ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტს იქეთ ედავება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტს იქეთ ედავება

პარლამენტმა 2015 წლის საქმიანობა ისე დაასრულა, რომ პლენარული სხდომის ფორმატში ეროვნული ბანკის ანგარიში არ მოისმინა. შარშან ასეთი სურვილი არც თავად სებ-ის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს გამოუხატავს, მაგრამ ახლა თავისი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს რატომღაც თავის გამოიდო და საკანონმდებლო ორგანო დაადანაშაულა.

„რთული ეკონომიკური გამოწვევის ფონზე, რაც საქართველოს აქვს და იმ მოვლენების ფონზე, რაც ვითარდება რეგიონში, ძალიან გასაკვირია, რომ დეპუტატებს არ აქვთ სურვილი, მოისმინონ ეროვნული ბანკის ანგარიში. ჩვენი ყველა პროგნოზი, პრაქტიკულად, გამართლდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად. ამიტომ, ეს უნდა იყოს მთავარი ტრიბუნა, სადაც განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხს. მე მაქვს კომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან და იმედია, რომ თებერვლის პირველივე კვირაში მოხდება ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არა პარლამენტი ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენას. იგი, პირიქით, ქადაგიძეს ადანაშაულებს ინდიფერენტულობასა და ვადის დარღვევაში.

„მახსოვს, საკითხი დღის წესრიგში ჩასმული იყო და გადაიდო.ეს საგაზაფხულო სესიების ბოლოს მოხდა. მაშინ ჩემთან და ნოდარ ებანოიძესთან მოსული იყო მათი აღმასრულებელი დირექტორი და გვთხოვა, ანგარიშის მოსმენა გადაგვედო, რადგან გიორგი ქადაგიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. ჩვენ ტრიბუნასთან ვთხოვეთ დავით უსუფაშვილს და სპიკერმა მისი თხოვნით მოსმენა გადაავადა. ამის შემდეგ საკითხი შეტანილი იყო საშემოდგომო სესიების დღის წესრიგში და ორჯერ იმის გამო გადაიდო, რომ პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა“, - ამბობს მეჭიაური და დასძენს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ანგარიში განიხილა და შეფასება გააკეთა, რაც პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა.

„ჩვენი მხრიდან ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ახლა ჩაჯდება თუ არა დღის წესრიგში, ეს ბიუროს გადასაწყვეტია. როგორც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, ისე მოვიქცევით, არანაირი პრობლემა არ არსებობს. კომიტეტმა დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

საფინანსო სფეროს ექსპერტი მიხეილ დუნდუა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქციელს „გაღმა შეედავეს“ პრინციპს უწოდებს და დასძენს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტი „გადააგდო“.

„ქადაგიძე პარლამენტს საყვედურობს: ჩემი ანგარიში პლენარულ სხდომაზე რატომ არ მოისმინეთო და თან ამ საყვედურით მეჭიაურს მიმართავს: რატომ არ გსურს ანგარიშის მოსმენაო. არადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომეტეტმა პირველმა მოისმინა ქადაგიძის ანგარიში 2015 წლის პირველ ნახევარში. ქადაგიძეს თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა სურს, პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს და არა მეჭიაურს.

მაგრამ სებ-ის პრეზიდენტს ავიწყდება მთავარი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე წარდგენილ ეროვნული ბანკის იმ არასრულ ანგარიშში (არასრულში იმიტომ რომ მას ფინანსურის სატაბილურობის ანგარიში თან არ ახლდა), ეროვნულმა ბანკმა და ქადაგიძემ პირობა დადო, რომ ნაკლს გამოასწორებდა და 2015 წლის მეორე ნახევაში ფინანსური სტაბილურობის ყოველწლიურ ანგარიშს შექმნიდა (რომელსაც უკვე მეოთხე წელი დაიწყო არ ქმნის).

ქადაგიძემ ეს პირობა დაარღვია. მან ფინანსურის სატბილურობის ანგარიში არ შექმნა. არადა, პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უცდიდა, როდის შეასრულებდა იგი დადებულ პირობას, რათა სრული საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომაზე მოესმინა“, - აღნიშნავს დუნდუა.

მიეცემა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საგაზაფხულო სესიების დროს პარლამენტის წინაშე გამოვლის უფლება, ეს პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია.