აზერბაიჯანში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდება

აზერბაიჯანში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდება

აზერბაიჯანული მანათის კოლაფსმა ქართველ ბიზნესმენებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. ყველასათვის ცხადია, რომ მეზობელ ქვეყანაში ექსპორტი ძალიან შემცირდება.

აზერბაიჯანი საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 231 მილიონ 278 ათასი დოლარი შეადგინა. მეზობელ ქვეყანაში ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, უალკოჰოლო სასმელები, ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და რკინიგზის ლოკომოტივები გადის.

მეზობელ ქვეყანას ახლა ურთულესი პერიოდი უდგას. აზერბაიჯანული მანათი ბოლო 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 70%-ით გაუფასურდა, მათ შორის, ორიოდე დღის წინ ერთბაშად 47%-ით. რასაკვირველია, ეს გამოიწვევს ინფლაციას და პროდუქციის მკვეთრად გაძვირებას. შესაბამისად, დაიკლებს მოხმარება, ხალხი ვეღარ შეძლებს გაძვირებული საქონლის შეძენას. საბოლოოდ, აზერბაიჯანში შემცირდება იმპორტის ოდენობა (როგორც ეს ჩვენთან მოხდა). ამიტომაც საქართველოს მსგავს ქვეყნებში დაიკლებს აზერბაიჯანში გადაზიდული პროდუქციის მოცულობა, რაც ექსპორტის შემცირების წინაპირობაა.

სწორედ ასეთი სცენარი გათამაშდა რამდენიმე თვის წინათ რუსეთში, სადაც ადგილობრივი ვალუტაც დროთა განვალობაში დაახლოებით იმ დოზით გაუფასურდა, როგორც აზერბაიჯანში. ამან ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრი კლება გამოიწვია, შესაბამისად, 2015 წლის განმავლობაში ჩვენი ექსპორტი ჩრდილოეთის მიმართულებით განახევრდა.

თანაც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი საიუველირო და ლუქს კლასის საიმპორტო პროდუქციაზე გადასახადს ზრდის. სწორედ ამ გზით აპირებს მეზობელი ქვეყანა ვალუტის დევალვაციის პირობებში იმპორტის შეზღუდვას და მანათის დასტაბილურებას. ეს კიდევ ერთი ბარიერია ქართული პროდუქციისათვის.

ბიზნესმენები უკვე შფოთავენ მეზობელ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო. კომპანია „კასტელი-საქართველოს“ აზერბაიჯანში ლიმონათი „ზანდუკელი” გააქვს. კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა ალბათობა იმისა, რომ პროდუქციის ფასი გაიზრდება, საკმაოდ დიდია. ფასების დაკორექტირების შემდეგ ლევან ზაუტაშვილი მოხმარების შემცირებას, შესაბამისად, ექსპორტის კლებასაც ვარაუდობს.

„ლიმონათი არ ითვლება პირველადი მოხმარების პროდუქტად და პირველ რიგში, ცვლილება სწორედ ასეთი სახის პროდუქციაზე ახდენს გსავლენას“, - აცხადებს ბიზნესმენი „კომერსანტთან“ საუბრისას.

ზოგადად საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებლი ისედაც შემცირებულია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8892 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია, აქედან ექსპორტი 2019 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 23%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე, ხოლო იმპორტი 6873 მლნ. აშშ დოლარს, რაც 11%-ით არის შემცირებული.

განსაკუთრებული ვარდნა დსთ-ის ქვეყნებთანაა. ამ მიმართულებით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 2509 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 764 მლნ აშშ დოლარი (44 პროცენტით ნაკლები) იყო.