„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაცილებით უფრო ტაქტიანი და ცივილიზებული პრემიერი იქნება, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი იყო, მაგრამ დეპუტატის მოსაზრებით, ქვეყანაში მართვის სისტემა არ შეიცვლება, რადგან პროცესებს სასამართლო, პროკურატურა და უშიშროება მართავს.
სამთავრობო ცვლილებებსა და მომავალი წლის პოლიტიკურ გეგმებზე, for.ge ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, ნინო გოგუაძეს ესაუბრა:
როგორ აფასებთ, 2015 წელს როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკის კუთხით?
- 2015 წელი ლარის გაუფასურებით დაიწყო, რაზეც მთავრობამ ადეკვატური პასუხი ვერ გასცა და ხელისუფლება ლარის დევალვაციას ხან მედიას აბრალებდა, ხან საზოგადოების ემოციას. ლარის კურსთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა საგანგებო სხდომაც კი დანიშნა, მაგრამ მთავრობამ ეკონომიკური კრიზისი ჯიუტად არ აღიარა, არანაირი გეგმა არ წარმოადგინა და გიორგი მარგველაშვილის მიერ მოწვეული საგანგებო სხდომაც კი ჩაშალა, რითაც ერთი მხრივ, ამ ინსტიტუტის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, მეორე მხრივ, უარყოფის პოლიტიკა გააგრძელა. ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია. მაღაზიებში შევდივართ და ვხედავთ, პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად როგორ იზრდება და მოქალაქეებს გადასახადები გაუძვირდათ. ამ წელს ეკონომიკური უკუსვლა ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო.
გაზაფხულზე რამდენიმე მინისტრი შეიცვალა და ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ ეკონომიკური გუნდი შეიცვლებოდა, მაგრამ უმრავლესობამ თითქმის უცვლელი შემადგენლობა წარმოადგინა და მხოლოდ თავდაცვის, გარემოსა და სპორტის მინისტრები შეიცვალნენ, რაც სრულიად არაადეკვატური იყო.
გამოწვევები კიდევ რა სფეროებში იყო?
- ჩემთვის დიდი მოვლენა 13 ივნისი იყო, რადგან ყველა მივხვდით, სტიქიის წინაშე როგორი დაუცველები ვართ. ძალიან ბევრი ხარვეზი მთავრობის მუშაობაშიც გამოჩნდა და იმ დღეებში ბევრი ურთიერთბრალდება მოვისმინეთ. სამწუხაროდ, ამ სტიქიამაც კი, ვერ გაგვაერთიანა და ეს ყველაფერი პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე უმნიშვნელოვანესი მოვლენა ვიზა-ლიბერაზალიზაცია იყო და ალბათ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ იმოგზაურონ. ჩვენი მოქალაქეები საკუთარი თვალით ნახავენ, თავისუფალ სივრცეში მოგზაურობა თუ რას ნიშნავს. ამის შედეგად კრემლის პროპაგანდისტური მანქანა დაინგრევა, რომელიც საქართველოში მუშაობს და რომელიც გვიმტკიცებს, რომ ყველანაირი უბედურება ევროპიდან მოდის.
მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას როგორ აფასებთ? პრემიერის პოსტიდან და პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლას რას უკავშირებთ?
- ეს ჩემთვის წლის მოვლენა არ იყო. მთავრობა გვყავს, რომელიც რეალურად, მთავრობა არ არის. ასევე პრემიერ-მინისტრი გვყავდა, რომელიც პრემიერ-მინისტრი არ იყო, რადგან ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი იღებდა. ვერ დავიჯერებ, რომ პოსტიდან ღარიბაშვილის გაშვების თაობაზე გადაწყვეტილება ივანიშვილმა საკუთარი სურვილით, ერთპიროვნულად მიიღო.
რას გულისხმობთ?
- ივანიშვილმა კოალიციაში შემავალი რამდენიმე ადამიანის რჩევა და მოთხოვნა გაითვალისწინა, რომ ღარიბაშვილის პრემიერობა და მისი სიის პირველი ნომრობა კოალიციას არჩევნებში გამარჯვების შანსს არ უტოვებდა. მან ეს მოთხოვნა გაითვალისწინა და ღარიბაშვილი პოსტიდან ამიტომ მოხსნა.
კოალიციაში მსგავსი მოთხოვნის დაყენება ვის შეეძლო? ივანიშვილი ვის რჩევებს ითვალისწინებს? შეიძლება, ეს ძალა „რესპუბლიკური პარტია“, კერძოდ კი, დავით უსუფაშვილი ყოფილიყო?
