"ბატონი ღარიბაშვილის "არაევროპულმა" გადადგომამ მართლაც უხერხული დელეკატურობა შესძინა თქვენს ბუნებრივ კითხვას, თანაც თითქმის იგივე არგუმენტებით - თავის დროზე ბატონი ბიძინა რომ დაგვემშვიდობა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტაბილურობას საფრთხე აღარ ემუქრება და ახლა მთავარი დროზე წასვლააო. აი, ასეთი, ან დაახლოებით ასეთი იყო ყოფილი პრემიერის კონტრსაინაგურაციო "სპიჩი". მაგ დალოცვილს ცოტა მაინც მოეცადა და მის დროს დაწყებული ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის პროცესის დასასრულიც ეზეიმა. მაშინ ხომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა - "აგიხდინეთ ისტორიული ოცნება, თქვენთვის შევაღე ევროპის კარი და ვალმოხდილი მივდივარო". თორემ ახლა რა გამოდის, ზაფხულში ამ მართლაც ისტორიულ გარღვევას ან ახალი პრემიერი მიიწერს, ან სულაც ძველი პრეზიდენტი, - ეს, რასაკვირველია, ხუმრობით. სერიოზულად კი, არ მოექცნენ წესიერად (ჯენტლმენობაზე რომ აღარაფერი ვთქვა) ამ ახალგაზრდა კაცს. წელს რომ საარჩევნო წელი არ დამდგარიყო, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე მოგვილოცავდა ახალ წელს დღეს უკვე ყოფილი პრემიერი. ისე კი, რაღაც დროში გაიჭიმა წასული წელი, ნამდვილად არ ეყო მისთვის გამოყოფილი 365 დღე. არც მსოფლიოში და არც საქართველოში, მის დროს დაწყებული თუ წინა წლიდან მიღებული ვერც ერთი მწვავე პრობლემა ვერ გაანეიტრალა", - აცხადებს ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე -"ქართული ოცნების" მთელი საარჩევნო პროგრამა უტოპიაში სასიამოვნო გასეირნება იყო.
"როგორც ჩანს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გაჩაღებული "ტერიტორიული დავა" არჩევნებამდე მორატორიუმის რეჟიმში გადავიდა. რაში უნდა აწყობდეს გადასაჭრელი პრობლემებით ისედაც დახუნძლულ "ოცნებას" არაფრის მომტანი, მაგრამ დროის, ენერგიისა და რეიტინგის მჭამელი დამატებითი ფრონტი? მსოფლიოს ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ჰარამხანაში უფროსი ცოლის დაუწერელი კანონით ცხოვრობს - მაქსიმუმი პატივი და მინიმუმი ინტერესი. ღარიბაშვილი ფორმალურ პატივსაც არ იმეტებდა პრეზიდენტისთვის და შეიძლება ეს შეიცვალოს. ვნახოთ. ეს ხომ პრემიერის კაბინეტში არ წყდება. აი, გამოცდას კი უეჭველად ჩააბარებს. დიდი ალბათობით არც კანონს დაარღვევს უხეშად, მაგრამ დღეს დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ეს იქნება სამართლიანი არჩევნები. უცნაურად ჟღერს, არა? არც კანონი დაირღვევა, არც "კარუსელები" იქნება, ვერც ნაგვის ყუთებში აღმოაჩენს ვინმე გაყალბებულ ბიულეტენებს, საერთაშორისო დამკვირვებლებიც თითო-ოროლა მეათეხარისხოვან გადაცდომებს დააფიქსირებენ, ისიც მხოლოდ საკუთარი მაღალი ჰონორარის გამართლების მიზნით. მაგრამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ფილოსოფიური სიმშვიდით შეხვდება წინა არჩევნების "კაზუსამდელ" რეალობაში დაბრუნებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"საქმე ის გახლავთ, რომ ისტორიაში შესვლის გულწრფელი სურვილი მხოლოდ ივანიშვილს თუ აქვს. მმართველი პარტიის აბსოლუტური უმრავლესობა (გარდა უიშვიათესი გამონაკლისისა) გაცილებით მოკრძალებული და "ადამიანური" სამომავლო გეგმებითა და ოცნებებით ცხოვრობს. საქართველოში ხომ მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნასთან და ძალაუფლებასთან არ ასოცირდება არჩევნებში გამარჯვება. ეს ყველაფერი მეორადია, მთავარი მატერიალური კეთილდღეობაა.
ივანიშვილის გარდა რამდენი ქართველი მილიონერი შეგიძლიათ დამისახელოთ, ვინც პოლიტიკაში ყოფნისას, ან მმართველ პოლიტიკოსებთან სიახლოვითა და გარიგებებით არ გამდიდრდა? სხვა საკითხია, რომ მათაც შეუძლიათ თავი იმართლონ, ჩვენ სისტემის მსხვერპლნი ვიყავით, სხვაგვარად ლარსაც ვერ ვიშოვიდითო. ბიძინა ივანიშვილის "ოცნების" დამოკლეს მახვილი სამყაროსავით ტრივიალური და ძველია; მას არასწორი საკადრო სელექცია ჰქვია. ამ სფეროში დაშვებულ შეცდომებს დიაბეტის ეფექტი ახასიათებს - შედეგი დაგვიანებით იჩენს თავს, როცა პაციენტის შრომისუნარიანობა და აქტიურობა პრობლემატური ხდება", - განაგრძობს რესპონდენტი. "ეტყობა, მართლაც სერიოზულად განიხილებოდა ღარიბაშვილისთვის "დესერტად" რამდენიმე მინისტრის გაყოლების საკითხი. ჩემი აზრით, გარდა ფინანსთა მინისტრისა, ყველა ადრე იყო გასაშვები, თანაც ზოგიერთი თავის სამინისტროებიანად. რა მოხდა? დღესავით ნათელია რადიკალური ცვლილებების გადაუდებელი აუცილებლობა. ეჭვი არ მეპარება, რომ სხვებზე მეტად ამას თავად ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, მაგრამ ჩანს, საკრალურ "მეოთხე წელს" და პრემიერის პოსტის მიტოვებიდან ორი წლის შემდეგ საგრძნობლად გაფერმკრთალდა მისი ერთპიროვნული გავლენა. თანაც საარჩევნო წელს თავადაც არ არის მზად ქირურგიული ჩარევისთვის. ხომ ხედავთ, მის მიერ არა- ერთხელ "გაკენწლილი" ნარმანიას მოშორებასაც ერიდება, რაც ნამდვილად წაადგებოდა "ოცნების" რეიტინგს. პარლამენტში კურიოზული შემთხვევის "მსხვერპლსაც" კი ვერაფერს ურჩევ, გარდა საჭირო დროს საჭირო ღილაკზე თითის დაჭერისა. არ ტოვებს ბატონი ბიძინა ნეტარმორწმუნე მეოცნების შთაბეჭდილებას და კარგად ხედავს, რომ ბოლო ხანებში სპიკერი და მისი პარტია დაუფარავად ემზადება პოსტივანიშვილის რეალობისთვის. მართლაც დეტალებშია საძებნი ყველაზე დიდი ეშმაკი", - ამბობს ცინცაძე. "ზოგჯერ პროფესიონალურ აღტაცებამდეც კი მივყავარ დათო უსუფაშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის ელეგანტურად დახვეწილ პირუეტებს, მზარდი სიხშირით რომ აღიზიანებს მათ უპრინციპოდ მედროვე კოლეგებს. მარტო ლევან ბერძენიშვილის ხანჯალივით ბასრი და თამამი რეპლიკები (მურუსიძესა და ღარიბაშვილზე) რად ღირს; უმრავლესობის სხვა ვერც ერთი წევრი ვერ აძლევს საკუთარ თავს ამის უფლებას. ბრმა პიროვნულ ერთგულებაზე დაფუძნებულ გუნდურ სოლიდარობას მიუჩვეველი რესპულიკელებისათვის პირადი რეპუტაციაა ერთადერთი ორიენტირი; ხოლო რეალობა კი მმართველი ძალის არაპოპოლარული ნაბიჯებისგან თავაზიანად გამიჯვნის მშვენიერ შანსს იძლევა. მით უმეტეს როდესაც ხელისუფლება სწორედ საარჩევნო წელს აღმოჩნდა რამდენიმე ცეცხლს შუა. ვერც აუცილებელი რადიკალური ცვლილებების გამართლებულ რისკზე მიდის, ვერც იმ არაფრის მაქნისი ჩინოვნიკების გაშვებას ბედავს ტაქსის მძღოლების საანეკდოტო მასალად რომ იქცნენ და რაც უნდა მოხდეს, არჩევნებშიც ვერ დამარცხდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოში არჩევნებში დამარცხება დიდი ხანია, რაც მხოლოდ "ჩვეულებრივ" დროებით პოლიტიკურ მარცხად არ ითვლება", - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
