ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ახალ თაობასთან“ საუბარში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებას მიმოიხილავს.
_ მოგესალმებით. დიდი მადლობა, წელს პირველი საგაზეთო ინტერვიუ რომ ჩვენთან შედგა. დავიწყოთ ყველაზე „ცხელი“ თემით, გაზპრომით.
_ გილოცავთ თქვენ, თქვენს მკითხველს და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ახალი წლის დაწყებას! ახალი გეგმების განხორციელების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ყველასთვის. რაც შეეხება „ცხელ „თემას“, უფრო ვიტყოდი _ გაცხელებულს. კონკრეტულად გაზთან დაკავშირებით ტექნიკური სიტუაცია ბევრჯერ გაჟღერდა, გაირჩა, შეფასდა, პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ, საქმიანად და რუტინულად. ამიტომ, ამჯერად ამაზე არ შევჩერდები, მოდით, პოლიტიკურად „გაცხელების“ ირგვლივ ვისაუბროთ.
_ მიგაჩნიათ, რომ თემის ხელოვნურად პოლიტიზება ხდება?
_ ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, რაღაც ვარაუდებზე დაყრდნობილი. ყვე-ლა პოლიტიკურად არადაინტერესებული და არაანგაჟირებული ადამიანი შეატყობდა იგივეს. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო.
ჩვენი ჯგუფი აპირებდა ყოველწლიურ შეხვედრას გაზპრომის წარმომადგენლო-ბასთან, ისევე, როგორც ეს ხდებოდა 2002 წლიდან დაწყებული შარშანდელ წლამდე. გაჩნდა დამატებითი წინადადებები და შემოთავაზებები რუსული მხარისგან და, შესა-ბამისად, შეხვედრის ფორმატი შეიცვალა _ მთავრობის გადაწყვეტილებით, შევხვდით მინისტრი, მოადგილე და კომპანიის ხელმძღვანელობა. რუსები იმდენად დაინტერესებულნი იყვნენ ამ შეხვედრით, რომ მილერი საქართველოში სტუმრობასაც კი აპირებდა. ზუსტად იმ მოტივით, რომ ეს სამუშაო შეხვედრა ვინმეს პოლიტიკური თამაშებისთვის არ გამოეყენებინა, ჩვენ მესამე ქვეყანა ვარჩიეთ. მაშინ უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, რომ ეს თემა სათავისოდ აეწიათ _ რატომღაც შეხვედრების პერმანენტულობა საიდუმ-ლოდ გამოაცხადეს (მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციებისა ჩვენი უწყების მხრიდან) და დაიწყეს ანტირუსული ისტერიის აგორება ხელისუფლების საწინააღმდეგო შეფუთვით.
_ რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ სიტუაციაში?
_ მოსამოქმედებელი, ვფიქრობ, არაფერია. მთავრობის ეკონომიკურ ჯგუფს გვაქვს რეგულარული შეხვედრები და ვცდილობთ, ქვეყნისთვის სასარგებლო და მომგებიანი შედეგი დაიდოს. ჩვენთვის პრიორიტეტია, ხალხს ჰქონდეს გაზი და არა _ ამის ხარჯზე ან ამის სანაცვლოდ პოლიტიკური სპექტაკლების დადგმა და პიარსარგებლის მიღება.
ჩვენ გამოვიყენებთ ნებისმიერ პოლიტიკურ სიტუაციას ჩვენი ეკონომიკური სიტუ-აციის გასაუმჯობესებლად და არა პირიქით _ პოლიტიკურად მომგებიანი სიტუაციის შესაქმნელად ეკონომიკურად სარგებლიან პროექტებს და შემოთავაზებებს ვერ უარ-ვყოფთ.
_ ნაციონალური მოძრაობის მიერ წამოწყებული ანტიპიარი კონკრეტულად თქვენ წინააღმდეგაა მიმართული თუ უფრო ფართო ჩანაფიქრია და ქვეყნისთვის სასარგებლო ან საჭირო პროცესის ხელის შეშლას ცდილობენ?
_ თუ დააკვირდებით, პოლიტიკური ქულების დაწერის მოყვარულების გარდა, მოსახლეობაში ეს თემა ადეკვატურად და შესაბამისად აღიქმება. ასე რომ, მთავარია, ხალხი იყოს კმაყოფილი.
რაც შეეხება ჩემ წინააღმდეგ მიმართულ რაღაც კამპანიას, არც ეს მიკვირს, უკვე შევეჩვიე ქართული პოლიტიკის სპეციფიკას და ძალიან კარგად ვერკვევი, ვინ რას, რატომ და რა მიზნით ამბობს. ეს ცალკე თემაა და სხვა დროს გავშალოთ, ჯერ ცოტა ხანია, პოლიტიკაში მოვედი, არ ღირს ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, შესახებ პირველ პირში ვისაუბრო. ერთს ვიტყვი _ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიქნები თუ სხვა რომელიმე უწყების ხელმძღვანელი, ოპოზიცია ვიქნები თუ სახელისუფლებო გუნდში, მე, პირველ რიგში, ვიქნები კახა კალაძე, რომელიც ცდილობს, ქვეყანას, ხალხს მოუტანოს რაღაც სარგებელი, საქმიანობა მიმართოს საქართველოს საკეთილდღეოდ. ესაა ჩემი ცხოვრებისეული და პოლიტიკური კრედო, დანარჩენი კი მეასეხარისხოვანია.
