თამარ სანიკიძის შეფასებით, 2015 წელი, განათლების სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი და გამოწვევის წელი იყო. რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა რეფორმაში, რა პრობლემები დარჩა გადასაჭრელი და რატომ შემცირდა საშობაო არდადეგები? „ვერსიის“ კითხვებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ექსკლუზიურად პასუხობს.
- 2015 ერთგვარი გამოწვევის წელი იყო, რეალურად 2013-14 წლებში დაგეგმილი სიახლეების განხორციელება დავიწყეთ. წინა წლებში სისტემა სრულად შევაფასეთ და შევიმუშავეთ სტრატეგია, რომლის მიხედვითაც მუშაობას ვაგრძელებთ. სისტემურ ცვლილებებსაც ვგულისხმობ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პედაგოგთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავებაა. ამ სისტემაში მოვაქციეთ პედაგოგიური განათლების რეგულაციის საკითხები, უმაღლესი განათლების კომპონენტიდან დაწყებული, მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის და მათი შეფასების კრიტერიუმებით დასრულებული. შეფასების სისტემა, სერთიფიცირებაზე ბევრად ეფექტურია. ამ სისტემაში მოვაქციეთ, სახელფასო პოლიტიკაც, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან, სახელფასო პოლიტიკის დარეგულირების გარეშე, რეფორმის ეფეტურობაზე საუბარიც ზედმეტია.
- ამ ცვლილებით, მასწავლებლებს 600-700-ლარიანი ხელფასი დაახლოებით რა ვადებში ექნებათ?
- თუ პედაგოგის საბაზო ხელფასი 295 ლარი დაგვხვდა, 2016 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 405 ლარი იქნება. ეს სოლიდური ცვლილებაა, რადგან სწორედ ამგვარად გავდივართ საშუალო 600-700-ლარიან ხელფასზე. რა თქმა უნდა, გააჩნია, მასწავლებლის კატეგორიას, სტაჟს... საბაზო ხელფასი 405 ლარი, საშუალოდ, დაახლოებით 500-550 ლარია. ეს ეხება რეალურად ყველა მასწავლებელს, ვისაც სრული განაკვეთი აქვს. არის კიდევ მასწვალებელთა ყველაზე დიდი ჯგუფი, მაგალითად, მასწავლებელი მაგისტრი, 5 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით, რომლის საშუალო ხელფასიც, კატეგორიის მიუხედავად, 600-700 ლარი იქნება. მეორე ჯგუფია, მეორე საფეხურზე მყოფი მასწავლებლები, რომლებსაც კატეგორიის მიხედვით, დანამატით ეკუთვნით და საბოლოოდ, მაჩვენებელზე, რომელზეც ვსაუბრობთ, გადიან. გააჩნია, როგორ დავიანგარიშებთ - პედაგოგთა საკმაოდ დიდ რაოდენობას, ნამდვილად ექნებათ ასეთი საშუალო ხელფასი. აქ, უმნიშვნელოვანესია, სკოლის შიდა შეფასება, რომლისთვისაც ჯგუფებს ვამზადეთ და რაშიც დღეს აქტიურად არიან ჩართული პედაგოგები.
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შემუშავებისას რა ხარვეზები გამოიკვეთა?
- ძირითადად ტექნიკური, რომლებიც ვერ აფერხებს სისტემის განხორციელებას. მაგალითად, სისტემაში რეგისტრაციისას, პედაგოგმა საბუთები დროულად ვერ წარმადგინა, რისთვისაც რეგისტრაციის ვადა გავაგრძელეთ. გაცილებით მეტი დრო დავუთმეთ დაგეგმარება-შეფასება-შემოწმებას, რაშიც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებიც იყვნენ ჩართულნი. ძირითადად იმ ქვეყნებიდან, სადაც სისტემამ გარკვეული განვითარებაც განიცადა - ესტონეთი, ფინეთი, ბრიტანეთი, ამერიკა... ველოდებით, როგორ შედგება შეფასების ჯგუფები სკოლებში და როგორი იქნება პილოტირების შედეგი, რომელსაც გამოცდებისა და ეროვნული შეფასების ცენტრი, გარედაკვირვებით ახორციელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად, ესაა ყველაზე ახალი ელემენტი. ამ ფონზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემის ამუშავება, 2015 წელს, ჩვენი გამოწვევა იყო.
- რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით?