”2012 წლის არჩევნების შემდეგ კი მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ თუ რა ელით დამარცხებული პარტიის არა მხოლოდ ამა თუ იმ დანაშაულში ეჭვიმტანილ ლიდერებს, არამედ რიგით წევრებსაც. ნეტავ თუ ახსოვს ბატონ ბიძინას მისი წინასაარჩევნო დაპირება: შეიძლება მხოლოდ მინისტრები შევცვალოთ (რაც ბუნებრივი იქნებოდა), მოადგილეებს და ქვემოთ, თუ დანაშაული არ ჩაუდენიათ, ხელს არ ვახლებთო. ეტყობა, ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა მომავალ პრემიერს თანაგუნდელების ნათესავ-მეგობარ-მეზობელ-ახლობელთა რაოდენობაზე. კომუნისტების დროს პრესასა და ტელევიზიაში არსებობდა პოპულარული რუბრიკა - "მე რომ დირექტორი ვიყო". სახელწოდებაა საინტერესო, არავითარ შემთხვევაში ცკ-ს მდივანი ან მინისტრი, ცდუნება რომ არავის გასჩენოდა. ამიტომ მხოლოდ "დირექტორის" პოზიციიდან ვიფანტაზიორებ (არ მინდა ცკ-ს მდივნები ვანერვიულო). პირველ რიგში, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმზე დავკომპლექსდებოდი და ჩემს ერთგულ, მაგრამ უცოდინარ ინჟინრებს, ჩემი მოკრიტიკე კარგი პროფესიონალებით შევცვლიდი. ფსონს წმინდა ადამიანურ პატივმოყვარეობაზე დავდებდი - ასეთი პროფესიონალი დღე და ღამეს გაასწორებდა, რათა საქმით დაემტკიცებინა, რომ წინამორბედზე მეტის გაკეთება შეუძლია. დავეშვათ ღრუბლებიდან ჩვენს ცოდვილ მიწაზე, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში მომუშავე კანონებია, მოგებული მხოლოდ ის რჩება, ვინც კანონიერ სივრცეში სხვაზე მეტად პატიოსანი, ჭკვიანი და ეფექტურია. ოპოზიცია თავის სასარგებლოდ იყენებს აქტუალურ სამართლებრივ ბერკეტებს და ზეწოლას იწყებს ხელისუფლებაზე. ეს ნორმალური პროცესია. როგორ რეაგირებს "ახალგაზრდა, დემოკრატიული ხელისუფლება?" მისთვის, როგორც უკვე ვთქვით, სიკვდილის ტოლფასია არჩევნებში დამარცხება და საუკეთესო შემთხვევაში თავის სასარგებლოდ ცვლის კანონებს, მათ შორის საარჩევნო კანონსაც. ოპოზიცია იძულებული ხდება გაცილებით შეზღუდულ სამართლებრივ სივრცეში იმოქმედოს. როგორია ტენდენციის საბოლოო შედეგი? ლეგალური სტრუქტურიდან, რომელსაც უფლება აქვს კანონიერი გზით შეცვალოს ხელისუფლება, ოპოზიცია და ოპოზიციონერები დისიდენტებად იქცევიან. ეს საბჭოთა მოდელია...", - განმარტავს ცინცაძე. "დღევანდელი ორ-სამ კაციანი პარტიის ლიდერები დისიდენტები, ცხადია, არ არიან. ხომ გითხარით, ის საბჭოთა მოდელი იყო. დღეს სხვა სინამდვილეა და სხვა მოდელი. არსია უცვლელი - ხელისუფლება მისთვის სასურველი კანონებით ავიწროებს სამართლიანი შეჯიბრის დერეფანს. მეორე მხრივ, სიტუაციას დრამატიზმს მატებს ოპოზიციის კატასტროფული სისუსტე, დაქსაქსულობა თუ ჭერს მაღლა ასული პიროვნული, აბსოლუტურად უსაფუძვლო ამბიციები. რამდენჯერ ვიხილეთ ერთ მაგიდას შემომსხდარი 30-40 ჯუჯა პარტიის ლიდერი. ცალ-ცალკე ყველა ნულია, ერთად შეიძლება სოლიდური ფრაქციით მაინც შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ საფუძველშივეა გამორიცხული მათი ერთობა ვინაიდან მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ორმოც ლიდერიანი გაერთიანებული ოპოზიცია. ისე კი, ერთი შეხედვით, რა მარტივია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის დილემა.
