ეს საკითხი განიხილება. საარჩევნო ბლოკის თაობაზე შეხედულებები უახლოეს სამ-ოთხ თვეში საბოლოოდ ჩამოყალიბდება, თუმცა, ეს კანონმდებლობით ბევრად უფრო გვიანაც შეიძლება მოხდეს“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.
კანონმდებელი ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენად მოსალოდნელია, კოალიციის გაფართოება, ან პირიქით, შევიწროვდება, მაგრამ ის არაც ერთს არ გამორიცხავს.
ჟორჟოლიანის ვარაუდით, პოლიტიკური ელიტის გადახალისება მოხდება და არა დაკონსერვება, რაც სრულ ცვლილებას არ გულისხმობს.
„არსებითია ის, საარჩევნო ბლოკის ფორმირება რა იდეების გარშემო მოხდება. წინა ბლოკი, რომლის ფორმირებაც მოხდა, ავტორიტარული ძალის წინააღმდეგ მიმართული იყო და მისი ძირითადი იდეა იყო, რომ ყველა ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის და ხალხისთვის განვილი ეტაპია, შესაბამისად, პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს იმან, თუ რა გვინდა. დრამატულ ცვლილებებს არ ველოდებით, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ვფიქრობ, რომ საარჩევნო ბლოკი იდეებისა და ხედვის გარშემო ჩამოყალიბდება“, - დასძენს ჟორჟოლიანი.
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი და კოალიციის ლიდერი ვინ იქნება, ამის თაობაზე ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, ამბობს, რომ კოალიციის და სიის პირველი ნომერი შესაძლოა, ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვეოდეს.
როგორც for.ge-ს ძიძიგურმა განუცხადა, როგორც წესი, საქართველოში ასეთი ამბები მაშინ ირკვევა, როცა სიის წარდგენამდე ხუთი წუთია დარჩენილი.
„გარწმუნებთ, რომ ამას ექვსი წუთით ადრე გეტყვით“, - დასძენს ძიძიგური.
ხელისუფლებისგან განსხვავებით, ლიდერის პრობლემა არ აქვს „თავისუფალ დემოკრატებს“. for.ge-სთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ირაკლი ალასანია როგორც პარტიის ლიდერი და ასევე სიის პირველი ნომერი იქნება. ჩიქოვანის მტკიცებით, ამ მხრივ, საზოგადოება არანაიარ სიურპრიზებს არ უნდა ელოდოს.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია და საზოგადოებას იმის შეგრძნება აქვს, ლიდერი თუ ვინ არის „თავისუფალ დემოკრატებში“. სერიოზული სამუშაო გვაქვს გასატარებელი, რომ სახეცვლილ ოლქებში საზოგადოებას ადეკვატური კანდიდატები შევთავაზოთ, რადგან წარმოუდგენელია, თუ რა ფორმით უნდა შეირჩეს კანდიდატები“, - ამბობს ჩიქოვანი.
კანონმდებელის ინფორმაციით, პარტიის საარჩევნო პროგრამის გარკვეული ნაწილი მზად თებერვალში იქნება, რომელიც ეკონომიკურ პროგრამას მნიშვნელოვანწილად შეეხება.
„თავისუფალი დემოკრატებისგან“ განსხვავებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. ვინაიდან, პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მას არჩევნებში ჩართვის უფლება არ აქვს. for.ge-სთან საუბარში ნაციონალები არ მალავენ, რომ მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება, თუმცა, როგორც სიის პირველ ნომერს, ასევე სიის დანარჩენი წევრების რიგითობას პრაიმერის შედეგები განსაზღვრავს.
for.ge-სთან მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრაიმერს ჩატარდება და სიის პირველი ნომრის ვინაობაც ამის მიხედვით გაირკვევა. მისი თქმით, ყველა შანსი აქვს ბაქრაძეს, რომ სიის პირველი ნომერი იყოს, მაგრამ პრაიმერები ჩატარდება.
„მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, რაც მარგველაშვილის ერთ-ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილება იქნება. ვინაიდან, ასეთი ვითარება შეიქმნა, პარტიის წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ, სიის პრინციპები როგორი იქნება და სიის პირველი ნომრებიც ვინ იქნებიან. მიშა ჩვენი მხარდამჭერი იქნება, მაგრამ მას პროცესებში ჩარევას კანონმდებლობა უკრძალავს. თუკი ქვეყნის წინაშე ვინმეს დამსახურება აქვს, ეს ერთ-ერთი სააკაშვილია და მესმის, რომ შიშს დიდი თვალები აქვს, რადგან მარგველაშვილმა მას მოქალაქეობა ამიტომ არ მისცა. თუ მარგველაშვილს ჰგონია, რომ ამას „ქოცები“ დაუმახსოვრებენ, ძალიან ცდება“, -აცხადებს მაჭავარიანი.
თუკი პარტია გადაწყვეტს, რომ დავით ბაქრაძე სიის პირველი ნომერი იყოს, უმცირესობის ლიდერი ამ შეთავაზების მიღებას გეგმავს. როგორც for.ge-ს ბაქრაძემ განუცხადა, პარტიაში პოლიტსაბჭო არსებობს, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. მისი განცხადებით, ის საბჭოს თავმდომარეა, რაც პარტიაში ლიდერობას ნიშნავს, მაგრამ ნებისმიერი საკითხის თაობაზე - ეს იქნება სია თუ საარჩევნო კამპანია, გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული.
„პარტიაში შიდა დემოკრატია არსებობს და როგორც ლიდერის, ასევე საარჩევნო სიის თაობაზე გადაწყვეტილება საბჭოს მიერ იქნება მიღებული. მზად ვიქნები ვიბრძოლო. უკან არც 2013 წელს დამიხევია, როცა პარტიისთვის მძიმე ვითარება იყო. მზად ვარ, იქნება პირველი ნომრის პოზიცია თუ სხვა ნომრის, ვიბრძოლო. პარტიაში საკითხებს ერთი ადამიანი არ წყვეტს, არამედ გადაწყვეტილებას გუნდი იღებს“, - აცხადებს ბაქრაძე. დავით დარჩიაშვილი კი ვერ აკონკრეტებს, პარტიას საარჩევნო პროგრამა მზად როდის ექნება.
როგორც for.ge-ს დარჩიაშვილმა განუცხადა, პარტიას ფაქტობრივი, არაფორმალური ლიდერი ჰყავს, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია და პარტიაც მასთან ასოცირდება.
„ეს არის მიხეილ სააკაშვილი. მას პარტიის ხელმძღვანელობა იურიდიულად არ შეუძლია და ის პარტიის შიდა საქმეებში არც ერევა. ამ ყველაფერით პოლიტსაბჭოს სამდივნოა დაკავებული, რომლის თავმჯდომარეა დავით ბაქრაძე, მდივანი სერგო რატიანი. ეს ის სახელებია, რომლებიც კოლექტიურ მმართველობას ახორციელებენ. რამდენიმე ლიდერი არ შეიძლება, რომ იყოს? დროა, პროგრამებზე მოხდეს ფოკუსირება და არა სახელებზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს“, - დასძენს დარჩიაშვილი.