- მეცნიერების მიმართულებით არსებული ვითარება დეტალურად ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს შევისწავლეთ. რეალურად, წინ იმდენად წავიწიეთ, რომ საშუალება მოგვეცა, განგვესაღვრა ამ სფეროს განვითარებისთვის, რა საკანონმდებლო ცვლილებების გატარება იყო აუცილებელი. დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა მეცნიერების დაფინანსება, გაიზარდა მეცნიერთა ხელფასიც. დავიწყეთ ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოსაწესრიგებლად ინვესტიციის განხორციელება. 2015 წლის ჩათვლით, 40 მილიონი ლარი მივმართეთ, უმაღლესი სასწავლებლების შემადგენლობაში არსებული კვლევითი ინსტიტუტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღგენისთვის. პარალელურად, შევიმუშავეთ, მეცნიერების მართვის მექანიზმები, რისთვისაც, საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა და უკვე გვაქვს კანონი, რომელიც შესაბამის შედეგებზე გაგვიყვანს. ყველა მიმართულებით განვითარებისკენ მივდივართ, რაც ძალიან კარგია.
- ინფრაქსტრუქტურული პროექტები სკოლებშიც განხორციელდა. ბევრი სკოლის შენობა დარჩა სარეაბილიტაციო?
- სასკოლო ინფრასტრუქტურამ ძალიან შეგვაფერხა. ეს პრობლემა რომ არ ყოფილიყო, დღეს განათლებაში უკეთესი შედეგები გვექნებოდა. არც ერთ პროექტს და პროგრამას არ აქვს ეფექტი, თუ მათ განსახორციელებლად, შესაბამისი ადგილი არ გაქვს. ამიტომ, პირველ რიგში, ინფრასტრუქურის მოწესრიგება დავიწყეთ. დღეს, რამდენიმე ათეული ახალი სკოლა გვაქვს. 1000-ზე მეტს კი, ფუნდამენტური რეაბილიტაცია ჩაუტარდა და იქ, სასწავლო პროცესის წარმართვა, დღეს უკვე შეიძლება. ამ მიმართულებით, სახელმწიფოსთან ერთად, საერთაშორისო პროექტებიც ხორციელდება. მაგალითად, ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი, რომლის ფარგლებშიც, ამერიკის მთავრობა, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, 140 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს. ამ თანხის ნაწილით, 4 წლის განმავლობაში, 100 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თუ, ინფრასტრუქტურული პროექტები ამ ინტენსივობით გაგრძელდა, 3-4 წელიწადში, საქართველოში ეს პრობლემა საერთოდ აღარ იარსებებს. მითუმეტეს, შევიმუშავეთ, სკოლების მოვლა-პატრონობის სტანდარტი, რაც აქამდე არ გვქონია. ეს გეგმა დაგვეხმარება, რესურსები სკოლის საჭიროების მიხედვით გავანაწილოთ და არ დავუშვათ, რომელიმე სკოლაში ინფრასტრუქტურა ჩამოიშალოს. მითუმეტეს, ამის საშიშროება, მაღალმთიან რეგიონებში ყოველთვისაა.
- რეგიონების მოსწავლეებს, სასკოლო ტრანსპორტით სამინისტრო უზრუნველყოფს. ბევრი სკოლაა დარჩენილი, სადაც ტრანსპორტის არარსებობის გამო სასწავლო პროცესი, სეზონურად მაინც ფერხდება?
- დღეს ტრანპორტი 1500-ზე მეტ სკოლას ემსახურება. იყო სკოლები, სადაც საჭირო იყო ტრანსპორტის დანიშვნა და ეს გავაკეთეთ, მაგრამ არის ერთეული სკოლები, ძირითადად, მაღალმთიან სოფლებში, სადაც სეზონურად მისასვლელი გზის პრობლემა იქმნება. გამოსავალი აქაც მოვძებნეთ - ადგილზე მოვახდინეთ რეაგირება, თვითმმართველობებთან ერთად გამოვნახეთ ინფრასტრუქტურა, სადაც საგანმანათლებლო პროცესი დროებით წარიმართება. ანუ, მოსწავლეები, სწავლას მოწყვეტილები არ არიან. სხვა მხრივ, დასწრების პრობლემა, ტრანსპორტის არქონის გამო, შეგვიძლია ვთვათ, რომ დღეს არ გვაქვს.
- მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური სამსახურის მობილური ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონებშიც ემსახურებიან ბავშვებს?
