2 მაისმა ისე ჩაიარა, სახალხო კრებამ საკუთარი გეგმების შესახებ, ბრიფინგის ფორმატში მინიმალური ინფორმაცია გასცა. არც მოქმედების კონკრეტული ტაქტიკა ჩამოუყალიბებიათ და არც ის უთქვამთ, 21 მაისს თავისუფლების მოედანზე ხალხი რა მოთხოვნით უნდა შეიკრიბოს. ბუნდოვანება კი, მსგავსი პროცესებისადმი უნდობლობას იწვევს. შესაბამისად, კულუარებში უკვე ხმაც დაირხა, ხალხი გარეთ რომ არ გავა, მოვლენების გამწვავებაზე კრების შიგნიდან იზრუნებენო. მათ განცხადებას კი, ერთმნიშვნელოვნად გულგრილი რეზონანსი მოჰყვა - რევოლუციურ ანონსს სერიოზულად არც ხელისუფლება უყურებს, არც საპარლამენტო ოპოზიცია და არც “რვიანის” სრული უმრავლესობა. როგორია საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლის, ქართული აკადემიის პირველი გამოხმაურება, რა ინფორმაცია ვრცელდება კრების მიერ დასახელებულ თარიღზე და რა გეგმა აქვთ “რვიანსა” და მის მხარდამჭერ არასამთავრობოებს კრების ანონსის საპირწონედ - ამ საკითხების შესახებ რეჟისორი და ქართული აკადემიის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია გვესაუბრება:
- თარიღი დაიდო და საპროტესტო გამოსვლები იწყება, თუმცა არც მოთხოვნა ჩანს და არც - რამის აღსრულების მექანიზმი. იმედია, 21-ში გაახმაურებენ, მაგრამ ამ დროს საპროტესტო აქციის დაწყება დაგვიანებულიც კია. ალბათ, არსენალში რაღაც ისეთი აქვთ, რისთვისაც ხალხის დაძახება ღირს. აქციების დაწყება პირდაპირ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით უკვე გავლილი გვაქვს. ვიცი, სიზმარია, მაგრამ ეს აქციები გაცილებით ეფექტური და ხელისუფლებისთვის მოულოდნელი იქნება, ბურჯანაძემ და მისმა მხარდამჭერებმა 21-ში რომ თქვან, მაისი საარჩევნო გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, ამიტომ გამოვდივართ მოთხოვნით, დროზე დაიწყოს მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოზე და ამ ორი კვირის განმავლობაში, მაისის ბოლომდე რაღაც გადაწყვეტილებაც იქნას მიღებულიო. ეს ხელისუფლების მხრიდან, მართლაც სერიოზულ დათმობას გამოიწვევს, განსაკუთრებით მაშინ, ამავე მოთხოვნას, დიდი რესურსების მქონე ქართული პარტია თუ შემოუერთდება, როგორც თავად ამბობენ. მერე საზოგადოებაც გაცილებით ჩართული იქნება ამ ყველაფერში, პროცესს ყველგან მხარდამჭერები ეყოლება, ქალაქში კონცენტრაციის სამი წერტილი გაჩაღდება და მაისიც საკმაოდ ცხელი იქნება.
კარგი გეგმაა, საინტერესოა, მართლა ოცნებობთ, თუ ინფორმაცია გაქვთ ამ სავარაუდო მოცემულობის შესახებ?
- ამ მოცემულობით კრება მარტოა. ჯერჯერობით, ვერც იმას ვატყობ, რამეზე მოჭიდება თუ შეიძლება. ბოლობოლო, მათ მოთხოვნაც კი არ წამოუყენებიათ და მგონია, რომ თუ ეს მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომა იქნება, მაშინ 22-ში ხალხი გარეთ აღარ გავა. არ მინდა, ამაზე წინასწარ საუბარი, მაგრამ, ალბათ, ეს ასეც იქნება, თუ სცენარში გამწვავების რაღაც ფორმა არ აქვთ ჩადებული. თუ მართლა ამას აპირებენ, მაშინ წარმატებები მათ ამ საქმეში და იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება, ამიტომ მოდით, ამაზე ახლა ნუ ვისაუბრებთ.