დღევანდელ საქართველოში ხომ ერთადერთი მძიმეწონიანი პოლიტიკოსია პარლამენტს მიღმა - ნინო ბურჯანაძე... ნინო ბურჯანაძის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მომხრეობა რომ პრორუსულ ქმედებად ითვლება , ეს სრული იდიოტიზმი და დიპლომატიური "ნონსენსია". 150-მილიონიანი მეზობლის იგნორირება, მის არსებობაზე თვალის დახუჭვა და მასთან მუდმივ კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნა, შემახსენეთ პატარა ქვეყნისთვის სიკეთით დამთავრებული ასეთი ექსპერიმენტი. და ბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ გაგვანდოს პრემიერმაც და მისმა მემკვიდრე მთავარმა დიპლომატმაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგია, თუკი ასეთი არსებობს ბუნებაში", - დაასკვნის რესპონდენტი.
"აფხაზებისა და ოსების ძმებად მოხსენიება და ევროპაში მოგზაურობით დახარბება არც სტრატეგიაა, არც ტაქტიკა და არც ტრივიალური პრაგმატიზმი. რასაკვირველია, ფაქტია დღევანდელი ხელისუფლების უდანაშაულობა ტერიტორიების დაკარგვაში, მაგრამ ისტორია და შთამომავლობა მასაც მოსთხოვს თავის წილ პასუხს. სანამ მინისტრი გახდებოდა, აკლებული ჰქონდა აქუბარდიას ეთერი პაატა ზაქარეიშვილს, თითქოს შეცდომებსაც რეალურად ხედავდა და სოხუმ-ცხინვალთან მისასვლელი "საგზაო რუკაც" ჯიბეში ედო. ისეთი რა ჯადოა ჩაკერებული ამ მინისტრის სავარძელში, რომ მართლაც ნორმალური შემრიგებელი, სკანდალურად არაადეკვატურ კვაზიჩინოვნიკად იქცე? მხოლოდ ერთი რამ ვიცი ზუსტად; ისეთია მწარე რეალობა, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია აფხაზებსა და ოსებთან პირისპირ სალაპარაკოდ მიგვიშვას, ან ისინი მოუშვას ჩვენამდე. დღეს სხვა გზა არ არსებობს. 20-30 წლის შემდეგ შეიძლება სხვა ვითარება იყოს, მაგრამ ჩვენი ერთად ცხოვრების მომსწრე აღარც აფხაზი იქნება დარჩენილი და აღარც ოსი. აღარც ქართულის მცოდნე იქნება ვინმე; ჩვენთან დიდ სიახლოვეს დღესაც აღარ გრძნობენ ოსები და აფხაზები და რა იქნება 20 წლის შემდეგ? თუ არაფერი შეიცვალა, ტოტალური გაუცხოება, როდემდის უნდა ვიტყუოთ თავი? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ნებისმიერ კომპრომისზე უნდა წავიდეთ თუკი ეს რეალური და არა წინასაარჩევნო "შერიგების" შანსს იძლევა. გაგიგიათ შერიგება კონტაქტისა და მისვლა-მოსვლის გარეშე? უკანასკნელი კი რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული. ჯერ მიტაცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოსო და მერე დაველაპრაკოთო. ეს სადაური დიპლომატიაა? რა, მხოლოდ რუსეთს აქვს ჩვენთვის დასაბრუნებელი ტერიტორიები? მხოლოდ რუსეთის არმია გვწვავდა და გვხოცავდა? ჩაიხედონ ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩვენმა რუსოფობმა პოლიტიკოსებმა. ეგებ ირწმუნონ, რომ სხვას ასჯერ და ათასჯერ მეტი