- ზოგადად, ამ პროექტის ბენეფიციარები, დღითიდღე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური სამსახურის შემოღება საჭირო იყო. ამ პროექტის დამსახურებაცაა, რომ ძალადობის შემთხვევებმა, სკოლებში იკლო. ამ საკითხში, სპეციალისტი აუცილებლად უნდა ჩართულიყო. ამ მიმართულებით, მანდატურების მუდმივი გადამზადება ხდება. მათ შეუძლიათ, ბავშვების ქცევაში, გარკვეული გადაცდომის იდენტიფიცირება. დიახ, 2015 წლის სიახლეა ისიც, რომ შევქმენით მობილური ჯგუფები. ყველა სკოლის ფსიქოლოგით უზრუნველყოფა რთული აღმოჩნდა, რადგან ზოგ გეოგრაფიულ არეალში, შესაბამისი სპეციალისტის მოძებნა გაჭირდა. საჭიროების შემთხვევაში, მობილური ჯგუფი გადის ადგილზე და თუ აუცილებელია, იქ რამდენიმე დღეც რჩება. ასე რომ, ეს ნამდვილად, სასიამოვნო სიახლეა.
- სიახლე იყო, გაუმჯობესებული ბუქებიც. გაამართლა ახალი ბრენდის კომპიუტერებმა?
- ტექნიკა სწრაფად ვითარდება, ამიტომ, წელს მოსწავლეებს განახლებული პარამეტრების ბუქები შევთავაზეთ. გადახალისდა პროგრამებიც. დაემატა მეორე, მესამე, მეოთხე კლასების პროგრამები. გააქტიურდა ქსელური მუშაობაც - 2014 წელს სკოლების ინტერნეტიზაცია დასრულდა. დღეს ყველა სკოლაშია ინტერნეტი და ინტრანეტიც მოეწყო ქსელური სამუშაობისთვის. საინტერესოა ისიც, რომ მეორე კლასელებს ჭადრაკის საათებსაც ვთავაზობთ და ეს არჩევითი საგანი, რომელიც ჭადრაკის ფედერაციასთან შევიმუშავეთ, ელექტრონული პროგრამაა. პედაგოგებიც გადავამზადეთ და ეს ტექნიკაც ამ პროგრამისთვის, შესაფერისია.
- ჭადრაკის საგანზე დაინტერესება არის?
- დიახ, დაინტერესება დიდია. დაახლოებით 250 სკოლაში ეს საგანი უკვე შეტანილია. რიგში ბევრი სკოლა დგას. უბრალოდ, იქ ჯერ არ დასრულებულა პედაგოგების გადამზადება.
-2016-2017 წლებში ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები უნდა შევიდეს. ამ ფონზე, საჭირო გახდება ახალი წიგნების დაბეჭდვა?
- ეროვნული სასწავლო გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც მუდმივად ვითარდება. არსებულ სასწავლო გეგმაში გარკვეული ხარვეზები არსებობდა. 2014 წლიდან, წამყვანი ქვეყნების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შედარება მოვახდინეთ და ანალიზი შევიმუშავეთ. მოვიწვიეთ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებიც, რომლებმაც რეკომენდაციებიც დაწერეს. უკვე დასრულებულია 1-6 კლასის ეროვნული სასწავლო გეგმა, წლის ბოლომდე დასრულდება საბაზო საფეხურის რევიზიაც. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა გრიფირების ახალი წესის შემუშავებაც, რადგან წინა წესი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო იყო. თავის სახელს თუ დავარქმევთ, ეს საქმე პროკურატურაში დევს, იმდენად გაუმართავი იყო სისტემა. კითხვები რომ არ გაჩენილიყო და პროცესი გამჭვირვალედ წარმართულიყო, საჭირო იყო გრიფირების წესის სათანადო დონეზე დამუშავება. სპეციალური კომისია, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედან, ტექნიკურ პარამემეტრებზე, წიგნის ღირებულებაზე, შრიფტზე, სტანდარტზე, ყველა დეტალზე მუშაობს. წლის ბოლოს, 1-6 კლასების სახელმძღვანელოებზე გამოვაცხადებთ გრიფირებას. ახალი სახელმძღვანელოები სავარაუდოდ, მომდევნო აკადემიური წლის მეორე სემესტრისთვის გვექნება და პილოტირებისთვის გამოვიყენებთ.
- ხშირი ტესტირება-პილოტირება მოსწავლეებზე უარყოფითად არ აისახება?
- ამასაც აქვს თავისი მეთოდი. თუ სიახლეს შეიტან გეგმაზომიერად, საჭირო მეთოდოლოგიის დაცვით, მოსწავლეს ზიანი არ მიადგება. ასე ვნერგავთ ყველა სიახლეს და ამიტომაცაა, რომ არც ერთ მათანს, უარყოფითი შედეგი არ ჰქონია.
- წინასწასკოლო მზაობის პროგრამა როგორ მუშაობს ?