მოგვიწევს, რადგან უკვე გავრცელდა მოსაზრება, რომ თუ ხალხი აქციაზე არ გავა, მოვლენები კრების შიგნიდან გამწვავდება. მაგალითად, ისინი რაიმე პროვოკაციაზე წავლენ, რომელსაც, შესაძლოა, ნონა გაფრინდაშვილის ან გია ბურჯანაძის დაპატიმრება მოყვეს. 22-ში ხალხის გარეთ გასატყუებლად ამაზე წამსვლელები არიან?
- რაც შეეხება გამწვავებას, ახლა ის პერიოდი არაა, როცა მათთვის რამის რჩევა შეიძლება. ახლა კრების შიგნით ისეთ ზღვარზე არიან, ყოველგვარი ზედმეტი რჩევა ხელს უფრო შეუშლით. აქამდეც მქონია მათთან საუბარი ისევე, როგორც გარკვეული წინადადებები და შეთავაზებები, ღიადაც და პირად საუბრებშიც, მაგრამ როგორც ნახეთ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ყველაფერი, რასაც ახლა ვამბობ, უკვე სურვილია და არა - რჩევა.
თარიღის დადებით თავი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიყენეს. ალბათ, რაღაც წარმატებული გეგმა თუ არა, რამენაირი სილუეტი მაინც აქვთ, რომელიც ამ ხალხს, თავისი მხარდამჭერებიანად რაღაც შედეგამდე მიიყვანს. 21 მაისს სწორ მოთხოვნას თუ დააყენებენ, რომელიც საარჩევნო გარემოსთან იქნება კავშირში, ეს ყველაფრის დასაწყისი შეიძლება გახდეს. მერე, მეორე პარტიაც ამათ აყვებოდა. სექტემბრიდან კი უკვე ხელისუფლებისთვის რეალური ბერკეტების გამოცლაზე წავიდოდა ლაპარაკი. საარჩევნო გარემოზე პატარა წარმატებით ხალხიც გაქეზებული იქნებოდა და უკვე პოლიციური ბერკეტების გამოცლაზე იფიქრებდა. იქნებოდა კონკრეტული შეთავაზებები სასამართლო სისტემაზე, პროკურატურასა და თავისუფალ მედიაზე. სწორედ ეს მიგვიყვანდა მართლა წარმატებულ არჩევნებამდე, რომელსაც მხოლოდ შედეგების გაფორმებაღა აკლია. ან, ეს პროცესი ხელისუფლების იძულებით გაშვების ლეგიტიმაციას მოახდენდა. ყოველ შემთხვევაში, ამ გზაზე შედეგს მაინც ვხედავ.
ამაზე საუბარი უკვე მეორედ წამოიწყეთ. ყველაფერი ისე რატომ ააგეთ, თითქოს კრებას, “რვიანსა” და ქართულ პარტიას ერთი გეგმა აქვთ?
- ხომ გეუბნებით, ეს მხოლოდ ჩემი სურვილია. არ შეიძლება რევოლუცია რაღაცნაირად გაკეთდეს და რომელიმე კონკრეტულ დღეზე დაიდოს. არც ის შეიძლება, თუ “რვიანი” ან სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა რევოლუციის ქარიშხალს იგრძნობს, გამოვიდეს და თქვას, ამას არ დავუშვებთ ქვეყანაშიო. ესეც დიდი გულუბრყვილობაა. ამხელა ტალღა თუ წამოვიდა, ვინ ხარ და რას წარმოადგენ, რომ იძახო, ვერ და არ დავუშვებ რევოლუციასო?! როგორც ორგანიზაცია, კრების აქციებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ხალხს ვერაფრისკენ მოვუწოდებთ, ვერც ფიცარნაგზე ავალთ და ვერც პასუხისმგებლობას ავიღებთ საკუთარ თავზე, მაგრამ თუ ჩვენს მეგობრებს რაღაც ზიანი მიადგათ, ბუნებრივია, პიროვნულად და ადამიანურად, უბრალოდ, სახლში ვერ გავჩერდებით.
სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა მოვლენების კრების შიგნიდან ინსპირირება ვახსენე. ალბათ, ეს განსაკუთრებით მაშინაა მოსალოდნელი, თუ 21 მაისს დელეგატების ის რაოდენობაც არ მივიდა თავისუფლების მოედანზე, რაც 25 ნოემბერს პარლანეტის წინ იდგა.
- მარჩიელობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ ისედაც ბუნდოვან სამყაროში კრების ბუნდოვანება უნდობლობას იწვევს. გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი გარეთ უკვე იმ რწმენითა და პათოსით ვეღარ გადის, რითაც უნდა გადიოდეს. როცა ნაპოლეონი ამბობდა, კონსტიტუცია ისე დამიწერეთ, რომ ბუნდოვანი იყოსო, ეს ნიშნავდა, კანონი ისე უნდა გავიგო, როცა როგორ დამჭირდებაო. მაგრამ როცა საქმე აქციას ეხება, იქ არანაირი მრავალმხრივი გაგება და მერე მოთხოვნების ქვეტექსტებით ამოკითხვა არ გამოვა. ალბათ, ეს ყველაფერი თვითონ უკეთ იციან, რაკი ზღვარიც თავად დაიწესეს და გარშემო წითელი ხაზებიც თავადვე შემოიხაზეს. ახლა, არ მინდა, თავს ჩემი აზრები მოვახვიო და ისედაც დისკომფორტში მყოფებს, მდგომარეობა დავუმძიმო.
იქნებ, ეს ბუნდოვანება და გეგმისა თუ მოთხოვნის არდაკონკრეტება თავის დასაზღვევადაა, რათა ისევ განაცხადონ, ხალხი არ მოვიდა, ჩვენ კი არ გვითქვამს, რომ სააკაშვილს 21-შივე გადავაყენებდითო?
- იმედია, თავად იციან, რაზე მიდიან, სად მიდიან და ეს ყველაფერი წარუმატებლობის შემთხვევაში რა შედეგს მოიტანს. ჩვენ, აკადემია, რეალურად, ისევ ვერაფერში დაგვარწმუნეს. არ ვიცით, რა ხდება და რა უნდათ. იმედია, თვითონ მაინც იციან, რისთვის შექმნეს ეს ჯგუფები და შეადგინეს კომიტეტები. იქნებ, ვიღაც ლანსელოტი იპოვეს, რომელიც გველეშაპს მარტო დაამარცხებს?! არც ეგ ვიცი. მესმის, ხალხს შურისძიების დიდი წყურვილი აქვს, ზოგს ოჯახის წევრი მოუკლეს, ზოგს - დაუპატიმრეს, მაგრამ ემოციის გარდა, გამოცდილებაც გვაქვს, რომ გამოსვლითა და ყვირილით არაფერი გამოდის, ამიტომ ახლა, მაგათ თავი დავანებეთ და ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედავთ.
მაინც რა საქმეს უნდა მიხედოს ქართულმა აკადემიამ მაისში? კრებამ ვერ გადაგიბირათ, მაგრამ “რვიანმა” როგორღა მოახერხა ეს?
