„ჭიათურაში უკანონობის ზეიმია“

„ჭიათურაში უკანონობის ზეიმია“

რატომ გადავიდა ,,ჯორჯიან მანგანეზიმუშაობის საგანგებო რეჟიმში და რა ბედი ელის 3700 მაღაროელს

15 იანვრიდან, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატი მუშაობას დროებით შეაჩერებს. საწარმოს მფლობელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის'' მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სამთოგამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე მხოლოდ ოთხი თვით გადადის და მაღაროები სრული დატვირთვით 20 მაისიდან ამუშავდება. „ჯორჯიან მანგანეზისწარმომადგენლები ასეთ გადაწყვეტილებას ბაზარზე მანგანუმის ფასის მკვეთრი ვარდნით ხსნიან. თავის მხრივ, ჭიათურელი მაღაროელები საწარმოს ირგვლივ შექმნილ ვითარებას სხვა მიზეზებსაც უკავშირებენ. საქმე ისაა, რომ, კომბინატის გარდა, მანგანუმს 50-მდე სხვა ფირმაც მოიპოვებს, რაც მადნის ფასს საგრძნობლად ამცირებს.
,,ჯორჯიან მანგანეზის'' მიერ გავრცელებულ განცხადებაში საგანგებო რეჟიმის დაწყების თარიღად 20 იანვარი დასახელდა. თუმცა მოგვიანებით, მაღაროელებს ადგილობრივი ტელევიზიით ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა აკაკი გურჯიძემ მიმართა და კომბინატის საქმიანობის შეჩერების თარიღად სწორედ 15 იანვარი დაასახელა. 
ორივე განცხადება, შინაარსით, ძალიან წააგავდა ერთმანეთს: საწარმოს სრულად ამოქმედებამდე ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი, არსებული სახელფასო განაკვეთის 60%, სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტი და სხვა შეღავათები. გარდა ამისა, აკაკი გურჯიძის თქმით, კომპანია თანამშრომლებს კომერციულ ბანკებთანაც უშუამდგომლებს, რათა 20 მაისამდე მაღაროელებს ბანკებთან ურთიერთობაში პრობლემები არ შეექმნათ. 
რაც შეეხება საწარმოს საქმიანობის შეფერხების მიზეზს. „ჯორჯიან მანგანეზის'' დირექტორმა ველველ ლოზინსკიმ, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალი მოთხოვნით, ,,ჯორჯიან მანგანეზის'' მიერ მოპოვებული მადნის ჭარბი მარაგითა და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციური პროცესებით ახსნა. აკაკი გურჯიძემ კი დასძინა, რომ ასეთი ზომა საჭირო იმისათვის იყო, „კომპანიას სახე არ დაეკარგა“. 
ერთი შეხედვით, საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კომერციული სტრუქტურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურად და აუცილებლადაც შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა პრობლემა არა მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე „ღრმა სტაგნაციურ პროცესშია“. 2014 წლის გაზაფხულიდან კერძო კომპანიებს მანგანუმის მადნის მოპოვების უფლება მიენიჭათ. მათ კონტრაქტი სწორედ „ჯორჯიან მანგანეზთან'' აქვთ გაფორმებული. ანუ ლიცენზია ერთია და იგი გაცემულია „ჯორჯიან მანგანეზის'' სახელზე, ხოლო მადანს, ჭიათურის სამთო- გამამდიდრებელი კომპანიის გარდა, რამდენიმე ათეული კომპანია მოიპოვებს. როგორც სარწმუნო წყარომ „ვერსიასთან“ საუბარში განაცხადა, კონტრაქტორი ფირმების სერიოზული გავლენის მქონე ფიგურები დგანან და ამ ბიზნესის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ. საბოლოოდ კი ჭიათურაში შეიქმნა საკმაოდ სავალალო ვითარება - მანგანუმის მადანი ჭარბი რაოდენობით მოიპოვება, რაც ფასს ავტომატურად აგდებს და თუ ასე გაგრძელდა, მანგანუმის ღირებულება კვლავ დაეცემა. 
გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც: ,,ჯორჯიან მანგანეზი'', ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის გარდა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასაც ფლობს. ანუ თვითონ მოიპოვებს ნედლეულს, თვითონ ამუშავებს და პროდუქცია ბაზარზე თავად გააქვს. შესაბამისად, კომპანია ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში არ უნდა აღმოჩენილიყო, რადგან ისინი თავად გეგმავენ, რა რაოდენობის მადანი უნდა მოიპოვონ და გადაამუშაონ, რომ ბაზარზე პრობლემები არ შეიქმნას. 
როგორც ,,ვერსიის'' წყარო აცხადებს, 2014 წლის გაზაფხულამდე სწორედ ასეთი ვითარება იყო საწარმოში და ყველაფერი მას მერე შეიცვალა, რაც კერძო კომპანიებს მანგანუმის მადნის მოპოვების უფლება მიენიჭათ. 
დღეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჭიათურაში მანგანუმის მადანს 50-მდე კერძო ფირმა ღია კარიერებში მოიპოვებს, იქვე ამუშავებს და „ჯორჯიან მანგანეზს'' ყიდის. ამ პროცესმა უკვე სერიოზული პრობლემის სახე მიიღო - მადანი კონტრაქტის უხეში დარღვევით მოიპოვება, შეიქმნა უმძიმესი ეკოლოგიური ვითარება, რამდენიმე სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. თანაც, მიწით სარგებლობისთვის ეს კომპანიები მოსახლეობას მიზერულ თანხას უხდიან - 14-15 ტონა მადანი (სწორედ ამდენი ეტევა ერთ სატვირთო ავტომობილში) 80-დან 150 ლარი ღირს. 
„ვერსია“ კომენტარისთვის ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს მალხაზ წერეთელსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროა რაიონში არსებული პრობლემების ძირფესვიანად შესწავლა და კონტრაქტორი ფირმების საქმიანობის რევიზია: ვითარება საგანგაშოა. არავინ იცის, რა იქნება 20 მაისის შემდეგ, უმძიმესი ფონია ქალაქში და ცენტრალური ხელისუფლება ამას უყრუებს. ვაპირებ. შევხვდე პრემიერ-მინისტრს და ამ საკითხებზე ვესაუბრო. თავის დროზე, როდესაც მადნის მოპოვების უფლება სხვა ფირმებსაც მიენიჭათ, მე პირადად ამის მომხრე ვიყავი. დღეს კი ვაცხადებ, რომ კანონიერი გზით მოხდა უკანონობის დაკანონება და დღეს ჭიათურაში სწორედ უკანონობის ზეიმია. რაიონში უმძიმესი სოციალური ფონია, არავინ დამკავშირებია ცენტრალური ხელისუფლებიდან. არადა, თუ ასე გაგრძელდა, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და 3700 მაღაროელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“. 
„ვერსია“ ჭიათურაში შექმნილ ვითარებას თვალს ადევნებს და დამატებით ინფორმაციებს აუცილებლად შემოგთავაზებთ.