_ ვინაიდან გაპოლიტიკურებულია პროცესი, იქნებ პოლიტიკური შეფასება მივცეთ ამ ყველაფერს?
_ ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია ამის პოლიტიკურად გაშლა, ვინაიდან ამჟამად, პირველ რიგში, ვარ მინისტრი და მერე უკვე პოლიტიკოსი. მაგრამ ზოგადად ვიტყვი იმას, რასაც ვამბობდი მუდამ _ ქართულ პოლიტიკაში გვაქვს მორალის ნაკლებობა და ღირებულებების აღრევა. არ შეიძლება ზრუნავდე შენი პოლიტიკური გუნდის, ან ინდივიდუალური პოლიტიკური იმიჯის გასამყარებლად ხალხის, სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. არ შეიძლება, ხალხი შეცდომაში შეგყავდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შენი ვიწრო ინტერესების და რაღაც პოლიტიკური სქემებისთვის გათვალე. ნებისმიერი ხმაურიანი თემის განვითარება არის მორალური, პატრიოტული ტესტი პოლიტიკური სპექტრის და, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მოსახლეობა ამ ტესტის შედეგებს ძალიან კარგად ხედავს.
_ კარგით. რას ფიქრობთ მეორე ხმაურიანი თემის განვითარების შესახებ _ „ქართული ოცნების“ ფორმირება, რებრედინგი და სამომავლო პერსპექტივები არჩევნების წელს?
_ მოდით, დაველოდოთ რუტინული მოსამზადებელი პროცესის დასრულებას, რომელსაც პარტიის აღმასრულებელი მდივანი და პოლიტსაბჭო წარმართავენ. ამის შემდეგ უკვე პოლიტიკური პროდუქტის შეფასება გინდაც შიგნიდან, გინდაც გარედან უფრო უპრიანი იქნება. ამ ეტაპზე არასერიოზული იქნება, ზედაპირულად გესაუბროთ ან ვინმემ იმკითხაოს, რა ხდება პარტიაში. პარტიაში რაც იყო ხარვეზი 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების დღიდან, სულ ვამბობთ, ასე რომ, ახლა ეს იხვეწება. კოალიცია კი რა სახით და რა მესიჯით წარდგება ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, მაგასაც ყველა ერთად ვნახავთ და მოვისმენთ სულ მალე.
_ პოლიტიკური ოპონენტები, ოპოზიცია. ვინ არის კონკურენტი მომავალ არჩევნებზე სახელისუფლებო გუნდის?
_ ყველა, ვინც თავს ოპოზიციად თვლის. ესაა დემოკრატია _ რაც უნდა მიუღებელი იყოს ესა თუ ის პარტია, ვინაიდან არსებობს და რაღაც რეიტინგი აქვს, ესე იგი ის მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერით სარგებლობს. ასე რომ, სრულუფლებიანი მოთამაშეა წინასაარჩევნო ბრძოლაში. თუ მისი მხარდამჭერები მოაგებინებენ არჩევნებს, ესე იგი ღირსი იყო, მოსულიყო პარლამენტში. არაფერი სენსაციური, კატასტროფული და სავიშვიშო ამ დემოკრატიულ პროცესში არაა. საგანგაშო ისაა, როცა რაღაც ერთი პატარა ჯგუფი იგდებს ხელისუფლებას ხელში და ქვეყანას ტერორით ან ძალადობით მართავს. სხვა ყველაფერი, რაც დემოკრატიის საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტში ჯდება, მისაღები და ხელშესაწყობიც კია.
_ თქვენი სამომავლო პოლიტიკური გეგმები როგორია?
_ მე პოლიტიკაში მოვედი ერთადერთი სურვილით _ როგორც სპორტული კარიერით მომქონდა სიხარული და სიამაყის გრძნობა გულშემატკივრისთვის, ისე პოლიტიკური მოღვაწეობით მოვუტანო სარგებელი და სიხარული თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც სჯერა ჩემი და დადებითი მოლოდინი აქვს.
_ თქვენი ოცნება?
_ უფრო მოსალოდნელი რეალობა _ პოლიტიკაში მინდა, ახალი ქცევის და მოღვაწეობის კოდექსი დავაწესოთ, მინდა ახალი სახეები, ახალი იდეები _ როგორი გახდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ მივაღწიოთ უკეთესობას. პოლიტიკოსი უნდა იყოს ქვეყ-ნის პატრიოტი ამ სიტყვის საუკეთესო, თავმდაბლური გაგებით და არა _ პროპაგანდის და გარეწრობაზე აფარებული ნიღბის ფუნქციით, როგორც აქამდე იყო. პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს არა სათავისო ინტერესებისთვის, არამედ ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს ახლა თუ ოცნებაა, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, სულ მალე გადავაქციოთ რეალობად. ესაა პრიორიტეტი ჩემთვის _ პოლიტიკური, მორალური და ზნეობრივიც.