- საარჩევნო გზამ საგარეო ფაქტორში რაღაც მექანიზმები უკვე აამოქმედა და ამაზე თვალის დახუჭვა, ან იმის თქმა, ეს თავისით მოხდებოდაო, არ შეიძლება. მოკლეზე გადმორბენამ ვერავითარი შედეგი ვერ მოგვიტანა, ამიტომ ახლა შორი გზა რჩება მოსავლელი, რათა შინ შედეგით დავბრუნდეთ. მინიმუმ - მშვიდობით მაინც. რა თქმა უნდა, კარგია, როცა კვირას გარეთ გადიხარ და ორშაბათ-სამშაბათს ყველაფერი დამთავრებული გაქვს, მაგრამ ასე არ გამოვა, ამიტომ ახლა, ამ რვა პარტიის პოზიციას ვიზიარებთ. ბუნებრივია, ქართული აკადემია პროცესით ახლაც დაინტერესებულია, როგორც მაშინ, როცა ამ პარტიების მობილიზაციისთვის რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ. მიგვაჩნია, რომ ესაა ის რეალური მოთხოვნა, რაზეც დიდი საპროტესტო, სახალხო მოძრაობის წამოიკიდება შეიძლება.
ისე, თქვენსავე განცხადებას შეგახსენებთ. “ნაციონალებს” ქვისა და მუშტის ენის გარდა, სხვა ენა არ ესმითო. არა მგონია, “რვიანი” ხელისუფლებას მუშტის ენით ელაპარაკებოდეს, ამიტომ ეს ორი პოზიცია ურთიერთგამომრიცხავია.
- ქვასა და მუშტში სწორედ ეს იგულისხმება, რომ ხელისუფლებას პროცესი თავად მიჰყავს აქეთ, ჩვენ კი სხვა გზას ვთავაზობთ. რევოლუციიდან რევოლუციამდე, შეიძლება ცხოვრება. ასე ცხოვრობენ კიდეც ქვეყნები, მაგრამ საბოლოოდ რას იგებენ, ესაა საქმე.
ვინ, თქვენ სთავაზობთ? მოდით, ქართული აკადემიის პოზიციის დეკლარირება გააკეთეთ - ირჩევთ “რვიანის” გზას და ემიჯნებით კრებას?
- პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პიკი ქვეყანაში არა ამ მაისს, არამედ მომავალი წლის გაზაფხულზე დადგება. არჩევნების გზა ცოტა შორეული, მაგრამ რეალურია და აქედან შედეგის გამოძერწვა შეიძლება. მაისის თვე, მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა მოლაპარაკებები “რვიანსა” და ხელისუფლებას შორის, მაინც მნიშვნელოვანია. თუ ეს არ მოხდა, მაშინ სხვა, ახალი ეტაპი იწყება და ამ ყველაფერს “რვიანის” მხრიდან უფრო აქტიური ქმედებები მოჰყვება. რევოლუციური პროცესი ამ სათავიდან რომ დაიწყოს, იგი ბევრად შედეგიანი და წარმატებული იქნება. მიმაჩნია, რომ საარჩევნო გზა ის ნაპერწკალია, საიდანაც დიდი ცეცხლის დანთება შეიძლება. 21 მაისს ან 21 მაისის შემდეგ, ქართული აკადემია განცხადებას გააკეთებს თავისი პოზიციის შესახებ. მანამდე კი გაგიმხელთ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიურად ჩავერთვებით. დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქციები, რომელიც ასევე “რვიანის” ფარგლებში განხორციელდება.
დააკონკრეტეთ - ქართული აკადემია რვიანის მხარდამჭერ აქციებს იწყებს?
- დიახ, ჩვენ ვიწყებთ, ასე ვთქვათ, “შემოსაერთებელ” აქციებს თბილისში და მონაწილეობას მივიღებთ რეგიონებში გასვლით აქციებშიც. ქართული აკადემია მხარს “რვიანის” პოზიციას უჭერს. დავიწყებთ საყოველთაო კონსოლიდაციას და არ დავკიდებთ თარიღს, თუ როდის დასრულდება ეს პროცესი. ვფიქრობ, ამაში საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართვას მოვახერხებთ.