საქართველოს ხელისუფლების პასუხი მკაფიოა - არასოდეს იტყვის უარს ოჯახურ ღირებულებებზე და არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში თანხები შემოედინებოდეს რევოლუციების დასაფინანსებლად. ამ პასუხის შემდეგ, საქართველო კაია კალასის პოლიტიკურ „განაჩენს“ ელოდება, თუმცა დიდი ალბათობით, საქართველოსთან დაკავშირებით ვერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რაც ნიშნავს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, რადგან ევროკავშირის ქვეყნებშიც კი არ არსებობს კონსენსუსი. რა გამოსავალი აქვს ხელისუფელებას და როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის პასუხი - ამ საკითხებთან დაკავშირებით, for.ge ანალიტიკოსს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
ბატონო დავით, როგორ შეაფასებთ დაპირისპირებას 19 ივლისის აქციის მონაწილეებსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის; რა გაგრძელება შეიძლება ამას მოჰყვეს, უკვე პოლიტიკურ დონეზე; როგორ ფიქრობთ, ეს დაგეგმილი პროვოკაცია ხომ არ იყო?
დავით ზარდიაშვილი: - რამდენადაც ვიცი, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და მელიქიშვილის გამზირზე მყოფ რუს მოქალაქეებს შორის, რაც პოლიციის ჩარევის შედეგად, მალევე განიმუხტა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროვოკაცია არ შედგა, თუმცა გარკვეული რისკი, რომ ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს, რასაკვირველია, ყოველთვის არსებობს. აქ ყურადსაღებია ორი არსებითი გარემოება: საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დღემდე შენარჩუნებულია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებით გამოწვეული ფეთქებადსაშიში დაძაბულობა, რაც სიტუაციურად, ომის მოსაზღვრე მდგომარეობას წარმოადგენს.
საქართველოსა და რუსთს შორის დადებულია ოდენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და არა სამშვიდობო ზავი; Casus Belli არ აღმოფხვრილა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი ორი რეგიონის - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს სამხედრო ოკუპაციას, ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰყავს აღიარებული, სოხუმსა და ცხინვალში გახსნილი აქვს თავისი საელჩოები, მხარს უჭერს ანტიქართულ აგრესიულ სეპარატიზმს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და, რაც მთავარია, სამხედრო თვალსაზრისით.
ამ პირობებში, სამშვიდობო ზავი ვერასგზით ვერ დაიდება და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც ვერ აღდგება. ამავდროულად, მეორე არსებითი გარემოება - რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის განახლების გამანადგურებელი საფრთხეა საქართველოსათვის. ამდენად, მიუხედავად ზავის დადების შეუძლებლობისა არსებულ ვითარებაში, საქართველო სასიცოცხლოდ დაინტერესებულია რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებაში.
ჩვენი ქვეყანა ცდილობს ეროვნული ინტერესების დაცვას ისეთ ურთულეს, ზღვრულ პირობებში, როცა მაქსიმალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი უნდა აარიდოს დამატებით გამწვავებებსა და ისედაც ფეთქებადსაშიში კონფლიქტის სამხედრო ესკალაციას. ნებისმიერი ნაბიჯი, რამაც შეიძლება ხელოვნურად გამოიწვიოს ასეთი ესკალაცია, ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკვეთრად საპირისპიროა, საბედისწეორც კი, ვინაიდან „უკრაინიზაციის“ სცენარით განვითარდება.
გარდა ამისა, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, ამიტომ უცხოელებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თუნდაც ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები იყვნენ, ურთიერთობები უნდა წარიმართოს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ნორმების, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, რაც რუსეთის მოქალაქეთა უფლებების იგივე სტანდარტით, როგორიც ნებისმიერი სხვა უცხოელისა, დაცვას ითვალისწინებს.
მეორე მხრივ, ნებისმიერი უცხოელი ვალდებულია პატივი სცეს იმ სახელმწიფოს, სადაც იმყოფება და შეინარჩუნოს პოლიტიკური ლოიალურობა, თავი შეიკავოს ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ყოველგვარი ჩარევისგან, მიუხედავად სახელმწიფოთა შორის მეგობრული, ანდა პირიქით - არც თუ მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებისა. სუვერენული, სამართლებრივი სახელმწიფოს ამ პრინციპების დაცვას ჩვენი ხელისუფლება და ქართველი სამართალდამცველები ჯერჯერობით კარგად უზრუნველჰყოფენ, ამიტომ არ მგონია, რომ პროვოკაციების განვითარების საშუალება მისცენ ვინმეს.
