„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალი ნასერ ალ-ობეიდი, რომელიც ჩრდილოეთ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიის სამხედრო მეთაური იყო, ლიკვიდირებულია. ის დაჯგუფებაში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შემდეგ მეორე პირი იყო, რომელიც საკუთარ თავს ხალიფას უწოდებდა. „ისლამური სახელმწიფო“ კი ევროპას მასიური ტერაქტებით ემუქრება. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ პარიზში მოკლული ტერორისტი თავს ქართველად ასაღებდა. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი პარიზში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ შენობას დაესხა თავს, რა დროსაც ისლამურ ლოზუნგებს სკანდირებდა.
შეგახსენებთ, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა ქართულენოვანი მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ის მოუწოდებს ყველა მუსლიმანს მებრძოლთა რიგებში გაწევრიანდნენ, „რადგან ეს არის ბრძოლა, რომელიც ყველა მუსლიმანს ეხება“.
for.ge-სთან უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საფრთხე რეალურია, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს.
for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სირიაში, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ იზიარებენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას, მაგრამ არიან ქართველი მუსლიმები, რომლებიც არ იზიარებენ ამ იდეოლოგიას. რა კატეგორიაზეა გათვლილი მიმართვა, რომელიც ვრცელდება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ?
ვახტანგ მაისაია: მიმართვა მიმართულია იმ ნაწილისთვის, რომლებიც არ იზიარებენ ისლამისტების იდეოლოგიას. მიმართვაში ნახსენებია ფრაზა - „ყველა ის მებრძოლი, რომელიც ჩვენ გვებრძვის“, როგორც ჩანს, ისლამისტები აპირებენ გააქტიურდნენ ცენტარლურ აზიაში და ავღანეთში, რაც ჩვენს სამშვიდობო კონტიგენტსაც შეიძლება არაპირდაპირ შეეხოს.
ქართულენოვან მიმართვის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ პარიზში მოკლული ტერორისტი თავს ქართველად ასაღებდა, მეტიც მან მოითხოვა თავშესაფარი და დაბადების ადგილად მიუთითა საქართველო. ეს ორი ფაქტი ადასტურებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ საქართველოში აქვს დასაყრდენი ძალა და რამდენად ძლიერია ეს ძალა?
- რაოდენობაზე ძალიან რთულია საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მათ ჰყავთ მხარდამჭერები. როდესაც ეს ჯგუფი გააქტიურდება, მაშინ გამოჩნდება „ისლამური სახელმწიფო“ რა ძალას ფლობს რეალურად. ჯერჯერობით ისინი თავს ინახავენ, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული დროის პერიოდში აპირებენ გააქტიურებას.
ეს რა პერიოდია?
- როდესაც გაიცემა ბრძანება, რომ გამოვიდნენ იტაქვეშეთიდან და დაიწყონ გააქტიურება. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დასტურდება „ვილაიეთი გურჯისტანის“ არსებობა. სამწუხაროდ, საფრთხე რეალურია. ეს ჯგუფი კარგად არის კონსპირირებული და საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს. როგორც გითხარით, რაოდენობაზე ჯერჯერობით რთულია საუბარი, მაგრამ ზოგჯერ რაოდენობა შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ ხარისხობრივად იყოს ძლიერი და ეფექტური. ლიბანის მსგავსად საქართველოშიც არსებობს სერიოზული ქსელი.
თქვენ ამბობთ, რომ „ვილაიეთი გურჯისტანის“ არსებობა დასტურდება, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ძალოვანი სტრუქტურა. ბატონო ვახტანგ, საქართველს შემთხვევაში როგორ დასტურდება „ვილაიეთი გურჯისტანის“ არსებობა?
- გარდა ქართულენოვანი მიმართვის გავრცელებისა, გაჩნდა ქართულენოვანი საიტი და კონკრეტული პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დააკავეს 2 ჯგუფი, რომელთაც აღმოაჩნდათ ვილაიეთისთვის დამახასიათებელი მასალები, რაც უკვე ადასტურებს, რომ ისინი საკმაოდ ინტენსიურად მოქმედებენ.
საქართველოს შემთხვევაში მოქმედებს მიძინებული ვილაიეთი და როგორც ჩანს, საკამოდ კარგი დაფინანებაც აქვთ. ახლა მთავარია მიძინებული ქსელები არ გადავიდნენ ნახევრად მიძინებულ დონეზე, რადგან ამ შემთხვევაში, მათ უკვე ექნებათ საბრძოლო ჯგუფები. მიძინებული ვილაიეთი არის დაჯგუფება, რომელიც მოქმედებს იატაქვეშეთში და ასრულებს მეორხარისხოვან დავალებას.