სისხლი მართებს ჩვენი? თანაც ყოველგვარი პროვოკაციული საბაბის გარეშე. ეს უკვე ისტორიაა, არა? რომელსაც არაფერი აქვს საერთო დღევანდელობასთან. ჰოდა, ასეთ ისტორიად შეიძლება იქცეს აფხაზეთი და სამაჩაბლოც. და კიდევ ერთი, აფხაზეთთან და ოსებთან შერიგებაცა და სხვა პერსპექტივაც ქართულ ეკონომიკაზე, სიღატაკის დაძლევაზე და სხვისთვის მიმზიდველ ცხოვრებაზე გადის. თუ ეს იმდენად შორეული პერსპექტივაა, რომ ლოდინის დრო არ არსებობს, სხვა ალტერნატივებზე უნდა ვიფიქროთ", - თვლის სოსო ცინცაძე. "უტოპიაში სასიამოვნო გასეირნება იყო "ქართული ოცნების" მთელი საარჩევნო პროგრამა. საქართველოსნაირ ქვეყნებში ერთჯერადი გამოყენებისთვის წერენ საარჩევნო პროგრამებს. მან დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ელექტორატის მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს. კარგია, რომ დღეს მაინც აღიარებს ხელისუფლება, შესაძლებელზე მეტს შეგპირდითო, მაგრამ ცუდია, რომ მეორე უკიდურესობაში ვარდება და უკვე ტარიფების შემცირების ნაცვლად ზრდას გვპირდება შეპარვით - კერძო სექტორმა არც ზემოგებებზე უნდა იმუშაოს და არც სიცოცხლისუნარიანობა უნდა დაკარგოსო. მოკლედ რომ ვთქვათ, რიგითი მოქალაქეებივით არ უნდა იცხოვრონო. ახალგაზრდა კაცია ახალი პრემიერი და შეიძლება არ მოსწრებია იმ დროს, როცა ისრაელში ას პროცენტამდე ავარდა ინფლაცია, მაგრამ ლიკუდის მთავრობამ შეძლო სიღატაკისაგან დაეცვა ხალხი, ინფლაციასაც დროზე ამოსდო აღვირი. ჩვენ რა ისეთი ებოლა-ინფლაცია შეგვეყარა, რომ ყოველ 4-5 თვეში დენისა და გაზის ტარიფებს სანსლავს? რაც შეეხება ე.წ. კერძო სექტორს, ჩვენ უკვე მონოპოლისტიური კაპიტალის დიქტაქტის პირობებში ვცხოვრობთ კარგა ხანია, როდესაც კომიკური მარეგულირებელი კომისია კი არა, პრემიერიც უძლურია მასთან ბრძოლაში. სწორედ მას უწოდა 1936 წლის საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში "კაპიტალისტური როიალისტები" ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა, თუმცა ის ხომ რუზველტი იყო", - დასძენს ცინცაძე და შეკითხვას -"ელით ივანიშვილის დაბრუნებას დიდ პოლიტიკაში?"- პასუხობს: "არა მგონია, დაბრუნდეს, თავადა აქვს ნათქვამი - "ეს მეორედ მოსვლა იქნებოდაო". გარდა ამისა, ისეთი რა ვალი აქვს კოალიციის უმრავლესობის წინაშე, რომ კიდევ ერთი ოთხი წლით მათ კეთილდღეობას გადააყოლოს დარჩენილი პირადი ავტორიტეტი? მან უშეცდომოდ იცის, რომ როგორც მომავალ, ასე შემდგომ ოთხ წელში, შეუძლებელი იქნება ღატაკი ქვეყნის გამდიდრება. პასუხს კი ძიძიგურს, ტყემალაძეს, ვოლსკის, კვაჭანტირაძეს და კობახიძეს კი არა, მას მოსთხოვს დამშეული ხალხი. ასეთ "ქველმოქმედებაზე" კი ჭკვიანი ადამიანი წამსვლელი არ არის."
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/361844-qarthuli-presis-mimokhilva-13012016.html