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, არც უშვებს და იმედია, სამომავლოდაც არ დაუშვებს, რომ მაგალითად, რუსოფობიის ნიადაგზე რამე ანტიქართული პროვოკაცია მოეწყოს და ვერც იმას, რომ თავად უცხოელებმა, მათ შორის, ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეებმა, დაარღვიონ საქართველოში კანონიერად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი, არ დაიცვან ლოიალურობა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში პროვოკაციული ჩართვით წესრიგს და უსაფრთხოებას რამე სერიოზული პრობლემები შეუქმნან.
ევროკომისია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც ის რვა რეკომენდაციაა ჩამოთვლილი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, გაუქმდეს კანონები - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ბრიუსელი თბილისს იმასაც მოუწოდებს, შეიტანოს შესწორება ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა უზრუნველჰყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გააუქმებენ უვიზო მიმოსვლას, რა გამოსავალი აქვს ხელისუფელებას, როგორი უნდა იყოს პასუხი?
- კაია კალასი ევროკავშირის სირცხვილია, ხოლო საქართველოს ხელისუფლებისადმი მისი ეს წერილი მორიგი განსაცვიფრებელი კონფუზი. ბრიტანული გამოცემა „UnHErd“-ში, ამ დღეებში, გამოქვეყნდა სტატია, რომლის დასკვნა უმძიმესია: კაია კალასის და არა მხოლოდ მის მაგალითზე, ავტორი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში დაწყებულია მისი მმართველობითი სისტემის შეუქცევადი დეგრადაციის პროცესი, რაც საბოლოოდ კაკისტოკრატიამდე - ყველაზე ცუდებისა და უარესების მმართველობამდე მიგვიყვანს. მართლაც გამაოგნებელია არაკომპეტენტურობა, ირაციონალობა და უკვე უგუნური ფანატიზმიც კი, რაც საერთაშორისო ურთიერთობების ყოველგვარი „წითელი ხაზის“ მიღმაა და არც მეტი, არც ნაკლები - „ფსევდო-ლიბერალური ობსკურანტიზმის“ სახეს იღებს.
ყოვლად წარმოუდგენელია ევროპული ღირებულებებისთვის მსგავსი დეგრადაცია, აბსოლუტურად უტიფარი და ცივილიზებული სამყაროსთვის კატეგორიულად მიუღებელი განცხადებები თუ მოთხოვნები, რის უფლებასაც ეს ე.წ. ევროკომისარი, რომელიც „ბნელეთთან მებრძოლის“ შლეგურად აზარტულ როლშია შეჭრილი, თავს აძლევს. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებამ ამასაც უნდა უპასუხო ისევე, როგორც ნებისმიერ მიმართვას, განცხადებას, მოთხოვნას და სხვა.
ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს, რაც ასეთ ობსკურანტულ, საღი აზრის საპირისპირო, რეალობისგან სრულიად აცდენილ, თავხედურ და ფანატიკურ მოთხოვნებზე, სხვა ვერაფერი იქნება, გარდა ამ წერილის აბსურდულობის რიტორიკულად მხილებისა და ქალბატონი კომისრის, რაც შეიძლება მწარედ, მაგრამ დიპლომატიურად დაცინვისა. სხვა, უფრო სერიოზული პასუხი, ასეთ შემთხვევაში, ღრმად არასერიოზული იქნებოდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს რეკომენდაციები პოლიტიკურად მოტივირებულია, ცხადია, ოფიციალური თბილისი არ გაითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, როგორი იქნება ევროკავშირის ნაბიჯი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოს დასჯასთან დაკავშირებითაც კი, ერთსულოვნება არ არის. რა მოლოდინი გაქვთ, 31 აგვისტოს შემდეგ?
- საუბედუროდ, ამ ბოლო დროს, ევროკავშირის ნაბიჯების პროგნოზირება, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ საზოგადოდ, თითქმის წარმოუდგენელი ხდება, რადგან მიზანმიმართული, რაციონალური ქმედება მათ ე.წ. პოლიტიკაში სულ უფრო ნაკლებად შეინიშნება. ნამდვილი სასწაული იქნება, თუკი ისინი ამ უცნაური აფექტური შეპყრობილობისგან განიკურნებიან, უარს იტყვიან გაუგონრად უგუნურ კურსზე, რომლის უკანაც საზრისი არ ჩანს და „ბნელეთთან ბრძოლის“ ტრაგიკომიკური პათოსის გარდა, არც არაფერი იკითხება და ელემენტარულ საღ აზრს დაუბრუნდებიან.
რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთ ცუდ დროს? ცხადია, თუ ასეთი სასწაული არ მოხდა, კარგის არც არაფრისა, მუდამ უარესს უნდა ველოდეთ. ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენც „ბნელეთად“, უარესიც, „დიადი ბნელეთის“ - რუსეთის „ჩრდილოვან ლაქად“ მიგვიჩნევენ, შეეცდებიან, თავიანთი უგუნური ნაბიჯებით მაქსიმალურად დაგვაზიანონ. თუმცა, ცხადია, ამით ერთადერთ რამეს მოიმკიან - ძირს გამოუთხრიან იმას, რაც ერთ დროს ევროკავშირის საფუძველს წარმოადგენდა.
მართლაც, ევროკავშირის მთავარი იდეა არის ევროპულ სივრცეში ადამიანების, კაპიტალისა და ინფორმაციის თავისუფალი მოძრაობა. როცა შანტაჟს იწყებენ უვიზო მიმოსვლით და ადამიანების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვით მაშინ, როცა იოტისოდენა სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ ამისთვის, „ბნელეთთან ბრძოლის“ იარაღად იყენებენ, ეს უნდა ვიფიქროთ, ისინი უკვე არათუ ტოტს ჭრიან, არამედ ძირში ხერხავენ იმ ხეს, რომლის ტოტებზეც სხედან.
ირაკლი კობახიძეს განცხადებით, უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტდა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება, ამ მიზნის მისაღწევად კი, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებსა და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას, რომელთა საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა. როგორც ჩანს, საფრთხე გაიზარდა, წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნები და როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმ დაფინანსების ფონზე შეძლონ ქვეყანაში პროცესების იმგვარი რადიკალიზაცია, რაც გამოიწვევს ხელისუფლების დამხობას და რასაც მოჰყვება ქვეყნის ომში ჩართვა?
- ყველაფერი დამოკიდებულია არა იმდენად საგარეო, რამდენადაც ჩვენს საშინაო ფაქტორებზე. უწინარესად, ქართველი ხალხის, რომელსაც დღეს, საქართველოს ამჟამინდელი კანონიერი ხელისუფლება ღირსეულად წარმოადგენს, მტკიცე ნებითა და საფრთხეებისა თუ გამოწვევების წინაშე ჩვენი ეროვნული კონსოლიდაციის უნარით. ჯერჯერობით, საქართველოს სუვერენიტეტისთვის შექმნილ ყველა საფრთხეს, თუ გამოწვევას ღირსეული და მტკიცე პასუხი გავეცით.
ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის რესურსი არც ისე დიდია და თანაც, გარდაუვლად მილევადია, ხოლო ამჟამად, ამ ადგილობრივი არჩევნების წინ, ეს რესურსი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თუნდაც ბოლო საპარლამენტო არჩევნების პერიოდში - 2024 წელს არსებობდა. ძალა, რომელიც ცდილობდა და ცდილობს ჩვენს ომში ჩართვას, მარცხდება, დღითი-დღე მორალურად კოტრდება, პოლიტიკურად სუსტდება და მატერიალურ რესურსსაც ფუჭად ფლანგავს.
ზოგადად, მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს უკრაინაში ზელენსკის უმძიმესი პერსპექტივით. პრაქტიკულად, არ არსებობს რამე სახის, თუნდაც არნახული მასშტაბისა იყოს, საგარეო დახმარება, რომელიც ზელენსკის რეჟიმს და შესაბამისად, „ბნელეთთან მებრძოლ“ ფსევდო-ლიბერალურ დასავლეთს, ე.ი. „დიფ სტეიტს“ ანუ „გლობალური ომის პარტიას“ კატასტროფისგან იხსნის.
აქაც ასეა - პრაქტიკულად, არ არსებობს დღევანდელი, ე.წ. ოპოზიციის საგარეო მხარდაჭერა, რაც მათ უკვე განცდილი კრახისგან გადაარჩენს, უკვე წააგეს ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა. სიტუაციის შემობრუნება, თუკი ქართველმა ხალხმა და შესაბამისად, ჩვენმა ხელისუფლებამ რწმენა, სიმართლე და სამართალი არ დაკარგა, აბსოლუტურად შეუძლებელია. ეს არ მოხდება!