- ეს არ ვიცი. მეტს ვერაფერს გეტყვით. სხვათა შორის, ბატონმა ბიძინამ რაციონალური არგუმენტების მოსმენა და გაზიარება იცის. დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს რაციონალური არგუმენტები მიაწოდეს, მაგრამ ეს ვისი მხრიდან მოხდა, არ ვიცი. მას რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწია და მან ღარიბაშვილი მოხსნა. კოალიციის უმრავლესობისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რითაც კიდევ ერთხელ ის გამოჩნდა, რომ ისეთი უმრავლესობა გვყავს, რომელმაც პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი ფორმალურად წარადგინა და მათ ამ საკითხზე არც უმსჯელიათ. მათ ეს კანდიდატურა მიაწოდეს და ფორმალურად წაიკითხეს, რაც სამწუხაროდ, იმას აჩვენებს, ჩვენთან ინსტიტუტები და მათ შორის პარლამენტი როგორ მუშაობს.
გიორგი კვირიკაშვილი რამდენად წარმატებული და დამოუკიდებელი პრემიერი იქნება?
- იმ სამარცხვინო კამპანიაში, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, კვირიკაშვილი და სერგეენკო უმრავლესობისგან განსხვავებით არ ჩართულან. ალბათ, გახსოვთ, უმრავლესობის წევრები როგორ დაეწყობოდნენ და პრეზიდენტს როგორი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. პიროვნულად ამ გუნდიდან კვირიკაშვილს ამით გამოვარჩევ. მან სიტყვის თავისუფლებაზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და ესეც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ზოგჯერ, მართვის სისტემა ადამიანებს ცვლის ან უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ. ვერ დავიჯერებ, რომ კვირიკაშვილი სრულიად დამოუკიდებელი იქნება.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ კვირიკაშვილი ივანიშვილის გავლენის ქვეშ იქნება?
- ბატონ ბიძინას, რაციონალური არგუმენტის მოსმენის უნარი აქვს და კვირიკაშვილი გაცილებით უფრო რაციონალური აზროვნების ადამიანია, ვიდრე ღარიბაშვილი იყო. ის ასევე გაცილებით უფრო გაწონასწორებული ადამიანია. კვირიკაშვილისთვის სიძულვილის ენა უცხოა და ის საშინელი პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას შეეცდება, მაგრამ სასამართლო მურუსიძეს ჩააბარეს, პროკურატურა შოთაძეს, ხოლო უშიშროება თვითმართველობას მართავს. არ მგონია, რომ კვირიკაშვილს ამ საშინელ პროცესებთან გამკლავება ხელეწიფება. ვნახოთ, რას იზამს. დარწმუნებული ვარ, რომ კვირიკაშვილი გაცილებით უფრო ტაქტიანი და ცივილიზებული პრემიერი იქნება, მაგრამ მართვის სისტემა არ შეიცვლება, რადგან პროცესებს სასამართლო, პროკურატურა და უშიშროება მართავს.
პრემიერმა არ გამორიცხა, რომ გაზაფხულზე, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელოს. ვინ უნდა დატოვოს მინისტრის პოსტი?
- მე თუ მკითხავთ, ყველა მინისტრი უნდა გადადგეს, რადგან წინასვლა არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს.
რაც შეეხება თქვენს პარტიას, 2016 წელს, რას აპირებთ?
- არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული, პროდასავლური ძალა ვართ. საარჩევნო პროგრამაზე ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარტო წარვსდგებით.
NDI-ს ბოლო კვლევების მიხედვით, 9 პროცენტი გქონდათ და ეს მაჩვენებელი გაკმაყოფილებთ?
- მთავარი ტენდენციაა, რომ მზარდი რეიტინგი გვაქვს. მეორე არჩევანით პირველ ადგილზე ვართ. ამასთანავე, ამომრჩევლის 60 პროცენტი არსებობს, რომელსაც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, ხმას ვის მისცემს. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გააზრებული არჩევანის გაკეთება სჭირდებათ. საქართველოში ადამიანები უკვე მიხვდნენ, რომ არჩევნები სპორტი არ არის და ისინი ვინმესკენ კი არ არიან, არამედ ისინი საკუთარი ცხოვრების ოთხ წელს განსაზღვრავენ. 60 პროცენტის უმტესს ნაწილს დავუმტკიცებთ, რომ არჩევანი ჩვენს სასიკეთოდ გააკეთონ, რათა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს.
პოლიტიკურ კულუარებში თქვენს პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ და ითქვა, რომ შესაძლოა, პარტია თქვენ ან ვიქტორ დოლიძემ დატოვოთ. ეს რამდენად მოსალოდნელია?
- ჩვენ მეგობრების გუნდი ვართ და არანაირი დაპირისპირება არ გვქონია. ამ საკითხზე სერიოზული ლაპარაკიც კი არ მინდა.
და ბოლოს, წლის პოლიტიკური ფიგურა ვინ არის?
აქამდე ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური ფიგურა მოსამართლე ურთმელიძე იყო, მაგრამ მას კონკურენტი გამოუჩნდა და მურუსიძით ჩავანაცვლებ.