პრემიერის გადადგომით ისევ და ისევ მთავრობის ეკონომიკური გუნდია დარტყმის ქვეშ. ყველაზე მეტი კომბინაცია კვლავ ამ მიმართულებით გათამაშდება. რა შედეგს მოუტანს ეს ბიზნესს და როგორ იმოქმედებს ცვლილება ბიზნეს გარემოზე?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, მთავრობის გუნდში ცვლილებები იგეგმება, რომელიც ძირითადად ეკონომიკურ გუნდ შეეხება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ეკონომიკის მინისტრი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე მოიაზრება. თანამდებობას შეინარჩუნებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სოფლი მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
მთავრობის ახალ გუნდში ასევე გამოჩნდება „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, რომელიც ბიზნესომბუდსმენის პოსტს დაიკავებს. ახალ შემადგენლობაში არ მოიაზრება ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელიც, სავარაუდოდ, გუნდს მიღმა აღმოჩნდება.
გარდა ამისა, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ: სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა და განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. გარდა ამისა, როგორც for.ge-ს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, წინასაარჩევნოდ საკუთარი განცხდების საფუძველზე თანამდებობას დატოვებს, თბილისის მერი დავით ნარმანია.
რა უნდა შეცვალოს მინისტრთა მომავალმა კაბინეტმა სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით და რა იცვლება ბიზნესისთვის. რატომ კეთდება აქცენტი ისევ და ისევ ეკონომიკაზე?
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ პრემიერისა და მთავრობის შეცვლაში დრამატული არაფერია და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც ინვესტორების გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„საქართველო ნაჩვევია მსგავსი ტიპის ცვლილებებს. ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ განვითარდა იმ დონეზე, რომ იყოს სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია და სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კონკრეტული პირების ცვლილებაზე.
რაც შეეხება ინვესტორების განწყობას, ის ვერ შეიცვლება, რადგან ინვესტორები, რომლებიც გეგმავენ საქართველოში პროექტების დაფინანსებას, კარგად იცნობენ ქართულ რეალობას და იციან, რა ტიპის პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. შესაბამისად, პრემიერის გადადგომა მათ გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს“, – დარწმუნებულია ჯანიაშვილი.
მისი თქმით, მთავარი, რასაც მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდისგან ელოდება, არის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა როგორც მსხვილი, ისე მცირე ბიზნესისთვის.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე კი სულ სხვაგვარად ფიქრობს. მისი თქმით, საარჩევნო წელი ზოგადად, ყველა ქვეყანაში მოქმედებს ბიზნესზე. ჩვენთან არ არის საბაზისო საკითხებზეც კი პოლიტიკური თანხმობა, შედეგად, შეიძლება პოლიტიკური გუნდის ცვლილება საერთოდ ქვეყნის რადიკალურ ცვლილებას ნიშნავდეს.
„ჩვენს ინვესტორებს დიდი პრეტენზია არაფერზე აქვთ, არც გადასახადებზე, არც რეგულაციებზე. მათთვის მთავარია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია არ აირიოს. ინვესტორები ასე ფიქრობენ. აქ იგულისხმება ის, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წავიდეს, მოვლენები ქუჩაში არ გადავიდეს.
ესეც პატარა არჩევნებივითაა. ინვესტორი დაელოდება, ეს ერთი ადამიანის შეცვლაა თუ ამას პოლიტიკური კურსის ცვლილება მოჰყვება. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც პრემიერ მინისტრი იცვლება, ამას თან უნდა ერთვოდეს პოლიტიკური კურსის ცვლილება. სხვანაირად, პოლიტიკური ლიდერის შეცვლას აზრი არ აქვს. ესეც ძალიან დააფიქრებს უცხოელ ინვესტორებს“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ნამჩავაძე.