_ ეს პროგრამაც 2015 წლის გამოწვევად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მოვახდინეთ სასკოლო ასაკის ცვლილება და განვახორციელეთ პროგრამა, რათა ბავშვი, პირველ კლასში მისასვლელად, ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც იყოს მზად. მასწავლებლები აღფრთოვანებულები არიან იმით, რაც გაკეთდა. ვფიქრობ, ნამდვილად არ შევცდით.
- საუბარია ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზეც. საბოლოოდ, რა ცვლილებები განხორცუელდება ამ მიმართულებით?
- ამ ცვლილებებს ანალიზი და მოსამზადებელი სამუშაები სჭირდება. ხარისხის ცენტრი მუშაობს უნივერსიტეტების დაფინანსების ალტერნატიულ ვერსიაზე. ჩვენი მიდგომაა, გამოცდების სასკოლო დონეზე ჩამოტანა. უტრირებულად რომ ვთქვათ, სკოლის შედეგებით შეძლოს მოსწავლემ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. ეს არ არის რესურსების ოპტიმიზაცია, რადგან საგამოცდო ცენტრის შექმნა ყველა სკოლაში მოგვიწევს. ეს ყვალაფერი ჯერ დამუშავების პროცესშია და საბოლოოდ, ყველაფერი, დაიხვეწება.
- სიახლეები თუა პროფესიული განათლების კუთხით?
-რამდენიმე კვირის წინ იტალიაში, ტურინში მიგვიწვიეს, სადაც ევროპული ტრენინგების ფონდმა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ჩაატარა. საბჭოს წევრები ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები და მოწინავე ექსპერტები არიან. საგანგებოდ დაგვპატიჟეს, რათა საქართველო განეხილათ, როგორც პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებული მაგალითი. ამ მიმართულებით, მართლაც ბევრი გაკეთდა. პროფესიული განათლების დაფინანსება 83%-ით გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, 200 პროფესიული აქტიური სტანდარტი, დამსაქმებლებთან ერთად შევიმუშავეთ. პროფესიული პროგრამული მოდულების განხორციელებისთვის, ყველა კოლეჯის რეაბილიტაცია მოვახდინეთ, ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ და შესაბამისეთ აღვჭურვეთ. ახლა ვმუშაობთ პროფესიული პედაგობების მომზადების და უწყვეტი გადამზადების პროგრამის შემუშავებაზე, რომელსაც ასევე ევროკავშირთან ერთად ვახორციელებთ. 2 წელიწადში ასეთი შედეგი არც ერთ ქვეყანას არ უჩვენებია.
- ზოგადად, განათლების ბიუჯეტიც იზრდება. ძირითადად რა პროექტებს მოხმარდება თანხა?
- სახელმძღვანელოების მომზადებას, პედაგოგთა ხელფასის გაზრდას და ამ სქემის შემდგომ განხორციელებას, მეცნიერების გაზრდილი დაფინანსების შენარჩუნებას, უმაღლეს განათლებაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაციას, ახალი ინსტიტუციური აკრედიტაციის და ახალი სტანდარტებით უნივერსიტეტების ხარისხის მონიტორინგის განხორციელებას... მნიშვნელოვანია, საერთაშორისო-სამეცნიერო თანამშრომლობაც - ვხდებით უმსხვილესი ფონდის, „ჰორიზონტი 20-20“-ის წევრი, საიდანაც სამეცნიერო პროექტებისთვის დაფინანსების მოძიებას შევძლებთ.
- საშობაო არდადეგები წელს 15 იანვარს დასრულდება. რატომ შეამცირეთ დასვენების დღეების რაოდენობა?
- შარშანაც ანალოგიური განლაგება გვქონდა. კარგად მესმის, რომ ყველა ბავშვს უხარია არდადეგები. მეც მიხარია, როცა ბავშვები სახლში არიან, მათთან კომუნიკაცია მეტია, მაგრამ გარკვეული წესების დაცვა გვიწევს. ბადე, რომელიც გაგვაჩნია, 36 კვირაზე იმისთვის გაიწერა, რომ ყოფილიყო მოწესრიგებული, არაგადატვირთული და საჭიროებებზე მორგებული. სწორედ ამ პრინციპმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ზამთრის არდადეგების 2 კვირამდე შემცირება მოგვიწია. თუმცა, ეს საკითხი, ექსპერტებთან და ფსიქოლოგებთან კარგად განვიხიულეთ. გავაანალიზეთ, რამდენი დღე ჭირდება ბავშვს, რომ დასვენება მოასწროს. უნდა გაგვეთვალისწინებინა, ტრადიციებიც. მიმაჩნია, შესაბამისი თარიღი შევარჩიეთ. ბავშვები მაქსიმალურად შეძლებენ დასვენებას და განახლებული ძალებით გააგრძელებენ სწავლას.